სეირის მაყურებლები და ქოთნის ყვავილში დამალული "მთელი ცხოვრება"
font-large font-small
სეირის მაყურებლები და ქოთნის ყვავილში დამალული "მთელი ცხოვრება"
ამბავი სიკეთესა და ბოროტებაზე "თუ გცალია, ერთ გრძელ ამბავს უნდა მოგიყვე. ვიცი, საინტერესო იქნება "გზის" მკითხველისთვის", - მეუბნება ახალგაზრდა ქალი. მოსმენას წინ რა უდგას და ვემზადები მონათხრობის დეტალების ჩასანიშნავად. ამბავი მართლაც, რომ გულისამაჩუყებელი და საინტერესოა. მენდეთ, ღირს წაკითხვად:

"ორი წლის წინ დედას მივაკითხე. სამსახურისა და ჩემი ოჯახის გამო, მშობლებს იშვიათად ვნახულობდი. სოფლად მოზრდილა, კოხტა სახლი გვაქვს. დედას ოთახის ყვავილები უყვარდა და ლამაზი საყვავილე ქოთანიც ბევრი ჰქონდა ფანჯრის რაფებზე. სახლში შესულს თვალში მომხვდა საღებავის სამლიტრიანი კოლოფი, რომელიც მიწით იყო ამოვსებული და ციცქნა ნერგი მის შუაგულში საბრალოდ გამოიყურებოდა. როდის აქეთ დაიწყე, დედა, კოლოფებით ყვავილების გახარება? - ვკითხე გაოცებულმა. შენ არ იცი, რამდენად ძვირფასია ეგ ჩემთვისო, მითხრა ჭაღარაშერეულმა და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით სახე გაულამაზდა.
დედამ იმ საღამოს ბუხრის წინ პატარა მაგიდა დადგა და ჩაი შემომთავაზა. ალუბლის მურაბა, რომლის მოდუღებაში ბადალი არ ჰყავდა, პიკანტურ გემოს აძლევდა სასმელს. მამა მალე გაგვშორდა, ქალებს სალაპარაკო გექნებათო და რაღაც წიგნი საძინებელში გაიტანა, სათვალე ცხვირზე დაისკუპა სასაცილოდ, როგორც სჩვეოდა!
გახსოვს თუ არა ჩვენი შეთე ხიჩილოო? მკითხა დედამ. მახსოვდა, როგორ არა. ვიცოდი, რომ ხვიჩა ერქვა, გონებასუსტობის გამო შეთე ხიჩილო შეარქვა ვიღაცამ და ნამდვილი სახელი აღარც კი ახსოვდა სოფლად ბევრს. უცნაურია, მაგრამ ბევრი ჭკუათამყოფელი არ იყო ისე საიმედო, როგორც ხიჩილო. დაკარგულ პირუტყვსაც ადვილად პოულობდა, შეშასაც აპობდა, ბარავდა, ვაზსაც აწამვლინებდა ოჯახს და ბევრ ისეთ საქმეს ინელებდა მისი მარჯვენა, რაც სოფელში მცხოვრებს მუდამ გააჩნია. ცოლის მოყვანა მინდაო, ყველას ეუბნებოდა. ერთხელაც, რომელიღაც ოხუნჯს უკითხავს, რად გინდა, შეთე, ცოლიო? დედაჩემი და მამაჩემი მეუბნება, გინდაო და მეც ვუჯერებო... გავიდა დრო და ხიჩილომ მართლა მოიყვანა ცოლი. მერე ზედიზედ სამი შვილიც გასჩენიათ, ლამაზები და ჯანმრთელები. აქოთქოთებულან სოფლის ყბედი დედაკაცები, არ წამოაყენა ხიჩილომ ეს დაქცეული ოჯახი ფეხზეო? ხიჩილოს დედა, ციცინო ერთი როყიო და ძლიერი ქალი იყო. წელში გაწყვეტილი და მხრებში გაგანიერებული უფრო კაცს ჰგავდა, ვიდრე ქალს. ზოგჯერ კაცივით სვამდა, ხარივით მუშაობდა და თვალში ვინც არ მოუვიდოდა, კაციან-ქალიანად, განურჩევლად გვერდებსაც მიუჟეჟავდა ხოლმე. ეს ერთგვარი გასართობიც იყო: ციცინოს გალახული სოფლად ბევრი დადიოდა და უმეტესად ისინი, ვინც მის შვილს დასცინოდა!..
ჩაის ფინჯნების დაცლამდე დედამ მითხრა, ეს პატარა ყვავილი, ვიდრე იყვავილებს, მე ცოცხალი არ ვიქნები, მაგრამ აუცილებლად მოუფრთხილდით, ამაზე უკეთესი არაფერი მრჩება ამ სახლშიო. გაბრაზებულმა გავუქნიე თავი და თურმე, მართალი იყო დედაჩემი...
ხიჩილოს სამი ბავშვი სკოლაში დადიოდა უკვე, - მითხრა დედამ, - როცა ციცინოსთვის ჩაუწვეთებია მეზობელ ქალს, შენი რძალი კარგ საქმეს არ შვრება, დედამისის შვილია, ყურადღება მიაქციეო. ხიჩილოს ცოლი ტანწვრილი ქალია, მსუბუქად გადადიოდა ყანიდან ვენახში, ტყიდან ველზე, ყველგან საქმე და შვილები დასდევდნენ, ხიჩილოც ადევნებდა თვალს (მგონი სიყვარულით!) და უცებ, ეჭვის ჭია გაჩნდა, რომელმაც დედამთილის გულს დაუწყო ხვრა. ათასჯერ ვუთხარ, ნუ ლაპარაკობ, ქალო, ცოდვას, განა სოფელს ნამუსი დაელია, თუ შენს რძალს ჭკუა დაეწრიტა-მეთქი? არაო, არაო, საეჭვო კი აღარაფერია, აი, მეზობლის ქორწილშიც კი დავინახე, როგორ უყურებდა კაცებს, მერე უფროსკლასელ ბიჭებსაც ეცეკვა და ბოლოს დავინახე, ლადიასთან ერთად სიბნელეს რომ შეერწყა და გვიანობამდე არ გამოჩენილაო.
მერე იყო თურმე ჩხუბი, წივილი, კივილი, ლანძღვა. აი, სოფელიც მორალის სადარაჯოზე გამოსულა: ციცინო ტყუილად არ მოარტყამდა თავის რძალს, დედამისიც ამეებით ყოფილა ცნობილი და კვიცი გვარზე იწყებს ხტუნვასო.
მეზობლები ხშირად სეირს უყურებდნენ, როგორ ურტყამდა ციცინო რძალს. გააფთრებული დედამთილი დაჰკიოდა, - ოჯახს ჩირქს სცხებ, მოსცილდი აქაურობას, მე მივხედავ ბავშვებსო. ქალი იხვეწებოდა, დამანებეთ, საქმემ მომქანცა და ძაღლს აცდიან ჭამას, მე რა დავაშავე, პირთან მიტანილ ლუკმას რომ მაცლი ხელიდანო?.. დედაჩემი ჩაუდგებოდა რძალ-დედამთილს შუაში და ციცინოს ამუნათებდა თურმე, რა გინდა, ქალო, რად სცემ, პირუტყვსაც არ სცემს შეგნებული პატრონი და შენ ვინ ხარ ასეთიო?! გაივლიდა ერთი-ორი დღე და ისევ აამუშავებდა ეჭვის ჭია საცეცებს, ისევ იწყებოდა წივილ-კივილი და ხიჩილოს ქალის მუდარიანი ხმა, სამართალი სად დაიკარგაო?..
დედამთილს ახალი სტრატეგია შეუმუშავებია ბოლოს. შვილიშვილებს მოისვამდა გვერდით და დაეკითხებოდა: აბა, ნახეთ, თქვენს ტოლებს ყველას ჰყავს ორ-ორი ბებია და ბაბუა, თქვენ კი რატომ არ გყავთ მეორეებიო? სხვებს დეიდები და ბიძები რომ ჩუქნიან რაღაცებს, თქვენ სად გყავთ დეიდებიო? ბავშვებიც ნელ-ნელა დაიბოღმნენ დედაზე და გაუუცხოვდნენ. დედის საეჭვო სახელი ნელ-ნელა შეზიზღდათ, თან, ბაბუაც "ბოზ" დედას ხშირად აგინებდა ცელქ პატარებს...
