ალუდა ქეთელაური - ხევსური ბიჭი, რომელიც მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა - გზაპრესი

ალუდა ქეთელაური - ხევსური ბიჭი, რომელიც მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა

ალუდას გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი წერილის ფრაგმენტი: - ”აუ, რამდენი ხანი მყვარებიხარ, კინაღამ გადამავიწყდი.... დავდიოდი და შენზე ვფიქრობდი, შენზე კი არა შენით ვფიქრობდი, ყინავდა და შენით მციოდა, მზე აცხუნებდა და შენგან მთბილოდა. მიყვარხარ, ჩემთვის უცნაურად, აუწონავად დაგატარებ ისე, როგორც კაცი სულსა და გულს...

- ალუდა, დღეს სადამდე გიყვარვარ?

- ცამდე.

- მე კიდევ, ცის იქით, აი, ცა რომ იხსნება ელვის დროს, ცის შიგნით.

ვისაც მე მოვწონდი ან მე ვინც მიყვარდა, ყველა ცდილობდა დიდ სიმაღლეებზე ელაპარაკა და ლაპარაკობდნენ კიდეც. მოხვედი შენ და იცი, როგორ მოხვედი? მიწიდან არა, ზეციდან არა, იიდან მოხვედი, ტერფიდან მოხვედი და საუბარი ტერფიდან დამიწყე. ვისაც მე მოვწონდი ან ვინც მე მომწონდა, მე მათი ოკეანე ვერ მომერევა, შენი წვეთი რაა, წვეთი დამახრჩობს... მოხვედი და ისე საოცრად ამიხსენი, გამარკვიე, არა, კი არ ამიხსენი, კი არ გამარკვიე, მაგრძნობინე, ვინა ვარ. მოხვედი შენ და ყველაფერი თავდაყირა დადგა, არა, თავდაყირა იდგა და ყველაფერი თავ-თავის ადგილას დადგა... მე ფერები მქოდა და ვერ ვხატავდი, გიპოვე შენ და სადღა უნდა წავიდე... პატიებას არ გთხოვ, რომ ასეთ ფურცელზე დაწერილ წერილს გწერ, რადგან შენ ჩემი ალუდა ხარ, ასე გკოცნის მარიამი... ველოდები შენს წერილს...” - წერდა ავტორი ალუდას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან ეს წერილი ალუდას ჩანთაში მისი გარდაცვალების შემდეგ იპოვეს...

ძალიან მომინდა წერილის ავტორთან საუბარი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ასე გადმოცემული გრძნობის შემდეგ, მას ალუდაზე წარსულში საუბარი გაუჭირდებოდა. ახალგაზრდა მომღერალს, რომელიც სიმღერითა და სიყვარულით ცხოვრობდა, 15 ნოემბერს 27 წელი შეუსრულდებოდა.

- ვინ იყო ალუდა ქეთელაური? - ვკითხე თვითნასწავლი მომღერლის რამდენიმე მეგობარს.

- ალუდა?.. ალუდა იყო ალუდა!.. მოგისმენიათ, მისი ”ზეცას შახენეო აპარაკევა” ან ”თამარა”, ან ”შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები” ან ”მარი?” - მითხრეს მათ...

ხევსური იყო ალუდა. მისმა სიმღერებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, ათასობით ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა მისი სიმღერები, ხალხური თუ მის მიერ დაწერილი...

GzaPress

ლევან ქეთელაური, ალუდას ძმა:

- მიჭირს ალუდაზე საუბარი, მით უფრო, - წარსულში. სანამ ცოცხალი იყო, მეგონა, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სიმღერა და მეგობრები უყვარდა, ცხოვრება უხაროდა. მისი სიკვდილის შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი, რადგან ორი წელი გავიდა მისი წასვლიდან და მეგობრებს ისევ ისე ახსოვთ და უყვართ. მათი ინიციატივით, 15 ნოემბერს, დუშეთში, მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იმართება, სადაც არაერთი მუსიკალური ჯგუფი, მომღერალი, პოეტი შეიკრიბება. 27 წლის გახდებოდა. ცოტა არ არის, 25 წლის ბიჭმა ამხელა სიყვარული და მონატრება დატოვოს. იცით, როგორი ბიჭი იყო? მზესა და სიყვარულს ხურჯინით დაატარებდა. ძალიან გულწრფელი იყო. არასდროს არავის მაამებელი სიტყვა არ უთქვამს. ამ თვისების გამო უფრო მეტად უყვარდათ მეგობრებს. ძალიან უყვარდა მთა, ოღონდ მეგობრებთან ერთად ყოფილიყო და მთაში, კარავშიც და ქუჩაშიც ბედნიერი იყო. ბავშვობიდან მღეროდა. თავიდან რაღაც აკორდებს თავად უყრიდა თავს მუსკიალურ ინსტრუმენტებზე, შემდეგ ისწავლა კიდეც. რამდენიმე სიმღერის ავტორია, მუკისას კი ჯუგფთან, თავის მეგობრებთან ერთად ქმნიდა.

”აკეთე ის, რაც შენ გინდა, თუ ნებას მოგცემს უფალი, იფრინე სივრცის გადაღმა, იყავი თავისუფალი”. - წერდა ალუდა. მართლაც, სივრცის მიღმა გადაფრინდა...

წინა დღეს მთაში ყოფილა. სუფრასთან უკითხავთ:

- ქალაქში როდის მიდიხარ?

- ხვალ...

- ხვალ ფრენა არ არის და არც იქნება და შენ გამო არხოტიდან ფრენას ვინ დანიშნავს, რას მიჰყვებიო? - ხუმრობით უკითხავს ერთ-ერთს.

- ჩემი გაფრენა უკვე დაგეგმილიაო, - ღიმილით უთქვამს ალუდას.

მართლაც გაფრინდა მეორე დღეს...

ლალი პაპასკირი, სპეციალურად საიტისთვის