23 წლის ფშაველი მეცხვარე გოგონა და თხილიანელები
font-large font-small
23 წლის ფშაველი მეცხვარე გოგონა და თხილიანელები
სოფელ თხილიანასკენ გეზი დილაადრიან ავიღე ერთ თხილიანელ გოგონასთან, მარიამ ქოჩაშვილთან ერთად. ეს პატარა სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის თემის შემადგენლობაშია და არაგვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1360 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, დუშეთიდან კი 58 კილომეტრით არის დაშორებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 53 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი ვეჭვობ, ამდენიც აღარ არის. დრო ცოტა მქონდა, თუმცა მაინც შევძელი და რამდენიმე ოჯახს ვესტუმრე, ყველგან მხოლოდ ქალები დამხვდნენ. კაცებს სახლში დასაჯდომად არ სცალიათ, რადგან იქ შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა და სამწყესად იყვნენ წასულები. ქოჩაშვილების ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ნაირა დიდ სამზადისში იყო, ცეცხლზე ქვაბი შემოედგა და ხინკალს ხარშავდა, მოშივებულები იქნებითო. სახლში არც მისი მეუღლე, ზაზა ქოჩაშვილი დაგვხვდა. - გელოდათ, გელოდათ და რომ დაიგვიანეთ, ცხვარი გარეკაო, - გვითხრა ნაირამ და მთის ფერდობზე შეფენილი, ზანტად მიმავალი ცხვრის ფარისკენ მიგვანიშნა. როგორც იცით, გეოგრაფიულად ფშავი ქართლ-კახეთის საზღვარზე მდებარეობს და ამ ორი კუთხის მთიანეთს წარმოადგენს. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისგან ყოფს და უნდა ვაღიარო, დათოვლილ კავკასიონზე საოცარი და სასიამოვნო საყურებელი არაფერია...
GzaPressფშავლები ცხოვრობენ პანკისის ხეობაში, აგრეთვე გომბორში, ერწო-თიანეთსა და შირაქშიც, მაგრამ ძირეული მოსახლეობა სწორედ ფშავის არაგვის ხეობაშია მოქცეული. ადგილები ულამაზესია (შენი სახლის ეზოში არაგვი რომ ხმაურობს, ამაზე მეტი რაღა უნდა ინატროს კაცმა), ხალხი სითბოთი, გულწრფელობითა და სიყვარულით სავსე, ისეთი, კიდევ არაერთხელ რომ მოგანდომებს იქ ჩასვლასა და იქაურობით დატკბობას! უნებურად გამახსენდა, როგორ ახასიათებდა ვახუშტი ბაგრატიონი ფშავლებს: "ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. ხასიათით თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია. უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია". რთულია, იქაურები გაიცნო და ამ სიტყვებს არ დაეთანხმო...

ნაირა თანიაშვილი:
- თანიაშვილები დუშეთის რაიონიდან, სოფელ თანიანთ კარიდან ვართ. უკვე 23 წელია, რაც აქაურების რძალი ვარ. მაღაროს კარში 6 წელი შემნახველ სალაროში ვმუშაობდი, მაშინ გავიცანი ზაზაც. 1995 წელი იყო, იანვრის თვე, რომ გამოვყევი. მუხლამდე თოვლი იდო, ძალიან ციოდა, შიშით ეზოში ვერ გამოვდიოდი. ჩემი დედამთილი ზევით სოფელში ცხოვრობს უმცროს ვაჟთან და მათი სახლიდან კარგად ჩანს ჩვენი ეზო. ერთხელ მითხრა, გამოვიხედავ, ეზოში არ ხარ, შემეშინდება და ჩამოვდივარ ამბის საკითხავად. ეზო-კარს რატომ არ ათვალიერებ? ის მაინც არ გაინტერესებს, რამდენი საქონელი გვყავსო? ახალი მოყვანილი პატარძალი ხომ არ შევამოწმებდი, რამდენი რა ჰქონდათ და რამდენი სული საქონელი ჰყავდათ? ბარში ნაცხოვრებს გამიჭირდა მთისთვის დამახასიათებელ მკაცრ და რთულ პირობებთან შეგუება. მამაჩემსაც ჰყავდა საქონელი, მაგრამ გათხოვებამდე თავს არ ვიწუხებდი ძროხების მოვლით, მოწველაც არ ვიცოდი. აქ რომ მოვედი, მეტი რა გზა მქონდა, ყველაფერი ვისწავლე. ბევრი რამ დღესაც მწარედ მახსენდება. ხშირად ვრჩებოდი მარტო, მეუღლე მთაში რომ მიდიოდა. ღამე მივიკრავდი ბავშვებს გულზე და გაუნძრევლად ვიწექი, პატარი ხმაურიც კი მაშინებდა. აქაურები მიჩვეულები იყვნენ ამას, მაგრამ ჩემთვის ბევრი რამ რთული იყო...
- ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ, რას ვერ შეეგუეთ?
- ბარში მეზობლებს ხშირი მისვლა-მოსვლა გვქონდა, აქ კი ძალიან ჩაკეტილი იყო სოფელი. ახლაც, თითქოს დრო არ გვაქვს ერთმანეთთან საურთიერთოდ. შეიძლება, თვე ისე გავიდეს, ვერაფერი გავიგო თანასოფლელების. იმდენი საქმე გვაქვს, სადღა გვრჩება მეზობლების მოკითხვის დრო? ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობს ჩემს მეზობლად და იმის სახლიდან ამომავალ კვამლს რომ დავინახავ, ვხვდები, რომ კარგადაა და არაფერი უჭირს... დილით 7 საათზე რომ გამოვდივარ სახლიდან, 12-ზე შემოვდივარ უკან. ძალიან რთულია, შვილო, ამდენი შრომა ქალისთვის, განსაკუთრებით ბარელებისთვის. მახსოვს, ძროხა რომ დაიკარგებოდა, ტყეში მოსაძებნად მივდიოდი და ეს ორი ბალღიც თან მიმყავდა. ბავშვებს იქვე დავისხამდი ხოლმე და ისე ვწველიდი ძროხებს. ერთხელ მარიამი პატარა იყო, დეკეულმა წიხლი ჰკრა და თანაც ისეთი სიძლიერით, რომ ბოსლიდან გარეთ გადმოაგდო. ადრე უფრო მეტ გაჭირვებაში ვიყავით, უფრო რთული იყო სოფელში ყოფნა, ვიდრე დღეს. არც ტრანსპორტი დადიოდა (ახლა კვირაში სამჯერ დადის სამარშრუტო, ორჯერ თბილისში და ერთხელ დუშეთში. - ავტ.), ეს ხიდიც არ გვქონდა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე არაგვი რომ ადიდდებოდა, ხიდი მიჰქონდა და უშველებელი ქედის შემოვლით გვიწევდა მისვლა-მოსვლა. არც ტელეფონები იყო, ვერაფერს ვიგებდით, მოწყვეტილები ვიყავით ყველაფერს. ახლა მთავარი პრობლემა უგზოობა, სამანქანო ხიდის არქონა და კომუნიკაცია - ინტერნეტი არ გვაქვს. გვყავს ექიმი და ექთანი, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით აქ არიან, ბაზალეთიდან და მისაქციელიდან დადიან, ერთმანეთს ცვლიან. ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, უკანაფშავი მართლაც ცუდ დღეშია. ზღვის დონიდან 1750 მეტრზეა და როგორც კი მეწყერი ჩამოწვება, გზა იკეტება, მთლიანად წყდებიან ამ ქვეყანას.
- სულ რამდენი ბავშვი დადის ახლა სკოლაში?
- გაღმა-გამოღმა თხილიანაში ძირითადი მცხოვრებლები სულ, 15 კომლი ვართ. ზოგს სახლი აქვს, მაგრამ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის. მოსწავლეებისთვის ტრანსპორტია გამოყოფილი. სკოლაში ამჟამად 17 ბავშვი დადის. რაც შეეხება ახალგაზრდობას, მათგან დაცლილია აქაურობა...
