"აძინოკი ვოლკივით" ვიყავი - სნაიპერი ქალის აღსარება - გზაპრესი

"აძინოკი ვოლკივით" ვიყავი - სნაიპერი ქალის აღსარება

პროფესიით სნაიპერია, ჰყავს სამი შვილი, იბრძოდა აფხაზეთის ომში... მისი ამბავი განსაკუთრებით საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია. ვინაობას არ ასაჯაროებს. ინტერვიუზეც მხოლოდ იმიტომ დამთანხმდა, რომ შუამავალს, რომელიც მე მივუგზავნე, უარი ვერ უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამოცი წლის არის, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ამბობს, რომ ომში მიღებული ჭრილობის შედეგად ამნეზია დაემართა და ბევრი აღარაფერი ახსოვს, თუმცა მისი მონათხრობი მკითხველს მაინც დააინტერესებს.

- აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, შვილები უკვე გყავდათ?

- კი, სამივე შვილი მყავდა: უფროსი 16 წლის იყო, ნაბოლარა 11-ის.

- სამი შვილის დედა რამ გაიძულათ, ომში რომ წასულიყავით?

- მე არსად არ წავსულვარ, ომი ჩემს სახლში დაიწყო. ბიჭვინთაში ვცხოვრობდი, იქ ვზრდიდი შვილებს. ახლაც გულს მისერავს იმ დღის გახსენება... 12 აგვისტო იყო. ქალიშვილის დაბადების დღისთვის ყველაფერი გავამზადე, სტუმრები კი არ ჩანდნენ... მერე, მეზობლის ბიჭი შემოვარდა ყვირილით, ომი დაიწყოო. მაშინვე მეზობელ ქუჩაზე, მშობლების სახლში გავიქეცი. ცოცხლები რომ დამხვდნენ, გამიხარდა, მაგრამ ახლა საგონებელში ჩავვარდი, ვფიქრობდი, როგორ გამეყვანა სამშვიდობოს მშობლები, ძმა და სამი შვილი. გაირკვა, რომ აფხაზებს ყველა გზა გადაკეტილი ჰქონდათ. აფხაზ და სომეხ მებრძოლებს თავიანთი ოჯახის წევრები ქალაქიდან "წითელი ჯვრის" დახმარებით გაჰყავდათ, ქართველები კი სარდაფებში ვიმალებოდით.

- "წითელ ჯვარს" ქართველები რატომ არ გაჰყავდა ქალაქიდან?

- კი ცდილობდნენ ჩვენს გაყვანას, მაგრამ აფხაზები არ აძლევდნენ ამის საშუალებას. ერთ დღეს სომეხმა მეზობელმა შემატყობინა, მალოჩნიაში (დასახლება ზღვის ნაპირზე) გემი ჩამოდგება და იქნებ თქვენც გაჰყვეთო. მოვკიდე ხელი ჩემს მშობლებს, ძმას, შვილებს და წავედი. ტყე-ტყე ვიარეთ და სანაპირომდე მივედით, მაგრამ დავინახეთ, რომ აფხაზები პატრულირებდნენ და უკან დავბრუნდით. შემეშინდა, ჩემი ძმა, რომელიც მაშინ 30 წლის იყო, ტყვედ არ ჩავარდნილიყო. რამდენიმე დღის შემდეგ აფხაზმა მეზობელმა მითხრა, "კურორტში" (ტურისტებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი კომპლექსი) გემი შემოვა, თუ იქამდე მოსვლას მოახერხებ, შენს შვილებს გემზე ავიყვანო. მოვკიდე ხელი ჩემს სამ შვილს და წავედი. როგორც იქნა, სანაპირომდე მივაღწიეთ... 28 აგვისტო იყო... ამნეზია ცხრაჯერ რომ დამემართოს, ეს დღე არასდროს დამავიწყდება. სანაპიროზე ორი გემი იდგა. ერთ-ერთში ჩემი შვილები, ძმისშვილები და დისშვილები ავუშვი. მე იქვე დავრჩი... 20 წუთი გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მიცურავდა ზღვაში ორი გემი... უცებ საშინელება მოხდა, ერთ-ერთი აფეთქდა... მიწაზე ბღავილით დავემხვე, ღვთისმშობელს შვილების სიცოცხლეს ვავედრებდი. ორი კვირის განმავლობაში არ ვიცოდი, რომელი გემი აფეთქდა და რა ბედი ეწია ჩემს სამ შვილს. ორი კვირის შემდეგ დამირეკეს და შემატყობინეს, რომ თბილისში მშვიდობით ჩააღწიეს.

- თქვენ ამ დროს სად იყავით?

- მე მშობლებთან დავბრუნდი და სხვა მეზობლებთან ერთად, დანგრეული შენობის სარდაფში ვიმალებოდი. ერთ დღეს შენობას აფხაზები მოადგნენ და ჩემი, დედაჩემისა და ჩემი რძლის გვარ-სახელები გამოაცხადეს, გამოდით, ტყვეებში უნდა გაგცვალოთო.

