სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე - გზაპრესი

სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე

ამბობს, რომ ვერც ერთ პროფესიაში ვერ იპოვა ის, რაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა. სხვადასხვა ფორმის ქვასა და ხის ნაჭერზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 33 წლის მაია ბაიაშვილის სახლში ბევრ ძველ ნივთსაც ნახავთ, პატრონს ახალი დანიშნულება რომ მიუცია. რატომ ამჯობინა მოსამართლის თანაშემწეობას დიზაინერობა, როგორ შეაშინეს დამნაშავეებმა სასამართლო სხდომაზე და რატომ ესროლეს ბოთლი, ამის შესახებ თვითონ მაია მოგვიყვება.

- მიყვარს ძველი ნივთების გაცოცხლება და ვფიქრობ, კარგადაც გამომდის. ძალიან ვნანობ, რომ თავიდანვე დიზაინერის პროფესია არ ავირჩიე. არადა, სამხატვრო აკადემიაში სხვის ნაცვლად მაქვს გამოცდები ჩაბარებული. არ ჯობდა, თვითონ მესწავლა? ერთი წაკითხვით ვიმახსოვრებდი ყველაფერს. იყო შემთხვევები, როდესაც ლექტორი სტუდენტს ვერ ცნობდა და მეგობრები მთხოვდნენ, წინა საღამოს გადამეხედა საკითხებისთვის და გამოცდაზე გავსულიყავი. ბიჭები ნატრობდნენ ხოლმე, ნეტავ, ბიჭი მაინც იყო, ჩვენც ხომ გვეშველებოდაო. დღევანდელი გადასახედიდან, ვთვლი, რომ პროფესია ცოტა მოგვიანებით უნდა აირჩიოს ადამიანმა და არა 17 წლის ასაკში. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ ჩავაბარე ჯერ იურიდიულზე უნივერსიტეტში, მაგისტრატურაც კი დავამთავრე და მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გეპეიში. რამდენი წელი დავკარგე, ხომ წარმოგიდგენია? მამაჩემი კი მეუბნებოდა, შენი ხასიათისა და ბუნების გამო იურისტობასა და სასამართლოში მუშაობას შეეშვი, არ გამოგივაო, მაგრამ არ ვუჯერებდი. საბოლოოდ მართალი აღმოჩნდა. მცხეთის სასამართლოში ვმუშაობდი, მერე "იმედში" გავიარე სტაჟირება, მაგრამ ერთსაც დავანებე თავი და მეორესაც.

- არადა, როგორც მითხარი, სასამართლოში წარმატებული იყო შენი კარიერა...

