როგორ დავიცვათ თავი ჯადოსა და ბოროტი ძალების ზეგავლენისგან?
დღესდღეობით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჯადოს არსებობას მაინც ბევრი აღიარებს. ე.წ. ნათელმხილველების თქმით, ათასგვარი ჯადო არსებობს, მათ შორის, უნაყოფობისა და იმპოტენციის გამომწვევიც; არსებობს ჯადო, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ანგრევს და მის სიკვდილს იწვევს. გჯერათ თუ არა ჯადოს არსებობის? - ამ შეკითხვით ჟურნალმა "გზამ" სხვადასხვა პროფესიის ადამიანს მიმართა:
მაყვალა გონაშვილი, პოეტი:
- თუ ამქვეყნად სიკეთე არსებობს, ე.ი. ბოროტი ძალებიც არსებობენ. შეიძლება ჯადო არ დაარქვა, მაგრამ ეს იყოს ძალიან მძიმე უარყოფითი ენერგია, რომელიც კონკრეტული პიროვნებისკენ არის მიმართული. სხვათა შორის, ჩემი ახლობელი ერთხანს ძალიან სუსტად იყო. მოგვიანებით, ჯიბეში იპოვა უცნაური ნივთი, რომელიც ბეწვებით იყო გადახვეული. მორწმუნეა და დახმარებისთვის ეკლესიას მიმართა.
მსგავსი რამ საკუთარ თავსა და ოჯახზეც გამოვცადე: ერთი პერიოდი ჩემი ოჯახი თითქოს, ერთ წერტილზე გაიყინა, ვერც წინ მივდიოდით და ვერც - უკან. ამის თაობაზე აწ გარდაცვლილ მეუფე თადეოზს შევჩივლე. მან მითხრა, რომ კახეთში, სართიჭალაში არის მამა შალვა, ის შენზეც ილოცებს და დაგეხმარებაო. მართლაც, მივაკითხე ამ მოძღვარს და ღმერთმა ყველას გაუმართლოს, როგორც იმის შემდეგ ჩემ გარშემო გზა გაიხსნა. ჩემი აზრით, ვინც თვითონ ატარებს უარყოფით ენერგიას, ის უფრო იოლად ექცევა ბოროტი ენერგიის გავლენის ქვეშ. თუ ადამიანს სუსტი ველი, სუსტი ნებისყოფა და სუსტი აურა აქვს, უარყოფითი ენერგიის გავლენის ქვეშ მისი მოქცევა უფრო ადვილი იქნება, თუმცა ჯადო ძლიერ ადამიანსაც შეიძლება მოერიოს. ასეთ სიბინძურეს ცოდვილები აკეთებენ, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს ღვთისგან მომავალი, ნათელი ენერგია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს იცავს და აძლიერებს.
ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:
- ჯადოზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დადებითი და უარყოფითი ენერგიის მჯერა. შეიძლება, ადამიანი ცუდ ხასიათზე იყოს და მისგან უარყოფითი, დამთრგუნველი ენერგია მოდიოდეს ან პირიქით, დადებით ენერგიას ასხივებდეს. ხშირად გამიგია, რომ ჯადოს დახმარებით ვიღაცამ ვიღაცას ოჯახი დაუნგრია, მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა: ოჯახი თუ დასანგრევია, ისედაც დაინგრევა, ამას ჯადო და შელოცვა სულაც არ სჭირდება. ასე რომ, ავი თვალი და ჯადოები ნაკლებად მაშინებს.
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:
- ჯადო - ეს იგივე შავი მაგიაა. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც შავი მაგი იყენებს ხმების ვიბრაციას და ენერგეტიკას - პირველ რიგში, ქონისა და სისხლის ენერგეტიკას, რადგან ამ გზით უარყოფითი ენერგიის გადატანა ადვილად შეიძლება.
შავი მაგიის მიმდევრები შელოცვას აწარმოებენ ქონზე, დახოცილი ცხოველების სისხლზე, თმაზე, რომელიც ინფორმაციის კარგი გადამტანია. ეს არის დაბალი რანგის მაგია, მაგრამ არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება, მაგალითად, ფოტოსურათით. ყველა ვარიანტში, მაგიის პრინციპი ერთია: ადამიანის დაბრკოლება, მისთვის სირთულეების შექმნა და დაღუპვაც კი. ამ დროს შავი მაგი თავისი ენერგეტიკის მეშვეობით ახერხებს შესვლას ადამიანის ენერგოველში და აბინძურებს მის აურას, რომელიც უარყოფითი ენერგიით არის გაჭედილი. ასეთ ადამიანს ეწყება გაუგებრობები, ჯანმრთელობის პრობლემები, პრობლემები პირად ცხოვრებაში, სამსახურში და ვერც კი ხვდება, რატომ აირია მისი ცხოვრება.
როგორ უნდა შევატყოთ, რომ ადამიანი უარყოფითი ენერგიით არის შეპყრობილი? - ასეთ ადამიანს თავისი ნიშნები აქვს: სპეციფიკური სუნი, ძალიან ცუდი ფერის აურა და აბსოლუტურად ჩამქრალი თვალები - ეს არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ვიღაც შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფება.
სამწუხაროდ, ყოველი 10 კაციდან ექვსს შავი მაგია აქვს გაკეთებული. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ შეიძლება ამ ბოროტების დაძლევა - მხოლოდ დადებითი ენერგიის დახმარებით. მაგალითად, მინერალების გამოყენებით (ყველამ ვიცით, რომ გიშერი ადამიანს ავი თვალისაგან იცავს). ასევე კარგია კონტაქტი ბუნებასთან, რომელიც წმენდს და ასუფთავებს ადამიანის ბიოველს, კარგია მიწის, წყლისა და ცეცხლის ენერგია.
ამის ნათელი მაგალითია სანთლებისა და ნაკურთხი წყლის გამოყენება ეკლესიის მიერ. აქვე გეტყვით, რომ შემთხვევით შავი მაგია არავისზე მოქმედებს. ადამიანმა რაღაცით დაიმსახურა, რომ შავი მაგიის გავლენის ქვეშ მოექცა, პირველ რიგში, თავისი არასწორი ცხოვრებით. ასეთ დროს მან უნდა იფიქროს, რა დააშავა და თავისი ზრახვები, სურვილები და საქციელი ზედმიწევნით აკონტროლოს.
არიან უნიკალური პიროვნებები, პარაფსიქოლოგები და ექსტრასენსები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს ეს უარყოფითი ენერგია მოუხსნან. მეც ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად წმენდენ და ასუფთავებენ დაბინძურებულ აურას. ოღონდ, როცა აურის გასაწმენდად ვინმესთან მიდიხართ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის სანდო პიროვნებაა, რომელმაც იცის ცუდი ენერგია როგორ "დაამიწოს". სხვათა შორის, ასეთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ეკლესიაც კარგად ეხმარება. ჩემი აზრით, თუ ადამიანი სიკეთეს ემსახურება, სწორი გზით მიდის და არავის არაფერს უშავებს, მასზე უარყოფითი ენერგია ნაკლებად მოქმედებს.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა, ექიმი:
- რა თქმა უნდა, არიან ადამიანები - პოზიტიურები და ნეგატიურები, თუმცა, ჯადოსი ნაკლებად მჯერა. მართლმადიდებელი ვარ და სადაც ღმერთია, იქ ჯადოს რა უნდა? რადგან ქრისტიანი ვარ, მჯერა, რომ ასეთი ძალებისგან უფრო მეტად ვარ დაცული. ჩვეულებრივად ვცხოვრობ, თავს არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ ყველა ადამიანში მაინც სიკეთეს ვეძებ. ადამიანი ბოროტი არ უნდა იყოს და ღმერთიც მისკენ იქნება, მჯერა, რომ ასეთ ადამიანს ვერც ჯადო მოერევა და ვერც ავი თვალი.
