"მსოფლიო ოპერის ვარსკვლავის" გზა ქუთაისიდან ამერიკამდე - გზაპრესი

"მსოფლიო ოპერის ვარსკვლავის" გზა ქუთაისიდან ამერიკამდე

მას უკვე უწოდეს "მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი", "რუსული ოპერის ქართველი კარუზო"... ბარიტონი დავით ღვინიანიძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. მისი პირველი ნაბიჯები დიდ მუსიკალურ სამყაროში სწორედ ამ ქალაქში გადაიდგა. დედას უნდოდა, ექიმის პროფესია აერჩია, მამა სრულიად განსხვავებულ სფეროში საქმიანობას ურჩევდა, მომღერალი მეზობელი ეუბნებოდა, ყურზე ფეხი დათვმა დაგაბიჯა, შენგან არაფერი გამოვაო. თავად კი ისე არაფერი უნდოდა, როგორც სიმღერა. როგორც ყოველთვის, ნიჭმა, მონდომებამ და დიდმა შრომისმოყვარეობამ შედეგი ამჯერადაც გამოიღო.

გზა ქუთაისიდან საოცნებო ამერიკამდე სავსე იყო ბარიერებით, წარმატებებით, გამარჯვების სიხარულით... მისი ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს!

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ თბილისის მუსიკალური აკადემია დავამთავრე. პარალელურად, ქუთაისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, სადაც მშობლების ხათრით ჩავაბარე. ყოველთვის აქტიური ვიყავი, გარდა ამისა, 2 საავტორო გადაცემა მქონდა: ერთი ქუთაისის, მეორე - აჭარის ტელევიზიაში.

- მუსიკისადმი ინტერესი რა ასაკში გაგიჩნდათ?

- ჩემს მეზობლად ოპერის თეატრის მომღერალი ცხოვრობდა, მისი შვილიც მღეროდა. ხშირად მესმოდა, რეპეტიციებს როგორ გადიოდნენ. მას შემდეგ, რაც ჩემი ნამღერი მოისმინეს, დამცინოდნენ, ამ ბავშვს არაფერი გამოუვა, ყურზე ფეხი დათვმა დააბიჯაო. 6 წლიდან მქონდა ლტოლვა მუსიკისადმი. საბავშვო ანსამბლში შევედი, დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, კერძო პედაგოგთან, გავდიოდი სამსახიობო ოსტატობას... მთელი ჩემი ბავშვობა შემოქმედებითი ძიების პერიოდი იყო. როცა საშუალო სკოლას ვამთავრებდი, გადავწყვიტე კლასიკურ, აკადემიურ ვოკალს დავუფლებოდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ესტრადაზე სიმღერას ასე უკეთესად შევძლებდი, ესტრადიდან კი საოპერო ხელოვნებაში აღმოვჩნდი, მაგრამ მანამდე დიდი პრობლემები მქონდა.

- რას გულისხმობთ?

- ჩემი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, ეს გზა ამერჩია. დედა ექიმია, მამა - აკადემიკოსი. ერთს უნდოდა თეთრ ხალათში ვენახე, მეორეს სურდა 25 წლის ასაკში პროფესორი გავმხდარიყავი. მათი ხათრით პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ღვინიანიძე ვარ და რას ვისწავლიდი, თუ არა მეღვინეობას? სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე და ეს დიპლომი მამას ვაჩუქე. მათი მაშინდელი პოზიცია დღეს ძალიან კარგად მესმის. ისინი ფიქრობდნენ, მექნებოდა თუ არა ისეთი ხმა და შესაძლებლობები, რომ ამ საქმით ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა შემძლებოდა. მაშინ ამის გაგება რთული იყო.

- პირველად თავი წარმატებულად როდის იგრძენით?

- მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი არჩევანი სწორი იყო. როგორც კი კონსერვატორიაში ჩავაბარე, იმ წელსვე მივედი ქუთაისის ტელევიზიაში და მათ ჩემი საავტორო გადაცემის პროექტი შევთავაზე. თანხმობა მივიღე, გადაცემას "ტენორი" ერქვა. ბევრი წლის განმავლობაში, ეს გადაცემა ეთერში გადიოდა.

ჩემი პირველი წარმატება იყო მესხიშვილის სახელობის თეატრში, როცა პირველად გამოვედი და ორი სიმღერა: "ო სოლე მიო" და "მითხარით გოგონებო" შევასრულე. მიუხედავად იმისა, რომ დამწყები შემსრულებული ვიყავი, დარბაზში ყველა ფეხზე წამოდგა და ტაშს დიდხანს მიკრავდნენ. ეს იყო ძალიან უჩვეულო და ამაღელვებელი, ამავე დროს, სტიმულის მომცემიც. ამის შემდეგ ქუთაისის საოპერო თეატრის მომღერალი გავხდი, შემდეგ ბატონმა ალექსანდრე ხომერიკმა (ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) ბათუმში მიმიწვია. ამ ადამიანმა ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა.

- მოსკოვში როგორ წახვედით?

- საქართველოში ოპერის მხოლოდ სამი თეატრია. აქ საოპერო მომღერლებისთვის დიდი ასპარეზი არ არის. ჩემმა პედაგოგმა და მეც, მონაცემები გადავგზავნეთ შვეიცარიაში, ინგლისსა და მოსკოვში. სამივეგან მოწვევა მივიღე. თავდაპირველად ცოტათი დავიბენი, ასაკით პატარა ვიყავი, ქვეყნის გარეთ ნამყოფი არ გახლდით, ენის ბარიერიც მქონდა, ცოტათი შევშინდი, ამიტომ ვარჩიე, მოსკოვში წავსულიყავი. უეცრად დიდ მეგაპოლისში აღმოვჩნდი.

- ამ სიახლემ დაგაფრთხოთ თუ მეტი მოტივაცია შეგძინათ?

- თავდაპირველად იყო დაბნეულობა, მაგრამ მეტად მოტივირებული გამხადა. იქ წასასვლელ თანხას ჩემი ჰონორარით ვაგროვებდი. მაშინ საქართველოში ყველას ძალიან უჭირდა, გამონაკლისი არც ჩემი ოჯახი იყო. ხშირად, დედა ჩაისა და პურს მიირთმევდა, რომ შვილებისთვის ხილი ან ხორცი ეყიდა. ახლა ამერიკიდან რომ დავბრუნდი, მეზობელთან მოსანახულებლად შევედი. მან მიამბო, შენ არ იცი, ოჯახმა რა გადაიტანა, შენ რომ წარმატებისთვის მიგეღწიაო. თურმე, ერთ დღეს კონსერვატორიაში გამოცდა რომ მქონდა, დედას ხორცი უყიდია, მოუმზადებია და ჩემი პატარა დისთვის უთქვამს, შენ ნუ შეჭამ, დღეს ეს დათოს ძალიან სჭირდებაო. ამდენი წლის შემდეგ, ეს ამბავი ახლა გავიგე და გული ამიჩუყდა.

აჭარის ტელევიზიიდან მიღებული ჰონორარით 500 დოლარი შევაგროვე, 100 დოლარი მშობლებმა დამიმატეს. ამ თანხით მოსკოვში წავედი. 2000 წლის 13 მაისს მოსკოვში ყველაფერი მწვანე იყო, დილით რომ გავიღვიძე, საშინლად თოვდა. ამ დღეს თეატრში მოსმენაზე მივედი. 180 კონკურსანტი გამოდიოდა. სცენაზე ლენსკის არია შევასრულე, მაგრამ საოცარი ქართული აქცენტით. ჟიურის წევრებს გაეღიმათ. მკითხეს, სხვა რამესაც იმღერებო? შემდეგ ფედერიკოს გოდება შევასრულე. როლში იმედენად შევედი, ცრემლები ჩამომდიოდა. ჟიურის წევრები ფეხზე წამოდგნენ, სცენაზე ამოვიდნენ, გადამკოცნეს. მთავარმა რეჟისორმა კაბინეტში შემიყვანა და მითხრა, შენ მეორე და მესამე ტურს აღარ გაივლი, პირველივე ტურიდან ჩარიცხული ხარო. ასე მოვხვდი თეატრის დასში. ეს იმდენად ამაღელვებელი იყო, თეატრიდან რომ გამოვედი, სიხარულისგან ვხტოდი, ვყვიროდი. ამ თეატრში ორ წელზე მეტხანს ვიყავი, შემდეგ "ჰელოკონ ოპერაში" გადავედი, სადაც 7 წელი გავატარე. 18 წელი მქონდა კარიერა, როგორც ტენორს, 33 წლის ასაკში ბარიტონზე გადავედი.

- რუსეთში პრობლემები არასდროს შეგქმნიათ?

- რუსეთში ჩემი წარმომავლობის გამო გარკვეული უსიამოვნებები მქონდა. ხომ გახსოვთ, ცნობილი დაპატიმრებებისა და დეპორტაციების პერიოდი. ერთხელ სტავროპოლში რომ ჩავფრინდი, ჩემი თვითმფრინავიც დააკავეს. მე მაინც რუსეთში მოღვაწე ქართველი ვიყავი, რომელიც დიდად თვალში არავის მოსდიოდა. 2 წლის წინ, ჩემს საოცნებო ქვეყანაში გადავედი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია. ამ "ტრამპლინისთვის" 2006 წლიდან ვემზადებოდი. 2008 წელს "კარნეგი ჰოლში" კონცერტი მქონდა. ამერიკამ "გრინ კარტა" მაჩუქა.

- თქვენ მიერ დაფუძნებულ ფონდზე - "მსოფლიო ტალანტები" მიამბეთ. როგორც ვიცი, ამ ორგანიზაციის ეგიდით, გარკვეული ღონისძიებები საქართველოშიც გაქვთ დაგეგმილი.

- "მსოფლიო ტალანტებმა" საერთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება, კარიერა, ყოველდღიურობა. ეს ფონდი საგანმანათლებლო, საფესტივალო და საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. მის ფარგლებში არაერთი საკონსკურსო თუ სასწავლო პროგრამა განხორციელდა. ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში ვმონაწილეობთ...

ფონდის "მსოფლიო ტალანტები" მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. შარშან დეკემბერში "კარნეგი ჰოლში" ჩატარდა ჩვენი პროექტი, სახელწოდებით "სამი ტენორი". სცენაზე მეტროპოლიტენის სოლისტები გამოვიდნენ. სიტყვათშეთანხმება "სამი ტენორი" კარერასის, დომინგოსა და პავაროტის ერთობას სამუდამოდ მიეკუთვნა. როდესაც ისინი კარაკალას სცენაზე გამოვიდნენ, მას შემდეგ ეს სიტყვათშეთანხმება მუსიკალურ "ნიუსებში" აღარც ყოფილა. ერთ მშვენიერ დღეს გამიჩნდა იდეა, "კარნეგი ჰოლის" სცენაზე შემეკრიბა მხოლოდ ჩემი ფავორიტი ტენორები, ჩემი მეგობრებიც. რაულ მელო კუბას წარადგენდა, ადამ კლაინი - ამერიკას და ბენჯამინ სლომანი - ავსტრალიას. ასევე, კონცერტში მონაწილეობდნენ "მსოფლიო ტალანტების" საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებულები... სხვათა შორის, ამ საღამოს სცენაზე გამოვიდა 10 წლის ქართველი პიანისტი ნანუკა გორგოძე და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ის გერშვინის კონკურისის პირველი ლაურეატი გახდა, ჩემი ქალაქელია, ამერიკაში ჩემი მიწვევით ჩამოვიდა...

გასული წლის 8 აპრილს ამერიკაში გაიხსნა "მსოფლიო ტალანტების" ორგანიზაცია. წინ დიდი გეგმები გვაქვს, ეს ფონდი ახლო მომავალში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიხსნება.

- საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

- ახლა საქართველოში რამდენიმე დღით ვარ ჩამოსული. დრო რომ გადის, შენი სამშობლო მაინც სხვაგვარად "გეძახის". შემიძლია გითხრათ, რომ სექტემბრში "მსოფლიო ტალანტების" ეგიდით, საოპერო ფესტივალი ჩატარდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ ცნობილი მომღერლები. ფესტივალი ქუთაისში ჩატარდება, რადგან ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და კულტურული ღონისძიებებით ისეთი განებივრებული არ არის, როგორც - თბილისი.

ახალგაზრდებს, რომლებიც საოპერო ფესტივალით დაინტერესდებიან, ვეტყვი, რომ ახლო მომავალში ინფორმაცია "მსოფლიო ტალანტების" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდება. მოსმენებს საქართველოს ქალაქებში მოვაწყობთ. შემდეგ ქუთაისში იქნება შემაჯამებელი საღამო, სადაც გამარჯვებული ვოკალისტები და პიანისტები გამოვლინდებიან. წინ საინტერესო გეგმები გვაქვს.

- გამარჯვებულ ახალგაზრდებს რას ჰპირდებით?

- ჩვენ დავაფინანსებთ, ისინი "კარნეგი ჰოლში" გამოვლენ. როგორც შემეძლება, ქართველ მუსიკოსებს ყველანაირად დავეხმარები... 22 აპრილს კი ვბრუნდებით "კარნეგი ჰოლის" სცენაზე, საღამო იქნება საქველმოქმედო და დიმიტრი ხვოროსტოვსკის ხსოვნას მიეძღვნება. ამ კონცერტზე ნინო სურგულაძეც გამოვა.

- წარმატებას გისურვებთ! დაბოლოს გკითხავთ, ის ოპერის მომღერალი მეზობელი თუ ნახეთ, თქვენში მუსიკალური შესაძლებლობები რომ ვერ დაინახა?

- ის საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მაგრამ სოციალურ ქსელში ვკონტაქტობთ.

- დაოჯახებული ხართ?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის ვარ. დედა ხშირად მეუბნება, ცოლი მოიყვანეო, მე კი ვპასუხობ, რომ ცოლი დიდი ხანია, მოვიყვანე და მას "მსოფლიო ტალანტები" ჰქვია.

თამუნა კვინიკაძე