სკოლის დირექტორი, რომელიც სამშობლოს 10 შვილს უზრდის - გზაპრესი

სკოლის დირექტორი, რომელიც სამშობლოს 10 შვილს უზრდის

ჯაბანიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ერთ დიდ ოთახში დამხვდა შეყუჟული: ზოგი ტელევიზორს უყურებდა, ზოგი სახლს ალაგებდა, პატარები კი თამაშში იყვნენ გართული. მშობლები შინ არ დამხვდნენ, გვიან დაბრუნდებიანო, მითხრეს ბავშვებმა და თვითონ მიმასპინძლეს. ზაზა ჯაბანიშვილი და ირმა ცქიფაშვილი 10 შვილთან ერთად უკანაფშავში, სოფელ თხილიანაში ცხოვრობენ. უფროსი, ბარბარე 16 წლისაა, სოსო - 15-ის, მარიამი - 13-ის, სალომე - 12-ის, თინა - 10-ის, ჯაბა - 9-ის, ნინო - 8-ის, ნაზი 6-ის, ელენე - 3-ის და ნაბოლარა დათა 2 წლის. ირმას მოსვლამდე ბავშვებს გამოველაპარაკე.

- ბარბარე, ალბათ ძირითადად, შენ უვლი დანარჩენებს, როგორც უფროსი, არა?

- რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მე მაქვს. დედა, რაც მახსოვს, სულ მუშაობს და ჩვენ, ყველანი ვპატრონობთ და ვზრუნავთ ერთმანეთზე. ასაკობრივად დიდი სხვაობა არც არის ჩვენ შორის. როცა ცუდად ვარ, დები მივლიან.

- რას ნიშნავს ამდენი დედმამიშვილის ყოლა?

- როგორ გითხრათ, სიხარულია. კარგია იმ მხრივაც, რომ ყველანი ერთად კარგად ვერთობით. სულ ხმაური და არეულობაა სახლში, ძალიან ცოტა ხნით თუა სიწყნარე და სიმშვიდე. პატარები ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ მეორე წუთში ისევ ერთმანეთს ეხუტებიან.

GzaPress- ახლა გულახდილად მითხარით, რომელი ხართ ყველაზე ონავარი?

სხვები მორცხვობენ და ისევ ბარბარე მპასუხობს:

- გოგოები ყველანი ცელქები არიან, ბიჭებში დათაა ონავარი.

- როგორ სწავლობთ?

სალომე:

- ისე რა...

- მერე დედა სკოლის მასწავლებელი რომ არის და თან - დირექტორი, არ გიბრაზდებათ ამის გამო?

- დედა მხოლოდ თინას ასწავლის, თინას კი კომპიუტერი ძალიან უყვარს და ამიტომაც, მის საგანს სწავლობს. ისედაც, "ათოსანია".

ბარბარე:

- მეცადინეობისას არ მიჯერებენ. ძალიან ბევრჯერ უნდა ვუთხრა, რომ გაკვეთილები მოამზადონ.

- სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?

- ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება. ვნახოთ, კიდევ მაქვს დასაფიქრებლად დრო.

- მშობლები ყველაზე მეტად, ვის ეფერებიან?

- მე, - მორიდებით წამოიძახა დათამ, რომელიც მანამდე სულგანაბული და დარცხვენილი უსმენდა ჩვენს საუბარს... ამასობაში ირმაც დაბრუნდა და საუბარი ოჯახის დიასახლისთან გავაგრძელე.

49 წლის ზაზა ჯაბანიშვილი და 44 წლის ირმა ცქიფაშვილი უკვე 18 წელია, ერთად ცხოვრობენ. ზაზა მძღოლია, ირმა კი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია და ინფორმატიკას ასწავლის.

- მე მაღაროსკარიდან ვარ. ეს სოფელიც ახლოსაა თხილიანასთან. ჩვენი ამბავი ტრადიციულად, გარიგებით მოხდა. ზაზა ჩემი უფროსი ძმის თანაკლასელია, მეც ვიცნობდი და ჩვენი მშობლებიც იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა არანაირი გრძნობები არ გვქონია ერთმანეთის მიმართ. მერე ახლობლები ჩაერივნენ და... განსაკუთრებით ბებიას მიუძღვის დიდი წვლილი ამ ამბავში. მთაში, მით უფრო ძველად, ტრადიციების მიხედვით გვზრდიდნენ. მოგეხსენებათ, ჩვენთან ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა და ყოველ თემს თავისი ღვთისშვილი ჰყავდა, ყოველ ღვთისშვილს კი თავისი - "საყმო". ფშავში სულ 12 თემია და მათი საერთო სალოცავია იახსარი. უამრავი ლეგენდა არსებობს იახსარზე და ერთ-ერთის თანახმად, ის მხსნელად მოევლინა ხალხს და გამორჩეული ყოფილა თავისი ღონითა და ძლიერებით. ჩემი მეუღლე სწორედ იახსრის ყმა გახლავთ. ბებიამ მითხრა, უკვე 25 წლის ხარ, რახან აქამდე გასათხოვარი დარჩი და სამომავლოდ გინდა, რომ ბედნიერი იყო, იახსრის ყმას უარი არ უნდა უთხრაო. მე კი ადათ-წესებს პატივს ვცემდი და დავმორჩილდი უფროსების ნებას, გადაწყვეტილება მივიღე და ნამდვილად არ ვნანობ მაშინდელ ჩემს ნაბიჯს.

- ამას ვხვდები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 შვილს არ გააჩენდი...

- თურმე პატარაობისას რომ მეკითხებოდნენ, სად უნდა გათხოვდე, რამდენი შვილი უნდა გყავდესო? ვიძახდი, რუსთავში უნდა გავთხოვდე და 9 შვილი უნდა მყავდეს-მეთქი. გეგმა შევასრულე კი არა, ცოტა გადავაჭარბე კიდეც (იცინის). პირველი გოგო რომ შემეძინა და მერე ბიჭი, ვფიქრობდი, ამათ გავზრდი და ფეხზე დავაყენებ, საკმარისია-მეთქი, მაგრამ ღვთის ნებით, ახლა 10 მყავს.

- ვინმე თუ გეხმარებოდა პატარების გაზრდაში? ძნელია ამდენი ბავშვის მოვლა, მით უფრო, ასეთ მაღალმთიან სოფელში.

- რომ შემშინებოდა, ალბათ არც გავაჩენდი. ჩემი გასაკეთებელი მაინც მე უნდა გავაკეთო და ცოტა მეტად უნდა შევწუხდე-მეთქი, ვფიქრობდი. ადრე დედამთილი და მული მეხმარებოდნენ, მეცხრე და მეათე ბავშვი უკვე მარტომ გავზარდე. ერთმანეთს უვლიან, ერთმანეთისთვის და-ძმებიც არიან და მშობლებიც.

- მატერიალური მხარე არ გაშინებდათ?

- როგორ არა, მიფიქრია მაგაზეც, მაგრამ მერე მითქვამს, ერთი მეყოლება თუ ათი, ორივე შემთხვევაში, მაინც ერთნაირად ვიცხოვრებთ-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გვიჭირს. ვახერხებთ თავის რჩენას. რაკი ორივე ვმუშაობთ, სოციალური დახმარება არ გვეკუთვნოდა, მაგრამ გაითვალისწინეს ჩვენი მრავალშვილიანობა და სახელმწიფოსგან დახმარებას ამ სახით ვიღებთ. ბავშვები ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე, არ არიან მომთხოვნები და პრეტენზიულები. ვთქვათ, სადმე მყოლია რომელიმე წაყვანილი და რაღაც გარკვეული თანხა მიგვიცია. წარმოუდგენელია, რომელიმემ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის დახარჯოს. ცდილობენ, სხვებსაც უყიდონ რაღაცები და გაახარონ.

- ალბათ დიდია სიამაყის გრძნობა იმის გამო, რომ ქვეყანას 10 შვილს უზრდი...

GzaPress- რა თქმა უნდა, ამას ვერ უარვყოფ! დედა რომ გახდები, მერე უკვე სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად აზროვნებ, სხვანაირი დამოკიდებულება გაქვს ყველაფრის მიმართ... ზოგჯერ რომ დავფიქრებულვარ, რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს, როგორც დედას, ცოტა არ იყოს, შემშინებია. ერთ-ერთს, სალომეს ფიზიკურად ძალიან მამსგავსებენ და ერთხელ უთქვამთ, დედას როგორ ჰგავხარო. არაო, დედას როგორ ვგავარ, მე 2 ბავშვზე მეტს არ გავაჩენო. ფიქრობენ, რომ ძალიან ვიტვირთავ თავს...

- მეუღლეც ხომ არ გსაყვედურობთ ამის გამო?

- მეათეზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, დავუმალე და გვიან ვუთხარი. სირცხვილია, რას იტყვიან სოფელშიო? სასირცხვილოს რას ვაკეთებ-მეთქი? ახლა გიჟდება პატარა ბიჭზე და ვერ წარმოუდგენია უმისობა. არც ერთი არ ეზედმეტება.

- როგორ ახერხებთ ერთდროულად სამსახურსა და ოჯახს შორის დროისა და ენერგიის გადანაწილებას?

- 2006 წლიდან ვმუშაობ სკოლაში, 2008 წლიდან კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ მუშაობას თავი დავანებო და შვილებს მოვახმარო ჩემი დრო და ენერგია, მაგრამ ისევ და ისევ მათთვის ვიტვირთავ თავს და შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებ. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებო, ათივე შვილს თანასწორად უნდა გადავუნაწილო სიყვარული, ზრუნვა, ყურადღება...

P.S. ზაზას და ირმას სიკეთეს, ბედნიერებასა და წარმატებებს ვუსურვებთ, საქართველოს კი ასეთი მრავალშვილიანი ოჯახების სიუხვეს!

ნინო ჯავახიშვილი