რატომ ამბობს ბოლო დროს თამადობაზე უარს "ბედნიერების აკადემიის" დამაარსებელი - გზაპრესი

რატომ ამბობს ბოლო დროს თამადობაზე უარს "ბედნიერების აკადემიის" დამაარსებელი

"ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, პატივს ვცემ ადათ-წესებს, საკუთარი ქვეყნის ისტორიას... თუმცა, ამ დროს სრულიად თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის წესი, რაც იყო ასი ან თუნდაც, 50 წლის წინ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დღესაც უნდა იყოს და მას ტრანსფორმირება არ სჭირდება. თუ არ იცვლები, კვდები! ან წინ მიდიხარ, ან უკან, ერთ ადგილას დგომა არ არსებობს!" - ამბობს ექიმი არსენ გვენეტაძე. ფართო საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ მან კიბო დაამარცხა და დააარსა "ბედნიერების აკადემია", ხელი მოაწერა საბუთს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, ორგანოების დონორი იყოს და ასე შემდეგ...

GzaPress- ქართული სუფრის ტრადიციები საინტერესოა სტუმრისთვის, უცხო ადამიანისთვის, მაგრამ ბევრი რამ შესაცვლელია... მაგალითად, ექვსი და რვა საათი სუფრასთან ყოფნა (რაც მე და ალბათ თქვენც არაერთხელ გამოგვიცდია), დროის ფუჭ ხარჯვად მიმაჩნია! სიტყვა განათლებული კაცისა, შეკაზმული თავისი მოზომილობით, შექებითა თუ სურვილებით, საინტერესო და სასიამოვნოა, ხოლო მეორე მხრივ, როცა ერთი და იგივე ბრტყელი ფრაზა უნდა მოვარგოთ ნებისმიერ ადამიანს და უნდა ვთქვათ, რომ თითოეული მოვლენაა დედამიწაზე, ეს უკვე შესაცვლელია... დიახ, ადამიანი მოვლენაა და ის თავის დროზე გაჩნდა დედამიწაზე. ლექციას ასე ვიწყებდი, - ყველა თქვენგანი არის ღვთის რჩეული-მეთქი... მაშინ ჩემი ხედვა ასეთი იყო და ყველას განვუმარტავდი, - რადგან ამქვეყნად გაჩნდი, აბორტის შედეგად არ გაქრი ან ბუნებრივი გადარჩევის გზით არ შეწყდა ის ორსულობა, ვფიქრობ, რომ ღვთის რჩეული ხარ-მეთქი... რა თქმა უნდა, ამ ლოგიკას თავის ლოგიკა აქვს! დღეს ამ ყველაფერს ცოტა სხვანაირად ვუყურებ... ნებისმიერ ადამიანს განათლების, განვითარების, მსოფლმხედველობის, რწმენისა თუ წარმომავლობის მიხედვით აქვს რაღაც კარგი, რომელიც შეგიძლია მოძებნო, თუ ეს გინდა. ასევე, აქვს უარყოფითი და მასაც იოლად იპოვი, თუ ძებნას დაუწყებ. ყველას აქვს საქებარი და სუსტი წერტილი, მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ საქებარი სიტყვები უნდა ვიძახოთ, მაშინ ის ტრანსფორმაციები, რომელიც ხდება და ახალგაზრდების დიდი ნაწილი სუფრასთან აღარ ატარებს შვიდ და რვა საათს, სწორი, მოქმედი და ლოგიკური განვითარებაა ტრადიციების... ყველა შეკრება და ურთიერთპატივისცემა სუფრასთან თითოეული მათგანის კულტურის მაჩვენებელია! თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ერთი და იმავე სიტყვის თორმეტჯერ გამეორება დიდი კულტურის მაჩვენებელი იყოს!

- განსაკუთრებულ თამადებს შორის ვინ გახსენდებათ?

- ბატონი გოგი დოლიძე ჩემი მეგობარია. გარკვეული წლების განმავლობაში აქტიურად მიწევდა ჩოხოსნებთან ერთად მოლხენა... გოგი ცნობილი თამადაა და მას "ნიუ-იორკ თაიმსმა" დიდი სტატია მიუძღვნა. მისი სუფრა ხმაურისა და ზედმეტი არასასიამოვნო ატრიბუტებისგან მაქსიმალურად თავისუფალია... კიდევ ვიმეორებ, რომ ერთ განათლებულ ადამიანს შეუძლია თქვას სიტყვა და მეორე განათლებული ადამიანისთვის სრულიად საკმარისი იქნება გაიგოს, როგორი მსოფლმხედველობის ადამიანთან აქვს საქმე. მეორე მხრივ, თამადობა შრომატევადი რამაა! ღვინის დიდი რაოდენობით მიღებასთანაც არის კავშირში, ეს კი არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის! არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ ამ ყველაფრით რომ აღვფრთოვანდე და ტაში შემოვკრა, ეს რა ვნახე დედამიწაზე-მეთქი, მთლად ასეც არ ვარ!

- თქვენ ურთულესი პერიოდი გამოიარეთ. იმ პერიოდში გქონდათ სურვილი, ქართულ სუფრებზე ხშირად ყოფილიყავით?

- ცხადია, იმ პერიოდს გულისხმობთ, კიბო რომ გადავიტანე... არც ისე დიდი ხნის წინ "ბედნიერების აკადემიის" ინიცირება დავიწყე და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც მქონდა ლექცია. 80 ქალბატონი იყო მსმენელი სხვადასხვა ქვეყნიდან. რა არის ბედნიერება და როგორ შეგვიძლია ის საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ? - ეს ჩემი სამუშაო არ არის, ამაში ფულს არავინ მიხდის, პირიქით - თავად ვიხდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საქმეა! შევქმენი ტილო, სახელად "ბედნიერება 85-15". პიროვნების ბედნიერების 85 პროცენტი ადამიანურ ურთიერთობებშია, მხოლოდ 15-ია პროფესიულ წარმატებაში... აქედან გამომდინარე, საზოგადოებასთან ყოფნა, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ყოველთვის გარკვეულ სიამოვნებას მოიცავს! როცა კიბო მქონდა, მაშინაც ყველგან დავდიოდი. ძალიან ცოტა პერიოდი იყო, როდესაც ფიზიკურად არ შემეძლო და ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... 54 წლის კაცი ვარ და ყველაზე დიდ პატივს თავისუფლებას ვცემ! ვალდებულების გამო მხოლოდ 15 წუთი თუ გავჩერდები სადმე... მაგალითად, კარნეგი ამბობს, იდეალურია, როდესაც შენი სამსახური შენი ჰობიაო... თუ ასეთი სამსახური არ გაქვს, უნდა შეცვალო და თუ შეცვლა არ შეგიძლია, ისე უნდა განეწყო, რომ საქმის კეთებით სიამოვნებას იღებდე! ალბათ, არასოდეს გინახავთ ვინმე სუფრაზე თოფით მიეყვანოთ. მასპინძელი იმის არის, რომ ოცჯერ გაგიმეოროთ: არ წახვიდეთ, კიდევ იყავით, აწი უნდა შემოვიტანო ტყემლიანი კვატიო... დიდი მადლობა, ბატონო, დიდებული რამეა თქვენი ტყემლიანი კვატი, მაგრამ დაგტოვებთ თუ შეიძლება, - ამას თავაზიანად ვიტყვი და წავალ. დამერწმუნეთ, თავს არავინ მოიკლავს ამის გამო...

- თქვენი გადმოსახედიდან, კარგი სუფრა როგორია?

GzaPress- კარგი ქართული სუფრის პრინციპია კარგ ადამიანებთან დროის გატარება, ახალი ადამიანების გაცნობა. ესაა კარგი და არა მუსიკა რომ ყურს გაგიხვრეტს და სიგარეტის სუნით ხარ გაჟღენთილი, არადა, თავად მწეველი არ ხარ... ქართული სუფრა უცხო ადამიანისთვის კერძების მრავალფეროვნებითაც არის საინტერესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 15 თეფში ერთმანეთზე უნდა იყოს შელაგებული. ვიღაც დამცინავად რომ იტყვის, სუფრიდან რომ ავდექით, აღარაფერი იყოო, ასეც უნდა ხდებოდეს! ესაა კულტურა და არა ის, - რომ ავდექით, ხელუხლებელივით დავტოვეთ ყველაფერიო. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს კომპლექსიანი ადამიანების თავის მოჩვენებაა, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ფული დახარჯონ! ერთ ახლობელს კიდეც ვუთხარი, თუ ასე გინდა ხალხის პატივისცემა, სჯობს, თეფშის ქვეშ ამოუდო 50 ან 100 ლარი-მეთქი! როდესაც ჩემს შვილებთან ერთად ვსადილობ რესტორანში, ვეუბნები, შეუკვეთეთ ის, რასაც შეჭამთ-მეთქი... ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა უფრო მეტი შეუკვეთა, მერე ვეღარ მიირთვა და ვუთხარი: ჩახედე ანგარიშს და რაც ღირდა, შენი ხელფასიდან დაგიქვითავ-მეთქი... უნდა შევუკვეთოთ იმდენი, რასაც მივირთმევთ და თუ ხელუხლებლად უნდა დავტოვოთ, ეს დიდი უკულტურობაა! ვერც ერთ ცივილიზებულ საზოგადოებაში მსგავსს ვერაფერს ნახავთ! ჩვენი ტრადიცია კი ისეთია, რომ ყველაფერი უნდა "დავყაროთ"!