ნინა თარხან-მოურავი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:
- გამოგიტყდებით, რომ მე არ მჯერა ასეთი რამეების, შეიძლება იმიტომ, რომ ღმერთმა დამიფარა და ასეთ ფაქტებთან შეხება საერთოდ არ მქონია. სამაგიეროდ, ენერგოვამპირების არსებობისა მჯერა. შემიმჩნევია, როგორ გაცლის ენერგიას ზოგიერთი ადამიანი, ზოგი კი პირიქით, დადებითი ენერგიით გავსებს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, როდესაც ახლობელი ან მეგობარი თავის პრობლემებზე გიყვება. მეგობარი რომ წუწუნებს, მასზე გული შეგტკივა, მაგრამ ცუდი არაფერი გემართება. ალბათ იმიტომ, რომ მისგან წამოსულ უარყოფით იმპულსებს სიყვარული და დახმარების სურვილი ანეიტრალებს.
დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი:
- რა არის ჯადო? - ეს არის შავბნელი ძალების ერთ-ერთი ხრიკი, რომელიც დღესაც შიშს ჰგვრის საზოგადოების დიდ ნაწილს. ჯადოქრობა სათავეს იღებს ჩვენი წარმართი წინაპრებისგან, როცა მათ საერთოდ არ ჰქონდათ კავშირი ღმერთთან და გაკერპებული ჰყავდათ ციური სხეულები, ცხოველები თუ ბუნების სხვა მოვლენები. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, ეს ბოროტება მაინც შემორჩა ჩვენში. ჯადოქრობა ცოდვაა უფლის პირველი მცნების წინააღმდეგ. ცოდვაშია ის, ვინც ჯადოს აკეთებს და ისიც, რომელსაც სჯერა ჯადოს ძალისა. 21-ე საუკუნეშიც კი, ამ სიბინძურის უამრავი მეთოდი არსებობს: მკითხაობა, თილისმები და ამულეტები, ექსტრასენსორული და ბიოენერგეტიკული "დახმარებები", სპირიტიზმი თუ ოკულტიზმი და ა.შ... სხვათა შორის, თეთრი და შავი მაგია არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგს ჰგონია, რომ "კეთილ" ნათელმხილველთან მივა და შავი მაგის მიერ გაკეთებულ ჯადოს მოიხსნის, მაგრამ არ იცის, რომ ისევ ბოროტ ძალასთან მიდის და ცოტა ხნის მერე შეიძლება უფრო დიდი და საშინელი განსაცდელი შეემთხვას. "კეთილი" ნათელმხილველი იმავე ჯადოს "ხსნის", რომელიც თავად ან მისმა "კოლეგამ" გააკეთა. თუ ადამიანს არა აქვს სულიერი ზღუდე და ღვთიური მადლით არ არის დაცული, ის ადვილად ემონება ბოროტ ძალას და თავად ხდება ამგვარი სიბინძურის შემკვეთი ან მსხვერპლი. მაგიის ზემოქმედებით დაზიანებული ადამიანების რიცხვი სულ უფრო მატულობს. როგორ დავაღწიოთ თავი ამგვარ ზემოქმედებას? - უპირველეს ყოვლისა, უნდა მივმართოთ ჭეშმარიტ ღმერთს, ჩვენს შემოქმედს - იესო ქრისტეს, რომელსაც შეუძლია ამ ბოროტებისაგან გვიხსნას. აუცილებელია, მოძღვარს მივმართოთ, გულწრფელი აღსარება ჩავაბაროთ, ვეზიაროთ და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩავებათ, რაც მყარი გარანტიაა იმისა, რომ ყოველგვარი დემონური გავლენა თავიდან ავიცილოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე