როგორი ქალები მოსწონთ წარმატებულ მამაკაცებს? - გზაპრესი

როგორი ქალები მოსწონთ წარმატებულ მამაკაცებს?

შავგვრემანი ქალი უფრო ეშხიანია თუ ქერა - ეს კაცის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მოსწონთ თუ არა მათ საქმიანი, წარმატებული ქალები? იქნებ, ქალს ოჯახსა და შვილებზე ზრუნვა უფრო ამშვენებს, ვიდრე თავბრუდამხვევი კარიერა? - ეს შეკითხვა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მამაკაცებს დავუსვით. იმედია, მათი პასუხები მკითხველსაც დააინტერესებს:

"არარეალიზებული ქალი აუტანელია"

გია ბუღაძე, მხატვარი:

- სახლში მჯდომი, არარეალიზებული ქალი აუტანელია, ამიტომ, მე აქტიური და ჭკვიანი ქალები მომწონს. "ქალი კუხნაში" ჩემი იდეალი არასოდეს ყოფილა. ჩემი ცოლი არაჩვეულებრივი კულინარია და ყველაფერს შესანიშნავად ამზადებს, მაგრამ სულ სახლში რომ იჯდეს, არ მომეწონებოდა, რადგან ქალსაც აქტიური ცხოვრება უნდა ჰქონდეს. საოჯახო საქმეში დახმარებას არ ვთაკილობ: როცა ცოლი ძალიან დატვირთულია, ჭურჭელსაც ვრეცხავ და სხვა საქმეშიც ვეშველები. ჩემი აზრით, გამოთქმა - "ქალის საქმე" არ უნდა არსებობდეს. ჩემი აზრით, არც ერთი თანამედროვე მამაკაცი არ წაუყენებს მეუღლეს ასეთ ულტიმატუმს - "ან - სამსახური, ან - ოჯახი". უენო და მორჩილი ქალები მხოლოდ ძველ დროში მოსწონდათ, მე კი ყოველთვის ჭკვიანებს ვანიჭებდი უპირატესობას, ასეთი ქალების საერთოდ არ მეშინია.

სამწუხაროდ, ბევრი მამაკაცი ასე არ ფიქრობს. როდესაც ქალი ბევრად უფრო ჭკვიანია და უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ქმარი, ამ გამოცდას ყველა ვერ უძლებს - ამ დროს ზოგიერთი მამაკაცი თავის უპირატესობას ძალის დემონსტრირებით ამტკიცებს. არადა, კაცი მარტო ფიზიკური ძალა ხომ არ არის? მას გონება და ინტელექტიც უნდა ჰქონდეს და მეუღლის წარმატებები არ თრგუნავდეს.

"ყველა ქალი მარგარეტ თეტჩერი ხომ ვერ იქნება?"

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

GzaPress- ქალი პირველ რიგში, კარგი დიასახლისი უნდა იყოს. სამსახურის წინააღმდეგიც არა ვარ, მაგრამ მაინც ოჯახის ქალობა ჯობია. ალბათ, მკითხველიც დამიდასტურებს, რომ მრავალშვილიანი დედები არც ერთ წარმატებულ ქალზე ნაკლებ საქმეს არ აკეთებენ. ორივეს ერთად შეთავსება კი, საკმაოდ რთულია. ჩემი მეუღლე ყოველთვის კარგ დიასახლისად წარმომედგინა და არა - საქმიან ქალად. ასეც მოხდა: ის ძალიან კარგად ცეკვავდა, მაგრამ ოჯახისა და შვილების გამო კარიერა დათმო. სხვა საქმეა, თუ ქალი გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოებული, ძალიან ძლიერი ფიზიკოსი, მათემატიკოსი ან მუსიკოსია და მისი საქმიანობა სამშობლოს სჭირდება - ამ შემთხვევაში თავის საქმეს არ უნდა უღალატოს, მაგრამ დედობა ყველა ქალისთვის აუცილებელია. არ მესმის, ქალმა კარიერის გამო ოჯახის შექმნა რატომ უნდა გადადოს - ყველა მარგარეტ თეტჩერი ხომ ვერ იქნება? ქალმა უფრო მეტი დრო და ენერგია ოჯახს უნდა დაუთმოს, რადგან მისი მოვალეობა ღვთისგან არის ბოძებული - ის კარგი დედა უნდა იყოს.