GzaPress- ერთი წელი სტაჟირებას გავდიოდი მცხეთის სასამართლოში და მოსამართლემ დამიტოვა თავის დაქვემდებარებაში. ფაქტობრივად, მისი თანაშემწე ვიყავი და ჩემს აზრს ანგარიშს უწევდნენ, რაც ახალდამთავრებულისთვის ურიგო არ იყო. ეს გახლდათ შევარდნაძის პერიოდი. ხომ წარმოგიდგენია, რა დროს მიწევდა ამ ურთულეს სფეროში მუშაობა? ვესწრებოდი სხდომებს, ვისმენდი განხილვებს და მოსამართლეს რამე რომ არ გამორჩენოდა, ანალიზს ვაკეთებდი, ჩემს აზრს მოვახსენებდი. ხშირად ყოფილა დამუქრებისა და დაშინების ფაქტებიც, რამაც დამთრგუნა და საბოლოოდ გადამაწყვეტინა იქიდან წამოსვლა. ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას გავიხსენებ: რამდენიმე ადამიანმა დააყაჩაღა ბაქოში მიმავალი მანქანა, რომლითაც დიდი რაოდენობით ოქრო და ფული გადაჰქონდათ. მძღოლი აზერბაიჯანელი იყო, შუამავალი კი - ქართველი, რომელიც თურმე ინფორმაციის მიმცემი ყოფილა დანარჩენი დამყაჩაღებლებისთვის და თვითონაც დაზარალებულებთან ერთად იჯდა მანქანაში. ჭრილობაც ჰქონდა მიყენებული, მაგრამ როგორ, ამას ვერ ვარკვევდით. ერთ-ერთი დამნაშავე იძახდა, ხიდიდან ქვა ვისროლეო, ქვის სტრუქტურა მართლაც ემთხვეოდა ჭრილობას, მაგრამ საკვირველი ის იყო, ხიდიდან ისეთი ძალით როგორ ესროლა, რომ მანქანის შუშა გატეხა და შიგ მჯდომიც დააზიანა. აი, ამას ვეღარ ვხვდებოდით. თითქოს რაღაც აკლდა ამ ამბავს. როგორც მერე გაირკვა, ამ შუამავალმა ჯერ დააძინა აზერბაიჯანელები, გადმოიტანა ოქრო, ფული და მერე ააფეთქეს მანქანა და ვითომ აფეთქების ძალამ გადმოაგდო ეს კაცი მანქანიდან გარეთ. ჭრილობა სინამდვილეში, თანამოაზრეებმა მანამდე მიაყენეს, თვალის ახვევის მიზნით. თვითონ დაზარალებულები ვერაფერს იხსენებდნენ. ერთი დეტალი რომ გაკლია და ვერ ხვდები, სინამდვილეში როგორ და რა მოხდა, არადა, ზუსტად გინდა გაარკვიო, რაშია ამ ადამიანის ბრალეულობა, ასეთი სიტუაცია იყო. მოსამართლეს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ უცებ, ერთ წამში თითქოს გონება გამინათდაო, მივხვდი, რაც მოხდა. მივხვდი, რომ ეს კაციც იმ დაჯგუფების წვერი იყო და თავი შემთხვევის დროს კი არ გაუტეხეს, მანამდე ჰქონდა გატეხილი და ინფორმაციაც მას ჰქონდა მიცემული. იმიტომ იყო, ექსპერტიზამ ანესთეზიოლოგიური პრეპარატის კვალი რომ აღმოაჩინა მის სისხლში. ეტყობა, გაუყუჩეს და ისე ჩაარტყეს ქვა. იქ იმხელა თანხაზე იყო ლაპარაკი და იმდენ ძვირფასეულობაზე, რომ ამის გამო რას არ იზამდნენ. ამას როგორც კი მივხვდი, გახარებული წამოვხტი, რომ მოსამართლესთან მივსულიყავი და ეს ყველაფერი მეთქვა. ჩემს მზერაში დამნაშავემ ამოიკითხა, რომ ყველაფერს მივუხვდი და წყალი მოითხოვა. რატომღაც, შუშის ბოთლითვე მიაწოდა დაცვამ და უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ბოთლი ჩემი მიმართულებით ისროლა. ბოთლი ცხვირ-პირში მომხვდა და უკან გადამაგდო. ისეთი მწარე იყო, ახლაც მტკივა სახე მაგის გახსენებისას. გონება დავკარგე და "სასწრაფო" გამოიძახეს. პროცესს ჩემ გამო ხომ არ გადადებდნენ? მოკლედ, ის კაცი ადვილად "გამოძვრა" სიტუაციიდან და ყველაფერი შერჩა, მე კი ისეთი შეშინებული და დათრგუნვილი ვიყავი, დიდხანს აღარც გავჩერებულვარ სამსახურში. რამდენი ასეთი "სიურპრიზი" ყოფილა, ვინ იცის...

- კარგი, მაგრამ სად იურისტობა და სად კერვა? დიზაინერობა რაღამ გადაგაწყვეტინა?

- მეგობარი მყავს, ავეჯის დიზაინერია, მხატვრების ოჯახში გაიზარდა და სულ ვეუბნები, ჩემი დიზაინერობაც შენი გავლენაა-მეთქი. ისე, ბავშვობიდანვე მიყვარდა ჩხირკედელაობა და ძველი ნივთებისგან ათასნაირ რაღაცას ვაკეთებდი. მომწონდა მათ ახალ სიცოცხლესა და დანიშნულებას რომ ვძენდი. ჩანთებს ვაფორმებდი, თმის სამაგრებსა და თავსაბურავებს ვაკეთებდი. სტუდენტობიდანვე ვკერავდი და ვყიდდი. ჩემი შრომით ვირჩენდი თავს. სულ ვამბობ, ადამიანს ყველაფერი გამოუვა, თუ მოინდომებს, მთავარი სურვილია, 2 ხელი და ჯანმრთელობა. 7-8 წლის წინ გავიარე ჭრა-კერვის 6-თვიანი კურსი და მასწავლებელს ისე მოვეწონე, შემომთავაზა, ბარემ ჩემთან დარჩი და სხვებს ასწავლეო. მართლაც, 2 წლის მანძილზე თან სხვებს ვასწავლიდი და თან შეკვეთებს ვიღებდი. იმდენად მომწონდა ეს საქმე, ვიფიქრე, ტექნიკასაც შევიძენ-მეთქი. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შევიძინე "ავერლოკის" მანქანა, ქსოვილებიც და სწავლის შემდგომი კურსიც დამიფინანსეს. მას შემდეგ ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. აქტიურად ვმონაწილეობ საქართველოში დამწყები დიზაინერებისთვის გამართულ ღონისძიებებში... არის ასეთი ქალბატონი - ია ჩაკვეტაძე, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერებს ხელს უწყობს და ცდილობს მათ წარმოჩენას. შარშან ბაქოშიც ვიყავით. ძალიან ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი, იქაურებს როგორ მოეწონებოდათ ჩემი კოლექცია - ძირითადად კაბები და პალტოები, მაგრამ თურმე, ტყუილად ვნერვიულობდი. ერთ პალტოზე ისეთი ამბავი ატყდა, ყველას მოუნდა მისი შეძენა. თვითონ ორგანიზატორმაც მთხოვა, ვიყიდიო, მაგრამ უარი ვუთხარი. მეც მომწონდა და თან იცი, როდინდელი ქსოვილისგან მქონდა შეკერილი? დედაჩემისთვის თავის დედამთილს უჩუქებია და ვერ გავიმეტე გასაყიდად.

- ახლა შენი სახლის ინტერიერზეც მითხარი რამე...

GzaPress- ეს ქვები შატილიდან წამოვიღე და თოკებით დავკიდე კედელზე. ყველას მოსწონს. ბევრი მომქონდა, მაგრამ მეუღლემ დამაყრევინა (იცინის). ტურებში ხშირად დავდივარ და მძღოლმა თუ რამე განსაკუთრებული დაინახა, ეს იმ გოგოს გამოადგება, მიუტანეთო, - ჩემთან ატანს. ჩემი მეუღლე უკვე შეეგუა ამ ამბავს. აი, ეს ქვებიც გორიდან მაქვს ჩამოტანილი. სხვათა შორის, კარგი ენერგეტიკული მუხტის მატარებელი ყოფილა. პატარა ბინა მაქვს და სულ მინდოდა განსაკუთრებულად მომეწყო. კერძო სახლში გავიზარდე. მიყვარს ეზო, ხეები, ყვავილები. ახლა ავდექი და ბამბუკისგან გავაკეთე სააბაზანოს კარიცა და შესასვლელის კუთხეც, რომელსაც ძალზე პრაქტიკული დატვირთვა აქვს.

- კლიენტებთან ურთიერთობის დროს რას ითვალისწინებ?

- კლიენტებს არ უყვართ, როდესაც შენს აზრს ახვევ თავს. ძირითადად, ზუსტად იციან, რაც უნდათ. ზოგი დაჟინებით გთხოვს, აი, ზუსტად ასეთი შემიკერეო და გაჩვენებს გადაღებულ ფოტოს. მოლოდინი აქვს, რომ თვითონაც ისევე მოერგება და მოუხდება, როგორც სხვას, მაგრამ ასე ხომ არ ხდება?

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს...

- ჩემს მეგობრებთან, ნინო თიგიშვილსა და ირმა ერაძესთან ერთად ვაპირებ სტუდიის გაკეთებას. ეს არ იქნება მხოლოდ სამკერვალო, ეს იქნება სტუდია, სადაც შევუკერავთ კიდეც, მოვუქსოვთ და ფოტოგადაღებაც გვექნება. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. მინდა, ისეთ გარემოში მოხვდნენ იქ უფროსები თუ პატარები, რომ კვლავაც გაუჩნდეთ ჩვენთან სტუმრობის სურვილი.

ნინო ჯავახიშვილი