სპილო ფერადი ყურებით, ანუ სადაა სამოთხე?! - გზაპრესი

სპილო ფერადი ყურებით, ანუ სადაა სამოთხე?!

ამბობენ, მოკლე ტექსტებში ისწავლეს ადამიანებმა დიდი შინაარსის ჩატევაო, ზოგიც მკითხველის გაზარმაცებაზე საუბრობს, თუმცა, სტატიის (გინდაც წერილის!) ბოლოს ორი წერილის (უსტარის) წაკითხვა მაინც მოგიწევთ.

ჩემს სოფელში შვიდი მოტივირებული და სხვადასხვა მისწრაფების ბავშვი ცხოვრობს. 5 გოგონაა და ორი ვაჟი. მათ სიცოცხლის სიყვარული აერთიანებთ. ყველაფერი უყვართ: სიარული, სიმღერა, ცეკვა, დათვალიერება, დასუფთავება, დარგვა, სწავლა, თანადგომა და საერთოდ, ის ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც არის კავშირში ბუნებასთან. ეს ბავშვები ჩემ თვალწინ იზრდებიან, მაგრამ ზოგჯერ მოლოდინზე მეტი გამოუმჟღავნებიათ მოულოდნელად, დაუგეგმავად და ჩემდა სასიამოვნოდ!

ერთხელაც, ტრადიციის მიხედვით, ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა თანხა აკრიბეს და გამომიგზავნეს მორიგი სოციალური აქციისთვის. ვეუბნები ამ ბავშვებს, თანხა მაქვს, ისიც გადაწყვეტილია, ვის უნდა გადავცე საჩუქრები, წამოხვალთ ჩემთან ერთად-მეთქი? პასუხი დადებითია, ისინი ხომ ცნობილი "მაწანწალები" არიან. ამ შვიდიდან ერთს მართვის მოწმობაც აქვს და მიკროავტობუსიც ჰყავს. მძღოლი-მოსწავლე სასაცილოდ მცირე თანხას ასახელებს იმისთვის, რომ ადრესატებამდე მივიდეთ: საწვავის თანხას გვახდევინებს მხოლოდ. მძღოლის სახელსაც გეტყვით - მერაბი ჰქვია. ის ფიქრობს, რომ მე მასაც და სხვებსაც ადამიანობას ვასწავლი. ეს კი არც ერთ სახელმძღვანელოში არ წერია თავმოყრილადო. არ სჯერა, რომ რაც ჩემში მოსწონს, ადამიანური სისუსტეების კრებულია და არა სიძლიერე.

გადაწყდა და თებერვლის დასაწყისში წავედით ერთ სოციალურ სახლში, სადაც რვა ბიჭი ცხოვრობს. სოციალური სახლი ვაუჩერულ სრულ დაფინანსებაზეა, მაგრამ საჩუქარი ყველას უხარია. ვუთანხმდები წინასწარ ამ სახლის მენეჯერს და მისი მოთხოვნების შესაბამისად ვყიდულობთ: საკვებს, ჭურჭელს, თეთრეულს, ჰიგიენის საშუალებებს. ბავშვებს ვაფრთხილებ, რომ ოჯახურ მდგომარეობაზე არაფერი უნდა ჰკითხონ ბენეფიციარებს. თანხმობის ნიშნად აფახურებენ თვალებს: სერგო, ლიზა, სალომე, ფიქრია, მარიამი და ნანა. მერაბს თვალების დაფახურების უფლება არ აქვს: საჭესთან ეს დაუშვებელია! სერგო ყველაზე ნამლევაა "შვიდკაცაში". არც ისე პატარაა, მაგრამ დანარჩენთან შედარებით წერტილა ბიჭია და ძალიან ყოჩაღი. გოგონებს ხშირად აბრაზებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც უკვე ჰყავს "თავისი ბიჭი", მაგრამ ეს ისე ოსტატურად გამოსდის, გაბრაზებისთანავე ავიწყდებათ გოგონებს, რომ "ჩასცხონ და გაუშვან ჭიკარტივით მიწაში". გოგონებიდან მარტო მარიამია ყაჩაღანა. დანარჩენები მოკრძალებულები არიან.