"მე მომხრე ვარ, რომ ქალი სამზარეულოდან გამოვიდეს"

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

- ცნება "დიასახლისი" სულაც არ ნიშნავს წარუმატებელ ქალს, ან პირიქით - წარმატებული ქალი სულაც არ ნიშნავს, რომ ის ცუდი დიასახლისია. წარმატება არის ის, რაც გაბედნიერებს და თუ ეს დიასახლისის როლში ან კარიერაში გამოგდის, თუ კმაყოფილი ხარ, ე.ი. იმ საქმეს აკეთებ, რომელიც შენია და გიყვარს. დიასახლისიც შეიძლება წარმატებული იყოს. კარგ შვილებს რომ გაზრდი, ეს უფრო დიდი საქმეა, ვიდრე სახელმწიფო ასპარეზზე ან ბიზნესში მიღწეული წარმატება. ნებისმიერ შემთხვევაში, მეუღლის დახმარება გადამწყვეტია. მაგალითად, მე და ჩემს მეუღლეს საქმე ისე გვაქვს განაწილებული, რომ მას დრო საზოგადოებრივი აქტივობისთვისაც რჩება. თუ საჭიროა, ყველანაირ საოჯახო საქმეში ვეშველები და საერთოდ, იმის მომხრე ვარ, რომ ქალი სამზარეულოდან გამოვიდეს. არ ვემხრობი სტერეოტიპს, რომ ქალი მარტო საოჯახო საქმეებში უნდა იყოს ჩაფლული და კაცი - საზოგადოებაში ტრიალებდეს. ეს სტერეოტიპი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როცა მამაკაცი ომში მიდიოდა, ხოლო ქალი ოჯახში რჩებოდა და შვილებს უვლიდა. თანამედროვე სამყაროში ასე აღარ ხდება და მეც მიმაჩნია, რომ ადამიანები წარმატებულ კარიერას ოჯახის დახმარებით ქმნიან.

"ზოგს ქალი "კუხნაში" მოსწონს, ზოგს - ხელმძღვანელ თანამდებობაზე"

გია კორკოტაშვილი, ორგანიზაცია "ქართული მისიის" დამფუძნებელი:

- ადამიანი რომ იბადება, ღვთისგან რაღაც ნიჭი აქვს ბოძებული, ქალმაც და კაცმაც, ეს ნიჭი უნდა აღმოაჩინოს. რაც შეეხება კარიერას და ოჯახს, ორივეს ერთდროულად ყველაზე ენერგიული ქალიც კი ვერ მიხედავს - ან ერთს უნდა დააკლოს ყურადღება, ან - მეორეს. როდესაც ქალი დიდ კომპანიაში, ან გადასაღებ მოედანზე ხარჯავს მთელ თავის დროსა და ენერგიას, მერე ძნელია შინ დაბრუნდეს და იდეალურ დიასახლისად იქცეს. ამიტომ, ადამიანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ზოგს ქალი "კუხნაში" მოსწონს, ზოგს - ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ამიტომ, სადაც მოახერხებს თავის გამოვლენას, ქალმაც იმ სფეროში უნდა იღვაწოს. ჩემი მეუღლე მაგარი დიასახლისი და 4 შვილის დედაა. მას კარიერისთვის დრო არ რჩებოდა, მაგრამ ამით არაფერი დაუშავებია: თავისი კარიერა მან ჩემთან გააკეთა.

"ყველა ქართველი კაცის ერთ ქვაბში მოხარშვა როგორ შეიძლება?!"

ბესო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:

- რა თქმა უნდა, ძნელია, ქალმა ოჯახსა და კარიერას ერთდროულად მიხედოს, მაგრამ შესაძლებელია. ის ყველაფერს შეძლებს, თუ გვერდით წესიერი კაცი უდგას, რადგან ქალის გამარჯვება ყველა საქმეში საბოლოოდ მაინც მეუღლეზეა დამოკიდებული. ამაში სულიერი თანადგომაც იგულისხმება და თუ საჭირო გახდა, მეუღლის საქმის გაკეთებაც. მე არასოდეს მრცხვენოდა სამზარეულოში შესვლა, დახმარება და მეუღლის ტვირთის შემსუბუქება. კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქალი საქართველოში დაჩაგრულია და რომ ყველა ქართველი კაცი "აზიატია". ერთეული შემთხვევების გამო, მთელი საკაცეთის ჯოჯოხეთის ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება!

ხათუნა ჩიგოგიძე