მეფუტკრე გოგონა თონეთიდან - გზაპრესი

მეფუტკრე გოგონა თონეთიდან

ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე მეფუტკრეობის წიგნში დაახლოებით ასეთი რამ: როცა ფუტკრის ოჯახში ზამთრის მარაგი იწურება, უკანასკნელი მუშა ფუტკარი უკანასკნელი მოძრაობით, უკანასკნელ წვეთ თაფლს აწვდის დედა ფუტკარს, ოჯახის გადასარჩენად. ბუნებრივია, მიწოდებული ულუფა ვერც ფუტკრის ოჯახს გადაარჩენს, ვერც დედა ფუტკარს, მაგრამ არის სიცოცხლის მარადიულობისა და გაგრძელების ჟინი და სურვილი...

ღმერთს რომ სანთელი მიაწოდოს და კაცს - თაფლი, ამისთვის ფუტკარს ყურადღება და არანაკლები მზრუნველობა სჭირდება, ვიდრე ახალშობილს. მართალია, ბავშვისგან განსხვავებით, ფუტკრის წონა სწრაფად იმატებს, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც უმცირესი მასისაა და ცხრაჯერ მეტი ტვირთი მიაქვს სკამდე, ვიდრე თავადაა...

არაფერი შეედრება გაზაფხულ-ზაფხულის წყნარ, უქარო და თბილ დღეს საფუტკრეში. უთვალავი მუსიკოსი-ფუტკარი ჩუმ რეპერტუარს ასრულებს. დაფრინავენ, ხალისობენ, ეზიდებიან ყვავილის მტვერსა და ნექტარს, ოჯახურ იდილიაში ჩართულები არ ინესტრებიან, თუნდაც თავი ჩაყავით სკაში, მთავარია, არ გაჭყლიტო და უხეშად არ ჩაერიო მათ საქმიანობაში. პაწაწინა, ექვსკუთხა უჯრედებს გაფაციცებით ავსებენ, მერე, სანთლის სარქველს მოარგებენ უჯრას და ელოდება თაფლის რთველს მეფუტკრე. იმ დროს, როცა ბუნებაში სიტკბო იკლებს, საბოლებლებითა და პირბადეებით აღჭურვილი მამაკაცები მხრჩოლავ კვამლს შეუბოლებენ ფუტკრებს, რომლებიც ხანძრისგან თავდაცვის ინსტინქტით პირველ რიგში, თაფლით ივსებენ ჩიჩახვებს, რათა ახალ ადგილზე გადასვლისას ოჯახს თავის რჩენის შესაძლებლობა ჰქონდეს! ხანძრის იმიტაცია იმიტომ სჭირდებათ ადამიანებს, რომ თაფლით დამძიმებული ფუტკრები ვეღარ იხრებიან და ვეღარ ნესტრავენ "მძარცველ" ადამიანებს... მერე მეფუტკრეები თაფლით დაზეპილ ჩარჩოებს ამოალაგებენ სკიდან და შინისკენ მიაქვთ ყველაზე ტკბილი და გემრიელი პროდუქტი.

მეფუტკრეებად უმეტესად, კაცები გვევლინებიან, თუმცა, ბოლო დროს ქალებმა "გენდერული თანასწორობა" ამ მიმართულებითაც გამოაცხადეს. რატომღაც, ამ დრომდე ბევრს ჰგონია, რომ ფიზიკური შრომა დამამცირებელია და კაბინეტური - ბევრად უკეთესი ან სულაც უსაქმურობა სჯობს სოფლად "ტალახის ზელას". თუმცა, ვისზეც უნდა მოგითხროთ, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავისი ცხოვრებით.

ობოლაშვილების ოჯახი დიდ თონეთში ცხოვრობს. ბევრს შრომობენ, ბევრი აქვთ და კიდევ უფრო მეტი ექნებათ. შრომას როდის იყო, შედეგი არ გამოეღოს?

GzaPressსაინტერესო ფაქტია, რომ თონეთელ ობოლაშვილებს არაფერი აქვთ საერთო მესხურ გვართან. დიდი ხნის წინ, ობოლი ვასო ერთ მთიულს გაუზრდია. უდედმამოს ყველა ობოლ ვასოს ეძახდა, თუმცა, მერე, როცა გვარების ჩაწერა საპასპორტო მონაცემებისთვის აუცილებელი გამხდარა, ობლად გაზრდილს ობოლაშვილი აურჩევია. მერე მეორე მსოფლიო ომი დაწყებულა, ვასოს ახალგაზრდა ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟები დაუტოვებია და ბევრის მსგავსად, უგზო-უკვლოდ დაკარგულა...