- ე.ი. აფხაზებს თქვენი სამალავის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ?

- იცოდნენ, რომ იქ ვიყავით, მაგრამ მხოლოდ ქალები ვეგულებოდით... ჩვენთან ერთად ჩემი დის მაზლის ცოლიც იმალებოდა. ამ გოგოს ძმა იმ პერიოდში სოხუმში იბრძოდა. მან ჩვენი ტყვეებში გაცვლა მოინდომა. ასე წვალებით ჩამოვედი დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, რომ შვილებსა და დედასთან ერთად უვნებელმა გამოვაღწიე ბრძოლის ველიდან, თუმცა მამისა და ძმის ბედს ძალზე განვიცდიდი. ისინი ისევ ბიჭვინთაში იყვნენ და მეზობლის სარდაფში იმალებოდნენ. რაღაც უნდა მეღონა მათ გასათავისუფლებლად. გადავწყვიტე, ჩემი სპორტული შესაძლებლობები საქმეში გამომეყენებინა - სასროლო სპორტის წარმომადგენელი ვარ. გავიგე, რომ ჭადრაკის სასახლეში მეომარი ბიჭები იკრიბებოდნენ, მათთან მივედი და მოხალისედ ჩავეწერე. აი, ასე მოვხვდი სამი შვილის დედა ბრძოლის ველზე.

- მამა და ძმა გაათავისუფლეთ?

- ისინიც აფხაზმა მეზობელმა გამოაპარა ლესელიძის მხრიდან.

- თქვენ რომელ დაჯგუფებას წარმოადგენდით?

- ჯერ მოხალისეებში ვიყავი, მერე მაშველთა კორპუსში, შემდეგ ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებას შევუერთდი. ერთი სიტყვით, ვისაც სად სჭირდებოდა, იქ მეძახდა, "აძინოკი ვოლკივით" ვიყავი.

- საბრძოლო ნათლობა სად მიიღეთ?

- საბრძოლო ნათლობა კოჩარაში მივიღე, მდინარე ცხენისწყალთან. სპეცოპერაციაზე სხვა ადამიანი წავედი და იქიდან სხვა დავბრუნდი. მანამდე ბუზი არ მომიკლავს. გამიჭირდა, მაგრამ შევძელი...

- ალბათ, საიდუმლო დავალებებსაც იღებდით...

- ალბათ.

- აფხაზეთში მებრძოლთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს გაყიდული ომი იყო. თქვენ რას ფიქრობთ?

- არ ვიცი, ანალიზების გაკეთება არ არის ჩემი საქმე... იცი, ახლა ხშირად ვამბობ, ნეტავ, იარაღი საერთოდ არ ამეღო ხელში-მეთქი, მაგრამ მაშინ გაძაღლებული ვიყავი... ხშირად შემცოდებია ჩემი ტყვიით მოკლულიც, მაგრამ მერე გამხსენებია, მე რა დღეში ჩამაგდეს. ჩემიანს ნურავინ შეეხება ცუდად და მეც არავის არაფერს დავუშავებ. ნათქვამია, გველს კუდზე ფეხს ნუ დაადგამო. აფხაზებმა თუ რუსებმა ისეთი ადამიანები დამიხოცეს, რომლებიც ძალიან მიყვარდნენ, სახლი წამართვეს, ჩემი შვილების ბუდე მომიშალეს... ერთხელ, როდესაც ოჩამჩირეში ვიყავით, ჩვენს სანახავად ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მე რომ დამინახა, გაოცებულმა მითხრა (მაშინ 34 წლის ვიყავი), შენ აქ რა გინდა, შინ უნდა იჯდე, აკვანს არწევდე და სამშობლოს ვაჟკაცებს უზრდიდეო. მე ვუპასუხე, ეჰ, სამშობლო კი არა, აკვნის დასადებიც აღარ მაქვს, საკუთარი სახლიდან გამომაგდეს-მეთქი. აშკარად შევეცოდე. მკითხა, - რას ისურვებდი, რამე სათხოვარი ხომ არ გაქვსო? არაფერი ვუთხარი. თურქი პატარა ბიჭი გვყავდა, "გავროშას" ვეძახდით, იმან წამოიყვირა, - შევარდნაძე ბიძია, "სგუშონი" გვინდა ძალიანო. მეორე დღეს ერთი ყუთი "სგუშონი" გამოგვიგზავნა.

ომის დამთავრების შემდეგ გვითხრეს, ვეტერანებს უფასო მკურნალობა და წამლები გეკუთვნითო. წამლები დამჭირდა და მოვითხოვე. უარი მითხრეს, იმის მერე აღარაფერი მომითხოვია. ვეტერანთა დეპარტამენტის ბიჭები ყურადღებით მექცევიან, როცა მჭირდება, მხარში მიდგანან, 3 და 8 მარტს მილოცავენ, ყვავილებს მჩუქნიან, რაც ძალიან მახარებს.

