ისტერია, რომელიც დედამიწას ვირუსივით მოედო - გზაპრესი

ისტერია, რომელიც დედამიწას ვირუსივით მოედო

აქამდე, XXI საუკუნემდე ამ ურთიერთობას თითქოს სუფრა "აწესრიგებდა". უფრო სწორედ ისე ჩანდა, რომ რაკი მამაკაცები ჩვენი, ქალების სადღეგრძელოს დიდი სიამოვნებით და მოწიწებით სვამდნენ სუფრაზე, ჩვენ კი ფქვილში ხელებამოგანგლულები ამას ვუსმენდით, პრობლემაც არ არსებობდა. ან იქნებ მაშინ მართლაც ასე იყო და ქალის უფლებები არავითარი ფორმით არ ირღვეოდა?

მართალია, ქუჩებში მარტივად ნამდვილად ვერ შეხვდებოდით გინებით პირამყრალებულ კაცს, რომელიც ქალზე იწევდა, ახლა კი ამ სურათის ნახვა შედარებით იოლად შეგიძლიათ, მაგრამ მაშინ არც ქალები იგინებოდნენ აგრე იოლად. ერთადერთი ქალი, რომელიც მამაკაცებს ამას აკადრებდა, გიჟი მარინა გახლდათ - გიჟი იყო, გასდიოდა. მაგრამ ეს მაინც არ არის იმისი დასტური, რომ ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად სხვა იყო, რადგან სწორედ წინა საუკუნიდან მოგვდევს ჩვენს ცნობიერებაში მყარად ჩამოყალიბებული კლიშეები: ოჯახის უფროსი კაცია! მამაკაცის ღალატი მოსულა! საქართველოს მოქალაქის ოჯახში ჩვეულებრივი სურათი კი წარსულშიც და ახლაც ტახტზე, ტელევიზორის საყურებლად მიწოლილი მამა და დაოთხილი დედაა, რომელმაც აღარ იცის სახლი დაალაგოს, სადილი მოამზადოს, სტუმრებს უმასპინძლოს თუ შვილები ამეცადინოს. საკითხავია ისიც, თუ რატომ ხდება, რომ განქორწინებების 90 პროცენტში ოჯახის დანგრევის ინიციატორებად ქალები გვევლინებიან? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ის გარბის, ვისაც აღარ შეუძლია გაძლება?

ბოლო პერიოდის ქართულ რეალობაში სხვა უამრავ პრობლემას შორის, წინა პლანზე გენდერული თანასწორობის თემამაც წამოიწია, რასაც იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენი, როგორც ევროინტეგრაციის მოსურნე ქვეყნის რეალობაში გამოჩნდნენ ქალთა ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის ახლებურ სტრატეგიას აყალიბებენ.

პრობლემა პრობლემაა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ვიკითხოთ: ევროკავშირში გაწევრების მისასალმებელი სურვილის მიუხედავად, გვაქვს თუ არა ფუფუნება, სრულად მოვერგოთ ამა თუ იმ ქვეყნის შემოთავაზებულ სტრატეგიას, თუნდაც ისეთ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, როგორიც თანასწორობის საკითხია, რადგან ჩემი (შენი, მისი, მათი) მოქალაქეობრივი საწყისი, "მე" რომელიც მაღლა დგას პირადულზე, გვეუბნება, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემების ჩამონათვალში, პირველ ადგილზე უაპელაციოდ დგას საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, მცოცავი ოკუპაცია...

