ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალი შექსპირისა და მისი თანამედროვეების პიესებში - გზაპრესი

ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალი შექსპირისა და მისი თანამედროვეების პიესებში

"შუა საუკუნეების ქართული რომანი "ვეფხისტყაოსანი" და შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები". ნაშრომში ქართული და ინგლისური კულტურისთვის ეპოქალური მნიშვნელობის სიახლეა არგუმენტირებული - "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების, ნესტან-დარეჯნისა და ტარიელის რომანი XVII საუკუნის დასაწყისის დიდ ინგლისურ დრამატურგიაში ლიტერატურულ წყაროდ ყოფილა გამოყენებული, კერძოდ, შექსპირის ერთ ("ციმბელინი)" და მისივე თანამედროვეების - ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის ორ პიესაში ("მეფე და არა მეფე", "ფილასტერი"). ეს ნაშრომი აქამდე არსებულ ინგლისურ-ქართულ კვლევებს შორის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ამ თემაზე სასაუბროდ ქართველ მეცნიერს, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ვეწვიეთ...

- ეს ფაქტი აბსოლუტურად მოულოდნელია არა მხოლოდ ჩვენი მეცნიერების, არამედ ინგლისური ლიტერატურული კრიტიკისთვისაც. პირველად ბომონტისა და ფლეტჩერის "მეფე და არა მეფე" 2007 წელს წავიკითხე. როცა მას უფრო ჩავუღრმავდი, ვნახე, რომ ავტორი მკითხველს, ფაქტობრივად, ტარიელის თავგადასავალს მოუთხრობს. პიესაში იბერიის მეფის ამბავია მოთხრობილი. თუმცა, საეჭვოდ არ ჩანდა, რომ იბერიაში საქართველო იგულისხმებოდა, რადგანაც აქვე იბერიის მეზობელ არმენიაზე ანუ სომხეთზეცაა საუბარი... ნაწარმოები თარგმნილი არ იყო არც ქართულად, არც რუსულად. ამიტომ ვერავინ შენიშნა, რომ აქ მოთხრობილი ამბავი ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალს მიაგავდა. ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიამ ორგზის დააფინანსა ჩემი ინგლისში ყოფნა და საშუალება მომეცა მემუშავა შექსპირის არქივში, ოქსფორდსა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში. აღმოჩნდა, რომ იმავე ავტორების მეორე ნაწარმოები ("ფილასტერი"), რომელიც ძალიან პოპულარული იყო, ისევ ტარიელისა და ნესტანის ამბავს ეყრდნობა, მხოლოდ, პირველ სიუჟეტს არ ჰგავს. შექსპირის ნაწარმოებები XVI-XVII საუკუნეებში, ძირითადად, ინგლისის სამეფო თეატრში იდგმებოდა. დრამატურგები, ფრანსის ბომონტი და ჯონ ფლეტჩერი, რომლებიც ერთად წერდნენ პიესებს, შექსპირის თანამედროვენი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მათ პიესებს ზოგიერთი მაყურებელი შექსპირის პიესებს ამჯობინებდა.

GzaPress- საიდან შეიძლება მისულიყო შექსპირამდე ამბავი ტარიელის შესახებ?