"ერთი კვირის წინ შემოვიდა ხიჩილოს ცოლი და ეს კოლოფი მომიტანა. ჩემო ერთადერთო შემცოდე ადამიანო, ეს უნდა გაჩუქოო. გავუღიმე და მადლობა ვუთხარი. კოლოფს მოძველებული გაზეთი ჰქონდა წითელი საქსოვი ძაფით შემოჭერილი. ციცქნა ყვავილი უღონოდ და საცოდავად გამოიყურებოდა. მითხრა, ჩემსავით გამძლე და სიცოცხლისუნარიანი ყვავილია, სკოლიდან წამოვიღე მაგისი ნერგი ადრე, მეორე წლიდან იწყებს ყვავილობასო. ყვავილი საპატიო ადგილას დავდე და ვუთხარი, ვიდრე ცოცხალი ვარ, ეს ყველა ყვავილზე მეტად მეყვარება-მეთქი. გაუხარდა და გულში ჩამეკრა, წვრილი ხელები მაგრად შემომხვია და უკან-უკან დახევით გავიდა გარეთ..."
მეორე დილას ციცინოს ხმამაღალმა შეკივლებამ ცა გახია თურმე, ის უნამუსოს უნამუსო შვილი სად წაეთრა ნეტავო? ეს შეკივლება იყო და გაივსო ეზო უსაქმური დედაკაცებით. ლანძღავდნენ რძალს, სად წაეთრა, ბავშვები როგორ მიატოვაო? დედაჩემს უყურებდნენ და ეუბნებოდნენ, აი, ხედავ, ვის იცავდიო?! დედას უხმოდ დაუტოვებია ეზო და სახლში მისულს საღებავის კოლოფში ჩარგული ყვავილი გახსენებია. უხეიროდ შემოჭერილ ძაფს და ქაღალდს მაინც შევცვლიო, უფიქრია. ძაფის შეწყვეტა კოლოფზე და რამდენჯერმე დაკეცილი, ტყუპი ფურცელი გადმოვარდნილა გაზეთის შიგნითა მხრიდან! საგულდაგულოდ შენახული, ოდნავ გაცრეცილი ფურცლები მომაწოდა დედამ და წავიკითხე:
"ერთადერთი, ვინც ადამიანად მთვლიდა ამ სოფელში, შენ იყავი, სხვები კი ჩემს ტანჯვას უყურებდნენ და თავს იქცევდნენ. დედამთილი რასაც მეძახდა, არ იყო ყველაფერი ტყუილი. ჩემი შვილებისა და ქმრისთვის არასდროს მიღალატია, მაგრამ ის მართალია, რომ ძალიან ცუდი მშობლები მყავდნენ! მამა რამდენადაც კარგ გვარს, ბაქრაძეს ატარებდა, ათჯერ მეტად ცუდი კაცი იყო! ოჯახს სასმელი ერჩივნა! ყოველდღე მოჰყავდა კაცები სახლში, ისინი კი მუდამ სასმლის ბოთლებით მოდიოდნენ. მამა მალე თვრებოდა და ის კაცები მორიგეობით შედიოდნენ საძინებელში დედასთან. იმდენად პატარა ვიყავი მაშინ და იმდენად ჩვეულებრივი მეგონა ეს ამბავი, რომ თუ ყოველდღე არ მოვიდოდნენ ახორხოცებული კაცები, მიკვირდა... მამა როცა მოკვდა, პირველ კლასში ვიყავი. სკოლიდან მოსულს, მუდამ ვიღაც კაცი მხვდებოდა სახლში და იდგა საძაგელი სუნი: ოფლის, ნივრისა და არყის თუ რაღაც უარესის. დედაც სვამდა, თან ძალიან ბევრს! ბოლოს თვალები სულ ჩაუწითლდა და კანკალი დაეწყო. ერთ დღესაც ჩაწვა და ვეღარ ადგა. მეზობელმა ქალმა უთხრა, - ინტერნატში მაინც წავიყვან ამ ბავშვს, საჭმელი და სისუფთავე ექნებაო. მე ვინ დამეკითხა რამეს?! დამავლეს ხელი და ერთადერთ ჩემიანს დამაცილეს. მის მერე აღარც მინახავს დედა. როცა წამოვიზარდე, მივედი ჩვენს სახლში და იქ არაფერი