მთის ერთგულები - გზაპრესი

მთის ერთგულები

ფშავი არაგვის ულამაზეს ხეობაში გაშლილი კუთხეა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. თუშეთთან და ხევსურეთთან შედარებით, ზღვის დონიდან არც ისე მაღლა მდებარეობს, მაგრამ მის გასაოცარ ბუნებას არაფერი შეედრება, მართლაც მრავალფეროვანია...

თუმცა, საქართველოს მთაში, მკაცრ პირობებში ცხოვრება რთულია, რადგანაც ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და უამრავი წვრილი თუ მსხვილი პრობლემა არსებობს, სადაც თანამედროვე ადამიანს თავის გატანა უჭირს, რის გამოც მთა მოსახლეობისგან იცლება.

მიუხედავად ამისა, არიან ისეთები, ვინც მამაპაპისეულ კერას, მშობლიურ კუთხეს არ ტოვებენ, არ ეთმობათ იქაურობა და მთის ერთგულებად რჩებიან - ეს ხალხი ნამდვილად უდიდეს პატივიცემას იმსახურებს.

ამჯერად ერთი ასეთი ქალბატონი - ელისო მუშტაშვილი უნდა გაგაცნოთ (როგორც გაირკვა, ის ჟურნალ "გზის" მკითხველიც ყოფილა). ფშავში დაიბადა, გაიზარდა და უზომოდ უყვარს თავისი კუთხე.

- ვცხოვრობ მაღაროსკარში, ისე კი გომეწარში დავიბადე (აქედან გომეწრამდე 6 კილომეტრია). მაღაროსკარში წლების წინ გამოვთხოვდი და მჭედლურების რძალი გავხდი... პროფესიით ბუღალტერი ვარ. 30 წელი ვიმუშავე ჯერ კოლმეურნეობის ბუღალტერიაში, მერე სკოლა-ინტერნატში. კოლმეურნეობა აღარ არის, სკოლა-ინტერნატიც გაუქმდა და დავრჩი უმუშევარი...

ფშავი საქართველოს დანარჩენი კუთხეებისგან იმით განსხვავდება, რომ შედარებით ღარიბია. თუმცა საუცხოო ბუნება კი გვაქვს. ტერიტორიულად აქაურ სოფლებს ისეთი და იმ რაოდენობის მიწები არ აქვს, რომ დავამუშაოთ და იმდენი მოსავალი მოვიყვანოთ, რაც წლიდან წლამდე თავს გაგვატანინებს. ბიზნესსაც ვერ ვქმნით, თუნდაც მესაქონლეობის მიმართულებით, არ არის ამის საშუალება. ტერიტორია არ გვაქვს, რომ სადმე ფერმა ავაშენოთ და მერე, საქონელს საკვებიც ხომ უნდა? გზებიც არ ვარგა, არც მანქანებია შესაფერისი, თან ყველაფერი ძვირი ჯდება. მოკლედ, მცირე ბიზენსის წარმოება აქ არაა ხელსაყრელი.

GzaPress

- არც ტურისტული ბიზნესია ფშავში განვითარებული?

- ჩვენთან არ არის ისეთი თვალსაჩინო ადგილები, როგორიც თუნდაც, ხევსურეთში, სადაც არაჩვეულებრივი ტბები, ისტორიული ძეგლები, ციხესიმაგრეებია. ერთადერთი, ჩარგალი გვაქვს, სადაც ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმია... ჟინვალიდან ჩვენამდე გზის გაფართოება გასულ წელს დაიწყეს. ვნახოთ, ეს პრობლემა მაინც თუ მოგვარდება ბოლომდე.

- მთის კანონი ხომ გეხებათ?

- კი, გვეხება. ამ კანონის მიხედვით პენსია სხვებზე 36 ლარით მეტი გვაქვს - ეს არის და ეს... გული მტკივა, რომ ახალგაზრდებისთვის სამუშაო პირობები არ არის. მაღაროსკარი ადრე დიდი სოფელი იყო, მაგრამ იცლება. ახალგაზრდები მიდიან, მოხუცები რჩებიან და ბოლოს, აღარც ისინი იქნებიან... იქით გარბიან, სადაც ხელსაყრელ პირობებს იპოვიან და ვერც გაამტყუნებ.

- თქვენს ოჯახს სხვაგან გადასვლა არასდროს უფიქრია?

- რომ წახვიდე, ფულიც უნდა გქონდეს, რათა სხვაგან ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეიქმნა, ეს ფული კიდევ, ძნელი საშოვნელია... ამჯერად მეუღლე ქალაქშია სამუშაოდ წასული, ხის ხელოსანია. აქ ვერაფერს აკეთებდა და თბილისში დაიწყო მუშაობა... ძალიან მიყვარს ფშავი, ჩემი კუთხე. ჩემნაირი ბევრია, უჭირთ აქაურობის დათმობა, დატოვება. რომ არა იძულება, არავინ წავიდოდა. თბილისი გადაივსო ხალხით, შენობებით. მე დედაქალაქში ვერ ვსუნთქავ, მიჭირს.

- რამდენი შვილი გყავთ?

- სამი ვაჟი და ერთი გოგო მყავს. ერთი ვაჟი თბილისში ცხოვრობს, იქ მუშაობს, ორიც აქ არის. ერთ-ერთი საზღვარზე - შატილი-ბარისახოსკენ მსახურობს, ერთიც უმუშევარია. გოგო - ჩემი მეოთხე შვილია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დაუნის სინდრომითაა დაავადებული. უკვე 29 წლისაა. ჩაკეტილი ბავშვია, ხშირად ვერ გამყავს გარეთ, ხალხში. ცოტა ჯიუტიც არის და თუ არ უნდა, ვერაფერს გააკეთებინებ, ვერც დასვამ და ვერც ააყენებ... მის მდგომარეობას განვიცდი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რომ გავმაგრდე. რას ვიზამთ, ადამიანებს ჩვენ-ჩვენი გაჭირვება გვაქვს და სხვები არ უნდა დავამძიმოთ...

GzaPress

- სოფელში სკოლა ხომ გაქვთ?

- გვაქვს, მაგრამ ძალიან ცოტა ბავშვი დადის, ალბათ - 60-მდე.

- სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებს?

- კი, ერთ ძველ, ფინურ მწყობრიდან გამოსულ შენობაშია მოთავსებული ამბულატორია.

- ოჯახისთვის ალბათ, მცირე მეურნეობას აწარმოებთ, არა?

- მართლაც მცირეა ჩვენი მეურნეობა. შეიძლება კატოფილი, ლობიო, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო ცოტ-ცოტა მოვიყვანოთ. გვყავს ძროხა. ზოგ ოჯახს ერთი, ზოგს - 2 ჰყავს. ვისაც ცოტა მეტი შესაძლებლობა აქვს და მუშახელის დაქირავება შეუძლია, ოთხიც ჰყავს. ვაკეთებთ: კარაქს, ხაჭოს, ყველს და ასე გაგვაქვს თავი.

- პრესა თუ აღწევს თქვენამდე?

- არა, პრესას და სხვა აუცილებელ, საჭირო ნივთებს თბილისში ვყიდულობთ, იქიდან მოგვაქვს... ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ ქვეყნად გაჭირვებაა. აბა, ეს არის ცხოვრება, ძლივს რომ ვუმკლავდებით პრობლემებს? თუმცა, იმედს არ ვკარგავთ, იქნებ შესაძლებელი გახდეს ოდესმე მშვიდად ცხოვრებაც...

ლალი ფაცია