- არც ქართულ და არც სხვა ქვეყნების წყაროებში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის. მე გამოვთქვი რამდენიმე ვარაუდი, რომლებიც ესპანეთსა და იტალიაში ქართველების მიერ გაგზავნილ წერილებს, ინგლისელი ვაჭრების საქართველოსთან კავშირს ეყრდნობა. თუმცა, სჯობს, მთავარ ვარაუდზე ვისაუბროთ: 1995 წლიდან აქ, თბილისის უნივერსიტეტში საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა დავაფუძნეთ, უცხოელ სტუდენტებს ქართულს ვასწავლით და ქართულ მეცნიერებას ვაცნობთ. ერთმა ყოფილმა სტუდენტმა სპარსეთში საქართველოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიმიწვია, სადაც "ვეფხისტყაოსნის" შესახებ მოხსენება წავიკითხე. იქაურმა მეცნიერებმა წიგნები გადმომცეს, რომელთა გაცნობის შემდეგ მივაქციე ყურადღება იმ ფაქტს, რომ XVI საუკუნის დასასრულს სპარსეთში შაჰის კარზე ინგლისიდან დიპლომატების 26-კაციანი დელეგაცია ჩავიდა. იმ პერიოდში შაჰის პირველი მრჩეველი დიდი ქართველი გენერალი - ალავერდი-ხანი უნდილაძე გახლდათ. დიპლომატებს ექვსი თვის მანძილზე სწორედ ის მასპინძლობდა... ამ დროს ინგლისელი მოგზაურები და მათ შორის ეს დელეგაციაც მასალებს ზემოთ ხსენებული თეატრისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებდა. მათ შორის იყო ინგლისელი მოგზაური და ლიტერატორი ანტონი შერლი. სწორედ მის მიერ ინგლისში მიწერილი ცნობები ჩანს გამოყენებული ბევრ იმდროინდელ პიესაში. ამ პერიოდის წიგნებში აღწერილი ამბები, ძირითადად, კარგად ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებს, პოპულარულ ზღაპრებს, მოგზაურობებსა და ისტორიებს ეყრდნობოდა. სიუჟეტს არ იგონებდნენ. ცნობილია, რომ შექსპირის სტილი იყო მოდური ანუ უცნობი ამბების გადამუშავება და მისი სხვა ფილოსოფიით წარმოჩენა. ტრაგიზმის ბედნიერად დასრულებისთვის "ვეფხისტყაოსნის" მასალა საინტერესო სიუჟეტი აღმოჩნდა. სწორედ ამ ფაქტის გააზრებამ მიმიყვანა შექსპირამდე. მისი ნაწარმოები ("ციმბელინი") 1608-10 წლებშია დაწერილი, 1611 წელს კი სცენაზე იდგმებოდა. მასშიც ტარიელისა და ნესტანის რომანია გადააზრებული. გარდა სიუჟეტისა, საოცარი დამთხვევებია მხატვრული სახეების თვალსაზრისითაც. ერთნი ამტკიცებენ, რომ შექსპირი იყენებს ბომონტისა და ფლეტჩერის სიუჟეტს, მეორენი პირიქით, წერენ, რომ ისინი იყენებენ შექსპირს. ზოგი მათგანი კი ფიქრობს, რომ მათ საერთო წყარო აქვთ...

- ალავერდი-ხანი უნდილაძის სახელი წიგნებსა და პოეზიასაც უკავშირდება...

- მე-16 საუკუნის შუა წლებში შაჰის კარზე სამხედრო საქმეს ქართველები ხელმძღვანელობდნენ. სპარსეთსა და თურქეთს შორის გაუთავებელი ომების პერიოდში, სამხრეთ საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი იძულებული იყო ან ერთ მხარეს მიმხრობოდა, ან - მეორეს. სააკაძეები, ბარათაშვილები, უნდილაძები და მირმინაძეები შაჰის კარზე დაწინაურდნენ. მთავარი სამხედრო ძალა ქართველების, ვაჭრობა კი სომხების ხელში იყო... პერიოდულად, შაჰი ქართველების დამორჩილების მიზნით საქართველოში ლაშქრობდა, თუმცა, ცნობილია, რომ მას არც ერთი ლაშქრობისას საქართველოში უნდილაძეები არ ახლდნენ... როცა შაჰმა თეიმურაზის საბოლოო დამორჩილება გადაწყვიტა, როგორც ჩანს, უნდილაძემ ურჩია, გადაწყვეტილება შეეცვალა. შაჰმა ის ფარულად მოაწამვლინა, მეორე დღეს კი დაკრძალვის გრანდიოზული ცერემონია გამართა... ალავერდი-ხანი პოეტი იყო და წიგნების, განსაკუთრებით კი, მინიატიურული წიგნების გამოცემას აფინანსებდა. ამ საქმიანობაში იყო ჩართული მისი შვილიც, დიდი გენერალი, იმამ-ყული ხანი. ბოლოს ალავერდი-ხანის მეორე შვილი, დაუდ-ხანი თეიმურაზს დაუკავშირდა და შაჰის წინააღმდეგ აჯანყდა. შემდგომმა სპარსეთის შაჰმა ალავერდი-ხანის მთელი მემკვიდრეობა ამოწყვიტა. სხვათა შორის, ალავერდი-ხანს ქართველი ცოლი ჰყავდა და იმამ-ყული ხანის სიძეებიც იქაური ქართველები იყვნენ. შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, იქნებ, რუსთაველმა სიუჟეტად სპარსული ამბავი გამოიყენა ("ესე ამბავი სპარსული")? საქმე ისაა, რომ "ვეფხისტყაოსანში" სპარსულ მოარულ ამბავთან კავშირი აქვს სამი გმირის მიერ ნესტან-დარეჯნის პოვნის ამბავს, ძირითადი სიუჟეტი კი თამარის ეპოქაში, საქართველოს სამეფო კარის ამბებითაა მოაზრებული. ინგლისური პიესების სიუჟეტური წყარო კი სწორედ ეს ამბავია.

