პირველი ინტეგრირებული სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე - გზაპრესი

პირველი ინტეგრირებული სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

"რას ვმატებ საზოგადოებას, როგორც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი" - საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ წელს გაჟღერებული ამ ლოზუნგის მიხედვით, გაეროს მიერ გამოცხადებულ დაუნის სინდრომის დღესთან (21 მარტი) და მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თეატრ "აზდაკის ბაღის" დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებმა სპექტაკლი - "47=46" მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ითამაშეს. მრავალი სიმბოლოთი დატვირთულმა წარმოდგენამ მაყურებელს ამ ადამიანების შესაძლებლობების, საჭიროებების, გრძნობებისა და დამოკიდებულებების შესახებ თავისი სათქმელი გადასცა...

გიგო შიუკაშვილი, მსახიობი:

- ძალიან მიხარია, პროფესიონალი მსახიობების სახით ახალი მეგობრები რომ შევიძინე. მათთან მუშაობა საოცარი იყო. ყოველდღე მათთან გვიანობამდე მუშაობა იმდენად სასიამოვნო იყო, ვერც მე და ვერც ჩემი მეგობრები დაღლას ვერ ვგრძნობდით. ჩემი ეტიუდი თანასწორობას ეხებოდა. თანაც, პარტნიორს, რომელიც მეკითხება, - ყრუ ხომ არ ხარო? ვუსწორებ, რომ სმენადაქვეითებული უნდა ეთქვა და ეს როლი მომწონს... "46+1" - გიგო და მისი მეგობრები არიან...

GzaPress

ბაჩო გაბრუაშვილი, რეჟისორი:

- ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი" 2016 წლის მარტიდან ჩამოყალიბდა. დასი 18 შშმ და 8 ტიპური განვითარების მსახიობისგან შედგება. ხუთი სპექტაკლი უკვე დავდგით, ორზე კი ამჟამად ვმუშაობთ.

- თეატრის ჩამოყალიბებას რაიმე წინა პირობა უძღოდა წინ?

- პროფესიით მსახიობი ვარ. მეათე წელია, სხვადასხვა დღის ცენტრში ვმუშაობ, სპექტაკლებს ვდგამ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მათ ტიპური განვითარების მსახიობებზე არანაკლებ შეუძლიათ თამაში. მშობლები მენდნენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

- სამუშაო პროცესი, ალბათ, სპეციფიკურია...

- პროცესი ბუნებრივია, განსხვავებულია. ტიპური განვითარების მსახიობს მსახიობის ოსტატობა ინსტიტუტში და შემდგომ უკვე, სცენაზე აქვს ნასწავლი, ჩვენმა მოზარდებმა კი ორი წლის შრომით იმდენს მიაღწიეს, სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სრულფასოვნად ითამაშეს. აღფრთოვანებულები და ბედნიერები იყვნენ შედეგით. რეპეტიციები სულ 20 დღე მიმდინარეობდა, თუმცა, შევძელით და მაყურებელს კარგი სანახაობა წარვუდგინეთ. რაც უფრო მეტი დრო გავა, მჯერა, უფრო მეტი პროფესიონალიზმით შევეჭიდებით სცენას. ჩვენ "ვიბრძვით" იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს - არ არსებობს "ჩვენ" და "ისინი", არსებობს მხოლოდ "ჩვენ"...

მიკა ძიძიგური, პროექტის ავტორი, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი:

- ტიპური განვითარების ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, პლუს ერთი კი დაუნის სინდრომს ნიშნავს. სპექტაკლის საშუალებით ვეცადეთ გაგვეჟღერებინა სათქმელი, რომ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად ქრომოსომების რაოდენობისა, ყოველთვის სჭირდება მხარდაჭრა.

- სპექტაკლში არაერთი სიმბოლოა წარმოჩენილი...

- ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო წინდაა, რადგან ის ფორმით ქრომოსომას ჰგავს. წინდა საერთაშორისო სიმბოლო გახლავთ, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენც აქტიურად ვიყენებთ. წელს გადავწყვიტეთ, ისინი თავად შეგვექმნა და მიხარია, რომ წინდები წარწერით "#წინდამინდა" ქართული ნაწარმია... წელს მსოფლიო გზავნილი გახლდათ: "რას ვმატებ საზოგადოებას, როგორც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი". შესაბამისად, ჩვენი მიზანიც მათი შესაძლებლობების გამომჟღავნება იყო. გვაქვს ასეთი "ჰეშთეგიც" - "ჩაერთე და გაერთე". საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიზანია საზოგადოება ამ კამპანიაში ხალისით, შემოქმედებითი კუთხით ჩაერთოს და ამავე განწყობით გავავრცელოთ ინფორმაცია ზოგადად, დაუნის სინდრომის შესახებ...

GzaPress

ვეკო ყიფიანი, პროექტის ავტორი:

- ამ მოზარდებმა შეძლეს და დიდი სიყვარულის მარცვალი დატოვეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე. ამ საღამოს საშუალებით არაერთი სათქმელი ითქვა, არაერთი პოზიტიური გზავნილი გაიგზავნა თეატრის გარეთ... ბედნიერები იყვნენ, რომ სცენაზე პოპულარულ მსახიობებთან ერთად იდგნენ და მათთან ერთად თანაბრად შრომობდნენ. თეატრის მსახიობები გაოცებული არიან მათი ენთუზიაზმით, მონდომებით, შრომისმოყვარეობითა და ნიჭიერებით. განსაკუთრებული პოზიტივი მოაქვთ და თანამშრომლობაში კომფორტულები არიან, რამაც მათი გულწრფელი მეგობრობა გამოიწვია. ამის გათვალისწინებით, სამომავლოდაც იგეგმება თანამშრომლობა.

ქეთი ქიტიაშვილი, მსახიობი:

- ამ ბავშვების შესაძლებლობებით გაოგნებული ვარ. მათთან მუშაობისას ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო, რომ შემიძლია რაღაცები მათგან ვისწავლო. საერთოდ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად მივიჩნევი. იმდენად, რომ ზოგჯერ ეს მაწუხებს კიდეც, თუმცა, ამ ბავშვების პასუხისმგებლობის გრძნობის მსგავსი არაფერი მინახავს. მიზნად აქვთ დასახული, რომ იმედი არ გაგვიცრუონ. მათთვის არ არსებობს დაგვიანების, მით უმეტეს, მოუსვლელობის მიზეზი. გაოცებული ვარ მათი აზროვნების უნარით. ისინი არაჩვეულებრივ მაგალითს გვაძლევენ, როგორ უნდა ფლობდე საჯარო სივრცეს. ჩვენ, მსახიობებს, საჯარო მარტოობის შეგრძნების გამომუშავებას პედაგოგები გვასწავლიდნენ. დაჯერების ძალა მაშინ ჩნდება, როცა საჯარო მარტოობის გრძნობა გაქვს. მათ კი ეს იმდენად მომეტებულად აქვთ და იმდენად ბუნებრივად გამოსდით, სცენაზე მათი ნახვა ერთი სიამოვნებაა... მათთან მუშაობა ბევრი ახალი დასკვნის გამოტანის წინა პირობა გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი სითბოს და სიყვარულის უნარი ჰქონდათ. ჩვენ, ტიპური განვითარების ადამიანები, არაფერს ვპატიობთ ერთმანეთს, დაუნდობლები ვართ. როცა ხედავ, რამდენად უხვად გამოხატავენ გრძნობებს, ხვდები, რომ არასწორად ცხოვრობ, გიჩნდება სურვილი უფრო მეტი სითბო გამოამჟღავნო, მეტი სიყვარული გასცე. ვცდილობ, მაგრამ მათსავით არ გამომდის... ყველას ვურჩევდი, მათთან რაც შეიძლება მეტი იკონტაქტონ. ისინი არიან მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ... 51 წლის ვარ და ვფიქრობდი, რომ რაღაც ვიცოდი. ახლა მივხვდი, რომ ასე არ არის. დავამატებდი, რომ ამ ადამიანებთან "ენის მოჩლექით" საუბარი არასწორია, რადგან როგორც სპექტაკლის სახელწოდებაც გულისხმობს, ჩვენ ერთნი ვართ. მიხარია, რომ ჩვენი თეატრი პირველია, სადაც "აზდაკის ბაღისა" და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა ერთობლივი წარმოდგენა გამართეს. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ეს მოიფიქრა და განახორციელა...

ნინო ლეჟავა, მსახიობი:

- მათთან მუშაობის გამოცდილება მანამდე არ მქონია და ბედნიერი ვარ, ამის საშუალება რომ მომეცა. ჩემთვის დიდი აღმოჩენა გახლდათGzaPress მათი პროფესიონალიზმით სავსე დამოკიდებულება მსახიობობის მიმართ. მუშაობის პროცესში ადვილი შესამჩნევი იყო, როგორ უყვარდათ სცენაზე განთავსებული თითოეული ნივთი, რომ აღარაფერი ვთქვათ პარტნიორებზე... ვერც ერთ მათგანს ვერასოდეს შეამჩნევდი დაღლას... ეს დღე ჩემთვის მათ მიერ მოძღვნილი დღესასწაული იყო და ყოველთვის მოხარული ვიქნები, თუკი მათ გვერდით ყოფნის საშუალება მომეცემა. შეიძლება ითქვას, დამოკიდებული გავხდი მათთან ურთიერთობაზე და მიხარია, რომ რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა, დუმბაძის "ბოშებში" ერთ-ერთ როლზე მიმიწვია, სადაც მათთან ერთად მუშაობის სიამოვნება მექნება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სიყვარულის გაზიარების საშუალება მოგვცა...

ირაკლი გოგოლაძე, მსახიობი:

- მათგან, ყველა დამეთანხმება, რომ დიდი სიყვარული და სითბო იგრძნობა. საქმეს პროფესიონალი მსახიობებივით უდგებიან. აბსოლუტურად გასიგრძეგანებული აქვთ პასუხისმგებლობა და ეს ყველა მათ საქციელში იგრძნობა... სპექტაკლის შემდეგ გამორჩეულად ემოციურები, ბედნიერები იყვნენ...

შორენა ლაბაძე