- რითი ირჩენთ თავს? გარდა მესაქონლეობისა, სხვა შემოსავალიც თუ გაქვთ?
- მე და ჩემს მეუღლეს გაგვიმართლა, რომ დასაქმებულები ვართ - მე სკოლაში ბუღალტრად ვმუშაობ, ზაზა კი სპორტის მასწავლებელია. ძირითადად, რა თქმა უნდა, მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით ვირჩენთ თავს. ადრე მთაში ვთესავდით კარტოფილს და 200-300 ტონა მოგვყავდა გასაყიდად, მაგრამ მერე თავი დავანებეთ. 4 საათი ვუნდებოდით იქამდე ფეხით ასვლას, ძალიან შრომატევადი და დამღლელი იყო. ახლა კარტოფილს, ლობიოსა და სიმინდს ოჯახის სამყოფს თუ მოვიყვანთ. სათესი მიწები დასახლებული ადგილიდან მთაში შორს არის ისევე, როგორც საძოვრები. შეუძლებელია მანქანით იქამდე უსაფრთხოდ მისვლა და ამიტომ, კაცებს ზურგით ჩამოაქვთ თივა. საქონელი აქ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს, ცხვარი - მარტო ჩვენ. თვითონ ვუვლით ამდენ საქონელს, ზოგჯერ მარიამი გვეხმარება და მწყემსიც. ძნელია ფშავლების რძლობა, ტრადიციების მიმდევრები არიან, უფროს-უმცროსობა იციან... ახლანდელებმა კი არც უფროსი იციან და არც უმცროსი, რაც არ მომწონს. თუ შენიშვნა მიეცი, მაშინვე კანონებსა და უფლებებზე დაგიწყებენ საუბარს. უზრდელსა და თავხედ ადამიანს, რაც უნდა ნაკითხი იყოს, განათლებულს ვერ ვუწოდებ. ზრდილობა ადამიანს ყველა ასაკში და ყველა მდგომარეობაში ამშვენებს.
GzaPressმას შემდეგ, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა და პოპულარიზაციის შედეგად, რეალიზაციამ იმატა, ფშაველ ქალებსაც მოემატათ საქმე. არასდროს მქონდა დაგემოვნებული ეს ფშაური საკვები. მითხრეს, მარეხი ყველაზე გემრიელ დამბალხაჭოს ამზადებსო და მეც ბევრი არ მიფიქრია, ამაში დასარწმუნებლად და დამბალხაჭოს გასასინჯად მე და მარიამი მას შინ ვესტუმრეთ. მარეხი უძილაური 13 წელია, ამ სოფლის რძალია და კუთხისთვის დამახასიათებელი, ყველაფერი გაუთავისებია. მასპინძელმა თბილად მიგვიღო, ერბოში ხაჭო ხელდახელ მოაცხელა და დაგვაგემოვნებინა. თან, მომზადების წესს გვიხსნიდა:
- დამბალხაჭოს დამზადება აქ ვისწავლე. რძე რომ მომჟავდება, ნაღებს ვხდი, მერე ვათბობ და რომ მოხაჭოვდება, ნაჭრის პარკებში ვასხამ. როცა გაიწურება, მარილში კარგა ხანს ვზელ, მერე ძობანზე - წნელისგან მოწნულ სპეციალურ სათავსში ვაწყობ. ამ ძობანს შუაცეცხლის თავზე ვკიდებთ დაახლოებით ერთი კვირა. კარგად უნდა გაშრეს. ამის შემდეგ შრატში ვრეცხავ და დასალბობად თიხის ქოთანში ან ქვევრში ვალაგებ. ასე, 2-3 თვე მაინც სჭირდება, რომ ხაჭოს კვერები დალბეს და მზად იყოს. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს ობს, რომელიც გემრიელიცაა და სასარგებლოც. სხვათა შორის, ომში, სხვა საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად გამძლეობისა და სიმსუყის გამო დამბალხაჭო მიჰქონდათ. რეალიზაცია არ გვიჭირს, მსურველები აქაც მოდიან შესაძენად და ქალაქშიც ჩაგვაქვს. ეს ბოლო წლებია, რაც მოთხოვნადი გახდა. ადრე თვითონ ფშავლები თუ ყიდულობდნენ.
