რაც არ გკლავს, გაძლიერებს
"ქუჩაში ხალხის ყურადღებას ძალიან ადვილად ვიქცევ იმის გამო, რომ ერთი ხელი მაქვს. მათი რეაქცია ისეთი უცნაურია, რომ მგონია, რაღაც საინტერესო ფილმს ვუყურებ. ზოგი ტირის, ზოგი მიღიმის და ვგრძნობ, მათი ღიმილი გულწრფელია. ზოგი "საწყალს" მეძახის ან "საცოდავს"... ძალიან მაღიზიანებს ეს სიტყვები, თავს არ ვგრძნობ საცოდავ ადამიანად. მახსოვს, მეტროში ვიღაც უცხო როგორ ჩამეხუტა. ჩამეხუტა და გაიქცა. ძალიან შემრცხვა, მაგრამ დღემდე მახსოვს. მეტი ღიმილი და მეტი სითბო გვჭირდება ადამიანებს, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. მე ბედნიერი ვარ!" - წერს 21 წლის პარაოლიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი სირთულე დასძლია და დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ახლობლებისა და სიცოცხლის სიყვარული ბევრ რამეს შეაძლებინებს ადამიანს.
- ვცხოვრობდი ისე, როგორც ყველა ჩემი თანატოლი - დავდიოდი 108-ე საჯარო სკოლაში, მყავდა მეგობრები. რომ გითხრა, მხიარული და ხალასი ბუნების ვიყავი-მეთქი, მოგატყუებ, აგრესიული და პრეტენზიული უფრო ვიყავი. ცუდი რეაქცია მაქვს სიყალბეზე - როდესაც ადამიანი თავს ისე მაჩვენებს, როგორიც რეალურად არ არის, ამას ვერ ვიტან და საერთოდ ვწყვეტ მასთან კონტაქტს. პატარაობაში უფრო ზარმაცი და ქალაბიჭა ვიყავი. ძირითადად, ბიჭი მეგობრები მყავდა და ახლაც ასეა, მათთან უფრო ადვილად ვურთიერთობ. ძალიან ხიფათიანი ვიყავი ბავშვობიდანვე, სამჯერ გადავურჩი დახრჩობას.
- რა მოხდა 5 წლის წინ?
- 14 მაისს გავხდი 16 წლის და 29 მაისს ეს ამბავი მოხდა. მეგობრები ხშირად ავდიოდით სახურავზე, მოგვწონდა ხმაურისა და ხალხისგან მოშორებით ყოფნა. იმ დღესაც მათთან ერთად ვიყავი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე, მაგრამ ბევრი არაფერი მახსოვს. როდესაც თვალები გავახილე და გავიღვიძე, საავადმყოფოში, კომაში ვიყავი. 3 დღე პერიოდულად ვიღვიძებდი, მაგრამ დედასაც ვერ ვცნობდი თურმე და ვეკითხებოდი, ვინ იყო. ექიმებს ვეუბნებოდი, არ ვიცნობ ამ ადამიანს-მეთქი. სასიცოცხლო ორგანოები დამიზიანდა, ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ მესამე დღეს შეამჩნიეს, რომ მარჯვენა ხელი სივდებოდა და მშობლების თანხმობით, მომკვეთეს. რომ გამოვფხიზლდი, დაბმული ვიყავი, - ხელის მოჭრის ამბავს რომ გაიგებს, არ გაგიჟდესო, ეშინოდათ. მესმოდა ექიმების ჩურჩული: არაფერი იცის, ვერ ვეტყვით... მივხვდი, რაღაც პრობლემა იყო და პირველ რიგში, ფეხები გავამოძრავე. ვიგრძენი და გამიხარდა, რომ სიარულს შევძლებდი. დანარჩენს აზრი აღარ ჰქონდა. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და ამან მიმახვედრა, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე. დედაჩემის ნახვა მოვინდომე და აბსოლუტურად მშვიდად ვკითხე: რატომ მიმალავთ, ხელი რომ აღარ მაქვს-მეთქი? გაუხარდა, ამ ამბავს ასე წყნარად რომ შევხვდი და მამას უთხრა, ლიკუნამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადაიტანა და ახლა იწყებს ბრძოლასო. მართლაც, დაიწყო ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. ხშირად ვიხედებოდი სარკეში, მაგრამ არასდროს ვფიქრობდი, - ვაიმე, რა მეშველება, ცალი ხელით რას როგორ გავაკეთებ-მეთქი. პირიქით, მინდოდა, საკუთარი თავისა და სხვებისთვისაც დამემტკიცებინა, რომ ყველაფერს შევძლებდი!
- მეგობრები ალბათ ძალიან წუხდნენ მომხდარის გამო. არ გიამბეს, რა და როგორ მოხდა?
- ისინი ამ ამბის შემდეგ თვალითაც არ მინახავს, საავადმყოფოშიც არ მოსულან ჩემს სანახავად. შეიძლება, შეეშინდათ, სხვა ვერაფრით ვხსნი მათ საქციელს. ამ ყველაფერს იმ კუთხით შევხედე, რომ სიცოცხლის მეორე შანსი მომეცა. 20 დღის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს და გადავწყვიტე, სოფელში, წალენჯიხაში გადავსულიყავი საცხოვრებლად. მიჭირდა მომხდართან შეგუება და მაღიზიანებდა ხალხის ყურადღება... მაგრამ სოფელში ყოფნაც ვეღარ შევძელი. მშობლებმა ჩემს გადასარჩენად აბსოლუტურად ყველაფერი გაყიდეს, რაც გააჩნდათ. რეპეტიტორებთან სიარულისა და სწავლის გაგრძელების საშუალებაც არ მქონდა. ძალიან მინდოდა ცეკვა. დავუკავშირდი ქორეოგრაფ ქეთი ზაზანაშვილს და დახმარება ვთხოვე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემს მეწყვილესთან ერთად, რომელიც ძალიან მიყვარს, მონაწილეობა მივიღე ამ პროექტში, ნახევარფინალშიც გადავედი და აი, აქედან დაიწყო წარმატებებიც.
- ალბათ, ცურვაში მიღწეულ წარმატებებს გულისხმობ, ხომ?
- დიახ, ასეა, დამიკავშირდნენ პარაოლიმპიური კომიტეტიდან და შემომთავაზეს, ცურვაში მეცადა ბედი. იყო პერიოდი, როდესაც საკუთარი ძალის არ მჯეროდა, 25-მეტრიან დისტანციაზე ცურვაც კი ჩემთვის საკმაოდ რთული იყო და ვფიქრობდი, არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ შევცდი. სირთულეები გადავლახე და დაახლოებით 2 თვეში პორტუგალიაში პირველ შეჯიბრებაზე წავედი, ევროპის ჩემპიონატზე. როგორც კი სტარტზე დავდექი, მაშინვე დავიწყე ბრძოლა, როგორც სპორტსმენმა. მოტივაცია გამიჩნდა და მივხვდი, უკან აღარ დავიხევდი. ერთ თვეში მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ რიოს პარაოლიმპიადის ლიცენზია ჩამომივიდა, რამაც უზომოდ გამახარა. მოკლედ, 2016 წლის თამაშებში მივიღე მონაწილეობა, რასაც დიდ წარმატებად ვთვლი. აი, ზუსტად ამ გამარჯვებამ მიმახვედრა, რომ სრულყოფილი ადამიანი ვარ და ყველაფერი შემიძლია! ვერ ვიტყვი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ბარიერები, მაგრამ სიძნელეებმა ჩვენზე არ უნდა იმოქმედოს. ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მაქსიმალურად ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და გამარჯვებული, მედლით დავბრუნდე საქართველოში. დღეს პირველად გავცურე 2 კილომეტრი და ძალიან გადაღლილი ვარ, მაგრამ დანებება არ ღირს! როდესაც სიცოცხლის შანსი მეორედ გეძლევა, ფიქრობ, კარგად უნდა გამოიყენო. სიკვდილს რომ ვებრძოდი, მახსოვს, ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ ახლა გადამარჩინე და ყველაფერ კარგს გავაკეთებ-მეთქი...
- მშობლებისთვის რთული გადასატანი და მტკივნეული იქნებოდა შენი ამბავი.
- დედა ამ ამბის გახსენებაზე სულ ტირის და ამბობს, რომ ღმერთმა ჩემი თავი მეორედ აჩუქა. მამას კი დღემდე უჭირს შეგუება. ეს ამბავი რომ გაუგია, დედამისისთვის დაურეკავს, თურმე პატარა ბავშვივით ტიროდა და ეუბნებოდა, სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, ასეთი რა დავაშავე, ღმერთმა ასე რატომ გამწირაო? აი, ზუსტად ამიტომ მოვინდომე ფეხზე მყარად დგომა, რომ მათ ეს ტკივილები ავარიდო და გავუადვილო...
- ბედის სამდურავი არასდროს დაგცდენია?
- როდესაც ხელის ამპუტაციის შესახებ გავიგე, პირველი, რაც ვთქვი, ის იყო, რომ ვიმსახურებდი, რადგან სხვებს ძალიან ვუშლიდი ნერვებს, თუმცა ეს ბავშვური აზრები იყო...
