როგორ იმშობიარა ოთხჯერ საკუთარ სახლში ფშაველმა ქალმა - გზაპრესი

როგორ იმშობიარა ოთხჯერ საკუთარ სახლში ფშაველმა ქალმა

48 წლის მაყვალა ჭოლიკიშვილსა და 58 წლის მალხაზ გოგოლაურს 7 შვილი ჰყავთ. ფშავლები არიან და 8 წელია უკვე თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. დიასახლისი მეუბნება, რომ მართალია სარდაფში, მაგრამ ახლა უკეთეს პირობებში, სუფთა და გარემონტებულ ბინაში ცხოვრობენ, ვიდრე ადრე. გულში მექანიკურად ვითვლი საფეხურებს: ერთი, ორი, სამი, ოთხი... ესე იგი, 4 საფეხურით ჩადიხარ მიწის ქვევით, - ვფიქრობ და თან იქაურობას ვათვალიერებ. შესასვლელში სამზარეულოა მოცუცქნული მისაღებით და კიდევ, 2 საძინებელი. როდესაც ბინის განიავება უნდათ, კარს აღებენ, რადგან მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი აქვს სახლს. სახლში ქალბატონი მაყვალა შვილიშვილთან - ელენესთან ერთად დამხვდა. კარგა ხანს ვისაუბრეთ და უნდა გამოგიტყდეთ, მისი ამბავი გულგრილად ვერ მოვისმინე.

- ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში დავიბადე და გავიზარდე. მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, 4 ძმა მყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს არაფერი მოგვკლებია. ახლანდელი ბავშვები მეცოდებიან, ბევრ რამეზე თვალი რომ რჩებათ. დედა და მამა კოლექტივში მუშაობდნენ, გარდა ამისა, ბევრი საქონელი გვყავდა და გაჭირვება არ გვიგრძნია. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე რუსთავში, ტექნიკუმში, სპეციალობით მგრეხავ-ოპერატორი ვარ, თუმცა სწავლის პარალელურად, წუნმდებლად ვმუშაობდი ფაბრიკაში, ვიდრე არ გავთხოვდი და სოფელში არ წავედი საცხოვრებლად ჩემს ქმართან ერთად.

- უფრო დაწვრილებით მომიყევით ეგ ამბავი...

GzaPress- მალხაზის მამიდაშვილები ჩემი ჯგუფელები იყვნენ. სიყვარულით არ გავთხოვილვარ, მომიტაცა. 19 წლის ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, სტიპენდიაც მქონდა, სწავლის გაგრძელებაც მინდოდა. მოკლედ, ჯერ გათხოვებას არ ვაპირებდი. თვითონ ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. თურმე მოვწონებივარ, მაგრამ სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. მერე გამიმხილა, დიდი ხანია, რაც თვალი დაგადგი, მომწონდი, რადგან სხვა გოგოებს არ ჰგავდი. მორიდებული, წესიერი იყავი და ამიტომაც გადავწყვიტე შენი მოტაცებაო. ერთი სიტყვით, მეც მომეწონა. შეძლო და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ დავრჩი, უკან წამოსვლა აღარც მიფიქრია, შემიყვარდა. მალხაზი დედოფლისწყაროს რაიონიდან, სოფელ ქვემო ქედიდან იყო და იქ წავედით საცხოვრებლად, 3 თვის შემდეგ კი რუსეთში წავედით სამუშაოდ. უფროსი გოგო ყაზახეთში დაიბადა, 90-იანი წლები იყო. 3 წლის შემდეგ ჩემი მული და მულის ქმარი საქართველოში მოდიოდნენ და რადგან ძალიან მენატრებოდნენ მშობლები, მეც გამოვყევი, თან შვილიშვილიც არ ჰყავდათ ნანახი ბებიასა და პაპას. ყაზახეთში მეუღლის მშობლებმა აღარ გამიშვეს და მალხაზიც იძულებული გახდა, რამდენიმე თვეში დაბრუნებულიყო, უჩვენოდ ვერ გაძლო. მალევე მეყოლა მეორე შვილიც. სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, მასაც 5 დედმამიშვილი ჰყავს. ასე რომ, ორივემ გავაგრძელეთ ოჯახური ტრადიცია. ნათქვამი მქონდა, რომ აბორტს არასდროს გავიკეთებდი და იმდენ შვილს გავაჩენდი, რამდენსაც ღმერთი ინებებდა! ახლა 7 შვილი გვყავს: უფროსი გოგო, ნანა 28 წლისაა, თემური - 26-ის, ილია - 24-ის, მაიკო - 24 წლის, 18 წლისაა ნინო, გიორგი - 13-ის და სულ პატარა, გიგი 12-ის. ერთი სიტყვით, 36 წლისას უკვე შვიდივე შვილი მყავდა. სხვათა შორის, შვილების გაზრდაში არავინ დამხმარებია, უფროსი გოგოს გარდა. მე და ჩემი ქმარი მინდორში სამუშაოდ რომ მივდიოდით, მას ვუტოვებდით პატარებს. საღამოს სახლი დალაგებული მხვდებოდა, საოჯახო საქმეები გაკეთებული, ბავშვები - მოწესრიგებული. ნანა მაშინ ჯერ კიდევ 5 წლის იყო. რა დამავიწყებს, ერთხელ, ზამთარში სამუშაოდან რომ დავბრუნდით, ღუმელიც ანთებული დაგვახვედრა, კარტოფილის ხინკალიც მოეხარშა ბავშვებისთვის, დაეპურებინა, ისხდნენ წყნარად და გველოდებოდნენ. მაშინ 7 წლის იყო თვითონ. ბავშვებს რომ დავაძინებდი, ისეთი ტემპით ვაკეთებდი საქმეს, რომ დღემდე სწრაფად სიარულსა და მოძრაობას ვარ მიჩვეული. აბა, ჩქარა, ყველაფერი მოვასწრო, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ-მეთქი, - სულ ამას ვფიქრობდი. ღმერთის მადლით, ძალიან ჭკვიანები იყვნენ ჩემი შვილები.

- ამბობენ, მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ბავშვები უფრო გულისხმიერები, ერთმანეთზე მზრუნველები არიან და ზოგადად, ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიანო, მართალია?

- ასეა, არ მახსოვს ამათი კინკლაობა და ჩხუბი. მე თვითონაც ვცდილობდი, ერთმანეთისგან არ გამერჩია და გული არ მეტკინა რომელიმესთვის. სითბოს გარეშე არ ვტოვებდი არც ერთს, ძილის წინ ყველას ზღაპარს ვუყვებოდი... არც სახლი გვქონდა და არც კარი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემს ქმარს არასდროს შეშინებია და არ დაუწუწუნია: რა გვეშველება, ამდენი შვილი როგორ ვარჩინოთო. სოფელში მშობლების სახლი მალხაზის უმცროს ძმას დარჩა და უკვე 8 წელია, ქირით ვცხოვრობთ თბილისში. წასასვლელიც არსად გვაქვს - ძალიან გაჭირდა ცხოვრება და იძულებულები გავხდით, სოფლიდან წამოვსულიყავით. ბევრჯერ სკოლის სახელმძღვანელოების ყიდვის საშუალებაც არ გვქონდა. მასწავლებელი გაკვეთილს რომ აუხსნიდა, ყურადღებით ისმენდნენ, ეშინოდათ, არაფერი გამორჩენოდათ. სწავლაზე განსაკუთრებით მოწადინებული იყო ნინო, რომელიც წელს აბიტურიენტია და ვნახოთ, რას იზამს.

- ახლა სტაბილურად თუ მუშაობთ რომელიმე?

- სულ ვმუშაობ, ხან მზარეულად, ხან მასაჟისტად, ხან მცხობელად. ახლა ერთ-ერთ სუპერმარკეტში დამლაგებლად ვმუშაობ, ჩემი უფროსი ბიჭი კი - პიცერიაში, მცხობელად. დილით რომ გადის, ღამის 4 საათზე შემოდის შინ. მეუღლე, როგორც გითხარით, "მალიარია" და ზოგჯერ აქვს სამუშაო, ზოგჯერ - არა, სტაბილური შემოსავალი არ აქვს. მშობლისთვის ყველაზე მძიმე უქონლობაა. როდესაც შვილებს რაღაც უნდათ, შენ კი გათვლილი გაქვს თითოეული თეთრი, ძნელია. თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი. როგორღაც ვაგროვებთ ქირისა და კომუნალური გადასახადების ფულს. თუ რამე ზედმეტად მომრჩება, მაკარონს, ბრინჯს, ზეთს, წიწიბურას, კარტოფილს ვიმარაგებ, რომ მეორე ხელფასამდე ცოტა მშვიდად ვიყო.

- სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არ იღებთ?

- არ მახსოვს, სახელმწიფო რამით დაგვხმარებოდეს. ბევრი გაჭირვება გამომივლია, მაგრამ... ერთადერთხელ, სხვა გამოსავალი რომ ვერ ვნახე, დედოფლისწყაროს გამგეობაში მივედი. მძღოლს ვთხოვე, რაიონამდე გამოგყვები-მეთქი, გზის ფულიც კი არ მქონდა. ეს იყო დაახლოებით 12 წლის წინ, გიგი თვეების მყავდა და თან წავიყვანე. რიგმა რომ მომიწია, შევედი გამგებლის კაბინეტში და ვუთხარი, - ფულს არ გთხოვთ, იქნებ პროდუქტით დამეხმაროთ, რომ ბავშვები მშივრები არ მყავდეს-მეთქი. გამგებელთან ერთად ოთახში ვიღაც ქალი იყო. ჩემს ნათქვამზე ჯერ გადაიხარხარეს, მერე შემომიტრიალდა ის ქალბატონი და მითხრა: თქვენ რა, მთავრობის ხარჯზე აჩენდით ამდენ შვილსო? ახლაც ცრემლები მებჯინება ყელში ამის გახსენებაზე. იქიდან რომ გამოვედი, თავი ვიწყევლე - რატომ, რისთვის მივედი-მეთქი? მეც და ჩემი ქმარიც იმდენად თავმოყვარეები ვართ, რომ თუ ვალის გადახდის იმედი არ გვაქვს, არავის თეთრსაც არ გამოვართმევთ. მაშინ დავიფიცე, ჩემს შვილებს თვეების მანძილზე ლუკმაც რომ არ ჰქონდეთ და ცის ქვეშ მომიწიოს ღამის გათენებამ, მთავრობის კარზე აღარასდროს მივალ და დახმარებას არ ვითხოვ, მექნება რამე, ვაჭმევ, არ მექნება და, არ ვაჭმევ-მეთქი (ტირის)... მაშინაც ტირილი ამივარდა და მხოლოდ იმის თქმაღა მოვახერხე, შვილები მთავრობის ხარჯზე არც გამიჩენია და არც გამიზრდია, ჩვენი შრომით ვზრდით-მეთქი.

- სოციალურ დახმარებას რატომ არ იღებთ?

- განაცხადი რომ გავაკეთე, დარეგისტრირებულები არ ხართ ბაზაშიო და ქულები არ მოგვივიდა. კომპიუტერი და კარგი ცხოვრება რომ მქონდეს, შე კაი ადამიანო, დახმარება რაღაში მჭირდება?.. სანამ აქ გადმოვიდოდით, ერთ პაწაწინა ოთახში ვცხოვრობდით, მაგიდა და 2 საწოლი იდგა, 150 ლარს ვიხდიდით თვეში. სკამები და მაგიდა გარეთ გაგვქონდა, მატრასები რომ გაგვეშალა ღამე. მაშინ მოვიდნენ, შეამოწმეს საცხოვრებელი პირობები და 78.000 ქულა მოგვივიდა. არ ვიცი, რა სიმდიდრე ნახეს ასეთი. მერიაში წავედი და გამგეობაში გამგზავნეს გასასაჩივრებლად. ხელახლა მოვიდნენ, გადაგვამოწმეს და ისევ მაღალი, 58.000 ქულა მოვიდა. კვლავ თავიდან დაიწყო ეს პროცესი, ხან საშემოსავლოდან ცნობის მიტანა მთხოვეს, ხან რა და ხან რა. თანაც, 3 სულზე მეტს მაინც ვერ გაგაფორმებთ. არ შეგვიძლია, ასეთ პატარა ფართობში ამდენი სული ჩავწეროთო. ჰოდა, ზედიზედ სულ ალბათ, 2 წლის მანძილზე თუ მაქვს აღებული სოციალური დახმარება, თვეში 150 ლარის ოდენობით.

- ერთ-ერთი ბიჭი ციხეში ყოფილა, რატომ?

- ილია გლდანში, საცხობში მუშაობდა, გვიან მოდიოდა იქიდან. სიგარეტების მოპარვისთვის დაიჭირეს, სხვებს პატრონი გამოუჩნდა და გამოუშვეს, ეს კი 3 დღის შემდეგ, ნაცემი და გაუბედურებული მოვიდა სახლში, ხელი მოუწერია და უღიარებია. პრობაციით 4 წელი მისცეს. იმ ზაფხულს კახეთში, საზამთროს ბაღში სამუშაოდ წავიდა. ძალიან ცუდად გამხდარა, მაღალი სიცხეები ჰქონია. მთელი თვე ვეღარ ჩამოვიდა ხელის მოსაწერად და ახლა 4 წელი უნდა გაატაროს ციხეში.

- არ დავიჯერე, თქვენზე რომ მითხრეს, ოთხჯერ მარტომ იმშობიარა საკუთარ სახლშიო...

- ვისაც გაჭირვება არ გამოუვლია, ამას ვერც გაიგებს. იყო პერიოდი, როდესაც მთელი თვე პურის ფულიც არ მქონია, მარილიც ვერ მიყიდია და ვცდილობდი თეთრიც კი გამომეზოგა. ყოველ მშობიარობაზე უფალს ვთხოვდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. უფლის იმედად ვიყავი და საერთოდ არ მეშინოდა. მეზობელსაც კი არ ვეძახდი, ჭიპლარსაც თვითონ ვჭრიდი. წინასწარ მოვამზადებდი ყველაფერს: მაკრატელს გამოვწვავდი და სპირტით გავწმენდდი, ბინტს, იოდს, სპირტსა და "ზელიონკას" ვიმარაგებდი. მესამე შვილი რომ მეყოლა, ბებიაქალმა რაღაცები მასწავლა: ოდესღაც ჩემი რჩევები გამოგადგებაო. პირველი სამი ბავშვი საავადმყოფოში გავაჩინე, დანარჩენები - სახლში. აბა, რა მექნა? არ მქონდა ექიმებისთვის გადასახდელი ფული... აბსოლუტურად მარტომ ვიმშობიარე, ბავშვებს ეძინათ, ჩემი ქმარი კი წასული იყო სამუშაოდ. ამდენი ტკივილისა და გაჭირვების მიუხედავად, არც მე და არც ჩემს ქმარს ბედის სამდურავი არ დაგვცდენია. პირიქით, ყველა ერთად რომ მოვგროვდებით, მალხაზი გადახედავს და სიამაყით ამბობს: სახლი და კარი არ გვაქვს, მაგრამ აი, ჩვენი სახლი და ჩვენი ბედნიერებაო. მეც, მათ შემხედვარეს, სიამაყით მევსება გული. სხვათა შორის, ბევრი შვილი ხმას უწევს მშობელთან და გულს სტკენს მათ. ჩვენ არ გვახსოვს მათგან უხეშობა და უზრდელობა.

- ახლახან იყო დედის დღე, 8 მარტიც ახლოვდება. შვილები როგორ გილოცავენ ამ დღესასწაულებს?

- დილაადრიან მივდივარ სამსახურში, ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ ამ დროს. სამ მარტსაც ვერ მნახეს სახლში, ამიტომ ნაბოლარა გოგომ სამსახურში მომაკითხა, ტკბილეული და ყვავილების თაიგული მომართვა, დანარჩენებმა კი დამირეკეს და მომილოცეს. გამიგია, ერთი და ორი შვილი რომ ჰყავთ, ის ქალები ვიშვიშებენ, რამხელა მოვალეობა და ტვირთი გვაწევსო. მე ვფიქრობ, ბევრი შვილი ტვირთი კი არა, უდიდესი ბედნიერება და სიმდიდრეა! სიკვდილის შემდეგ მხოლოდ შვილები აგრძელებენ შენს სიცოცხლეს...

ნინო ჯავახიშვილი