- განსაკუთრებულ სუფრებს შორის რომელს გაიხსენებდით?

- იმ სუფრას, როდესაც დედაჩემის დაბადების დღე აღვნიშნეთ... იგი 74 წლის გახდა. 30 წელია, ტყიბულის სამუსიკო სკოლის დირექტორია და ვთხოვე ჩამოსულიყო ოჯახურ სადილზე. ვიყავით მე, დედაჩემი, ჩემი შვილები, ჩემი და, მისი შვილი და შვილის მეუღლე... სასიამოვნო დრო გავატარეთ, კარგად ვისაუბრეთ, დავაგემოვნეთ ერთი ბოთლი შესანიშნავი ესპანური ღვინო, რომელიც ამ ზაფხულს ჩამოვიტანე... ერთი ბოთლი ყველას გვეყო, კიდევ დარჩა და ყველა კარგ განწყობაზე ვიყავით... სომელიეს სამთვიანი კურსები გავიარე და ღვინის სულ სხვა კულტურა ვისწავლე, რაც ადრე არ ვიცოდი... ღვინის კულტურაა, როდესაც მის არომატს, შეფასებას, დაგემოვნებას სწავლობ. სულ სხვა სიამოვნებას იღებ ერთი მცირე ყლუპი ღვინით, ვიდრე ორლიტრიანი ყანწით... მეც ამ ქვეყნიდან მოვდივარ და ლამპის შუშითაც დამილევია ღვინო. მაშინ მომწონდა კიდეც, რაღაც განსაკუთრებულს რომ ვაკეთებდი.

- როდესაც თამადობთ, თქვენი კანონები გაქვთ?

- დიდი ხანია, თამადობას სხვას ვუთმობ, თან დიდი სიამოვნებით. იმისთვის, რომ ადამიანებმა გაგიცნონ, სულაც არ არის საჭირო კარგი თამადა იყო... ახლა მე და დედა რომ ვიჯექით და იქ ორი სიტყვა ვთქვი, ამას თამადობა არ ჰქვია და დიდი სუფრების გაძღოლას ვერიდები...

- უბრალო ხალხთან, გლეხებთან ერთად მოლხენა გიყვართ?

GzaPress- მიყვარს და მათთან ერთად მოლხენა გაცილებით სასიამოვნოა! კარნეგი ამბობს, ჩემ გვერდით სუფრაზე კაცი იჯდა, ერთმანეთი გავიცანით და ის თავის აფრიკულ თავგადასავლებზე მიამბობდაო... სუფრა რომ დამთავრდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, თქვენისთანა სასიამოვნო მოსაუბრე არასოდეს შემხვედრიაო. მე არ მისაუბრია, სიტყვაც არ მითქვამს, მხოლოდ აღტაცებით ვუსმენდი და გულწრფელ აღფრთოვანებას გამოვხატავდი... გლეხებიც ასე არიან: თუ ხედავენ, ადამიანი მათთვის საინტერესოა, გულწრფელი აღფრთოვანებით გისმენენ. ზოგჯერ თავის სიტყვებსაც ამატებენ, რომელიც არასტანდარტულია და ცდილობენ, ბევრი არ ილაყბონ... გლეხშიც, მუშაშიც და ინტელიგენციაშიც არიან გონიერი და არაგონიერი, ახირებული ადამიანები...

მანანა გაბრიჭიძე