გერმანელი კომპოზიტორისა და ქართველი მუსიკოსის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

გერმანელი კომპოზიტორისა და ქართველი მუსიკოსის სიყვარულის ამბავი

რამდენიმე ათეული წლის წინ გურიაში, სოფელ ნატანებში ერთი სიფრიფანა გოგონა მსუბუქად დააბიჯებდა და თავისი სიანცით ყველას აოცებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს კუდრაჭა ბავშვი ცნობილი მუსიკოსი გახდებოდა.

ნატანებში ინჟინერ რომან მახარაძის ოჯახს ყველა იცნობს. რომანი ცნობილი იყო რბილი ხასიათით, ხოლო სრულიად საწინააღმდეგო შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი მეუღლე ეთერ კვერღელიძე, რომელიც ნატანების მუსიკალური სკოლის დირექტორის მოადგილე იყო თავიდან, მერე კი - დირექტორი. 6 წლის ასაკში პატარა ბელა დედამ სამუსიკო სკოლაში შეიყვანა და ნეტავ გაებედა, მუსიკაში ვარჯიშის ნაცვლად, ეთამაშა! ბევრს ემახსოვრება კომუნისტების დროს გამოშვებული ელასტიკური და გამძლე ბუზის საკლავი, რომელიც ყოველთვის თვალსაჩინო ადგილას იდო მახარაძეების ოჯახში! ეს "მწარე" სადამსჯელო საშუალება სიზარმაცის სამკურნალო უალტერნატივო საშუალებად ითვლებოდა მუსიკოსი დედის ხელში და შიში ქმნიდა მუსიკის სიყვარულს! დაუდეგარი ბელა ზოგჯერ ივიწყებდა დასჯის შიშს და ისეთ ოინებს აწყობდა, ახლაც ვერ ხსნის, საიდან აფიქრდებოდა ასეთი რამეები. ნატანებში გივი წითლიძეს ყველა იცნობდა და მისი დიდი მორიდება ჰქონდათ. თავმჯდომარეები მაშინ ავტორიტეტები იყვნენ და თუ ბავშვებს მილიციელებით აშინებდნენ, ბელამ გადაწყვიტა, მუსიკალური სკოლის მასწავლებლები სოფლის ხელმძღვანელით შეეშინებინა. ერთხელაც, სკოლაში შევარდა და სამუსაიფოდ შეკრებილ მასწავლებლებს მოახსენა, გივი მოდისო. მუსიკის პედაგოგები ისე გაიფანტნენ, თითქოს გნოლებს ორბმა ჩამოუქროლაო. ყველამ საქმე მოძებნა, თუმცა, ნახევარსაათიანი ინტერვალის მერე ერთმა გაბედა და მოიკითხა, აბა, სადაა თავმჯდომარეო?..

GzaPressარც ის ავიწყდებათ ბელას თანატოლებს, როგორ ამწარებდა კაფანდარა გოგო ყველა უსამართლო ამხანაგს. საბავშვო ბაღიდან ერთი ბიჭი მოსწონდა, რომელიც სხვებისგან გარეგნობითაც გამოირჩეოდა და ოჯახური მდგომარეობითაც. ამით გათამამებული "პატარა მაჩო" ხშირად ცდილობდა თავისი უპირატესობის დემონსტრირებას. მას ხელში შურდული ეჭირა და ბავშვებს კენჭებს ესროდა. ბელა ცოცხალი თავით არ ამხელდა, მის მიმართ რომ სიმპათია ჰქონდა და "ლაგარტკიან" ბიჭს წინ ეღობებოდა, თუ ვინმეს დაჩაგვრას დააპირებდა. ერთხელაც, სიტუაცია კლასში იმდენად გამწვავდა, რომ გათავხედებული ბიჭის გაჩერების მოთხოვნით პირდაპირ სკოლის დირექტორს მიაკითხა "ვიოლინომ". დირექტორმა შურდულიც ჩამოართვა "ბუნტოვჩიკს", ყურიც "ზომაზე მოუთბო" და თვალსა და ხელს შუა დაიკარგა მითი ამ ბიჭის უძლეველობის შესახებ! თავმომწონე ბიჭმა ბელას თანაკლასელების წინაშე ხმამაღლა შეაგინა და ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ "დაჩაგრული" გოგონა მისულიყო "მჩაგვრელის" სახლში, სადაც უზრდელი ბიჭის მშობლებს დემონსტრაციულად განუცხადა მათი შვილის სიველურის შესახებ! ეს ნოტა იმდენად დამაჯერებელი და მტკიცე ყოფილა, რომ მშობლებს თავგასული ვაჟბატონი ერთი დღით ოთახში გამოუკეტავთ და მერე აიძულეს კიდეც, რომ კლასში ბელასთვის ბოდიში მოეხადა! ოჰ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა კმაყოფილება დაეუფლა მაშინ პატარა "ვიოლინოს" (სხვათა შორის, ახლა ის აბეზარი ბიჭი ცნობილი ადამიანია და საზოგადოებისგან დიდი პატივითაც სარგებლობს)!

დედა მკაცრი იყო და პრინციპული, მაგრამ ბელა ახლა მის დამოკიდებულებას ამართლებს. რომ არა დედა, ვიოლინო ასე ახლობელი არ გახდებოდა მისთვის! თავდაუზოგავი, ხშირად მომაბეზრებელი რეპეტიციების წყალობით, 9 წლის ასაკიდან ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად იდგა სცენაზე, თანაც - სოლისტის პოზიციით... ბათუმის მუსიკალური საზოგადოება მას კარგად იცნობდა, რადგან ნატანებში მისი მასწავლებელი ბათუმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი თემურ შალვაშვილი გახლდათ, რომელიც ნიჭიერ მოსწავლეს მუსიკალური ხელოვნების გზას ნელ-ნელა უკაფავდა.

14 წლის ბელა ბათუმის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ხდება ყოველგვარი გამოცდის გარეშე. თან ამ დროს უკვე ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედმა მიიწვია სასწავლებლად და ოჯახიც დაფიქრდა, გაეშვათ თუ არა პატარა გოგონა დიდ ქალაქში დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად და გადაწყდა, რომ ეს ერთი წლის შემდეგ მოხდებოდა. ბელამ ბავშვური დიპლომატია მოიხმარა. თუ სასწავლებლად არ გამიშვებთ, მაშინ მეორე სართულის ფანჯრიდან გადავხტები და თავს მოვიკლავო. დედის დასაშინებლად გავიდა აივანზე, საიდანაც ეზომდე მანძილი ბევრად უფრო მოკლე და უსაფრთხო იყო, ისკუპა მიწისკენ! ეს შემთხვევა დაინახა თბილისიდან ჩამოსულმა ნათესავმა ქალმა, რომელმაც ბავშვის მიწაზე დახეთქებამდე გულის შეღონება "მოასწრო". მოკლედ, ოჯახმა გადაწყვიტა, ბელა ნიჭიერთა ათწლედში გაეგზავნა...

ვისაც მუსიკასთან სიახლოვე აქვს, ეცოდინება, რა განსაკუთრებულობა აქვს ხელოვნების ამ დარგს. შვიდი ბგერით შეიძლება შექმნა ისეთი კომპოზიცია, რომელიც სამყაროს თავისი ბედნიერებითა და ტრაგიკულობით იტევს! პროფესორმა შოთა შანიძემ კიდევ მეტად დახვეწა გურიიდან ჩამოსული ნიჭიერი გოგონას საშემსრულებლო ოსტატობა, თუმცა, მისი გარდაცვალების გამო, ბელას სწავლის გაგრძელებამ პროფესორ ხათუნა თუშმალიშვილის კლასში მოუწია (ეს უკვე კონსერვატორიაში მოხდა, პირველი კურსის დახურვის შემდეგ).

მესამე კურსზე იყო, როცა ლიანა ისაკაძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა. ეს აღსანიშნავი თუნდაც იმის გამო იყო, რომ ბელა პირველი გახლდათ, ვისაც ეს პატივი ერგო. კონსერვატორიაში სწავლის დროს კოტე ბიძიას ოჯახს ხშირად სტუმრობდა (კოტე მახარაძე ბელას ოჯახის ახლო ნათესავი იყო) და ერთხელ, მარჯანიშვილის თეატრში იაპონელი მუსიკოსი ბიჭის როლიც შეასრულებინა... მერე ბელა გამოცდილი მუსიკოსის, ჰაბიბ კაიალეს მასტერკლასებით დახელოვნდა ჟენევაში, თუმცა, ნიჭიერ ახალგაზრდა ქალს გაცილებით მეტი წარმატებები ელოდა!

ბელა ლიანა ისაკაძის ორკესტრში უკრავდა, როცა გაიცნო გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი. უვე სიმპათიური კაცია, რომელიც იმ დროს უცოლო იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ცხოვრების თანამგზავრს საქართველოში იპოვიდა. მართალია, უვე ბელაზე გაცილებით მაღალია, მაგრამ გონიერმა კაცმა იცის, რომ მცირე ოქროს ბევრად უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ბევრ სხვა ლითონს. თანაც, გურული ქალის გაზომვა საერთოდ წარმოუდგენელია. არავინ იცის, საიდან იწყება ის და სად მთავრდება! - ასე ხუმრობს თავის თავზე ბელა. უვეს ლიანა ისაკაძისთვის თავიდანვე უთქვამს, ის პატარა მევიოლინე გოგო მომწონსო. მერე ენობრივი ბარიერიც დაიძლია და მენტალურიც! საბჭოურ პერიოდში გაზრდილი ქართველისთვის როგორი გადასაწყვეტია, გათხოვდეს გერმანელ კაცზე? მუსიკის ენაზე კომუნიკაციამ ხელი შეუწყო ორი ადამიანის დაახლოებას, მერე უვემ გერმანულ-ქართული სასაუბრო იყიდა და ნიშნობის ბეჭედიც...

"რა თქმა უნდა, ქართული მენტალიტეტით, ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილი ქალიშვილისათვის არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როგორც ხშირად ამბობს დედაჩემი, უვე უფრო მეტად ქართველია თავისი ქცევებით, ხასიათითა და გრძნობებით, ვიდრე მე. ალბათ ამან გამიიოლა მასთან ცხოვრება", - გვეუბნება ბელა.

დაქორწინებამდე უვეს საცოლისთვის უკითხავს, საჭმლის მომზადება თუ იცოდა? საპატარძლოს უღიარებია, არ ვიცი, დღეში ზოგჯერ 10 საათს ვუჯექი ან ფორტეპიანოს, ან ვიოლინოს ხემს ვიყავი ჩაჭიდებული და აბა, როდის ვისწავლიდიო?! სამზარეულო უვეს სტიქიაა. შესაძლოა, ცოლისთვის არც დაეთმო საოჯახო მზარეულის სტატუსი და ახლაც ყოველთვის ცდილობს, სადღესასწაულო სუფრა ქართული კერძებით გაალამაზოს. ცალკე საკითხია, რომ უვემ უფრო ადრე ისწავლა ქართული, ვიდრე ბელამ - გერმანული! ღირს მოსაგონებლად ისიც, როგორ ჩუქნიდა გერმანელი მუსიკოსი ყოველდღიურად საცოლეს წითელ ვარდებს და რესტორანში ჰპატიჟებდა მეგობრებთან ერთად (მაშინ ბელა წუხდა იმის გამო, სახელი არ გასტეხოდა "უცხო კაცთან" ერთად რესტორანში ყოფნით).

GzaPressბელა იხსენებს: "ჩემს მეუღლეს ისე შეუყვარდა საქართველო, რომ 2005 წელს გავყიდეთ სახლი გერმანიაში და თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. უვემ მშვიდობის მისიის ფარგლებში კავკასიის კამერული ორკესტრი დააარსა, სადაც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოკავკასიელი მუსიკოსები გააერთიანა. თბილისში სახლი შევიძინეთ, ბევრს ვშრომობდით, გვქონდა უამრავი გასვლითი კონცერტი და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რა კმაყოფილი იყო ამ წარმატებით ჩემი საყვარელი მეუღლე. ეს იდილია 2008 წლამდე გაგრძელდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა ყველაფერი შეცვალა. დაფინანსება შეგვიწყვიტეს, ორკესტრი დაიშალა და ჩვენ ისევ გერმანიაში მოგვიხდა წასვლა. უვემ ეს ამბავი ძალიან განიცადა. თვითმფრინავის აფრენისას პირველად ვნახე მის თვალებზე ცრემლი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ორკესტრი წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს შეკრებას და კონცერტების გამართვას ევროპის სხვადასხვა ქალაქში".

ბელამ თბილისში გასულ წელს მეუღლესთან ერთად, ორი საქველმოქმედო კონცერტი გამართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ქართველისთვის, ორიც გერმანიაში - ეს უკვე გერმანელი და ქართველი ახალგაზრდების დასახმარებლად... წელსაც აპირებენ საქველმოქმედო ტურნეს ჩატარებას საქართველოს რამდენიმე მხარეში. ეს წელს, მერე კი ბერკემერების დუეტს უფროსი ქალიშვილი ნინაც შეუერთდება, რომელიც 16 წლისაა და პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობს. ცოტა მოგვიანებით კი პატარა მარიც, რომელიც ჩელოზე უკრავს, ბერკემერების კვარტეტს შეკრავს...

პირველ აპრილს ცოლ-ქმარს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი აქვთ ჩანიშნული. თუ გსურთ ნახოთ ქართველი და გერმანელი მუსიკოსების დუეტის ჰარმონიული სინთეზი, უკეთესს ვერც ვერაფერს გირჩევთ...

როლანდ ხოჯანაშვილი