- გარდა იმისა, რომ ცურვით ხარ დაკავებული, კიდევ რას საქმიანობ?
- როგორც რიოს თამაშების მონაწილეს, მაქვს ყოველთვიური სტიპენდია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ ქირის ფულიც ვიხადო და თან, თვიდან თვემდე თავიც გავიტანო. ამიტომაც დიდხანს ვეძებდი სამსახურს, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. საბედნიეროდ, 3 თვის წინ ერთმა კომპანიამ დამასაქმა. დამირეკეს, გასაუბრებაზე დამიბარეს და რამდენიმე დღეში შემატყობინეს, რომ ჩემთვის რაღაც შემოთავაზება ჰქონდათ. სათავო ოფისში კომპიუტერთან ვმუშაობ. ძალიან გამიმართლა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩემს უფროსებს, კეთილები და ყურადღებიანები არიან.
- ცურვაზე სიარულსა და ვარჯიშს როგორღა ახერხებ?
- უფროსი მრთავს ნებას, რომ დღის განმავლობაში გარკვეული დროით გავიდე სავარჯიშოდ, შემდეგ ისევ ვბრუნდები სამსახურში. ამ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობითაც დავინტერესდი. შაბათ-კვირას მეგობრებს ვუთმობ. იმედის მომცემი მეგობრები მყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- სულიერი ტკივილი უფრო ძნელი გადასატანი ყოფილა, ვიდრე ფიზიკურიო, - მითხარი. ასე ხშირად გტკენენ გულს?
- უახლოესმა მეგობარმა იმედი გამიცრუა - სულ სხვა ადამიანი მეგონა და სხვა აღმოჩნდა. ძალიან მეტკინა, თუმცა ყველაფერი ალბათ, იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ, ასეა საჭირო. დღესდღეობით ურთიერთობა აღარ მაქვს მასთან, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი, მსგავსი ადამიანი კიდევ თუ იქნება ჩემ გვერდით. რწმენა დავკარგე...
- შენ როგორ ფიქრობ, შეაშინა ბარიერებმა?
- არ ვიცი, თუმცა ურთიერთობებში ალბათ, რაღაცას მაინც ცვლის ხელის არქონა... სამწუხაროა, რომ უდიდესი ნდობა და რწმენა გეკარგება. ამიტომაც ვამბობ, ფიზიკური ტკივილი უფრო ადვილი ასატანი აღმოჩნდა... როდესაც მაშტერდებიან, ვიღიმი. ამას წინათ საავადმყოფოში მეგობარს გავყევი და იქ ერთი ბაბუა გავიცანი, რომელმაც ჩამიხუტა და ისეთი სიტყვები მითხრა, ჯერ მარტო ამიტომ არ მაქვს დანებების უფლება. თქვა: მთავარია, ადამიანი სულით იყოს ძლიერი, შენს თვალებში კი ძლიერებასა და სითბოს ვხედავო... მეტროში ადგილს რომ მითმობენ, ამაზე კი ვბრაზდები და პროტესტის ნიშნად, არასდროს ვჯდები. ხომ ვხვდები, რომ ამას სიბრალულით აკეთებენ, მე კი შესაცოდი არაფერი მჭირს. დედაც მეუბნებოდა თავიდან: ჭურჭელი შენ არ დარეცხო, ეს არ გააკეთო, მე გავაკეთებ და ა.შ. მაგრამ ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი მაშინაც და ახლაც.
- რამეს თუ შეცვლიდი შენს ცხოვრებაში, თავიდან დაწყების შანსი რომ გქონდეს?
- 16 წლის რომ ვიყო და 29 მაისი იყოს? არ ვიცი, ალბათ არაფერს, რადგან რასაც ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ... ახლა უფრო ლმობიერი ვარ, ყველა მიყვარს, ვინც ჩემ გარშემოა, ყველას შეძლებისდაგვარად ვეხმარები. სიცოცხლე დავაფასე, ამ შემთხვევამ თითოეული წამის, ადამიანის დაფასება მასწავლა და გამაძლიერა: ხომ იცი, რაც არ გკლავს, გაძლიერებს... ზოგჯერ სამეგობროში ყოფნისას, რაღაც რომ მომწონებია, მითქვამს, ახლა ორი ხელი რომ მქონდეს, ტაშს დაგიკრავდით-მეთქი და ყოველთვის რომელიღაცა მიწვდის თავის ხელს: მიდი, დაუკარიო... ასე რომ, ყველაფერი პირობითია და თუ მჭირდება, ერთი კი არა, ორი ხელი მაქვს ჩემი ახლობლებისა და მეგობრების თანადგომით...
ნინო ჯავახიშვილი