ქუჩაში სამათხოვროდ გასული გოგოს უმძიმესი ცხოვრება და ბიჭი, რომელიც 12 წლის ასაკში მამა გახდა - გზაპრესი

ქუჩაში სამათხოვროდ გასული გოგოს უმძიმესი ცხოვრება და ბიჭი, რომელიც 12 წლის ასაკში მამა გახდა

ბავშვები დედის გვარზე არიან. იგი თავის შვილებთან ერთად მშობლებთან დაბრუნდა და თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული მდგომარეობა. იმ ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ შეიძლება საცხოვრებელი დაარქვა: ეზოში პატარა ფიცრული დგას, ორი პატარა ოთახით, აქედან ერთში, ერთი საწოლი დგას, იქვეა შეშის ღუმელი, რომლითაც ოთახს ათბობენ, პატარა მაგიდა, ორი სკამი და სალოცავი კუთხეც აქვთ გაკეთებული. საწოლში, რომელზეც მარტო ლეიბი იდო, პატარა გოგონა ჰყავდა დედას დაწვენილი, მაგიდაზე ბოთლში ბავშვისთვის გამზადებული ფაფა ჰქონდა. ანერვიულდა, თუმცა თავის მძიმე ცხოვრებაზე გვიამბო.

სახლში დედამისიც იყო, რომელიც ჩვენს საუბარს უსმენდა და ლაპარაკშიც ერთვებოდა. ამ ფიცრულს მეორე ოთახიც აქვს, მაგრამ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარია, სხვადასხვა ნივთითაა სავსე. ენით აღუწერელია მათი მდგომარეობა. ნათია ამბობს, რომ ერთადერთ საწოლზე მას პატარებთან ერთად სძინავს, ხოლო მისი მშობლები იქვე, იატაკზე ათევენ ღამეს.

- დედას და მამას, აქ, "პოლზე" სძინავთ, - მაჩვენებს ადგილს ნათია, თუმცა, იქ ალაგ-ალაგაა იატაკის ფიცრები შემორჩენილი. ფოტოების გადაღების უფლებას არ მაძლევს.

ჩემთვის ძალზე მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა ახალგაზრდა გოგონას ამბავი, რომელსაც თურმე სკოლაში საერთოდ არ უვლია და წერა-კითხვაც არ იცის. ამბობს, რომ მხოლოდ ხელის მოწერა შეუძლია. რაც კარგად იცის, ფულის დათვლაა, რადგან თავს მათხოვრობით ირჩენს და ოჯახსაც არჩენს. ქუჩაში დიდი დრო აქვს გატარებული. ამბობს, რომ 12 წლიდან ითხოვს მოწყალებას.

ნათია:

- 12 წლის ვიყავი, სოფლიდან თბილისში რომ ჩამოვედით. მას მერე სოფელში არ ჩავსულვარ და იქ წასვლაზე არც მიფიქრია. იქ რა უნდა ვაკეთო? ნამდვილად არ მინდა იქ წასვლა, აქ უკეთესია. ჯერ დედაჩემი წამოვიდა სოფლიდან თბილისში, ვაგზალზე ხაჭაპურებს ყიდდა, მერე იმ ფულით საჭმელი ჩამოჰქონდა ჩვენთან. მე მამასა და ბებოსთან ვიზრდებოდი. სკოლაში პირველი კლასის მერე არ მივლია, - არ მინდოდა და იმიტომ.

- წერა-კითხვა არ იცი?

- არ ვიცი. ცოტა კითხვა შემიძლია. ხელის მოწერა ვიცი და ფულის დათვლა.

- ქუჩაში როგორ აღმოჩნდი?

