"ვალენტინი გამოძახებით" - სერვისი "ბაზრის" მოთხოვნიდან გამომდინარე - გზაპრესი

"ვალენტინი გამოძახებით" - სერვისი "ბაზრის" მოთხოვნიდან გამომდინარე

საქართველოში ვალენტინობის დღისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ზოგიერთი წყვილი ამ თარიღს აღნიშნავს, ზოგიერთი მნიშვნელობას არ ანიჭებს, ზოგიერთმა სულ არ იცის, რას ნიშნავს და საიდან მოდის ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია.

სტუდენტი ბიჭის, ამ დღესთან დაკავშირებულ, უწყინარ ხუმრობას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, რომელიც ბევრმა სიმართლედ აღიქვა. ამის დასტურია პოსტზე მიწერილი 12 ათასამდე კომენტარი და 3000-მდე გაზიარება.

მოკლედ, სტუდენტმა ანანია დევსურაშვილმა "ბიზნესიდეა" ასე ჩამოაყალიბა:

"მოგბეზრდა ყოველ ვალენტინობას მარტო ყოფნა და დეპრესიული პოსტები?

გინდა შურიან დაქალებს და კურსელებს თვალი დაუყენო? გინდა სოციალურ ქსელში შენი იმიჯი კიდევ უფრო გაასვეცკო?

მაშინ ვალენტინი გამოძახებით შენთვისაა"...

შემდეგ კი დაინტერესებულ პირებს სთავაზობდა ქარიზმატულ მამაკაცებს, საკუთარი სამეგობროდან, რომელთა შორის იყვნენ: მორაგბე, ფილოსოფოსი, პროფესორი, პოეტი... ერთი საათის ღირებულება 50 ლარი, ფასში შედიოდა ყვავილები და პაემნის ხარჯები.

როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ ანანია დევსურაშვილი და გრიგოლ დალაქიშვილი გვიამბობენ:

ანანია:

- ამ პოსტის დაწერის იდეა გოგონების პოსტებიდან გამომდინარე გამიჩნდა. ძალიან ბევრი წერდა: "ამ ვალენტინობასაც მარტო ვარ", "ვიღაცამ შეყვარებული მათხოვეთ", "გასაბერი კაცი მაინც მიყიდეთ"... მსგავსი შინაარსის პოსტებმა შემაწუხა. ჩემთვის გროტესკულია, როცა ზიხარ, წუწუნებ და მდგომარეობის შესაცვლელად არაფერს აკეთებ. მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, გაჩენილი ბაზრის შესაბამისი სერვისი შემექმნა. ხელმისაწვდომ ფასად შეიძლებოდა "ვალენტინის გამოძახება".

გრიგოლი:

- ანანიას ეს ხუმრობა სოციალურ ქსელში ბევრმა სერიოზულად მიიღო.

ანანია:

- მე ხომ ეს ყველაფერი ბაზრის შესწავლის შედეგად მოვიფიქრე. სერვისში "ვალენტინი გამოძახებით" იმ ტიპის ბიჭები ჩავსვი, რომლებზეც მოთხოვნა დიდია და ჩემს პოსტზე მოვნიშნე. გავითვალისწინე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და იქვე მივაწერე, ორ ბიჭს ვინც წაიყვანდა, შეეძლო ფასდაკლებით ესარგებლა. ნებისმიერ ბანკში უპროცენტო განვადება გვქონდა.

- როცა ეს პოსტი დაწერე, მაშინ რას ფიქრობდი, ასეთ დიდ გამოხმაურებას ელოდი?

- პოსტი სამეგობროსთვის, გასართობად დავწერე, ფართო მასაზე არ მქონდა გათვლილი. იმასაც არ დავკვირვებივარ, რომ პოსტი საჯარო იყო. იმავე საღამოს რამდენიმე მეგობარმა დამიკომენტარა, ბევრი ვიცინეთ, გავერთეთ, მერე დავიძინე და დილით, სოციალურ ქსელში რომ შევედი, უამრავი მეგობრობის თხოვნა, პირადი შეტყობინება დამხვდა. ამ პოსტს ორ დღეში 3000-მდე გაზიარება ჰქონდა. გავოცდი, რა ხდება-მეთქი?

გრიგოლი:

- ახლა 12 ათასამდე კომენტარი აქვს. იმ დღეებში კომენტარებზე ძალიან ვხალისობდით. ამ პოსტში მე რაინდის ტიტული მაქვს. ვინც გვწერდა, მათგან 90%-ს პოსტი სერიოზული ეგონა, დანარჩენი 10% იცინოდა.

ანანია:

- მერე გვერდი გავაკეთე, შეტყობინებები მომდიოდა პირად გვერდზეც. ზოგს ეგონა, ეს "კაცი გამოძახებით" იყო. ამიტომ იძულებული გავხდი, განმემარტა, რომ ცდებოდნენ.

- რას გწერდნენ?

- გამოგონილი ნომერი მივუთითე. თურმე რეკავდნენ, მერე გვსაყვედურობდნენ, ნომერი გათიშულიაო. არჩევდნენ: მე მორაგბე მინდა, მე - მოდელი, ფილოსოფოსი და ა.შ. გვეკითხებოდნენ, ყუთში ჩასმულს და შეფუთულს მოიყვანთ თუ ისეო?

გრიგოლი:

- კურსელმა მომწერა, დაქალისთვის მინდა, სახანძროში მუშაობს და ბოძზე ჩამოსრიალება შეგიძლიაო? პერფორმანსის დადგმასაც ითხოვდნენ.

ანანია:

- დეტალები აინტერესებდათ. ბევრი ბიჭი მწერდა: ძმაო, მუშაობა დამაწყებინე, გთხოვ, ვალი მაქვს გადასახდელი. ორ გამოძახებაზე გამიშვი და მეტი არ მინდაო. ერთმა გოგომ ყველა ბიჭი დაგვიწუნა, უფრო სიმპათიური მინდა, სექსუალურიო. ავუხსენი, ჩვენთან ბიჭები ხვდებიან რაინდობის, ჯენტლმენობის მიხედვით-მეთქი, ეგენი არ მაინტერესებსო. შემდეგ მოდელი ბიჭი შევთავაზე, მეგონა, ისიც ხუმრობაში ამყვა, თურმე სიმართლე ჰგონებია და როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე, ძალიან გაბრაზდა, დაიძაბა, - მაგ ამბისთვის 50 ლარი გადადებული მქონდა და ახლა რა ვქნაო?

გრიგოლი:

- ზოგიერთი გვეჩხუბებოდა, ქართველობას გვართმევთ, საიდან მოდიხართ, ვისი შთამომავლები ხართ, არ იცითო? გაოგნებული ვფიქრობდი, რა დავაშავეთ?

- ოჯახის წევრებამდე მივიდა ამბავი, თქვენი შვილი გამოძახებებზე დადისო?

ანანია:

- კი, უბნამდეც მივიდა. ჩემი ოჯახის წევრებს კარგი იუმორი აქვთ და ამბობდნენ, ეგ ბიზნესი მართლა დავიწყოთ, მარკეტინგისა და მენეჯმენტის ელემენტები ჩავრთოთო.

- სექსუალური უმცირესობის მხრიდან იყო გამოხმაურება?

გრიგოლი:

- კი, ერთმა გვკითხა: ბიჭმაც რომ გამოგიძახოთ, შეიძლებაო? გოგონები - გოგონებს ითხოვდნენ. ერთმა 50 წლის ქალმაც მომწერა, გამოძახება მინდაო. ყავარჯნები უნდა წამეღო თუ ჰქონდა, ეგ ვეღარ გავარკვიე.

ზოგიერთი დაქალებს "თაგავდნენ" წარწერით - "გვეშველა", "ესენი ნახე, რა საყვარლები არიან"... "მორცხვი" ღიმილებიც იყო.

- ამ ხუმრობის შემდეგ, რა აღმოაჩინეთ?

ანანია:

- იმ მეგობრების ნაწილმა, რომელიც დათაგული მყავდა, მთხოვა, ამომშალეთო. "რას იტყვის ხალხის" ამბავი იყო. რთულია, როცა საზოგადოებაში არაჯანსაღ ელემენტებს უპირისპირდები. მგონია, ამ ყველაფერზე მაღლა დგომა უნდა შევძლოთ. არაჯანსაღია მიდგომა, თითქოს ურთიერთობის დაწყების ინიციატორი ყოველთვის კაცი უნდა იყოს.

გრიგოლი:

- "თეთრ ცხენს აღარ დავეძებთ, ვირით მაინც მოვიდეს" - ასეთი პოსტები და აზროვნება მეც მაღიზიანებს.

ანანია:

- გოგონების უმრავლესობა პასიურ ფაზაში ყოფნას ამჯობინებს. ელოდებიან, თუნდაც ეს ლოდინი საუკუნოდ გაგრძელდეს. მათი კონტრარგუმენტია, - ჩვენ რომ ინიციატივა გამოვიჩინოთ, მერე ბიჭები სხვაგვარად შემოგვხედავენო. ასეთი ბიჭები მართლაც არსებობენ და ჩემში დიდ პროტესტს იწვევენ.

- სტუდენტები რომ ხართ, ვიცი. კიდევ რას საქმიანობთ?

- ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ, ვვარჯიშობ, სტიქაროსანი ვარ და ჩართული გახლავართ სხვადასხვა პროექტში, ოლიმპიადებში, სკაუტი ვარ და სკაუტური ბანაკების გარდა, სახელმწიფო ბანაკებშიც დავდივარ, უკვე ლიდერი ვარ. გარდა ამისა, პატარა ბიზნესიც მაქვს. მე, გრიგოლს და ჩვენს სხვა მეგობრებს ძალიან გვიყვარს კითხვა. როცა ვიკრიბებით, ვმსჯელობთ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, გვიყვარს პოეზია. შემოქმედებითი ხალხი ვართ. ჩვენს საძმაკაცოში ვერავინ მოხვდება, ვისაც არ ექნება მსგავსი ინტერესები, ინტელექტუალური მოთხოვნილებები, ღირებულებები, დამოკიდებულებები... ჩვენთან ვერ ხვდებიან "ბაბულიკები" და "პეროგაყრილები".

გრიგოლი:

- სწავლის პარალელურად, ვმუშაობ, უცხოელ სტუმრებთან ურთიერთობა მიწევს. მიყვარს წერა, ვწერ ჩანახატებს, ლექსებს, დაწყებული მაქვს რომანი, მაგრამ "ფეისბუკზე" წერა არ მიყვარს.

- შეყვარებულები ხართ?

- ჩვენ სულ შეყვარებულები ვართ, თავად სიყვარული გვიყვარს.

- რომანტიკოსები ხართ, ამას კითხვა აღარ უნდა.

ანანია:

- რა თქმა უნდა! წარმოიდგინეთ, როგორი იქნება შეკრება, სადაც ერთი ფილოსოფოსია, ერთი მუსიკოსი, ერთი მხატვარი, ერთი პოეტი... ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებთ. ჩვენი შეკრებები დაახლოებით ისეთია, როგორი შეკრებებიც ბევრი წლის წინ "ქიმერიონში" იყო.

- ეს პოსტი რამ დაგაწერინა, უკვე ამიხსენი. მაინტერესებს, კიდევ რა იწვევს შენში პროტესტს, კიდევ რისი გაშარჟების სურვილი გაქვს?

- საზოგადოების აპოლიტიკურობა და პოლიტიკური ნიჰილიზმი მაღიზიანებს. არავის მოსწონს ის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მაგრამ არჩევნებში საზოგადოების აქტიურობა ძალიან დაბალია. არადა, ამომრჩევლებს გვაქვს პოლიტიკური ბერკეტი, ჩვენს წარმომადგენელს მივუთითოთ, ვაიძულოთ, რამე გააკეთოს. სამოქალაქო საზოგადოება ვერ გაიზარდა, ჩვენ გვეშინია იარლიყების. მიჩნდება პროტესტი, როცა ადამიანები მხოლოდ ლაპარაკობენ და არაფერს აკეთებენ. ფრთიანი ფრაზაა - "გვეშველება რამე"; რა უნდა გვეშველოს, ხელს თუ არ გავანძრევთ? ჩვენს სახსნელად მესია არ მოვა.

ჩემს თაობაში მოდაში შემოვიდა მიდგომა - "პოლიტიკას არ ვეხები". არ მესმის, რას ჰქვია პოლიტიკას არ ეხები? ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერს აკეთებ უკეთესი მომავლისთვის.

გრიგოლი:

- მორალისტები მაღიზიანებენ. თეთრზე რომ ამტკიცებს, თეთრია, ოღონდ მაღალფარდოვანი სიტყვების წარმოთქმით.

ჩვენი თაობის ბიჭებში რომანტიკა დაიკარგა და ეს არ მომწონს. რომანტიკოსობას ვიწრო ჭრილში განიხილავენ, მხოლოდ წითელი ვარდებია რომანტიზმი და სხვა არაფერი. ამაში ბრალი გოგონებს მიუძღვით. რატომღაც "ბაბულიკა", უბანში "ბირჟაზე" მდგარი, მწეველი ტიპები მეტად მოსწონთ. მერე ეს ყველაფერი ერთმანეთზე ეწყობა და საბოლოოდ დიდ გაუგებრობას იწვევს.

ანანია:

- ჩემში პროტესტს ურთიერთობების გაუფასურებაც იწვევს, როცა ურთიერთობას მატერიალური კუთხით უყურებენ. ვისაც ჩვენი რომანტიზმი სასაცილოდ მიაჩნია, ვურჩევ, სერვანტესის "დონ კიხოტი" წაიკითხოს და არა მხოლოდ ეს ნაწარმოები, ბევრი იკითხოს!

თამუნა კვინიკაძე