- რას ნიშნავს ამ ფაქტის დადასტურება ქართული კულტურის ისტორიისთვის?

GzaPress- დღემდე ცნობილი ქართული წყაროების მიხედვით, "ვეფხისტყაოსნის" ამბავი პირველად ევროპაში მე-19 საუკუნეში გავიდა. მთავარი ის არაა, რომ რუსთაველს იცნობენ, არამედ ის ფაქტი, რომ ქართველი ერი, ქართული სახელმწიფო, მიუხედავად მისი მძლავრი აღმოსავლური ფესვებისა, ევროპისკენ, ევროპული კულტურისკენ მიისწრაფოდა. ევროპისკენ უდიდესი ნაბიჯი საქართველომ ჯერ კიდევ ქრისტიანობის მიღებით გადადგა. ქვეყანა, რომელიც სპარსეთის დიდი გავლენის არეალად მოიაზრებოდა, გამოვიდა მაზდეიზმის სფეროდან და დაადგა გზას ევროპისკენ... შემდეგი მსგავსი მნიშვნელობის გარღვევა ქრისტიანული სამყაროს მონოფიზიტური და დიოფიზიტური გადაყოფა იყო, რაც მოგვიანებით, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპარსეთის ბლოკი სომხეთის, საქართველოსა და ეთიოპიის ქრისტიანობას მოიცავდა, ქრისტიანულ მონოფიზიტურ სამყაროს იცავდა და ბიზანტიას უპირისპირდებოდა. მისი გარღვევა მხოლოდ ქართულმა სამყარომ მოახერხა და მე-7 საუკუნის დასაწყისში ევროპის გზა აირჩია. კამათი წამოიწყო სომხეთთან და არწმუნებდა, რომ ისიც იმავე გზას უნდა დასდგომოდა. არსებობს ქართველი მეფეების წერილები ესპანეთის მეფეებთან, რომის პაპთან, რაც ქვეყნის ევროპულ ორიენტაციაზე მეტყველებს. "ვეფხისტყაოსნის" მსოფლმხედველობითი სამყარო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. რომანის იდეურ-სიუჟეტური არეალი ტიპოლოგიურად ამ პერიოდის ევროპული კურტუაზული რომანისა და ადრინდელი ევროპული რენესანსის აზროვნების სახისაა. XII საუკუნის ქართული რომანის შექსპირისა და მისი თანამედროვეების მიერ სიუჟეტურ წყაროდ გამოყენება ქართული და ევროპული სამყაროს მჭიდრო კონტაქტის დადასტურებაა. ეს ახალგამოვლენილი ლიტერატურული კავშირი ევროპის ხალხთა თანამეგობრობაში ქართველი ხალხის კუთვნილ ადგილზე მიმათითებელი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია.

შორენა ლაბაძე