ყოველდღიურობის ჩრდილში მოქცეული ხატვის "შიმშილი" - გზაპრესი

ყოველდღიურობის ჩრდილში მოქცეული ხატვის "შიმშილი"

თბილისში, ერთ მაღაზიაში ქალი დგას დახლთან. ქალს დილის ცვრით დაბინდული შავქლიავისფერი თვალები აქვს და როცა შემოგხედავს, გგონია, ხორცის სიღრმეში ჩამალულ სულს უფრო ხედავს, ვიდრე გარეგნობას. თუ მყიდველი არ ჩანს, ქალი დახლ-მაცივარზე დალაგებულ ფანქრებს იღებს და სახატავ ფურცელზე ფერები გადააქვს. ხატავს უმეტესად უბრალო ფურცელზე, ზოგჯერ სასაცილო მასალებით - პარფიუმერიით ან ჭარხლის წვენით. ეხატვინება და ხატავს! უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ხათუნა ფერაძეს დროც ცოტა აქვს ხატვისთვის და სახატავი მასალებიც. მთავარი მაინც ის არის, რომ არ ეკარგება ფერები და ხატვის სურვილი!

ბავშვობის მერე ხელში ფანქარი რომ აიღო (ის ფანქრები, სკოლის მასწავლებელმა რომ ჩამოუტანა ამერიკიდან), პირველად შვილი დახატა. ფერმკრთალი იყო ნახატი, მაგრამ გულწრფელი და დამამშვიდებელი. "შიოდა" ხატვა და ხატავდა, მაგრამ მერე სამუშაო გამოუჩნდა და მას მერე საქმე და ფერწერა ერთმანეთს მიეწება უხილავად. ზოგიერთმა კლიენტმა იცის ხათუნას გატაცება და შეძლებისდაგვარად, ხელსაც არ უშლიან, მაგრამ უსაშველოდ ვერავინ დაელოდება. წყდება შემოქმედებითი პროცესი და ყოფითობა იწყება: ვიღაცას შაქარი უნდა, ვიღაცას ალბათ, სიგარეტი... კლიენტი როცა კარს გაიხურავს, მერე ისევ იწყება ფერების გადატანა ფურცელზე. არც ერთი ნახატი გასაყიდად არ ემეტება. ჰგონია, რომ ამით დააშავებს! ერთმა ხუმრობით ისიც უთხრა, კიბის უჯრედქვეშ რომ ცხოვრობდე, მეორე ნიკალა იქნებოდიო. ხათუნა ოდნავი ღიმილით იცილებს ქება-დიდებას; იცის, არაა ადვილი, გერქვას ხელოვანი.

ზოგჯერ სიზმრად ნახავს, ვინ უნდა დახატოს და მერე, ვიდრე არ გადაიტანს ფურცელზე ნანახს, ვერ ისვენებს. ხატვისას ვერ ხედავს სიიოლეს. ფერწერისას, მთავარია, ხასიათი დაინახოს და ის გადაიტანოს სრული სიდიადით, სიცხადით, იმდენად ზუსტად, რომ ფოტო ჰგონია მნახველს.

ზედმეტი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ფიქრობ, რომ არაფრის მაქნისი ხარ და ამაოების ულმობლობას უნდა ებრძოლო. ხათუნაც ფიქრობდა საკუთარ არარაობაზე და უცებ, ხატვამ დააჯერა, რომ გამოუსადეგარი ძველი ნივთი არ ყოფილა...

ხათუნას ბავშვობას ყველაზე მეტად, მისი მასწავლებლების ადამიანობა ალამაზებდა. დოდო თელია ის პედაგოგია, რომელმაც ამერიკიდან ჩამოუტანა ფანქრები და მაშინ იგრძნო მხატვარმა, რას ნიშნავს ფერმწერისთვის კარგი სახატავი მასალა... ბედნიერია ყველა ის მოსწავლე, ვისაც დოდო ასწავლიდაო, - იხსენებს მადლიერი მოსწავლე დაწყებითი კლასების მასწავლებელს. მერე იყო უნივერსიტეტის წლები მძიმე პერიოდში. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ დაწყებითი კლასებიდან გამოყოლილი სითბო და ადამიანობა მაინც განსაკუთრებულად ახსოვს! სწორედ სკოლამ შეაყვარა მწერლობა, ფერწერა და მუსიკა. საოცრად უყვარს მიწასთან მუშაობაც, რადგან მიწა ხათუნას აძლევს ენერგიას, განსაკუთრებით კი გაზაფხულობით, როცა ბუნება იღვიძებს! ხეები არასდროს გიღალატებენ, მოგცემენ და არაფერს მოითხოვენ სანაცვლოდ. ამ დროს მზის სხივები მოცოცხლებულ ტოტებს ჩაუვლიან ალერსიანად, მიწას გაათბობენ, რომ მეტად იბარტყოს სიცოცხლემ და ლამაზი გახადოს სამყარო! ამ დროს ივსება ხათუნა ფერებად და მერე უნდა დაღვაროს ფურცელზე, სხვანაირად ვერ შეძლებს თავისი წილი სითბოს გამომზევებას მხატვარი, თუნდაც, ჯერ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ის აუცილებლად გახდება ცნობილიც. როდის იყო, შუბი ხალთაში იმალებოდა?!

ადრე, კომუნისტების დროს, მეექვსე კლასში მთავრდებოდა საგანი სახვითი ხელოვნება, რომელიც ძირითადად, მასწავლებლებს საათობრივი განაკვეთის შესავსებად ეძლეოდათ ხოლმე. სახვითი ხელოვნების გაკვეთილები უფრო მეტად ფერწერას ეთმობოდა და ისიც ზედაპირულად. ხშირად მასწავლებლები იმის დახატვას ავალებდნენ მოსწავლეებს, რაც "გამოსდიოდათ". მეექვსეკლასელმა ხათუნამ ყველაფერი დაივიწყა, შოთა რუსთაველის პორტრეტის დახატვას დიდი დრო შეალია და ამაყად მიიტანა სკოლაში. ნაშრომი მასწავლებელმა სხვის დახატულად ჩათვალა და წითელი ფანქრით ჯვარედინად გადახაზა, მერე ორიანიც დაუწერა და საშინელ ტკივილად დარჩა ეს მოგონება გულში! თითქოს ის ჯვარედინი ხაზები გულზე ამოეკაწროთ და დაუვიწყარ ტკივილად მოჰყვება დღემდე! ხატვაც აღარ უნდოდა ამის მერე, მაგრამ ხაზვის გაკვეთილებზე მაინც გამომჟღავნდა, რომ შტრიხებთან ვირტუოზულ დამოკიდებულებაში იყო: "თვალზომით" ხაზავდა და არა სახაზავ-ფარგალმზომით. მასწავლებელს ეს არ სჯეროდა მანამ, ვიდრე მის თვალწინ არ დახაზა რთული ფიგურა!

ეს ადრე იყო, მერე მოვიდა დიდი არტპაუზა. ამ ბოლო დროს, ერთბაშად "მოშივდა" ხატვა. დღე-ღამეში 3-4 საათითაც ვერ იძინებს, როცა ფერები მოუჭარბდება. ხათუნა ზოგჯერ თვითირონიული ხდება და თავს ეუბნება, მხატვრები არ ბერდებიან, არ კვდებიან, რადგან ისინი ნახატში მუდმივდებიანო. შესაძლოა, ხატვა ბავშვობის დროინდელი უცნაური განცდების გამოძახილია. ეს მოგონება კი ასეთია:

"მეგონა, ეს სამყარო, ჩემი სამყარო ვარდისფერი იყო, მის იქით კი ბოროტი ჯადოქრები ბინადრობდნენ, ამიტომაც, ღამე საბნიდან ფეხის გამოყოფის მეშინოდა, ბოროტ ჯადოქარს რომ არ მოვეტაცე. მეგონა, თოჯინა ვიყავი და მაღაზიის თაროზე მიპოვეს მშობლებმა. მერე სულ ვოცნებობდი, ჩემი თოჯინაც გაცოცხლებულიყო. მინდოდა, მეც მყოლოდა პატარა, მეზრუნა მასზე... ყველა რომ დაიძინებდა, საათობით ველაპარაკებოდი თაროზე წყნარად განაბულ თოჯინას იმ იმედით, რომ გაცოცხლდებოდა... მეგონა, მაგიდის ქვეშ თუ შევძვრებოდი და დავიცდიდი, აუცილებლად ვიპოვიდი სხვა სამყაროში გადასასვლელ კარს. ერთხელ იქვე ჩამძინებია და დედამ ძლივს მიპოვა მაგიდის ქვეშ შეყუჟული... მეგონა, ხეზე ფერიები ჩამოსხდებოდნენ და რაც უფრო დიდხანს გავძლებდი ტოტებზე, მით უფრო მეტი შანსი მქონდა ფერიების ნახვის... ამის გამო ნახევარი არდადეგები ხეზე მაქვს გატარებული... მეგონა, ბალახებში თუ დავწვებოდი და მიწას დიდხანს ჩავეკვრებოდი, აუცილებლად დავპატარავდებოდი და ჩემს საყვარელ ჭიამაიებთან ვიცხოვრებდი... მეგონა, ბურატინოსავით ფულს თუ დავმარხავდი და ხშირად მოვრწყავდი, ფულის ხე გაიზრდებოდა, მერე კი ყველას დავურიგებდი - ამის გამო ბაბუას 25-მანეთიანი მოვპარე და ჩვენს ეზოში დავმარხე, თუთის ხის ქვეშ... მეგონა, ოდესმე აუცილებლად გავფრინდებოდი კოსმოსში უცხოპლანეტელების ხომალდით და ისინი დიდ ძალას გადმომცემდნენ, მე კი ყველას დავეხმარებოდი. მეგონა, ჩემი საყვარელი ადამიანები, ვინც იხოცებოდნენ, ვარსკვლავებად გადაიქცეოდნენ, ამიტომ ღამით საათობით ვუცქერდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ვესაუბრებოდი მათ; ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ისინი მოძრაობდნენ და ჩემკენ მოიწევდნენ. მეგონა, ცხოვრება საოცარი იყო, სიკეთით სავსე, უანგარო, სიყვარული კი ძლიერი და წრფელი და თუ ვინმეს შევიყვარებდი, ძალიან, ძალიან, მთელი სულითა და გულით, მას აუცილებლად შევუყვარდებოდი ისე ძალიან, რომ ვერ შეძლებდა ჩემს გადაყვარებას. მეგონა, ნდობა უმთავრესი რამ იყო ადამიანებთან ურთიერთობისას, რომ მე თუ არ ვატყუებდი, ისინიც არ მომატყუებდნენ. მეგონა, ბრმად უნდა მივნდობოდი ადამიანებს, რადგან ვერ წარმომედგინა ღალატი! მეგონა, თუ გულწრფელი ვიქნებოდი, ძალიან გულწრფელი, ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ მომატყუებდნენ! მეგონა, სხვის ცხოვრებაზე არ უნდა მესაუბრა, არ უნდა განმეკითხა. საკუთარი მქონდა და არ მეცალა სხვაზე საფიქრად. მეგონა, დედებს უფასდებოდათ ამაგი და შვილები ხელისგულზე უწვავდნენ ერბოკვერცხს. მეგონა, მონატრება არსებობდა, ისეთი ძლიერი, გაუსაძლისი და დაუძლეველი, ცხრა მთასა და ზღვას რომ გადაგატარებს, სიკვდილის შიშს რომ დაგიკარგავს და გაგათამამებს. მეგონა, ახალგაზრდას მოხუცის რიდი ექნებოდა, ქალის თაყვანისცემა ვაჟს და კდემამოსილება - ქალს. მეგონა, ბედნიერება იქნებოდა სიხარულითა და სიცილით გამძღარი. მეგონა, სიკვდილი არ გაეკარებოდა ახალგაზრდას, მოხუცი კი უმტკივნეულოდ გარდაიცვლებოდა..."

P.S. ერთხელ ხათუნას ვუთხარი: შენს პორტრეტებს ყველაზე მეტად, გულწრფელობა და ხასიათების გახსნა ამკობს, ამას ალბათ ოდესმე ვინმე შეამჩნევს-მეთქი. არ დაიჯერა, თვითნასწავლ და უბრალო ფურცლებზე მხატვარს ვინ მისცემს მაღალ შეფასებასო... ახლახან გავიგე, რომ უკვე შეუმჩნევიათ. ზაფხულზე მის შემოქმედებით ცხოვრებაში დიდი ნახტომია მოსალოდნელი, თუმცა, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამერიკულ-ქართული კინოპროდუქციის მხატვარი იქნება და ეს ცოტა ნამდვილად არ არის. ისე კი, პირობა უკვე ჩამოვართვი, ამ "ნახტომის" შემდეგ პირველი ინტერვიუ მე უნდა ჩავწერო მასთან... ჯერ სულ უკან იხევს, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ვისაც წინ ძლიერად უნდა წასვლა, მისთვის თავდაპირველად უკან დახევა სჯობს!

როლანდ ხოჯანაშვილი