დამხვდა, გარდა ჩამონგრეული ჭერისა და დაფხავებული კედლებისა! კედლებს ისევ ის სუნი ასდიოდა, პატარაობისას რომ მძაგდა და ცხვირს მიწვავდა. სკოლა-პანსიონში, რომელსაც ყველა ინტერნატს ეძახდა, ყველაზე კარგად ვსწავლობდი. ლიდა მასწავლებელი მეუბნებოდა, ისწავლე, სწავლა ცხოვრების გასაღებიაო! კლასიდან კლასში გადაჰქონდა ჩემი ნაწერი და ყველას აჩვენებდა, ნახეთ, რა სუფთა ხელი და ნათელი აზრები აქვს ამ ბავშვსო... რუსულსაც კარგად ვსწავლობდი, მათემატიკასაც, გეოგრაფია კი მიყვარდა! წიგნითა და რუკით "ვმოგზაურობდი" მთელ მსოფლიოში, პოლარულ წრეებთან ღუნღულა თეთრი ქურქი მეცვა, ბრაზილიაში - მოკლე კაბა, ესპანეთში - წითელი კაბა და ბრიტანეთში - კაბა-კოსტიუმი, ვაითუ, დედოფალს გადავეყარო სადმე და შესაბამისად ჩაუცმელს ყურადღებას არ მომაქცევს-მეთქი... ინტერნატიდან ჩემნაირების გამოშვების დროც დგება ერთ დღეს. ლიდას ძალიან ვუყვარდი და მითხრა, სად უნდა წახვიდე, ჩემთან იცხოვრე ცოტა ხნით, ვიდრე გზა გამოჩნდებაო! მაშინ ვნახე ჩემი ნასახლარი. სამყაროს დაქცევის ტოლფასი იყო ეს სანახაობა. ვთქვი, რომ იქ არასდროს მივიდოდი, მაგრამ აქედან გაქცევისას იქ აუცილებლად მივალ და ზიზღით შევაქცევ მთელ ჩემს ცხოვრებას ზურგს ჩვენს ნაეზოვარში - შვილებისა და ჩემი საწყალი შეთეს გარდა, ამათ არაფერი დაუშავებიათ! უნდა დავდგე ცხოვრების უკუღმართობის წინააღმდეგ! ქვეყანა დიდია და ეგებ, სადმე ადამიანად ჩამთვალონ! აქ მარტო შენ ხარ, ვისაც ვებრალები და ვუყვარვარ... წავალ და წლების მერე დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ. ლიდა მასწავლებელსაც არ გავიხსენებ ცუდად. მართალია, მისი სახლიდან გამაყოლეს შეთეს დასაკლავი ბატკანივით, მაგრამ ლიდას არასდროს სურდა ცუდი ჩემთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან რომ მიყვარხარ, ამის თქმა ათასჯერ მინდოდა და ვერ ვბედავდი, ახლა კი ვბედავ, ძალიან მიყვარხარ!"
კითხვა რომ დავასრულე, დედას შევხედე, თვალები ასწყლიანებოდა. უმისამართოდ გავიღიმე, იმ ღამეს გვერდიგვერდ დავწექით დიდ ტახტზე. თურმე უკანასკნელად მესმოდა დედის სუნთქვა და ვერ ვხვდებოდი, რამდენად ბედნიერი ვიყავი იმ დროს. მალე დედა მოულოდნელად გარდაცვლილა. მამასთვის დაუძახია, მოდი აქო. მადროვეო, მამას უთქვამს. მოდი, მერე გვიან იქნებაო, - წაუჩურჩულებია. მამასთვის ხელი გაუწოდებია და უთქვამს, თავს მიხედეთ და იმ ყვავილსო... დაკრძალვის დროს მეგონა, რომ ის ყვავილიც ტიროდა... სოფლის სახლი დავკეტეთ, მამა ჩემთან წავიყვანე, ყვავილებიც წამოვიყოლე და ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა საღებავის კოლოფში სქელფოთოლა ყვავილი, რომლის სახელი ახლაც არ ვიცი...
აი, წელს ყვავილი მეორე წელშია და შევამჩნიე, რომ წითელი პატარა კოკრები გაუშლია. თითქოს დედა გაცოცხლდა და მოვეფერე ფოთლებზე. მერე დედის გაღიმებული სახე წარმოვიდგინე და ავტირდი. სამსახურში დავრეკე, დღეს ვერაფრით შევძლებ მოსვლას-მეთქი და ქმარსაც დაჟინებით მოვთხოვე, სოფლად ამიყვანე, საფლავზე უნდა მივიდე და დედას ვუთხრა, ხიჩილოს ნაცოლარის ნაჩუქარი მცენარე ყვავის-მეთქი...
სახლამდეა სოფლის სასაფლაო. მანქანიდან გადმოვიჭერი და მოვემზადე ცრემლიანი მონოლოგისთვის. მინდოდა მეთქვა, აყვავებულ პატარა მცენარეზე, მაგრამ სიტყვა შემაშრა პირზე: დედის საფლავზე ირიბად იდო ლამაზი თაიგული. ცრემლები უკვე სიამაყისგან გადმომცვივდა. ალბათ, დედას სიკეთემ სიკვდილის მერე, დაგვიანებით მოაკითხა ნაადრევი გაზაფხულის პირზე, - გავიფიქრე.
ვიდრე რამეს მოვიფიქრებდი, მეზობელი მომადგა. ხბო გამოერეკა მზით განათებულ მზვარეზე. დღეს ხიჩილოს ცოლი მოვიდა სოფელში, შვილებს რაღაცები მოუტანა, სახლში ფეხიც არ შეადგა, ეზოს გარეთ ეფერა, იტირა და უთხრა, ცოტაც და შვილებო, მე მოგხედავთ ისე, როგორც საჭიროაო. პატარა ლურჯი მანქანით იყო მოსული, ვიღაც ქალი იჯდა საჭესთან და მალევე გაბრუნდნენო. სოფლის მოცლილ ხალხს თვალი გაუდევნებია, სასაფლაოსთან გაჩერდა და ნეტავ რატომო? წუთების მერე ისევ დაძრულა ავტომობილი და გადაუმოწმებიათ უსაქმურებს სასაფლაო, რად მივიდა ნეტავ იქო?..
საკითხავიც არაფერი იყო უკვე, ვინ და რატომ დატოვა ყვავილის თაიგული!
თითქოს დედა თავისი ოდნავ შესამჩნევი ღიმილით და სითბოთი მომიახლოვდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, უსაზღვროდ! დედაჩემის გაციებულ სასაფლაოს ალბათ, ის ყვავილის თაიგული უფრო ამშვენებდა, ვიდრე სამყაროს ყველა სილამაზე ერთად აღებული... გულში უზარმაზარმა სითბომ დამიარა, მინდოდა, ეს სითბო საფლავის ცივი ქვისთვის გადამეცა და თითებით ვეფერებოდი საფლავის ყველა ნაწილს...
ეს მინდოდა მეთქვა შენთვის და თუ ღირდეს გამოქვეყნებად, გამოაქვეყნე. ნაჩუქარი ქოთნის ყვავილის ფოტოსაც გიგზავნი, ეს ყვავილი ყველაზე დიდი გასამრჯელოა ალბათ დედაჩემის ადამიანობისთვის!"
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მამაკაცებმა საცურაო კოსტიუმების ჩაცმა დაიწყეს"
"ანტუანი და პატარა უფლისწული" მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის ქართველი წევრის ინტერვიუ
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
მშენებელი, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და ყოფილი მორაგბე სანდრო საკანდელიძე ამჟამად ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ფინანსური დირექტორია.
ახალი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი