მე ვარ მე - დირიჟორი და პიანისტი სოსო ბესარიონის ძე ჯუღაშვილი - გზაპრესი

მე ვარ მე - დირიჟორი და პიანისტი სოსო ბესარიონის ძე ჯუღაშვილი

სახელგანთქმული წინაპრისგან განსხვავებით, ეს ახალგაზრდა კაცი მეტად თავმდაბალი, მორიდებული, თავშეკავებული და ნაკლებად ამბიციური, თუმცა ძალზე მიზანსწრაფულია.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მყავს ერთი ძმა - ვასო, რომელიც სკოლის მოსწავლეა და ჩოგბურთითაა გატაცებული. ჩემი მუსიკალური მონაცემები დედამ გვიან, 9 წლის ასაკში შეამჩნია და გადაწყვიტა, მუსიკალურ სკოლაში მივეყვანე. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია მუსიკასთან. დედა პროფესიით ბიოქიმიკოსია, მამა - კინორეჟისორი და უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. მოკლედ, მუსიკასთან არც ერთს არა აქვს შეხება, სამოყვარულო დონეზეც კი. ერთი ეგ არის, რომ დედის მხრიდან, ბაბუას და - ვიოლა ჯაფარიძე ძალიან კარგად მღეროდა. საოცარი ხმა ჰქონდა. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდა მუსიკალური საზოგადოება და ამ შეკრებებს მეც ვესწრებოდი ხოლმე. ვუსმენდი, როგორ უკრავდნენ და მღეროდნენ. მაშინ მე არც ვმღეროდი და არც ვუკრავდი, მაგრამ ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჩემზე. ახლა მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მახსოვს, დედამ ფორტეპიანოზე რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ძალიან მონდომებული ვიყავი. ბევრს ჰგონია, ბავშვისთვის ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია ფორტეპიანოსთან საათობით ჯდომა და ვარჯიში, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც მოგწონს რასაც აკეთებ, მაშინ სიამოვნებით გაატარებ რამდენიმე საათს საკრავთან და გულმოდგინედაც იმეცადინებ. კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარია დავამთავრე, ბატონი ნოდარ ნაკაიძის კლასში ვიყავი და ახლა კონსერვატორიაში ვსწავლობ. 2012 წლიდან ვდირიჟორობ სამუსიკო სემინარიის სტუდენტურ ორკესტრს. ერთი წლის წინ, ფინეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში სადირიჟორო მასტერკლასები მივიღე, მათ შორის, ცნობილი რუსი დირიჟორის, ალიმ შახისგანაც.

GzaPress- სოსო, შენს სხვა მიღწევებზეც მიამბე...

- 2010 წელს გერმანიაში საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში გავიმარჯვე, პირველი ადგილი ავიღე. კონსერვატორიაში ყოველწლიურად იმართება კონცერტები ორკესტრის გარეშე თუ ორკესტრთან ერთად და ხშირად ვმონაწილეობ ფესტივალებზე.

- პირველი კონცერტი, რომელზეც შენი სათქმელი თქვი?

- 2006 წელს, 10 წლისას მქონდა პირველი კონცერტი. დღემდე მახსოვს ის ემოციები და განცდები, პირველად რომ დავუკარი ორკესტრთან ერთად. რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა, მახსოვს და სწორედ მან მოახდინა დიდი გავლენა ჩემზე. მეც მომინდა დირიჟორობა.

- გვითხარით, რა სირთულე ახლავს დირიჟორობას?

- მუსიკალურ სფეროში დირიჟორობა ყველაზე რთულია, რადგან გარდა მუსიკალური მხარისა, ადამიანებთან ურთიერთობაც უნდა შეგეძლოს. თუ ეს არ შეგიძლია, რაც უნდა კარგი დირიჟორი იყო და კარგად იცოდე შენი საქმე, ორკესტრის წევრები არაფერს არ დაგიკრავენ, ან დაგიკრავენ უგულოდ და ეს არ ივარგებს! თუ არ იცი ადამიანებთან ურთიერთობა, დირიჟორიც ვერ გახდები, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჯერ თვითონ უნდა გესმოდეს თითოეული საკრავი, ტებრი, ხმოვანება, დიაპაზონი, რომ დამკვრელს დააკვრევინო ხარისხიანად. გარდა ამისა, ფორტეპიანოზე დაკვრა წინგადადგმული ნაბიჯია დირიჟორობისთვის, რადგან ფორტეპიანოზე ჟღერს მთელი ორკესტრი, ოღონდ შემცირებული მასშტაბით. 2 ხელი აკეთებს იმ საქმეს, რასაც 80 კაცი უკრავს.