- თანამებრძოლ მამაკაცებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ, არ გეპრანჭებოდნენ?

- არა, რას ამბობთ, რა გაპრანჭვა, რა ფლირტი... პოზიციებიდან დაბრუნებული, დაღლილ-დაქანცულები ერთ ოთახში, ერთმანეთის გვერდით, იატაკზე ვეყარეთ. კაცების შუაში არაერთხელ მძინებია. ზედმეტს ვინ მაკადრებდა? საუბრის დროს "ბიჭოთი" მომმართავდნენ, ძმას მეძახდნენ.

- რამდენად რეალურია გავრცელებული მოსაზრება, რომ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ქალი სნაიპერი მამაკაცს სჯობნის?

- მართალია. ქალებს ინტუიციის გრძნობა უფრო კარგად აქვთ განვითარებული და საფრთხეს უკეთ გრძნობენ, რაც სნაიპერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, არაერთხელ გავმხდარვარ მტრის სამიზნე, მაგრამ საფრთხე ყოველთვის მიგრძნია და თავი დამიცავს.

- დოდო გუგეშაშვილთან თუ გქონდათ ურთიერთობა?

- ხშირად არ გვიწევდა ერთად ყოფნა, თუმცა რამდენჯერმე შევხვედრივართ. ძალიან მეცოდება, შვილის გამო... შვილმკვდარ დედას ბევრმა ქართველმა ნიშნი მოუგო. ის ამას არ იმსახურებდა, თავგანწირული მებრძოლი იყო... მაგრამ ამ ქვეყანაში მებრძოლებს ვინ აფასებს? აქ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ტალახში ამოგსვარონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ.

- როგორც ჩანს, გული თქვენც გატკინეს.

- კი, არაერთხელ.

- რას გულისხმობთ?

- მეტი რა უნდა ვიგულისხმო. ქალი ვარ, იარაღი ავიღე ხელში და ვიბრძოლე. სანაცვლოდ რა მივიღე? მხოლოდ დამცირება და შეურაცხყოფა. სოხუმის დაცემის წინა პერიოდში თავში მძიმედ დავიჭერი, ამნეზია დამემართა. შვიდი თვე ნეიროქირურგიულში ვიწექი (ახლაც აღრიცხვაზე ვარ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში). საავადმყოფოდან რომ გამოვედი, ომი დამთავრებული იყო. წასასვლელი არსად მქონდა. ჩემი მშობლები და შვილები სასტუმროს ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. თავადაც იატაკზე ეძინათ, მათთან ფიზიკურად ვეღარ დავეტეოდი. დევნილთა სამინისტროში მივედი და მინისტრთან შეხვედრა მოვითხოვე.M მისი სახელისა და გვარის ხსენებაც კი არ მინდა. ავუხსენი ჩემი გასაჭირი და ვთხოვე, ერთი ოთახი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის გამოეყო. იცით, რა მითხრა? - აქამდე სად იყავიო? ვუთხარი, აქამდე ომში ვიყავი-მეთქი. მერე ვინ გთხოვა იქ წასვლაო? ისე გავმწარდი, მაგიდიდან საფერფლე ავიღე და ვესროლე. დაცვა გამოიძახა, გარეთ ძალით გამიყვანეს. იმის მერე, სად აღარ ვიცხოვრე ქირით. 20 წელიწადზე მეტი ქალაქიდან ქალაქში, რაიონიდან რაიონში ვიწანწალე. ბოლოს გავიგე, რომ რუსთავში ბინებს შედარებით იაფად აქირავებდნენ. ქალაქის განაპირა უბანში, ბარაკის მსგავსი ოთახი ვიქირავე. მე და ჩემი შვილები, ფაქტობრივად, ქვეწარმავლებთან ერთად ვცხოვრობდით. სულ რაღაც ოთხი წელია, ბინა მომცეს. რუსთავის მერიამ მიტოვებული ბაღის შენობა სახელდახელოდ შეაკეთა და რამდენიმე დევნილს გადმოგვცა.

- ომის შემდეგ სამსახურის შოვნა რატომ გაგიჭირდათ?

- არ ვიცი, ჩემთვის მშვიდობა ძალიან საშიში აღმოჩნდა. ირგვლივ რომ მივიხედ-მოვიხედე, აღმოვაჩინე, რომ არავის ვჭირდებოდი. უსარგებლო ნივთივით მომისროლეს. სამსახურის შოვნა არაერთხელ ვცადე. იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ჭურჭლის რეცხვასა და იატაკის წმენდას რომ თაკილობენ. უბრალოდ, დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა არ შემიძლია. რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი, იმ მამაკაცებს ვემსახურებოდი, ვის მაგივრადაც ომში ვიბრძოდი... ერთხანს მოხუცებსაც ვუვლიდი... ახლა რესტორნებში, ბარებში, მოხუცების მომვლელებადაც ახალგაზრდა გოგონები სჭირდებათ.

ხათუნა ბახტურიძე