დაბოლოს, მინდა მარიამიც გაგაცნოთ - ეს არის გოგონა, რომლის დამოკიდებულებამაც თავისი კუთხისა და სოფლის მიმართ თხილიანაში ჩასვლა და მასალის მომზადება გადამაწყვეტინა. მარიამი 23 წლისაა, თბილისში ექთანის პროფესიას ეუფლება, პარალელურად შაბათ-კვირას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. დასვენების დღეებში სოფელს მიაშურებს, რადგან მისთვის იქაურობა განსაკუთრებული და მშობლიურია:
- ყოველთვის მიხარია ჩემს სახლში, მშობლებთან, ჩემს სოფელში ჩამოსვლა. მთა ჩემთვის იგივე სახლია, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მთის სიყვარული იწყება სუფთა ჰაერითა და არაგვის ხმიანობით. აქ თითოეული ხეც კი ხელოვნებაა. ფშაური ტრადიციები, სიმღერა, კაფიაობა - ეს ხელოვნებაზე მეტია.
- მარიამ, სოფელი ეკლესიების სიუხვით არ გამოირჩევა, ხომ ასეა?
- ერთადერთი ეკლესია გვაქვს და მასზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ფშავში, როგორც იცით, მთავარი სალოცავი ლაშარია. შუა საუკუნეებამდე ამ წარმართულ სალოცავს მუხის ანგელოზი ერქვა. ლაშა-გიორგის ფშავში უმოგზაურია და მთავარი სალოცავისთვის ვერცხლის ჯვარი შეუწირია. ამიტომაც, მეფის პატივსაცემად ფშავლებს სალოცავისთვის ლაშარი უწოდებიათ. მოგვიანებით, ზურაბ ერისთავმა რამდენჯერმე სცადა ფშავლების დამორჩილება, მაგრამ ვერ შეძლო. მისთვის უთქვამთ, ფშავლების ძალა გორაზე მდგარ ბერმუხაშია, რომელიც ოქროს ჯაჭვით არის ცაზე ჩამოკიდებულიო. ზურაბმა თურმე სცადა მუხის მოჭრა, მაგრამ რამდენ ნაფოტსაც ჭრიდა, მუხა ისევ მთელდებოდა. შემდეგ ვინმე აფციაურს უსწავლებია, კატის სისხლი მიასხურე და ისე მოჭერიო. ზურაბ ერისთავი მართლაც ასე მოქცეულა და მუხა მოუჭრია, ჯაჭვი კი გაწყვეტილა და ცაში წასულა. ამის შემდეგ მართლაც დაუმორჩილებია ფშავლები. მუხის ძირს დღესაც უჩვენებენ ლაშარის გორაზე, სადაც ლაშარის სალოცავია.
- ახლა შენს აქაურ ყოფაზე და მეცხვარეობაზეც მიამბე?
- მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და სხვა გეგმები მაქვს, სოფელში ისე ვცხოვრობ, როგორც ერთი ჩვეულებრივი გოგო. როდესაც ზაფხულობით ჩამოვდივარ, ყველაფერს ვაკეთებ - საოჯახო საქმეებშიც ვეხმარები დედას და აღარ მახსოვს, რა ასაკიდან, ცხვარშიც დავდივარ. ეს ბევრს აკვირვებს, არა მარტო ჩამოსულ სტუმრებს, არამედ აქაურებსაც. ადრე ქალები მწყემსავდნენ და ეს ამბავი არავის აკვირვებდა. რა მოხდა მერე, როცა ბევრი საქმეა და ყველა რაღაცას აკეთებს, მეც რომ მივიღო მონაწილეობა ოჯახურ საქმიანობაში? თან, დედა მეცოდება, ბევრი რამის კეთება უწევს და მირჩევნია, მის ნაცვლად მე წავიდე. მახსოვს, ერთხელ 10-11 წლისები ვიქნებოდით, მე და ჩემი ძმა გაგვგზავნეს ცხვარში. სახლში ძალიან ადრე, 5 საათზე დავბრუნდით და მშობლები გაგვიწყრნენ, ცხვარი ასე ადრე რატომ მოიყვანეთო? არადა, ძალიან მოვიწყინეთ და სახლში მოგვინდა. ბავშვისთვის, ცოტა არ იყოს, ძნელია მეცხვარეობა. წვიმაში, ქარში გარეთ გიწევს ყოფნა.
- აბა, რომ მეუბნებოდი, მეცხვარეობა სულაც არ არის რთულიო?
GzaPress- (იცინის) ამ პროფესიას, რა თქმა უნდა, სირთულეც ახლავს... დაახლოებით 100 სული ცხვარი გვყავს. დილის ექვს საათზე გამყავს საძოვრებზე. ზაფხულში, თუ ძალიან ცხელა, შუადღისკენ მომყავს სახლში, რადგან ცხვარი სიცხეში არ ჭამს. თუ ძალიან დაღლილი ვარ, ვცდილობ, დავისვენო და 1-2 საათით დავიძინო, თუ არადა, დედას ვეხმარები საოჯახო საქმეებში. დაახლოებით ხუთ საათზე ისევ ვუშვებ ცხვარს საძოვრებზე და საღამოს 8-9 საათზე მომყავს უკან. ზამთარში კი, თუ ცუდი ამინდია ან დიდთოვლობაა, ბაგურ კვებაზე გვყავს, ანუ კომბინირებულ საკვებზე: ქერი, შვრია, ქატო და ა. შ. ასევე, ვცრით პარაზიტებზე, რომ არაფერი შეხვდეთ. პირობები რთულია, რადგან ძირითადად, მთაგორიანი გარემოა, ცხვრის გაშვებაც გორებსა და ფერდობებზე გვიწევს.
- თბილისში როგორ ცხოვრობ?
- შაბათ-კვირას დილიდან საღამოს ექვს საათამდე პაციენტების განკარგულებაში ვარ. ლექციების შემდეგ კი ხშირად ვიკრიბებით მეგობრები, ძალიან მიყვარს მათთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. მეგობრებმა მითხრეს: ერთხელ ჩვენც წამოგყვებით ცხვარში, ძალიან გვაინტერესებს ეგ საქმიანობაო.
- რატომ აირჩიე ექთანის პროფესია?
- ექიმობა ყოველთვის მინდოდა, რადგან ჩვენს სოფელში სულ ეს პრობლემა იყო. მინდა, სწავლა გავაგრძელო, პროფესიონალი გავხდე ჩემს საქმეში და ვოცნებობ, თხილიანაში გავხსნა დიდი ამბულატორია ან საერთოდაც, საავადმყოფო. აქაურებს ეს ძალიან სჭირდებათ. უნდა ნახოთ, რა საცოდავად გამოიყურება ჩვენი ამბულატორია. საერთოდაც, კარგი იქნება, თუ მაღალმთიან სოფლებსა და იქ მცხოვრებლებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და სხვადასხვა სახის წახალისებით სტიმულს მისცემენ ახალგაზრდობას, რომ მამაპაპეულ მიწას დაუბრუნდნენ!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბავშვობაში გამოვლილი ჯოჯოხეთი და ნატვრა პატარა სახლზე
პოეტი მიხეილ ზანდუკელი წინაპრებსა და საკუთარ საინტერესო თავგადასავალზე
მუზნათელა - ქალი, რომელსაც სახელი მიხეილ ჭიაურელმა "შეუცვალა"
"აბორიგენთა წმინდა მთას ყოველწლიურად 50 000 ტურისტი სტუმრობს"
რაზე ოცნებობს ქართველი რეკორდსმენი
ამ მხატვარს ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი