თბილისიდან პეკინამდე - გზაპრესი

თბილისიდან პეკინამდე

ალბათ სიტყვა "ჩინური" გაუგებრის სინონიმად იმის გამო ავირჩიეთ, რომ ეს უძველესი კულტურის ხალხი, ჩვენგან ძალიან შორს, სულ სხვა კულტურას ქმნიდა საუკუნეების მანძილზე. ასეა თუ ისე, ამ მსოფლიოში რიცხობრივად ყველაზე დიდი ერის წარმომადგენლების საუბარი სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ჩვენს ქვეყანაში. ადამიანთა მიგრაცია ერთი ქვეყნიდან მეორეში, მსოფლიო ტენდენციაა, ოღონდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ხალხი, ამას გონივრულად აკეთებს. ასეთ გონივრულ, სხვათა შორის, ორმხრივად გონივრულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს პეკინის დრამის აკადემიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტების მიწვევაც. როდესაც ქართულ მხარეს ვამბობ, იმ უზარმაზარ შრომას და ძალისხმევას ვგულისხმობ, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, დრამის ფაკულტეტის პროფესორმა, რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა გასწია თავის თანამოაზრე, პროფესორ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ, თეატრმცოდნე თამარ ცაგარელთან ერთად.

ახლა ცხრა ქართველი სტუდენტი - გიორგი (გიო) ჭუმბურიძე, თეიმურაზ (თემო) ძოწენიძე, ეკა გულიაშვილი, ბარბარე სუჯაშვილი, გიორგი (გიო) ზვიადაძე, თათია გვასალია, გივი (გივიკო) ბალანჩივაძე, მიმი გოგოხია, მიხეილ (მიშო) იოსელიანი პეკინის დრამის აკადემიაში სწავლობს.

ჩინური მხრიდან ინტერესი ამ სტუდენტების ბუნებრივ მონაცემებთან ერთად, უპირველესად ის დიდი თეატრალური წარსული გახლდათ, რომლითაც თავისუფლად შეუძლია დაიკვეხნოს საქართველომ.

ჩინური თეატრალური ხელოვნება მე-7 საუკუნიდან იწყებს ათვლას. ის ვითარდებოდა საცეკვაო-სასიმღერო ელემენტებისგან და ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარ თავში იხარშებოდა, მე-20 საუკუნის პირველ წლებში კი ჩინურ სცენაზე ევროპულმა ნაკადმაც შეაღწია ახალგაზრდა, ჩინური დრამატული დასის დადგმული სპექტაკლებით. იმავე საუკუნის სამოციანი წლებიდან ჩინურ თეატრს მძიმე ხანა დაუდგა, რაც პოლიტიკას უკავშირდებოდა. ახლა ჩინეთი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთპიროვნულ ლიდერად სახელდება სხვადასხვა წარმოების კუთხით, დიდ ძალისხმევას დებს ჩინური კულტურის, მათ შორის, სასცენო ხელოვნების აყვავებაში. პეკინის დრამის აკადემია, რომელიც ახლახან გადაიარაღდა უახლესი აღჭურვილობით, ამ მიზნისკენ მავალი შემადგენლობის გამწევი ძალაა, აქ სწავლა კი პრესტიჟული. გასული წლის 17-27 ოქტომბერს პეკინის დრამის აკადემია მსოფლიო თეატრალური ალიანსის ჭთEA - ფესტივალს და ფორუმს მასპინძლობდა, სადაც ქართველი დელეგატებიც, ბატონი გოგი მარგველაშვილი და თამარ ცაგარელიც მონაწილეობდნენ. ისინი იყვნენ ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში, ჩაატარეს მასტერკლასი და "ვორქშოფი".

ჩვენი სტუდენტების მშობლებისთვის, რომლებმაც შვილები ასე ძალიან შორს, დიდი იმედით, მაგრამ მღელვარებით გააცილეს, ეს ფესტივალი შვება აღმოჩნდა, რადგან თბილისში დაბრუნებულმა ბატონმა გოგიმ და ქალბატონმა თამარმა საკუთარი თვალით ნანახი მთავარი კარგი ამბავი ჩამოუტანეს: ისინი თავს კარგად გრძნობენ და არც შემართება აკლიათ. ჩვენ ექვს სტუდენტთან შევძელით ინტერვიუს ჩაწერა:

მიმი:

- მეოთხე კურსზე გადავდიოდი, როდესაც ამ პროექტის შესახებ შევიტყვე და ეს გამოწვევა დაუფიქრებლად მივიღე.

თემო:

- ეს ახალი, საინტერესო ისტორიის დაწყების შანსი იყო.

გივიკო:

- მე კი ვიფიქრე, უცხო გარემო იმაშიც დამეხმარებოდა, რომ პროფესიაზე უკეთ ვკონცენტრირებულიყავი.

გიო ზვიადაძე:

- არ ვფიქრობდი წასვლაზე, მაგრამ მოვიძიე ინფორმაცია ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ და ამან გადამაწყვეტინა, ბედი მეცადა.

გივიკო:

- ამ ხუთი თვის მანძილზე დავრწმუნდი იმაში, რაც უკვე ვიცოდი - აქ მსახიობობას ვერავინ მასწავლის, მაგრამ მე ვეცნობი უდიდეს, საოცრად საინტერესო, ჩვენთვის სრულიად გაუგებარ კულტურას და ვსწავლობ ენას - ეს კი სრულიად საკმარისია, რათა კმაყოფილი ვიყო.

გიო:

- პირველი დღე მახსოვს ძალიან ცუდად. მეძინებოდა, ვერაფრით ვიპოვე გემრიელი საჭმელი, მაღაზიებში სპეციფიკური სუნი იდგა და დღის ბოლოს, როცა ლოგინში ჩავწექი და მაღვიძარა დილის 7 საათზე დავაყენე, გავიფიქრე, რომ გამიჭირდებოდა... მაგრამ დრო რაც უფრო გადის, ამ წვრილმანებს ვეჩვევი; ვხვდები, ამ ყველაფრის მიღება შემიძლია და ეს რიტმიც, რომელიც საკმაოდ დაძაბულია, ჩემთვის ჩვეულებრივი გახდა. არაფერს ვნანობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.

- რა არის სირთულე?

თათია:

- ენა!

თემო:

- ჩემი ორი წლის შვილი და მეუღლე მენატრება.

მიშო:

- შეჩვევის პერიოდი გამიჭირდა. ახლა ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა მონატრებაა, მაგრამ სადაც უნდა წავსულიყავი, ეს მაინც იქნებოდა.

გივიკო:

- ყველაზე დიდი სირთულე ამ ყველაფრის მარტივად, საინტერესოდ და სწორად შეფასებაა. ასე რომ, ყველაფერი და საბოლოო ჯამში, არც არაფერი!

გიო:

- მთავარი სირთულე ჩემთვის ის არის, რაც ყოველთვის მინდოდა - მარტო ცხოვრება. როცა მარტო დავრჩი, აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე სახალისოა.

მიმი:

- პირველი სირთულე საკვებია, რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვევი, შემდეგ ენა, რომლის სწავლასაც ყველაზე ბევრი დრო სჭირდება. განსხვავებულ ტრადიციებს სირთულეს ვერ ვუწოდებ, ის საინტერესოა.

მიშო:

- ჩვენ ყველაფრით განვსხვავდებით, რითიც კი შეიძლება, რომ განსხვავდებოდნენ ადამიანები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ცუდი ხალხია, პირიქით, თბილად გვექცევიან, ჩინელი მეგობრებიც მყავს.

გივიკო:

- ჩვენ არტისტული ერი ვართ, გრძნობითა და ვნებებით აღსავსე, ღრმა და მრავალფეროვანი, ისინი კი პრაქტიკულები, ტექნიკურები არიან. ბრტყელი, მაგრამ ვრცელი - ასე დავახასიათებდი. სამწუხაროდ, ჩვენი არტისტულობა მხოლოდ ამ პროფესიაში გვიწყობს ხელს.

გიო:

- ჩინელი სტუდენტები მონდომებულები, ოდნავ ჩაკეტილები არიან, მაგრამ კარგად უძლებენ ფიზიკურ დატვირთვას, საინტერესოა მათთან მუშაობა.

მიმი:

- ჩვენ შორის განსხვავება აღქმასა და ფანტაზიაშია, თითქოს ერთი და იმავე მეთოდით ვსწავლობთ, მაგრამ საერთო არაფერი გვაქვს, ალბათ იმიტომ, რომ სხვადასხვა სამყაროს წარმოვადგენთ. ერთმანეთთან ურთიერთობისას თითქოს იკეტებიან, ჩვენთან კი გახსნილი და ყურადღებიანები ჩანან.

თათია:

- პირველკურსელი ჩინელები მეორეკურსელებს თქვენობით მიმართავენ. ჩვენ ვმეგობრობთ ერთმანეთთან, ისინი კი მხოლოდ პატივისცემას გამოხატავენ... ვცდილობთ, საქართველო, ჩვენი კულტურა გავაცნოთ.

გივიკო:

- პირველ ხანებში პედაგოგებს ძალიან უკვირდათ, საუბრისას თვალებში რომ ვუყურებდით. გვკითხეს, - საქართველოშიც ასე იქცევითო? მერე მიხვდნენ, რომ ველურები კი არა, თბილი და ექსპრესიულები ვართ. აქ სიმკაცრით გამოვხატავთ სიყვარულსო, მაგრამ ქართველის მოთვინიერება ცოტა რთულია... მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დიდ ყურადღებას გვაქცევენ და რაც მთავარია, იგრძნობა, რომ ვუყვარვართ.

მიმი:

- პედაგოგები პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. საკუთარი საქმის არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი სიყვარულით. ჩვენ თბილად, ყურადღებით გვექცევიან, საქართველოზე კი ყველაფერი აინტერესებთ.

თათია:

- ჩინელებისთვის სწავლა შეჯიბრებაა. ღამეებს ათენებენ, მათთვის გაცდენა კი არა, დაგვიანებაც მიუღებელია.

გივიკო:

- ჩვენი წუწუნის მიუხედავად, არ გვაძლევენ მოდუნების საშუალებას. არ ესმით, როგორ შეიძლება ასე უცბად დაღლა?..

მიმი:

- მათ განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობას ახსნაც მოვუძებნე. როგორც ჩემმა ჩინელმა მეგობარმა განმიმარტა, ზუსტად იციან, თუ რაში სჭირდებათ ეს თვისება - იმდენად ბევრნი არიან, რომ თავს სხვაგვარად ვერ დაიმკვიდრებენ, ვერ გაიტანენ. ჩვენ კი შეუძლებელს არაფერს გვთხოვენ. ერთადერთი არ ესმით, როგორ შეიძლება ჩინურის სწავლა რთული იყოს.

გიო:

- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" არ გაგახსენდათ? რუსულის სწავლას რა უნდა, ბიჯო, მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობსო. ჩინელებსაც მგონი, ეს ამიტომ უკვირთ. რაც შეეხება შრომისმოყვარეობას, ჩვენ მათ ამაშიც დავჯაბნით, ჩვენს ერს ამ თვისების გამომუშავება სასიცოცხლოდ სჭირდება! დილა ცხრის ნახევარზე, ჩინურის ლექციით იწყება. უფრო ადრე უნდა გავიღვიძოთ, საუზმობა რომ მოვასწროთ, მაგრამ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მივაღწიეთ "კონსენსუსს" და ძილის სასარგებლოდ, დილის საუზმეზე უარი განვაცხადეთ. ამ დროს საქართველოში შუაღამე ახალი გადასულია და ჩვენიანებს ღრმად სძინავთ. ეს სხვათა შორის, რაღაცნაირი, შინაგანი მღელვარების თუ პატარა დისკომფორტის საბაბია.

გივიკო:

- მერე მთელი დღე გაწერილია.

მიმი:

- ჩინური, სამსახიობო ოსტატობა, პეკინის ოპერა, მეტყველება. 16:45 წუთზე, ძალადაკარგულები ვთავისუფლდებით. ზოგჯერ ვფიქრობ, ჩემებთან ერთად რომ არ ვიყო, ამას როგორ გავუძლებდი-მეთქი? გაგვიმართლა, ჩვენ ვართ პირველი, ინტერნაციონალური საპილოტე ჯგუფი.

როუ იუ ძიანგი, პედაგოგი:

- ჩვენი სკოლა ძალიან ცნობილი დრამატული სკოლაა ჩინეთში. ბევრმა დიდმა მსახიობმა და რეჟისორმა დაამთავრა ის. აქ პროფესორის, სამეცნიერო ხელმძღვანელისა და რეჟისორის ამპლუაში ვმოღვაწეობ. ამჟამად აქცენტს სამსახიობო ხელოვნების სწავლებაზე ვაკეთებ. ჩემი ქართველი სტუდენტები ძალიან გახსნილები აღმოჩნდნენ, მე მოხარული ვარ, რომ მათთან მუშაობა მიწევს. მათ ძალიან უჭირთ ჩინური ენის დაუფლება და ამ ენაზე საკუთარი ემოციებისა და განცდების გადმოცემა, მაგრამ როგორ სირთულესაც უნდა წარმოადგენდეს ეს, მათ უწევთ ამასთან შეჭიდება. ვფიქრობ, ენის ბარიერის დაძლევასთან ერთად, მათ მიეცემათ შანსი იმუშაონ ჩინელ რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად. პეკინის იმედი მაქვს, რადგან ამ ქალაქში უამრავი კარგი შესაძლებლობაა. უკვე ნათლად ვხედავ, რომ ზოგიერთ მათგანს, სამომავლოდ, ნამდვილად აქვს შანსი, გახდეს ძალიან წარმატებული მსახიობი.

ჩინელ სტუდენტებთან შედარებით, ქართველებს მეტად გახსნილი მიდგომა აქვთ. უფროსებისა და პედაგოგების მიმართ პატივისცემასაც ასე, ღიად გამოხატავენ. ჩანს, რომ მათ ნამდვილად იციან, რა სურთ სამომავლოდ და სწორედ ამიტომ ხარჯავენ საკუთარ ენერგიას დაუნანებლად.

მოქმედება სიყვარულით, ეს საერთო მახასიათებელია ქართველი სტუდენტებისთვის. მჯერა, სწავლების მესამე წელს ისინი მეტად დახვეწენ საკუთარ ჩინურს და აუცილებლად მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას პეკინში, სხვადასხვა ჩვენებაზე - ამაში ეჭვი არ მეპარება.

ძალიან მინდა, ოდესმე საქართველოში მოვახერხო ჩამოსვლა. ეს ჩემი სტუდენტების ქვეყანაა და მაინტერესებს მისი შეცნობა. საუკეთესო სურვილებს გიგზავნით ჩინეთიდან.

ეპილოგის ნაცვლად

აქ დავამთავრებთ, თუმცა, ეპილოგამდე შორია. ჯერ ჩვენს "ჩინელ" ქართველებს დიდი გზა აქვთ გასავლელი. იმედია, შემდეგი ინტერვიუ, რომელიც ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩავნიშნეთ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ერთი სიტყვით, საქართველო თვალს გადევნებთ, წარმატებები!

დეა ცუცქირიძე