- 19 ნოემბერს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა და ნიკოლოზ რაჭველმა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი შენი დირიჟორობით. ვუსმენდი და სიხარულით მართლა ვიცრემლებოდი... რა ბედნიერებაა, რომ ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებაში არ წყდება დინამიკა და ასეთი ბრწყინვალე თაობა მოდის... სოსო, ამაყი ვარ დღეს! - რას იტყვი ნიკოლოზ რაჭველის ასეთ შეფასებაზე?

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ეროვნულ ორკესტრს ნოემბერში პირველად ვუდირიჟორე და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. თითოეულ მუსიკოსსა და ნიკოლოზ რაჭველს კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას ამ კონცერტისთვის. ეს სიტყვები მან კონცერტის შემდეგ წარმოთქვა და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.

- ახლა შენს წარმომავლობაზეც მითხარი?

- ბაბუაჩემის მამა იყო იაკობი, მეოთხე თაობა ვარ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, ვისი შთამომავალი ვიყავი. ოჯახში ხშირად საუბრობდნენ ამის შესახებ. ადრეც სულ ვკითხულობდი და ახლაც, როდესაც დრო მაქვს, ვკითხულობ იმდროინდელ ამბებზე, ეპოქაზე, ყველაფერი მაინტერესებს... ოჯახში სტალინის ერთი წერილი გვაქვს მისი, რომელიც იმერეთში, თავის მასწავლებელს, პეტია კაპანაძეს გაუგზავნა. მოსკოვიდან მოსწერა, როგორც შეგპირდი, გიგზავნი დახმარებას, 2000 მანეთსო. ეს შეუფასებელი განძია ჩემთვის, რომელსაც ვერავის მივცემ და ვერც სახელმწიფო მუზეუმს გადავცემ. ეს ერთი რამ მაქვს მისგან შემორჩენილი და ვერ დავთმობ. ზოგჯერ რომ დავფიქრდები, ვისი შთამომავალი ვარ, ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. სხვათა შორის, სტალინი კარგად მღეროდა და ერთი ასეთი ფაქტიც ვიცი მის შესახებ: ქართული გუნდი ჩასულა მოსკოვში. რეპეტიციას სტალინიც დასწრებია და მათთან ერთად უმღერია მეორე ხმა. გაოგნებულები დარჩნენ. არავინ ელოდა მისგან მსგავს რამეს. ისეთი გენიოსი იყო, ისეთი ფენომენალური ტვინის პატრონი, რომ არა მგონია, მისგან რამე გამომყვა. თუმცა, ვინ იცის, წლები რომ მომემატება და გავიზრდები, იქნებ მერე აღმომაჩნდეს მისი გენეტიკიდან რამე. თუმცა, ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცი, რომ პოლიტიკაში არასდროს წავალ და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გავწევრდები. საერთოდ არ მხიბლავს ეს სფერო...

- სოსო, რამე გავლენა თუ მოახდინა შენს ჩამოყალიბებაზე ან ცხოვრებაზე ამ სახელმა და გვარმა?

GzaPress- არანაირი, მე ვარ მე - დირიჟორი და პიანისტი სოსო ბესარიონის ძე ჯუღაშვილი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყოველი მეორე სტალინი არ არის და ალბათ მისი შთამომავლობა ჩემზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს, მინდა თუ არ მინდა, თუმცა, მხოლოდ პოზიტიურს. ცუდს ყველაზე ამბობენ, მაგრამ რასაკვირველია, მაინც არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითი რამის მოსმენა.

- როდესაც სხვები იგებენ შენს სახელსა და გვარს, როგორი რეაქცია აქვთ?

- უკვირთ, კითხულობენ, უბრალოდ მოგვარე ხართ? იმის რამე ხართ? დიახ, დიახ, იმის რამე ვარ-მეთქი, ვპასუხობ სიცილით.

- ბოლოს, პირადულზეც გკითხავ - შეყვარებული ყოფილხარ თურმე, მართალია?

- (იცინის) ამ ეტაპზე უკვე აღარ ვარ, დამთავრდა სიყვარულის ეგ ისტორია... ჯერჯერობით არაფერი მაქვს გეგმაში. ჩვენთან, კონსერვატორიაში, სამწუხაროდ, საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტი არ არის და ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წასვლას ვგეგმავ, ასეთია ჩემი სამომავლო გეგმები...

ნინო ჯავახიშვილი