GzaPressვუახლოვდებით სოციალურ სახლს და უკვე ვფიქრობ, ნეტავ, არ შეეშალოთ რამე ბავშვებს ან სულაც არ წამომეყვანა ისინი ამ მწვანედ შეღებილ სახლში, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სტატუსმინიჭებულები ბავშვები ცხოვრობენ და ისინი დაუსწრებლად მიცნობენ, ზოგჯერ ინტერნეტით მესაუბრებიან. უყვართ, როცა მათ ვიღაც დროს უთმობს...

შევდივართ მწვანედ შეღებილი შენობის პირველ სართულზე. დახუნძლულ ხელებს სამზარეულოს ნათელ ოთახში ვითავისუფლებთ და მორიგეობით ვეხუტები ბიჭებს, რომელთა შორის უფროსი მეათე კლასში სწავლობს, ხოლო უმცროსი, თუ არ ვცდები, რვა წლისაა. მეშინია, უკან მოვიხედო და გავაკონტროლო, როგორ იქცევიან ჩემი "შვიდკაცელები", მაგრამ ვგრძნობ, საგანგაშო არაფერია და არ "აიბეწვნენ" დამხვდურები.

ყველა ბიჭს ტელეფონი აქვს, ყველას შეუძლია ინტერნეტთამაშებით თავი შეიქციოს, მაგრამ ვიცი, ახლა უმეტესობა ყასიდად იცქირება მონიტორზე. ისინი ცდიან მოსულ ბავშვებს - ხომ არ თვლიან სოციალური სახლის ბენეფიციარებს "სხვა ადამიანებად"... ცოტა ხნის მერე ყველა პოულობს სასაუბრო თემას. ბიჭები ლაპარაკობენ სპორტზე, ტელეფონის მოდელებზე, გაკვეთილებზე, გოგონები კი სოციალური სახლის ძიძას შინაურულად აწყობინებენ სუფრას.

გრძელ სუფრასთან ერთი ბიჭი მიწევს თანამეინახეობას. უხარია, რომ მის მოდუღებულ ყავას ვსვამ და არ მიყვარს ალკოჰოლი (მაშინვე მივხვდი, რომ მისი ბიოლოგიური მამა ძალიან დაახლოებულია სასმელთან და შვილთან კი - დაშორებული). სტუმარ გოგონებთან უნებლიეთ, ყოველგვარი გათვლის გარეშე ხვდება პატარა, სათვალიანი ბიჭი. მეორე სუფრიდან ჰიპერაქტიური ბიჭი აღნიშნავს, რომ "იმ ღვთის გლახას" მაგარი იღბალი აქვს, ყოველთვის გოგოებთან უწევს სუფრასთან ჩამოსკუპებაო! ძიძა და მასპინძლები ერთად მიყვებიან, თუ რა უყვართ და რა არ მოსწონთ. უმეტესობას სკოლაში სიარული არ უყვარს, მაგრამ რას იზამენ?!

მალე თვალსაწიერიდან მოცილებული ლურჯთვალა ბიჭი მოვიკითხე. ალბათ ეზოშია, ჭკვიანი ბავშვია და არსად წავა, - ამბობს ძიძა. საუბარში გართულ ბავშვებს მოხერხებულად ვტოვებ და ეზოში გავდივარ. ლურჯთვალა საქვაბის კუთხეშია და მონოტონურად სცემს წკეპლას მიწაზე. დამინახა, წკეპლა გადადო გვერდზე და ვიგრძენი, როგორ უნდოდა ჩახუტება. დავუძახე და ხელები გავშალე. წამოვიდა. წელზე მხვევს ხელს და ვგრძნობ, ამ დროს მამა იპოვა რამდენიმე წუთით. ის მამა, რომელიც უნდა ჰყავდეს: ჩამხუტებელი და თბილი, არააგრესიული და არამსმელი... ორივე რაღაცას ვლაპარაკობთ. კითხვები მოკლეა, პასუხები კიდევ უფრო მოკლე და რამდენიმე წამში ვბრუნდებით სახლში. აქ უკვე ძალიან სასიამოვნო გარემოა! აი, ის ყველაზე უფროსი რომაა, ჭადრაკის თამაში შეუთავაზებია ლიზასთვის. ლიზა რაიონის ჩემპიონია ჭადრაკში თანატოლ გოგონებში, მაგრამ ამას არ კითხულობს მისი მოქიშპე. მთავარი ისაა, რომ ლიზა ლამაზი და ტანადი გოგონაა. არ იცის ბიჭმა, ლიზას ლამაზი ღიმილის იქით რა იმალება... ვაფრთხილებ ბიჭს, რომ ლიზას გვარი გაფრინდაშვილია და ფრთხილად ეთამაშოს ჭადრაკი! შესაძლოა, ნონა გაფრინდაშვილი არც გაუგია, მაგრამ მაინც ფრთხილობს დამხვდური მოთამაშე და რამდენიმე წუთის მერე გაწბილებული დგება. ლიზა ღიმილით ამხნევებს, სტუმრობის გამო დამინდე, თორემ ეგრე ადვილად ვერ მოგიგებდიო... ბიჭს უხარია და კი, კიო, სიხარულით ეთანხმება!

საათს ვუყურებ და ვხვდები, რომ მალე უნდა დავტოვოთ იქაურობა: შინ დასაბრუნებლად დიდი გზა გვაქვს გასავლელი. დიდი სპილო დავხატოთ, გინდათ?! ვკითხულობ და უკვე მოაცუნცულებენ ბიჭები დიდ სახატავ ფურცელს ფერადი ფანქრებით. რამდენიმე შტრიხით ვხატავ ფუმფულა სპლიყვს და ვეუბნები ბიჭებს, რომ ჩვენი წასვლის მერე გააფერადონ ნახატი, თუმცა ჩემი "შვიდკაცა" მორიგეობით ხატავს იმავე ფურცელზე ბუჩქებს, ვაშლს, მსხმოიარე ბანანს და რა ვიცი, კიდევ რას აღარ...

გავდივართ ეზოში და ვემშვიდობებით ერთმანეთს, ხელს ვართმევ მასპინძლებს. გოგონებმა, არაო, გვაცადეთო და ძელსკამზე ის პატარა ბიჭი ჩაისვეს შუაში, სათვალიანზე რომ თქვა, ეგ იღბლიანია, სულ გოგონებთან უწევს ჯდომაო. ონავარი ყურებამდე აღებს პირს სიამოვნებისგან, ათასი ჭინკა უხტის თვალებში და არის უსაზღვროდ ბედნიერი... მერე უკვე მერაბმა მიკროავტობუსი მოატრიალა და ვცილდებით ერთმანთს.

შინ დაბრუნებულს ათასი მადლობა დამხვდა მოწერილი. მივწერე ბიჭებს: "რამდენჯერმე დავიწყე წერილის დაწერა და წავშალე, ისევ დავიწყე. გზაში ბავშვები სულ იმას ამბობდნენ თქვენზე, რა კარგები არიანო, აუცლებლად ვიმეგობრებთ მათთანო. ორიოდე სიტყვით მინდა იმ მცირე საჩუქარზეც გითხრათ და რით ვიყიდეთ, იმასაც გეტყვით. ამერიკაში ცხოვრობს ჩემი ერთი მეგობარი, ხან თეთრ ირინას ვეძახი, ხან - ვარდისფერს. ის და მისი მეგობრები ყოველ წელს მიგზავნიან ფულს და მეუბნებიან, ვისაც გინდა, გული გაუხარეო. ჰოდა, ის მცირე საჩუქარი ირინასგანაა და არა ჩემგან. მე უბრალოდ, ჩამოგიტანეთ.

ირინა დეიდა კარგი ქალია. თქვენც ძალიან კარგები ხართ. იმედი მაქვს, მაგარი კაცები გაიზრდებით და მეც გამიხსენებთ ხოლმე. მიყვარხართ ყველა, ოდესმე კიდევ ჩამოვალ და გინახულებთ. ოღონდ ორი საათით კი არა, მეტი ხნით მინდა დარჩენა თქვენთან. ძალიან მიყვარხართ!"

ამ წერილის საპასუხოდ მალე მივიღე წერილი ემიგრანტებისათვის. უცვლელად უნდა წარმოგიდგინოთ სოციალური სახლის მენეჯერის მონაწერი:

"წერილი კეთილ ადამიანებს!

ბევრს აქვს კითხვები, თუნდაც ასეთი, სად არის სამოთხე? პასუხი კი შეიძლება ვერ მოისმინოთ, რადგან სამოთხე ხომ არავის უნახავს და აბა, რა უნდა გითხრას, რა პასუხი გაგცეთ მავანმა. არავის უნახავს, მაგრამ ყველაზე ახლოს არის და ხილულიც, უბრალოდ უნდა მიხვდე, სად და როდის ხარ თუნდაც მის ცენტრში. სამოთხე იქ არის, სადაც სითბო, სიყვარული და გვერდით დგომაა და თუ თქვენ ამ სითბოში, სიყვარულში ცოტაოდენი წვლილი მიგიძღვით, სამოთხეს ხედავთ, მის ცენტრში ხართ და უკვე იცით, თუ სად არის ის. სითბოს გარეშე არ შეგვიძლია, რადგან ჩვენს სახლში რვა ბიჭი ცხოვრობს. სიყვარულის გარეშეც ვერ ვძლებთ და ამიტომაც, ყოველ ხანმოკლე განშორების დროსაც გვენატრება ერთმანეთი. რვა ბიჭი, რომლებსაც ბავშვობა წაართვეს და ყველანაირად ვცდილობთ, ავუნაზღაუროთ და შევუვსოთ დანაკლისი, თუმცა ვიცით, რომ ამას ვერასდროს შევძლებთ, რადგან უხილავ ძაფს, რაც შვილსა და მშობლებს შორისაა, სხვა ვერავინ გაამთელებს, ის უკვე გაწყდა! კეთილი ადამიანობა ბევრს სურს, მაგრამ ბევრს ამის საშუალებაც არ აქვს... მადლობა თქვენ ყველას, ქველმოქმედებისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. მადლობა საქართველოდან შორს მცხოვრობო კეთილო ადამიანებო. თუმცა, ახლა ისე ახლოს ხართ, ისე ძალიან ახლოს იმ გულებთან, რომლებიც ერთ თბილ სახლში ძგერს, რომ თითქოს ვგრძნობთ თქვენს კეთილ გულისცემას..."

P.S. რატომ დავწერე ასეთი "სუბიექტური" წერილი? ეგებ ვინმემ ჩემი თავის წარმოჩინების სურვილი დაინახოს ამ სტატიაში, მაგრამ წერისას ორი ინტერესი მამოძრავებდა: მადლობა მეთქვა ქართველი ემიგრანტებისთვის, ოკეანის გადაღმაც რომ არ ავიწყდებათ შეჭირვებული სამშობლო და კიდევ ისიც შემეხსენებინა "უფროსებისთვის", სულ რომ გაიძახიან, ახალი თაობა გულცივი და დეჰუმანიზებულიაო: ეს ჩემი "შვიდკაცა", ორი ვაჟი და ხუთი ცქრიალა გოგონა, მალე მიიღებს ესტონეთის ქართველთა სათვისტომოდან საჩუქრად ფულს, რომლის განკარგვის უფლებაც შევთავაზე. ცოტა ხანს იჩურჩულეს "შვიდკაცელებმა" და მომახსენეს, - იმ ბიჭებს გადავურიცხოთო... ვამაყობ ჩემი პატარებით, რომლებმაც უკვე ისწავლეს დიდი ადამიანობა...

როლანდ ხოჯანაშვილი