როგორ გახდნენ ცნობილი ქართველები მაწვნის მწარმოებლები საფრანგეთში
font-large font-small
როგორ გახდნენ ცნობილი ქართველები მაწვნის მწარმოებლები საფრანგეთში
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი მწარმოებლები ხშირად ყოფილი მსხვილი სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ. "მათ ემიგრაციაში წარმატებას მიაღწიეს ერთი შეხედვით, მათთვის თითქოს, უჩვეულო საქმეში"... - ამბობს ისტორიკოსი გიორგი მამულია. იგი მეტად საინტერესო ცნობებს, თუ როგორ ირჩენდნენ მაწვნის წარმოებით საფრანგეთში თავს გენერალი კვინიტაძე და სხვა ცნობილი ქართველები, პარიზიდან გვაწვდის...

- მაწვნის წარმოება საფრანგეთში პირველად 1920-იანი წლებიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველო. პირველი ტალღა 1921 წელს იყო, როდესაც სამშობლო დატოვა იმ ხალხმა, რომლებსაც საქართველოში ფიზიკურად აღარ დაედგომებოდათ. ესენი იყვნენ: მთავრობის წევრები, ქართული არმიის უმაღლესი მეთაურები, პოლიტიკური პარტიებისა და დაფუძნებელი კრების წევრთა ნაწილი. შემდეგი დიდი ტალღა 1924 წელს იყო, როდესაც წავიდნენ ამავე წლის აგვისტო-სექტემბრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილეები და ხელმძღვანელები... მესამე ტალღა კი 1925 წლიდან 1930 წლამდე გრძელდებოდა... 20-30-იან წლებში საფრანგეთში ქართველების დაახლოებით ორიათასკაციანი დიასპორა ჩამოყალიბდა. ამ ხალხს, ბუნებრივია, უნდა ეფიქრა სარჩო-საბადებელზე. ისინი ემიგრაციის უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ. პირველი, ვინც მაწვნის წარმოება დაიწყო, ემიგრანტი პლატონ ფაჩულია იყო. იგი 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე პოლიციაში მსახურობდა, ხოლო 1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს დროს, საგანგებო რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. საგანგებო რაზმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა გახლდათ, რომელსაც ბრძოლა უცხოურ შპიონაჟთან და ყველა იმ გამოწვევასთან ევალებოდა, რასთან გამკვლავებაც უწევდა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკას. საგანგებო რაზმის მეთაური მისივე უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი - მექი კედია იყო. ამ ქვედანაყოფს, უპირველეს ყოვლისა, ბოლშევიკური აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველო წითელი არმიის მიერ იქნა დაპყრობილი, საგანგებო რაზმის მეთაურებს, რასაკვირველია, საქართველოში აღარ დაედგომებოდათ და იძულებული იყვნენ, ჯერ სტამბოლში (მაშინ კონსტანტინოპოლი) გადასულიყვნენ და შემდეგ უკვე საფრანგეთში... პლატონ ფაჩულია და მექი კედია საფრანგეთში დანათესავდნენ კიდეც. პლატონის ქალიშვილიGzaPress - ვალია მექი კედიას ვაჟის, მიხეილ კედიას მეუღლე გახლდათ...
საფრანგეთში მაწვნის წარმოება პირველად სწორედ პლატონმა დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც. არსებობს პარიზის პოლიციის პრეფექტურის უმდიდრესი არქივები, რომელსაც თავად გავეცანი. იქ დაცული ცნობების მიხედვით, პლატონ ფაჩულია მაწონს 1923 წლიდან 1941 წლამდე აწარმოებდა და შემოსავალიც ჰქონდა. მაწონს "ბალია" დაარქვა. როგორც ჩანს, ეს მისი შვილის - ვალიას სახელის ოდნავი მოდიფიკაცია იყო...
მეორე, ვინც საფრანგეთში მაწვნის წარმოება დაიწყო, გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ. მოგეხსენებათ, ის 1918-1921 წლებში არაერთგზის იყო დანიშნული საქართველოს ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე. თავდაპირველად, ემიგრაციაში იგი მძიმე პირობებსა და სიდუხჭირეში აღმოჩნდა. კვინიტაძე საქართველოშიც საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი ნოე ჟორდანიას მთავრობის მიმართ და არც ემიგრაციაშიც ჰქონდა მასთან კარგი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ის მოკლებული იყო იმ ფინანსურ დახმარებას, რომელიც დევნილი მთავრობის სხვა წევრებს ეძლეოდა. იმდენად მძიმე დრო დაუდგა, რომ თავიდან უბრალო მუშად მოეწყო ქარხანაში. შემდეგ დარწმუნდა, რომ მაწვნის წარმოებით ოჯახის რჩენა შეიძლებოდა. როდესაც გენერალ კვინიტაძის სახლში გახლდით, მისმა ქალიშვილმა - ნანომ მაჩვენა ის სარდაფი, სადაც მამამისი მაწონს აწარმოებდა და თურმე, თავიდან ველოსიპედით დადიოდა, თავად არიგებდა. ამ საქმემ გენერალს საკმაოდ კარგი შემოსავალი მოუტანა და 1930 წლებისათვის უკვე მშვენიერი სახლიც შეიძინეს შატუში, პარიზთან ახლოს. ეს სახლი მთელი მისი თანამოაზრეების თავშეყრის ადგილად გადაიქცა. იქ იკრიბებოდნენ, მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრები, ყოფილი ქართველი სამხედროები, არისტოკრატები, ერთი სიტყვით, ყველა ის მემარჯვენე ემიგრანტი, რომელიც იმ დროს ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატებს. ამით გენერალ კვინიტაძის სახლი შატუში ერთგვარად უპირისპირდებოდა ცნობილ ლევილის მამულს, სადაც იმ დროს საქართველოს დევნილი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის რეზიდენცია იყო. როგორც ჩანს, გენერალმა კვინიტაძემ საკუთარ მაწვნის "ფირმას" ნოსტალგიურად "საქართველო" დაარქვა. ამ წარწერას ატარებდა ქილები, რომლებიც მან საკუთარი წარმოებისთვის შეუკვეთა და რომელთაგან ერთ-ერთი, ამის წინათ აუქციონზე შევიძინე.
მესამე მაწვნის მწარმოებელი ნოე ცინცაძე იყო, დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი სახალხო განათლების მინისტრი. პარიზის პოლიციის პრეფექტურის არქივში ინახება ზუსტი მონაცემები, სადაც მითითებულია, რომ ნოე ცინცაძე მაწვნის წარმოებას 1928 წელს შეუდგა. საინტერესო ის არის, რომ სწორედ მან მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას ამ სფეროში. საარქივო მასალის თანახმად, მას რვა მუშა ჰყავდა დაქირავებული და მისი ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 70 ათას ფრანკს შეადგენდა. ნოე ცინცაძე გასცდა იმ კუსტარულ-საოჯახო დონეს, რაც მაგალითად, იგივე ფაჩულიას და კვინიტაძეს წარმოებას ახასიათებდა და მცირე საწარმოც შექმნა.
იყო მეოთხე მემაწვნეც, რომელმაც ასევე მიაღწია საკმაო წარმატებას ამ სფეროში - იოსებ სარჯველაძე. იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, რომელმაც მაწვნის წარმოება 1931 წელს დაიწყო და ამ საქმეს 1943 წლამდე აგრძელებდა. მის მიერ წარმოებული მაწვნის მარკას "გემო" ერქვა. არსებობს ამ სახელწოდების მატარებელი მაწვნის ქილებიც, რაც აშკარად მიუთითებს, რომ საფრანგეთში მაწონს საკმაოდ დიდი გასავალი ჰქონდა... 1943 წელს იოსები იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა მაწვნის წარმოება - ეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდი იყო, როდესაც რძე ადვილად აღარ იშოვებოდა. საარქივო მასალის თანახმად, სარჯველაძე შავ ბაზარზე რძის შეძენას ცდილობდა, რის გამოც საწარმო დაუხურეს... თუმცა, 1950 წლებში ეს საწარმო ისევ ფუნქციონირებდა.
მაწვნის წარმოების საკმაოდ წარმატებული ფირმა ნიკოლოზ ჯაყელს ეკუთვნოდა, რომელიც "აღმოსავლეთის კავკასიური იოგურტის" სახელს ატარებდა. არსებობს ამ ფირმის მაწვნის ქილებიც, რომლებიც საგანგებო რეგისტრშიც არის შეტანილი.
როგორც ცნობილი ემიგრანტი, მიხეილ ქავთარაძე საკუთარ მემუარებში აღნიშნავს, საფრანგეთში მაწვნის მეწარმეობას დაახლოებით 10-15 კაცი ეწეოდა. უმეტესმა ნაწილმა საკმაო წარმატებას მიაღწია და შეიძლება, ისინი მცირე ბურჟუაზიის წარმომადგენლებადაც ჩაითვალონ. თუმცა, თითქმის ვერავინ გასცდა კუსტარულ-საოჯახო დონეს, ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი ნოე ცინცაძე იყო...
- არასოდეს უცდიათ მსხვილი საქარხნო წარმოების შექმნა?
GzaPress- დიახ, უცდიათ კიდეც, ეს იდეა გიორგი კერესელიძეს ეკუთვნოდა... ეს ადამიანი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იყო 1905 წლის რევოლუციის მონაწილე, სოციალისტ-ფედერალისტთა საბრძოლო რაზმის წევრი, ხოლო 1906 წელს, დუშეთის სახაზინო ბანკის პარტიის სასარგებლოდ ექსპროპრიაციაში მონაწილეობის გამო, იძულებული იყო საქართველო დაეტოვებინა. ჯერ შვეიცარიაში ცხოვრობდა, შემდეგ გერმანიაში... პირველი მსოფლიო ომის დროს გიორგი და მისი ძმა, ლეო კერესელიძე ერთ-ერთი ინიციატორები იყვნენ გერმანიაში საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის ჩამოყალიბებისა. სხვათა შორის, კომიტეტში სხვა ცნობილი პიროვნებებიც იყვნენ გაწევრებული. მაგალითად, გიორგი მაჩაბელი - ცნობილი, როგორც "პარფიუმერიის პრინცი"... თავად გიორგიმ დიდი როლი შეასრულა კომიტეტის საქმიანობაში. 1916-1918 წლებში იყო მისი ბეჭდვითი ორგანოს - "ქართული გაზეთის" რედაქტორი. 1918-1923 წლებში - პოლკოვნიკის ჩინით სამხედრო ატაშე საქართველოს საელჩოში ბერლინში, ხოლო შემდეგ - გერმანიაში ქართული კოლონიის ერთ-ერთი თავკაცი... 1932 წელს გერმანიაში დატრიალებული ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებული გახდა, საცხოვრებლად საფრანგეთში გადასულიყო. ის გარკვეულ კაპიტალს ფლობდა და გადაწყვიტა, მცირე ქარხანა შეექმნა, რომელიც ქართული მაწვნის გამოშვებაზე იზრუნებდა. ამ მიზნით დაუკავშირდა სხვა ცნობილ ემიგრანტს - სიმონ ციციშვილს. სიმონი განათლებით გეოლოგ-ინჟინერი და ნავთობის სპეციალისტი იყო და ამიტომ გადაწყვიტა გიორგიმ საწარმო სიმონთან ერთად შეექმნა. თუმცა, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, ამ ქარხნის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა...
ქართველები განაგრძობდნენ მაწვნის წარმოებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, 1950-იან წლებში, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, ჩნდება ტენდენცია, რომ მათი კუსტარულ-საოჯახო საწარმოები ვეღარ უძლებს ფრანგულ ბაზარზე არსებული "იოგურტის" მასობრივად მწარმოებელი მსხვილი ადგილობრივი კომპანიების კონკურენციას. ერთადერთი, ვინც საკუთარი წარმოების მსხვილ კომპანიებთან ინტეგრაცია და ამრიგად, საკუთარი ეკონომიკური მოღვაწეობის გაგრძელება შეძლო, ნოე ცინცაძე იყო. იგი ძალიან კარგად უთავსებდა ერთმანეთს პოლიტიკურ და კომერციულ მოღვაწეობას. ერთი მხრივ, მაწვნის წარმოებას განაგრძობდა და ამავე დროს, საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. 1949 წელს ნატოს ბლოკის ჩამოყალიბებასა და ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ცივი ომის დასაწყისთან ერთად, 1950 წლების დასაწყისიდან ამერიკელები, ცხადია, დაინტერესდნენ კავკასიითა და საქართველოთი. ისევე, როგორც საქართველოს დევნილი მთავრობის სხვა წევრებიც, ნოეც თანამშრომლობდა ამ მიზნით შექმნილ ბოლშევიზმისგან განმათავისუფლებელ ამერიკულ კომიტეტთან, ასევე რადიოსთან, რომელიც 1953 წელს დაარსდა მიუნხენში (დასავლეთ გერმანიაში), სადაც არსებობდა საგანგებო, ქართული რედაქცია...
- როგორც ვიცი, ფრანგებს მისი გვარის გამოთქმა განსაკუთრებით უჭირდათ...
- ფრანგებისთვის ძნელი იყო ქართული გვარების წარმოთქმა. ამიტომაც, თავად ემიგრანტთა თანხმობით, გვარების შემოკლების ტენდენცია იყო შემოღებული... ცინცაძეს ჩინჩას ეძახდნენ და თვითონაც ხუმრობდა - ლამის ჩინელი გამხადესო... ყოველ შემთხვევაში, ნოე ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი აღმოჩნდა სხვა ქართველ ემიგრანტ მემაწვნეთა შორის.
საბოლოოდ, ქართული მაწონი საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა 20-30-იანი წლებში. ფრანგები მოყვარულები არიან კარგი და განსაკუთრებით, ეგზოტიკური საჭმლების, რომელთა რიცხვს ისინი უდავოდ, მაწონსაც მიაკუთვნებდნენ. მგონია, რომ მაწვნისა და სხვა ქართული პროდუქტების წარმოებას ევროპაში დღესაც დიდი პერსპექტივა აქვს.
- საფრანგეთში მაწვნის მწარმოებლებს პოემა მიუძღვნეს, რომელიც ლევილის არქივში აღმოაჩინეს და დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება...
- სამწუხაროდ, ამ პოემის ავტორი არ არის ცნობილი, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1939 წელს არის დაწერილი და დაწვრილებით ასახავს ქართველ მემაწვნეთა იმ მდგომარეობას, რაც საფრანგეთში 20-30-იან წლებში იყო...
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
"ერისიონის" მოცეკვავეებმა - ლაშა მუჯირმა და სალომე ბიბინეიშვილმა ერთმანეთი ბავშვობაში, ცეკვის ანსამბლში გაიცნეს.
გოგონა, რომელმაც საყვარელი მწერლის გამო რეჟისორობა გადაწყვიტა
ცხოვრება იტალიაში და შორიდან დანახული ქართული რეალობა
ამერიკაში წარმატებული ქართველი ექიმის გულახდილი ინტერვიუ
34-წლიანი თანაცხოვრება და გურამ ფირცხალავას სიცოცხლის უკანასკნელი დღეები
"შეიძლება, ჭკუის სწავლას ვიმსახურებდი, მაგრამ ასე მძიმე სასჯელს - არა!"
მწარე რეალობა და სხვების კეთილდღეობაზე მეოცნებე ქალბატონი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი