ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ამბავი და 7 დიდი ბედნიერება - გზაპრესი

ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ამბავი და 7 დიდი ბედნიერება

31 წლის ნანა ცქიტიშვილი და 33 წლის ჯუბა ლომიძე 7 შვილის მშობლები არიან. ნიკოლოზი 12 წლის არის, გიორგი - 7-ის, ვიქტორია - 4-ის, ალექსანდრე - 3-ის, ნინა - 2-ის, ილია - 11 თვის და მიქაელი - 1 თვის.

წლების წინ, როცა ოჯახი შექმნეს, მათი სიტყვებით რომ გითხრათ, ამ "დიდ ბედნიერებაზე" არც ერთი არ ფიქრობდა. იყო პერიოდი, როცა გერმანიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ სურვილმა, მათი შვილები სამშობლოში გაზრდილიყვნენ, ნანა და ჯუბა საქართველოში დააბრუნა.

ნანა:

- ოჯახი 18 წლის ასაკში შევქმენი, 19 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ შემეძინა. მე და ჩემი მეუღლე ერთ უბანში ვცხოვრობდით. გაცნობიდან 6 თვეში დავოჯახდით. მეუღლე ჩემზე 2 წლით უფროსია.

ჯუბა:

- ერთ დღეს ნანა უბანში დავინახე, მეგობარ გოგოსთან ერთად ჩაიარა. იმდენად მომეწონა, გავიფიქრე, ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი. ნანას მეგობარ გოგოს შორიდან ვიცნობდი. მისგან გავიგე, ვინ იყო, მერე გავიცანი და...

ნანა:

- ძალიან იაქტიურა, რომანტიკოსი ბიჭი იყო, დღე და ღამე ჩემს სახლთან იდგა. მე ძალიან ბავშვური ვიყავი, ქალური სიკეკლუცე და გაპრანჭვა საერთოდ არ ვიცოდი. სულ ბოტასებითა და შარვლით დავდიოდი, ეს კი იდგა ჩემს სახლთან და სანთლებით გულებს მინთებდა. 18 წლის გოგოს მეტი რა უნდოდა, თავბრუ დამახვია, შემიყვარდა. ერთხელ სოფელში ვიყავი დასასვენებლად. იქ მოულოდნელად ჩამომაკითხა, გამოვიპარე და მდინარე ძირულაზე ფეხით, ზურგზე აკიდებულმა გადმომიყვანა. დავსველდით, ზესტაფონამდე ძლივს ჩავაღწიეთ. ისეთი გაყინული ვიყავი, მეგონა, შვილი არასდროს მეყოლებოდა.

- შენი ოჯახის წევრების რეაქცია როგორი იყო?

- დედასთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მას ყველაფერს ვუყვებოდი. ის ამ მდგომარეობას შეეგუა, მამა კი წინააღმდეგი იყო. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მისი რეაქცია საკვირველი არ გახლდათ. მთხოვდა, ისე მაინც გააკეთეთ, რომ ქორწილი გადაგიხადოთო, ჩვენ გაპარვა ვამჯობინეთ. 2 თვეში უკვე გავიგეთ, რომ ნიკოლოზს ველოდებოდით.

ჯუბა:

- ბევრი შვილი დიდი ბედნიერებაა. ამავე დროს, დიდი სტიმულიც არის, მაქსიმალურად რომ დაიხარჯო შენი შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად. ახლაც, ამ მიზეზით ვჩქარობ სახლიდან გასვლას.

ნანა:

- რამდენიმე წელი გერმანიაში ვცხოვრობდით, 2 შვილი გვყავდა, რომ წავედით, ვიქტორია იქ დაიბადა. მეოთხე ბავშვზე 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი, საქართველოში რომ დავბრუნდით. იქაური ექიმები დიდ წინააღმდეგობას მიწევდნენ, არ მიშვებდნენ, მაგრამ გავრისკე. საზღვარგარეთ ვინც მიდის, უმეტესობა იქ დარჩენას ამჯობინებს. მგონი, ჩვენ გამონაკლისი ვართ, ვინც სამშობლოში საკუთარი ნებით დავბრუნდით. ძალიან მინდოდა ბავშვები საქართველოში გაზრდილიყვნენ. მესამე შვილი რომ შეგვეძინა, მინდოდა, პატრიარქს მოენათლა.

- დაბრუნება არჩიეთ იმის მიუხედავად, რომ აქ საკუთარი ბინა არ გქონდათ...

- დიახ. მხოლოდ ახლობლები გველოდებოდნენ, ნაქირავები ბინა დაგვახვედრეს. გარკვეული დანაზოგი ჩამოვიტანეთ, მაგრამ საქმე ისე ვერ აგვეწყო, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. სანამ მეექვსე ბავშვს გავაჩენდი, ფოტოგრაფად ვმუშაობდი. გერმანიაში ვისწავლე ფოტოხელოვნება. დახელოვნების კურსები თბილისშიც გავიარე. ილიას გაჩენის შემდეგ მუშაობა ვეღარ შევძელი, ბავშვები ცოტათი რომ წამოიზრდებიან, აუცილებლად უნდა ავიწყო კარიერა, სახლში ჯდომას არ ვაპირებ.

წლების წინ არც ვფიქრობდი, მრავალშვილიანი დედა თუ ვიქნებოდი. პირველი შვილი რომ გავაჩინე, ასაკით იმდენად პატარა ვიყავი, რომ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი. მეორე რომ მეყოლა, მაშინაც არ მიფიქრია, რომ ამდენი ბავშვის დედა ვიქნებოდი, მესამე რომ შემეძინა, ეს მდგომარეობა თანდათან მომეწონა, მეოთხე შვილის შემდეგ, უფრო მეტად დავაფასე დედობა; გავაცნობიერე, რომ ეს ძლიერი განცდაა. შვილის გაზრდაზე მნიშვნელოვანი საქმე არა მგონია, არსებობდეს. ვიცი ოჯახები, რომლებიც ეკონომიურად წელგამართული არიან, მაგრამ ბევრ შვილს არ აჩენენ. არ იციან, რომ უარს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ყველაზე დიდ ბედნიერებაზე ამბობენ.

- თავად და-ძმა გყავს?

- მხოლოდ ერთი ძმა მყავს და მშობლებს სულ ვსაყვედურობდი, ერთი და მაინც რატომ არ გამიჩინეთ-მეთქი? ჩემს მეუღლეს მხოლოდ და ჰყავს.

- მრავალშვილიანი ოჯახების შესახებ არაერთხელ დამიწერია. თვალში საცემია, რომ ასეთ გარემოში ბავშვები მეტად მზრუნველები არიან, ერთმანეთს სხვაგვარად უფრთხილდებიან.

- მართალია, ნიკოლოზი განსაკუთრებით მზრუნველია. 5 წელი მარტო იყო და როცა გაიგო, მისი ძმა უნდა დაბადებულიყო, მოუთმენლად ელოდებოდა. ახლაც ძალიან მეხმარება. ვცდილობ, ზედმეტად არ შევაწუხო, მაგრამ და-ძმას მზრუნველობას არ აკლებს.

- დამხმარე ქალი არ გყავს?

- არა, დედა მეხმარება, მაგრამ მუშაობს და ყოველთვის ჩემთან ყოფნას ვერ ახერხებს. გიორგი და ნიკოლოზი სკოლაში დადიან, ალექსანდრე და ვიქტორია - ბაღში, სამი პატარა სახლში გვყავს.

- სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარებას იღებთ?

- სოციალურ დახმარებას ვიღებთ, ძალიან უკმაყოფილოებიც არ ვართ, გამგეობა ბინის ქირის ნახევარს გვიფარავს, მერიიდან მრავალშვილიანობის დახმარებაც გვაქვს.

თუ სოციალურად დაუცველი არ ხარ, ისე მრავალშვილიანობის დახმარება მერიიდან არ ინიშნება. სანამ მეხუთე შვილს გავაჩენდი, მანამდე არანაირი დახმარება არ გვქონდა, რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსით არ ვსარგებლობდით. კარგი იქნება, მომავალში სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიანებს ერთმანეთისგან თუ გამიჯნავენ. შეღავათები კომუნალურ გადასახადზეც გვაქვს.

ამ ეტაპზე შანსი არაა, ბინის პრობლემა გადავჭრათ. გარკვეული პერიოდი ისევ ქირით მოგვიწევს ცხოვრება. კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს გარდა, მრავალშვილიანი ოჯახების კეთილდღეობაზე სამშენებლო კომპანიებიც რომ ზრუნავდნენ, გარკვეულ შეღავათებს აწესებდნენ. 2014 წლის შემდეგ, ბინის 7-ჯერ გამოცვლა მოგვიხდა. ახლაც გვთხოვენ, ეს სახლი დავცალოთ.

სოციალურად დაუცველის სტატუსი ბევრს აშინებს. არ დაგიმალავთ და თავდაპირველად, ამის კომპლექსი მეც მქონდა. მრავალშვილიანი ოჯახების დასაქმება ორგანიზაციებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს და ჯანდაცვის პროგრამაც განსხვავებული. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემის დაძლევა მხოლოდ ამ ფორმით თუ მოხდება. მე რომ საკუთარი სახლი მქონდეს, ბევრი შვილის გაზრდა სირთულე სულაც არ იქნება.

- როგორც ვხვდები, თქვენს მეუღლეს, ოჯახს, მუდმივი შემოსავალი არა აქვს.

- დიახ. ჯუბა პროგრამისტია, საქმე პერიოდულად თუ გამოუჩნდება, სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს. გარდა ამისა, რუსული და ინგლისური ენები იცის, ცოტა - გერმანულიც, აქვს მართვის მოწმობა და პერიოდულად გიდადაც მუშაობს.

- შვილები დედის დღეს როგორ გილოცავენ?

- ამ მხრივ ნიკუშა ძალიან აქტიურია. არ მახსენდება შემთხვევა, რომელიმეს დაბადების დღე დავიწყებოდეს და საჩუქარი არ ეყიდოს. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია.

- ნიკა, ბედნიერი ხარ, ბევრი და-ძმა რომ გყავს?

ნიკა:

- რა თქმა უნდა, მომავალში ერთმანეთის იმედი ვიქნებით.

ნანა:

- ზოგჯერ აქ ისეთი ხმაურია, მეცადინეობა უჭირს. ხანდახან კომპიუტერის გამოც ჩხუბობენ.

ნიკა:

- ბებიასთან რომ ვიყავი, კარგად მეძინა, აქ დილით არ მაძინებენ, დილის 8-ზე ვიღვიძებ.

- რაზე ოცნებობ?

- პროგრამისტი მინდა გამოვიდე, ხატვა მიყვარს და ანიმაციებზე ვიმუშავებდი. მინდა, ეს საქმე კარგად ვისწავლო.

ნანა:

- ვიქტორია და ალექსანდრე პატრიარქის ნათლულები არიან, 3 პატარა მოსანათლი გვყავს და ოჯახში პატრიარქის 5 ნათლული გვეყოლება.

- მადლობა ინტერვიუსთვის! ჩვენი ჟურნალის სახელით, დედის დღეს გილოცავთ!

- გმადლობთ ყურადღებისთვის!

თამუნა კვინიკაძე