შეგახსენებთ, გასული წლის შემოდგომაზე იმ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის კელაპტრად სამართლიანად ითვლება, გენდერული თვალსაზრისით სიტუაცია ერთი შემთხვევის გამო მეტად დაიძაბა და დედამიწის ცივილიზებული ნაწილი ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამო გაჩენილმა ერთგვარმა ისტერიამ მოიცვა. ამ ისტერიის ავტორი თუ შემთხვევითი შემოქმედი ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი აღმოჩნდა. სწორედ ის ჰარვი, რომელიც კინოინდუსტრიაში ამერიკული ფილმის ფორმირებით და ლიბერალური ღირებულებების დაცვით გახდა ცნობილი. ამ ისტერიამ მალე განშტოებები შეიძინა და დედამიწას ვირუსივით მოედო. ამ ვირუსს არც საქართველო გამორჩა: იმავე პერიოდში, როდესაც ბატონ ვაინშტაინს საკუთარი მონდომებით დაარსებული კინოკომპანიიდან ელექტრონული წერილით აცნობეს, რომ ის დათხოვნილი გახლდათ მის მიერ ჩადენილი, თავშეუკავებელი, სექსუალური შევიწროების შემცველი ქმედებების გამო, საქართველოშიც შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენს ომწაგებულ თუ ომმოსაგებ მამაკაცებს სხვა ბევრ ცოდვასთან ერთად, სწორედ ეს ცოდვა, ქალბატონების სექსუალური შევიწროება ადევთ ზურგზე. ჩვენი პირველი ჰარვი საკმაოდ ოდიოზური ფიგურა, შალვა რამიშვილი აღმოჩნდა. მისი შექმნილი იმიჯი, პამფლეტების უბადლო შემთხზველ რამიშვილსაც სამსახურიდან გათავისუფლებად დაუჯდა. პირადად მე, ვერაფრით გავიგე, საბოლოო ჯამში დაუწესა თუ არა სასამართლომ მას სასჯელი... ასეა თუ ისე, პრეცედენტი დაფიქსირდა. ჰოდა, ამერიკელებს ჰყავთ ჰარვი, ჩვენ შალვა, ორივე განდევნილი და შეჩვენებული. ჰარვი დაგროვებული დიდი კაპიტალის წყალობით მეტად დაცული, ჩვენი შალვა კი უფრო მოწყვლადი...

რა თქმა უნდა, ჰარვი ვაინშტაინის სამსახურიდან განდევნის ამბავი ისე იოლად არ დასრულებულა, როგორც ეს შალვა რამიშვილის შემთხვევაში მოხდა. ჰარვის უაპელაციოდ დათხოვნამ სხვა მოვლენების ესკალაცია გამოიწვია. ასე მაგალითად, კომპანიაში მომუშავე მამაკაცების ერთმა მესამედმა სამდღიანი ფიქრის შემდეგ, ერთად გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, რის გამოც, საბჭოს წევრებმა (რომელთაც ეკუთვნოდათ ვაინშტაინის გათავისუფლების იდეა) განაცხადეს, რომ ბატონი ვაინშტაინი შვებულებაში იქნებოდა სასამართლოს დასრულებამდე... თუმცა, რაკი ეს ამბავი ჟურნალისტური გამოძიების სახით "ნიუ-იორკ თაიმსის" ფურცლებზე უკვე გამოქვეყნებული იყო, აღარავინ დალოდებია სასამართლოს გადაწყვეტილებას - საზოგადოებამ ვაინშტაინი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩვენა. ქართველ ვაინშტაინს კი არავინ გამოსარჩლებია ტელეკომპანიაში, სადაც ის გათავისუფლებამდე მუშაობდა, არც საზოგადოებას მოუკლავს თავი მტყუან-მართლის გარკვევით, მისი ექსმეუღლის გარდა, რომელმაც გულწრფელად იკითხა: განა დანაშაულია, რომ კაცს ქალი მოსწონდესო?

ჩვენ კი მადლობა ღმერთს, აღვშფოთდით, რადგან ნებისმიერი სექსუალური ხასიათის შევიწროება დასაგმობია!

...რაღაც პერიოდის შემდეგ, ვაინშტაინის ამბით შთაგონებულმა შვედმა ქალბატონმა ლულუ კარტერმა თავის უფროსს, ტელეწამყვან მარტინ ტიმელს იმავე ხასიათის შევიწროების გამო უჩივლა, რის შემდეგაც ჩვენს ტელეეკრანებზე უფრო და უფრო მოიმატა იმ დანაშაულებების ჩამონათვალმა, რომლებსაც მამაკაცები ჩვენი ქალბატონების მიმართ ახორციელებენ. ეს ცემის, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიყენებისა და ტერორის მაგალითებია, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში ფსიქიკური აშლილობით ან სულაც, მსხვერპლის სიკვდილით მთავრდება. მოკლედ, ჩვენ აქაც "გავიმარჯვეთ": სექსუალურმა ლულუ კარტერმა, რომლის გულახდილი ფოტოც მალევე გამოაქვეყნეს მარტინ ტიმელის დამცველებმა (ლულუ კალთაში უზის ბოსს, გამომწვევი კაბა აცვია და სულაც არ ჰგავს შევიწროებულს), თავისი მიიღო, ჩვენ კი ამ თემას "სხვანაირად" ჩავუღრმავდით და კრიმინალურ ქრონიკას, რომელსაც ადამიანის ცემა, წამება, სიკვდილამდე მიყვანა ჰქვია, ქალებზე ძალადობა დავარქვით ისე, რომ არავის უთქვამს, როგორ დაუვიწყარ, წარუშლელ, მძიმე კვალს ვაჩნევთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ფსიქიკას იმისი აღიარებით, რომ თურმე ჩვენი მამაკაცები ტოტალურად ბარბაროსები არიან.

არიან კი?

იურისპრუდენციაში არსებობს ცნება: დამნაშავე და მსხვერპლი, მაგრამ არ არსებობს დამნაშავე კაცი ან ქალი და მსხვერპლი კაცი ან ქალი. ჩვენ გვყავს პარლამენტის წევრები და არა პარლამენტარი მამრები და მდედრები, ჩვენ გვყავს მოსამართლეები და არა მოსამართლე დაჩაგრული ქალები და მჩაგვრელი კაცები, თქვენს ნაგავს ყრიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და არა - კაცები... კანონი, სახელმწიფოებრიობა, მაღალი იდეალები იმაზე მაღლა დგას, ვიდრე ორ სქესს შორის განმასხვავებელი ორგანოებია, ჩვენ კი ეს გამოგვრჩა. ამიტომაც მივიღეთ ეს სურათი:

საქართველოში კარგ ტონად ითვლება იმაზე საუბარი, თუ როგორ გადავარჩინეთ ქალებმა ქვეყანა შიმშილს, მიუხედავად ამ თავგანწირვისა, როგორი დაუცველია ქალი საქართველოში, როგორი მოძალადეა კაცი და საერთოდ, როგორი უსამართლო გენდერული ბალანსია ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ 90 წლებიდან მოყოლებული დღემდე, ქალებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის შენებაში დიდი როლი მიუძღვით და თან, ეს მათი ჯანმრთელობის, თავგანწირვის ხარჯზე ხდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მშვიდად შემიძლია ამ პათოსით დავტკბე (რადგან მეც ქალი ვარ), მაინც არ მაქვს უფლება შეშფოთება არ გამოვთქვა ამ მოდური ტრენდის მედალიონის მეორე მხარის გამო, რომელიც ერთის, ქალის აღზევების ხარჯზე უპირობოდ ამცირებს მეორე მხარეს - მამაკაცებს. სხვათა შორის, მათ დამსახურებაზე 90-იან წლებში იშვიათად საუბრობენ - რატომ, მათი დაღვრილი სისხლი სისხლად არ ითვლება, არც თავგანწირვად და არც ერთგულებად, რაკი ომი რუსეთთან "რატომღაც" ვერ მოვიგეთ? როგორ ფიქრობთ, ჩემს ლოგიკას არსებობის უფლება აქვს?.. აქვე გეტყვით: ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ე.წ. ომის სინდრომი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იმის გამოც, რომ მისი მოქმედება მხოლოდ ომის მონაწილეებზე არ ვრცელდება. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ ადამიანს ეჭირა თუ არა იარაღი ხელში. შესაძლოა, ის ომის ყველაზე პასიური გულშემატკივარი იყო, რომელიც ახალ ამბებს ისმენდა სულ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ომის ფსიქოლოგია არ იწყება და არ მთავრდება საინფორმაციო წყაროებთან, ის მარადიული, ყოვლისმომცველი უბედურებაა და ჯაჭვურად, აუცილებლად ეხება მოცემული საზოგადოების ნებისმიერ წევრს - გააზრებულად ან სულაც, გაუაზრებლად.

ე.წ. ომის სინდრომს მედიკოსები პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კვალიფიკაციას ანიჭებენ და მკურნალობას საჭიროებს. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, გაკვრით მაინც, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვიეტნამის სინდრომი, როგორც ყველაზე ფართომასშტაბიანი და უსამართლო სამხედრო ოპერაციის ლოგიკური დასასრული. არ იფიქროთ, რომ ამ სინდრომის ყველაზე მკვეთრი გამოხატულება ფსიქოლოგიური აშლილობები, სუიციდის შემთხვევები ან აგრესიის გამოვლინებები გახლდათ. ეს, რა თქმა უნდა, იყო (განსაკუთრებით საშიშად გამოიყურება სუიციდის შემთხვევების სტატისტიკა), მაგრამ ვიეტნამის სინდრომის ერთ-ერთ უპირველეს მახასიათებლად იმ გრანდიოზულ მიტინგებს ასახელებენ, სადაც მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებას ამ გაუგებარი ომიდან გამოსვლას სთხოვდა, უფრო სწორედ, მოითხოვდა. ე.ი. ომის სინდრომის პირველი ნიშანი მოსახლეობის უკმაყოფილებაა საკუთარი ხელისუფლების მიმართ.

რას ითხოვს ჩვენი მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლებისგან? როგორ ფიქრობთ, ლოგიკური და გასაგები ომი იყო აფხაზეთის ომი? როგორ ფიქრობთ, იცოდა ქვეყანამ, რომ ის ომი პატარა აფხაზურ დიასპორასთან კი არა, უზარმაზარ რუსეთთან გვქონდა?

დიახ, ჩვენ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პირობებში ვცხოვრობთ და ქალთა უფლებებზე ისე ვლაპარაკობთ, თითქოს ეს ცალკე კასტა იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დარღვეულია ადამიანთა უფლებები, ოღონდ, ეს ორივე სქესის ადამიანების, მამაკაცებისა და ქალების უფლებებს ეხება და აპელირება მხოლოდ სქესზე, დაჟინებულ მზერასა თუ დაბინდულ თვალებზე, ანუ საქართველოში მოდურ ტენდენციად გადაქცეულ ქალთა უფლებებზე ასეთი ტიპის საუბარი, ხომ არ შეიძლება იყოს მავანთა სწრაფვა უფრო დიდი მიზნისკენ - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მეოცნებე ხალხის სხვა რელსებზე გადაყვანის მცდელობა? კაცური საწყისის ჩაკვლა და ამით მეომარი ერის გენეტიკური კოდის შეცვლა?

როგორი ახსნაც უნდა მოვუძებნოთ, ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად იმატა ძალადობის ფაქტებმა, ამაზე თვალების დახუჭვა კი დაუშვებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ხომ არ იქნება უპრიანიც და მართებულიც, რომ სექსისტურად კი არ განვიხილოთ პრობლემა, არამედ როგორც გონიერ ერს შეჰფერის, ეს ზოგადადამიანურ ჭრილში გადავიტანოთ, ისევე, როგორც ამას აკეთებენ ექიმები, როდესაც პაციენტი უსქესოა და დამნაშავეს (კაცი იქნება ის თუ ქალი) კანონით გათვალისწინებული სასჯელი მივუყენოთ იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ საშიში განწყობა და ვიპოვოთ გზა, თუ როგორ შეიძლება აღმოვფხვრათ ერთის ძალადობა მეორეს დაკნინების გარეშე.

დეა ცუცქირიძე