ამ ვასოს შვილიშვილია ყოჩაღი, გამორჩეული და სასიამოვნო ქალიშვილი ქეთი, რომელიც ერთადერთი მეფუტკრე ქალია სოფელში. რამდენიმე სიტყვით ქეთის ოჯახის წევრები მინდა გაგაცნოთ. მამას არსენა ჰქვია, დედას მაყვალა, ძმას ფრიდონი, დას ფიქრია და ყველას თავისი საქმე აქვს ოჯახში. თუმცა, უმცროსი ყველაზე ინტელექტუალური საქმიანობის, მეფუტკრეობის მეთაურია. შესავალშიც ამიტომ ვილაპარაკე ამდენი ფუტკარზე... ოჯახის ძირითადი საქმიანობა, როგორც დანარჩენი თანასოფლელების, მესაქონლეობაა. ობოლაშვილების 15-სულიანი ფერმა თანდათან იზრდება, იხვეწება და სათიბეებიდანაც უფრო მეტი საკვების მოზიდვა უწევთ. სადაც ტექნიკა აღწევს, იქ თივას სათიბელათი თიბავენ, სადაც მოუხერხებელია ტექნიკის შეყვანა, ფრიდონმა იქ ცელით უნდა თიბოს. ვისაც უნახავს ცელით თიბვა, იცის, რომ ეს მარტო დიდი ჯაფა კი არა, არამედ მთელი ხელოვნებაა! პირალესილი ლითონი მწიფე ბალახს საფერხეში ისე უნდა გაუტარო, რომ არც მიწას მოსდო და არც მაღალზე მოგიწიოს მცენარის გადაჭრამ. აი, შენს თავს და მონაპირე მთიბველს ხომ უნდა გაუფრთხილდე და გაუფრთხილდე, თორემ ბალახზე ნაკლებად არც ადამიანის ხორცს ბალთავს ცელი! ქეთი ამბობს, რომ ძმა წუნიაა ან ძალიან კრიტიკული, თორემ 34 წლის კაცს ახლა ცოლ-შვილი უნდა ჰყავდესო. ეს ბედის საქმეა და ისე არ დაილევა სახნისი, მისგან არ დადგეს სადგისიო, - უთქვამთ ძველ ქართველებს. ჯერ კიდევ ბევრი დროა წინ და ობოლაშვილების კერაზე, თავისი წინამორბედების მსგავსად, შრომისმოყვარე და ჯანმრთელი თაობები გაიზრდება!

ქეთი თბილისშია დაბადებული, მაგრამ სოფლად ცხოვრებას იოლად შეეჩვია. მამაპაპისეულ სახლში ბევრად უფრო დაცული იყო ოჯახი, ვიდრე თბილისში... ქეთიმ ვაჟა-ფშაველას სახელობის დიდი თონეთის სკოლა წარმატებით დაამთავრა, მაგრამ სწავლაზე მეტად, საქმიანობამ გაიტაცა. არავის ეგონოს, რომ ქართველი მეურნის გამოცდილება რომელიმე საუნივერსიტეტო განათლებაზე ნაკლებია!

ისე, ქეთის თავისი თონეთი ძალიან უყვარს. თუ გინდათ, იმასაც გაიხსენებს, რატომ უწოდეს ამ სოფელს თონეთი? დიდგორის ომის მერე, აღმაშენებლის ლაშქარს აქაური თონეები ამარაგებდა თურმე გამომცხვარი პურით. ეთნოგრაფიული ძეგლებიცაა სოფლად, თუმცა ყველაზე საამაყო ის აქვთ, რომ პეტერბურგიდან დაბრუნებული ვაჟა აქაურებს ასწავლიდა...

ქეთის მეფუტკრეობა თითქოს, მარტივად დაიწყო. მშრომელ გოგონას მამიდამ აჩუქა 4 ოჯახი 2013 წლის მარტში.

"ცნობისმოყვარეობამ მძლია და სკას ავხადე სახურავი. საკმაოდ ცუდი, ქარიანი ამინდი იყო. რა თქმა უნდა, დამნესტრეს, ვერც ფუტკრის დათვალიერება მოვახერხე და ხელებიც საშინლად დამისივდა. მთელი ღამე მტკიოდა და მექავებოდა ხელები, ცრემლებსაც ძლივს ვიკავებდი და გადავწყვიტე, სკას აღარ გავკარებოდი. ამის შემდეგ კარგა ხანს არ მივდიოდი სკებთან. ერთ მშვენიერ დღეს ულამაზესი სანახაობის მომსწრე გავხდი: სკიდან დიდი რაოდენობით ფუტკარი გამოვიდა და უცნაურად დაიწყეს ფუსფუსი. ცოტა ხნის შემდეგ მათ დედა ფუტკარიც შეუერთდათ, დაყოვნდა საფრენზე, მერე კამარა შეკრა და ცაში აიჭრა. სხვა ფუტკრებიც შეუერთდნენ და უკვე გაერთიანებულმა ამალამ კარგა ხანს იფრინა საფუტკრის ირგვლივ, შემდეგ კი ხეზე დაბუდდნენ ერთ გუნდად შეკრულნი. ასე შეიქმნა ახალი ოჯახი. ახალი ოჯახის შექმნამ დიდი სტიმული მომცა და პასუხისმგებლობაც მომემატა, ისევ გავბედე სკებთან მიახლოება... ჩემი მეფუტკრეობით დაინტერესება ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა. ზოგი საკმაოდ სკეპტიკურად და ცინიკურად უყურებდა ამას, - საშენო საქმე არაა, ვერ შეძლებ, გოგო მეფუტკრე არ გაგვიგონიაო და ასე შემდეგ.

ერთხელ საფუტკრეში ვსაქმიანობდი, ასაკოვანმა კაცმა ჩამოიარა და გაოცებულმა მკითხა, შენ უვლი ფუტკარსო? კი-მეთქი. მაგათ შაქრიან წყალში სპირტი ჩაუსხი ცოტა, დაითვრებიან ფუტკრები და მეზობელი მეფუტკრეების სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...

მიუხედავად სიძნელეებისა, ფუტკართან მუშაობას მაინც ვაგრძელებდი. ვიყიდე მეფუტკრეობის შესახებ უამრავი წიგნი და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, თეორიული ცოდნაც გავიღრმავე, ასევე დავიწყე მეურნეობის გაფართოება და ფუტკრის მთაბარობაც.

ზაფხულში დიდგორის ველებზე ვამთაბარებ ფუტკარს, იქაურობა ათასფერი ყვავილებითაა მოფენილი. სასიამოვნო სანახავია მინდვრად მოფუსფუსე ფუტკარი, გაფაციცებით რომ ეზიდება ნექტარს. სკებს ბიძაჩემს ვაბარებ და ის დარაჯობს. ერთხელ დავურეკე, ფუტკარი როგორაა-მეთქი? ხუმარა ადამიანია, - ამ საღამოს ოთხჯერ დავთვალე და მგონი აკლია. მანქანით წავედი მოსაძებნად. თურმე წვიმამ მოუსწროთ, ფრთები დასველებიათ და ფეხით მოეშურებოდნენ სკისკენო..."

კურიოზებიც ახლავს მეფუტკრეობას. თუ დამწყები მეფუტკრე ხარ, მით უფრო:

GzaPress"გასულ წელს ალგეთის პირას გვყავდა ფუტკარი სამთაბაროდ. რამდენიმე ადგილობრივი მეფუტკრეც შემოგვიერთდა, დარაჯი დავაყენეთ და ფუტკარი ჩავაბარეთ. ერთ დღეს ჩავაკითხე, დარაჯი ცოტა ნაწყენი დამხვდა. მიზეზი ვკითხე და უცნაური რამ მიამბო: ერთი ადგილობრივი მეფუტკრის სკიდან ნაყარი გამოსულა და იქვე ხეზე დაბინავებულა. დარაჯს ბავშვი გაუგზავნია სკის პატრონთან, თან დაუბარებია, მალე მოვიდეს, ნაყარი გამოიპარა და მიხედოსო. ეს მეფუტკრე დამწყები ყოფილა, არ იცოდა ფუტკრის არაფერი და ჩხუბით ჩამოვარდნილა, რისი დარაჯი ხარ, სკიდან ფუტკარი როგორ გამოგეპარაო..."

40-ოდე სკას უვლის უკვე ქეთი. საკურორტო ზონის თაფლს ყველა ეტანება, ამიტომ თაფლის გასაღებაც არ უჭირს.

"ზამთარში, როცა არემარე თეთრად იმოსება და ღამეებიც დაგრძელდება, წიგნის კითხვა მშვენიერი გასართობია. ხანდახან კი დავჯდები და თბილ საბნებს, ლეიბებს, ბალიშებს ვკერავ, მერე ნათესავებსა და მეგობრებს ვჩუქნი, ხანაც ლამაზ წინდებს ვქსოვ. ჩემი სოფელი მიგრაციის საფრთხის წინაშეა. გული მწყდება, ერთ დროს დიდი და ხალხით სავსე სოფელი ასე რომ დაიცალა. ახალგაზრდების უმეტესობა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მე კი სულაც არ მინდა მამაპაპისეული სოფლის და კარ-მიდამოს დატოვება. მინდა დავამტკიცო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, სოფელში მცხოვრებ ადამიანსაც შეუძლია ოჯახის ღირსეულად რჩენა. მჯერა, რომ სიძნელეებისა და დაბრკოლების მიუხედავად, წარმატება გარდაუვალია", - ამბობს ქეთი და ეძებს გზებს მეტი განვითარებისა და წინსვლისთვის!

გაზაფხულიდან ყველა მეფუტკრეს ახალი სიცოცხლე ეწყება. დედა ფუტკარი ფიჭაზე წრიულად თუ იწყებს კვერცხდებას, ე.ი. ყველაფერი წესრიგშია. აკაციის აყვავებამდე სკაში 50-60 ათასი ფუტკარი თუა, ეს უკვე ახალი ოჯახის შექმნის საფუძველიცაა. თითო ჩარჩოზე 7 ათასზე მეტ კვერცხს დებს დედა ფუტკარი და ისე სწრაფად და პროგრესით იზრდება ბარტყი, მსგავსი მატების შემთხვევაში, ბავშვი 1 თვის თავზე 9 ტონა უნდა იყოსო... ეს არ ვიცი, ფანტაზიაა თუ სიმართლე, მაგრამ ქეთის აუცილებლად ექნება ბევრი წარმატება, რადგან მას შრომა და კითხვა უყვარს...

როლანდ ხოჯანაშვილი