- აქ ერთი გოგო გავიცანი და დავმეგობრდით. ერთ დღეს ვაკეში წავედით. მაშინ გადავწყვიტეთ, მათხოვრობა დაგვეწყო. იმ დღეს 10 ლარი მოვაგროვეთ, ეს ძალიან მოგვეწონა და მას მერე ხშირად დავდიოდი ხან მეტროში, ხან ვაკეში, ხან სად და ასე ცოტა ფულს ვშოულობდი. 14 წლისა ვიყავი, ქუჩაში რომ დამიჭირა ერთმა გოგომ და მითხრა, აქ რომ დადიხარ, წამომყევი და დღის ცენტრში მიგიყვან, იქ დაგბანენ, საჭმელს გაჭმევენ და კარგადაც მოგივლიანო. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ძალით მიმიყვანა, წერეთელზე იყო ეს შენობა და რომ შევედი, მართლა მომეწონა. 6 საათამდე იქ ვიყავი, კარგად მაჭმევდნენ, კარგად მექცეოდნენ, სითბოც იყო და სათამაშოებიც, მერე მოვდიოდი სახლში. იქიდან რომ გამოვიდოდი, ცოტა ხანი ან მეტროში ჩავიდოდი, ან ვაკეში წავიდოდი ცოტა ფული რომ მომეგროვებინა და დედასა და მამასთან მიმეტანა. მათაც ხომ უნდოდათ საჭმელი. ან მე ვყიდულობდი საჭმელს და მიმქონდა. დედისერთა ვარ და მათ ხომ უნდა დავეხმარო?

- შენი მშობლები არ მუშაობდნენ?

- მაშინ არ მუშაობდნენ, ამიტომ მე ვეხმარებოდი. ახლა მამაჩემს აქვს სამუშაო, ბაღებს უვლის, ალაგებს და ცოტა ფულს აძლევენ, ამ ფულით ჩემი შვილებისთვის საჭმელი მოაქვს. მე ახლა პატარა მყავს და ქუჩაში ვერ გავდივარ, სულ სახლში ვარ, ჯერ ვერ ვტოვებ ბავშვებს.

- თავშესაფრიდან რატომ წამოხვედი?

- იქ მართლა კარგი იყო, ალბათ თქვენც გაგიგონიათ "კარიტასი", მერე მისამართი შეიცვალეს, სხვაგან გადავიდნენ და იქაც წავედი. ერთხელ მასწავლებელს ვუთხარი, თუ შეიძლება, ღამე მეც დავრჩები-მეთქი. იქ რჩებოდნენ ჩემი მეგობრები და მეც მათთან ყოფნა მინდოდა. მერე სულ იქ ვიყავი. ვისთანაც ვმეგობრობდი, ისინი გაიზარდნენ და წავიდნენ, იქ მარტო რა მეკეთებინა მეგობრების გარეშე? მეც წამოვედი.

GzaPress- ისევ მათხოვრობა დაიწყე?

- კი, აბა, რა მექნა? საჭმლის ფულს მაინც ვშოულობდი. 18 წლის ვხდებოდი, ქუჩაში ბიჭი რომ გავიცანი. მისგან მყავს უფროსი შვილი. ცოტა ხანს ნაქირავებში ვიყავით, ქირის ფულს ვაგროვებდი, ისიც ხანდახან მათხოვრობდა, მაგრამ არ უმართლებდა, 5 ლარამდე თუ მოაგროვებდა. მერე დამტოვა და სადღაც წავიდა... მამაჩემი მეუბნებოდა, თავი დაანებე მათხოვრობასო, მაგრამ ფული ხომ მინდოდა? ორსულობის დროს ბევრ ფულს ვშოულობდი. რომ ვიმშობიარე, ორი თვე ვიყავი სახლში ბავშვთან ერთად, მერე დედაჩემს დავუტოვე და ისევ ქუჩაში გავედი, ფული რომ მეშოვა. ბევრი ფული მჭირდებოდა, ბავშვს ფაფა, პამპერსი ხომ უნდოდა?

- მეორე პატარას სხვა მამა ჰყავს?

- კი. ჩემი ქმარი ბოშაა, დაქალმა გამაცნო მათხოვრობის დროს და მას გავყევი ცოლად. ლოტკინზე ვცხოვრობდით. ისიც 20 წლის არის, მასაც ჰყავს 8 წლის ბავშვი, ის ბავშვიც მათხოვრობს, ჩემი ქმრის პატარა ძმები, და, დისშვილები, ყველანი მათხოვრობენ. ზოგიერთი იპარავს კიდეც. ჩემი ქმარი არ მათხოვრობდა, სულ სახლში იყო და მე მთხოვდა, ფული მიმეტანა. ორსულს მცემდა. სულ დალურჯებული დავდიოდი, სახეში მირტყამდა. ერთხელ პოლიცია გამოვიძახე, პოლიციელმა მითხრა, დავიჭერთ და ციხეში ჩავსვამთო. ეს არ მინდოდა, მაინც შემეცოდა და ამიტომ არ დავაჭერინე. ბოლოს დედაჩემის თვალწინ მცემა, მაშინ დედამ მითხრა, ჩვენთან წამოდიო. 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი, მისგან რომ წამოვედი. ეს ბავშვიც ჩემს გვარზეა.

- მაინც, რა მიზეზით გცემდათ?

- რატომ აგვიანებ სახლში მოსვლასო, დედაჩემთან მისვლასაც მიშლიდა. არადა, ფული უნდოდა და მათხოვრობას მაიძულებდა. ორსული რომ ვიყავი, უფრო კარგად ვშოულობდი 30-40-50 ლარს დღეში. ქმრისთვის ყოველდღე 5-ლარიანი სიგარეტი მიმქონდა. "ნასკები", ჩასაცმელი, საცვლები, ყველაფერს მე ვყიდულობდი, თვითონ სულ კომპიუტერთან იჯდა. ტელეფონიც ვუყიდე და ფულსაც მართმევდა. ადრე დედაჩემიც მუშაობდა, ახლა არ მუშაობს, მათაც ხომ უნდოდათ საჭმელი და ცოტა ფულს იმათაც ვაძლევდი. სამშობიაროში ქმარმა მომაკითხა და ლოტკინზე თავის სახლში წამიყვანა, მაგრამ დედამთილი არ შემირიგდა, მისიანებს არ უნდოდათ, მასთან რომ მეცხოვრა. იქიდან გადავედით სამგორში. იქ ნაქირავებში ვცხოვრობდით მე, ჩემი ქმარი, ბავშვი, ქმრის და, მისი ქმარი და მათი ორი შვილი.

ნათიას დედა:

- მეგონა, ჩემი შვილი ლოტკინზე იყო და ერთ დღეს დამირეკა, - ბავშვს არ მაძლევენ და მომაკითხეო. მისამართიც მითხრა. საშინელი სიტუაცია დამხვდა, ჩვენთან კარგი პირობებია, იმასთან შედარებით. იქ საშინელება იყო: უფრო პატარა, ერთი ჭუჭყიანი ოთახი, გაშავებული ბავშვი დამახვედრეს, ირგვლივ საშინელი სიბინძურე იყო. ან როგორ ეტეოდა ამდენი ადამიანი იმ პატარა ოთახში? ციოდა კიდეც. მული თურმე არ ართვევინებდა გათბობას, "ფულს დაწერსო" და სიცივეში იყვნენ. წამოვიყვანე იქიდან და ახლა აქ ვართ. მე მივეხმარები შვილის გაზრდაში. მარტო ეს ერთი შვილი მყავს, გაჭირვებით გავზარდე.

- დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ, აქაც უმძიმესი მდგომარეობა გაქვთ, ამაზე უარესი პირობები ჰქონდათ?

- კი, იქ უფრო ცუდი იყო. ეს ჩვენი სახლი არ არის, ნათესავისაა. გვითხრა, რამდენი ხანიც გინდათ, იყავითო. ბინის დასაქირავებელი ფული არ გვაქვს. ამიტომ ხან სად ვცხოვრობთ, ხან - სად. ადრე ალექსეევკაშიც ვიყავით, მერე ვაგზალზეც, სადაც რამე თავშესაფარს ვიპოვით, იქ ვაფარებთ თავს. არ მინდოდა, ბოშას რომ გაჰყოლოდა ჩემი შვილი, მათ თავისებური წესები აქვთ, მაგრამ მაინც გაჰყვა. სიძე სულ ამათხოვრებდა, ორსული რომ იყო, ხალხს ეცოდებოდა და ბევრ ფულს შოულობდა. ზოგჯერ 100 ლარსაც "აკეთებდა". ქმრის მალულად მე 10 ლარს მაძლევდა. ჩემი შვილი ქუჩაში იყო გაგდებული, მათხოვრობდა და თეთრებით მოგროვებულ ფულს ქმარი ართმევდა, მერე სცემდა, ისე ექცეოდა, როგორც საქონელს.

- შვილი სკოლაში რატომ არ ატარეთ?

- ცოტა ხანს იარა სკოლაში, მერე გამოვიდა.

- თვითონ ამბობს, რომ მარტო პირველ კლასში დადიოდა, რატომ არ დაგყავდათ შვილი სკოლაში?

- თვითონ არ უნდოდა. მერე "კარიტასში" რომ იყო, რაღაცებს ასწავლიდნენ იქ.

- იცოდით, რომ მათხოვრობდა, ფული სახლში მოჰქონდა პატარა გოგოს და თქვენ ამას არ უშლიდით?

- თავიდან არ ვიცოდი, რომ მათხოვრობდა, მერე გავიგე. მოჰქონდა ფული, რადგან ვეცოდებოდი. ბავშვი რომ იყო, ხალხსაც ეცოდებოდა და ფულს ჩუქნიდნენ. 20-30 ლარი მოჰქონდა დღეში. თუ გამოჩნდებოდა რაიმე სამუშაო, მეც დამლაგებლად ვმუშაობდი.

- სოფელში სახლი არ გაქვთ? იქ რატომ არ ბრუნდებით?

- ოროთახიანი ბინა გვაქვს დაკეტილი. პირობები არ არის. თუ რამე ვიშოვეთ, გავარემონტებთ და ალბათ დავბრუნდებით.

- ალბათ ამაზე უკეთესი პირობები მაინც გექნებათ იქ, თქვენი მეუღლე თუ ფიზიკურად მუშაობს და ბაღებს ასუფთავებს, ასეთ სამუშაოს სოფელში უფრო იშოვის და რატომ არ გინდათ უკან დაბრუნება, იქ ხომ უფრო ადამიანურ პირობებში იქნებოდით, მოსავალსაც მოიყვანდით, წაუსვლელობის მიზეზი ის არის, რომ თქვენს შვილს იქ დაბრუნება არ უნდა?

- რა ვიცი, შვილი ასე ამბობს, რომ არ წამოვა.

ამ ოჯახიდან გულდამძიმებული წამოვედი. სულ თვალწინ მიდგას უმწეო ჩვილი, რომელიც დედას ხელში ეჭირა და ბოთლით საჭმელს აჭმევდა. ნათია ამბობს, რომ ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავს. შვილიშვილისთვის საჭმელი ბაბუას მოაქვს. ნათია ამბობს, რომ ქმართან შერიგებას არ აპირებს. ერთადერთი, რისიც ეშინია, სოცმუშაკები არიან.

- ვიღაცამ მითხრა, სოცმუშაკები ბავშვს წაგართმევენ, ისინი სანდოები არ არიანო. ამიტომ მათი მეშინია. არ მინდა, ჩემი შვილი სხვამ გაზარდოს. მე გავზრდი ჩემს შვილს, მის წამოტირებაზე ფეხზე ვარ და ბავშვს თვალებში ვუყურებ, შემიძლია მოვლა", - ამბობს ნათია, თუმცა აშკარად ეტყობა, რომ მას შვილის მოვლის უნარები არა აქვს. დედამისი ამბობს, რომ დაეხმარება ბავშვის მოვლაში. თუმცა, არ არის გამორიცხული, როგორც კი პატარას წამოზრდის, ჩვილთან ერთად ნათია ქუჩაში გამოჩნდეს და ითხოვოს მოწყალება. მან კარგად იცის ქუჩის წესები, ფულის შოვნის იოლი გზაც კარგად შესწავლილი აქვს და ალბათ ნაცადი მეთოდით გაზრდის პატარას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სოციალურ მუშაკებს ამ გოგოს ამბავი არ გამოეპარებათ და ისინი პატარას ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ. როგორც ირკვევა, წინადღეს მასთან მართლაც იყო სოცმუშაკი მისული, რეალობაც ნახა და ნათიას ალბათ სწორედ მისი ხელმეორედ გამოჩენის ეშინოდა. იმედია, ნათიას პატარები დედის გზას არ გაჰყვებიან და მათ მაინც ექნებათ უკეთესი მომავალი.

თეა ხურცილავა