"ბალღო, გეტყობა კოჭებში, კიდეც სვამ, კიდეც ტლიკინებ" - გზაპრესი

"ბალღო, გეტყობა კოჭებში, კიდეც სვამ, კიდეც ტლიკინებ"

53 წლის გუჯა შვანგირაძე წარმოშობით ქუთაისელია. "გუჯა ბიძია" მისი ფსევდონიმია. წერს ლექსებს, კაფიებს, პუბლიცისტიკაშიც ცდის ბედს და უნდა ითქვას, კალამიც უჭრის და ენაც... სჯობს, ვაღიარო და ვთქვა სიმართლე, რომ ღვინოზე, ქალზე, ძალაუფლებასა და სხვა ამქვეყნიურ სიამოვნებაზე მეტი კაიფია ჩემთვის, როდესაც სიტყვა მემორჩილება და მომყვებაო, - ამბობს თვითონ.

- წერა გვიან, 8-9 წლის წინ დავიწყე, ალბათ რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემში. თითქოს აზრიც მომწიფდა, კალამიც დამემორჩილა და ბედნიერი ვარ, თუ ვინმეს მოსწონს ჩემი ნააზრევი... ისეთი, როგორიც დღეს ვარ, პუბლიცისტიკამ, მოთხრობებმა, ლექსებმა შემქმნა. ახლა მე "გუჯა ბიძია" ვარ და ეს უბრალოდ ფსევდონიმი არ არის, ცხოვრების სტილია. შემცვალა ჩემივე დაწერილმა სიტყვამ. კაცი ხმამაღლა თუ იტყვის რამეს, რომ მოკვდეს, უნდა შეასრულოს - აი, ეს პრინციპი მუშაობს ჩემთვის. როგორც კი მივხვდი, როგორ იმოქმედა ჩემივე სიტყვამ ჩემზე, მომინდა, სხვასაც წაეკითხა - უფრო ცუდს ნაღდად ვერ გახდიდა ვინმეს და იქნებ, ათიდან ერთს მაინც მონდომებოდა იმაზე კარგი გამხდარიყო, ვიდრე იქამდე იყო. ჰოდა, ჩემსას ალალად ვცდილობ და თუ როგორ გამომდის, ეს უკვე სხვამ თქვას. თუ ვინმეს უნდა გაიგოს, ვინ არის "გუჯა ბიძია", "წამიკითხოს"...

- რას საქმიანობთ ამჟამად?

- გიორგი შავგულიძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. სამწუხაროდ, დღესდღეობით თეატრს ნაკლები ყურადღება ექცევა. ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა, სულ სხვა, უფრო მასობრივ სანახაობაზეა ხალხი გადართული, მაგრამ მაინც ვცდილობთ, თეატრი ვასულდგმულოთ. 2015 წელს ჩამოვაყალიბე ლიტერატურული კლუბი "ბახტრიონი", სადაც იკრიბებოდნენ მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, ისეთი ხალხი, რომელთა ნიჭს გასაქანს არ აძლევდა ტელევიზია, მათზე არ საუბრობდა პრესა. ჩვენთან მოდიოდნენ პოლიტიკოსებიც. ვსაუბრობდით მრავალ საკითხზე, ჩვენს კლუბში იდგმებოდა პატარა წარმოდგენები, სკეტჩები... 2016 წელს, შემოდგომაზე, მაშინ, როცა ხელისუფლებამ არაფრად მიიჩნია რუსთაველის 850 წლისთავი, მართლა სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ თანამოაზრეებთან ერთად ეს თარიღი აღვნიშნეთ თბილისში, რუსთაველის ძეგლთან. სამასი ადამიანი იყო იქ. ასევე, შევძელით ემიგრაციასთან დაკავშირებაც და მათაც ევროპის მრავალ ქალაქში აღნიშნეს ეს დღე.

GzaPress- აქტიური ხართ სოციალურ ქსელებში, პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. ახალგაზრდობაშიც ასე ღიად აფიქსირებდით აზრს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ?

- მაშინ საერთოდ არ მაღელვებდა პოლიტიკა, მშვიდად ვცხოვრობდი. მაინტერესებდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. უნდა გითხრათ, ვცდებოდი! სწორედ ხალხის განზე დგომის შედეგად მივიღეთ ის სურათი და ყოფა, რაც დღეს გვაქვს - ამდენი იმედგაცრუება და დაბნეულობა ხალხში, არჩევანის არარსებობა, გაჭირვება. საარჩევნო კანონი ისეთია, რომ წესიერი კაცი გამარჯვებამდე ვერ მივა და ვერ გააკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია და რაც ქვეყანასა და ხალხს წაადგება. ამ ყველაფერზე საუბარი ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს დავიწყე. ვგულისხმობ ზოგადად სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას. პროზაში, პუბლიცისტიკაში აქტიურად გამოვხატავდი ჩემს შეხედულებებს. სააკაშვილთან და ივანიშვილთან რამე პიროვნული შუღლი კი არ მაქვს, ისინი უბრალოდ, სისტემის სახეები არიან და თვითონ სისტემაა შესაცვლელი.

- თქვენი აზრით, დღევანდელი ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდი მინუსი და შეცდომა რა არის?

- სანამდე უნდა წამოვკრათ ფეხი ერთსა და იმავე ქვაზე და რამდენჯერ უნდა წავიქცეთ? ხომ შეიძლება, ვინმე დაიხაროს და გზიდან გადააგდოს ის ქვა, რომელზედაც თავპირს ვიმტვრევთ? დღევანდელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, როდესაც მიზანს აღწევს და სკამს ერგება, აღარ ფიქრობს, მის მერე რა მოხდება. ის საქმის გასაკეთებლად კი არ არის მისული, მისულია იმიტომ, რომ სათავისოდ გამოიყენოს სისტემა, რომელიც უკვე 100 წელია, საერთოდ არ შეცვლილა. 90-იან წლებში ეროვნული ხელისუფლება კი მოვიდა, მაგრამ სისტემა დარჩა ბოლშევიკური და საბჭოური, მმართველობის მექანიზმი იგივეა. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აინტერესებს მისი შეცვლა. არადა, ჩვენი მთავარი სამიზნე სწორედ სისტემა უნდა იყოს. ხალხს ყველაფერზე უნდა ჰქონდეს რეაქცია. არ შეიძლება ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა. ეშმაკი დეტალებშია და სწორედ კაშიას სამკლავურით, კალაძის გეიწაქეზებით, კობიაშვილის გეიქომაგობით, მარგველაშვილის იდიოტობით, კობახიძის კონსტიტუციური ცინიზმით, ივანიშვილის ხეებით, მურუსიძის სასამართლოთი, ბოკერიას "იაზვობით", ქუცნაშვილის აღსარებით, პარლამენტარების პრემია-დანამატ-ჯილდოებით, ნარმანია-უგულავას ერთობლივი სელფებით, ლარის კურსით გვამოწმებს სისტემა ჩვენ, რიგით ადამიანებს, ცოცხლები ვართ თუ არა; რამის გაპროტესტება შეგვიძლია თუ არა; საწველი ძროხა ვართ თუ ხალხი; გასაპარსი ცხვრები ვართ თუ ერი; ადეკვატურები ვართ, თუ ჩლუნგები. გვამოწმებს, გააგრძელოს ჩვენი ძარცვა, თუ უკან დაიხიოს. ამიტომაც, ხალხს ნებისმიერ გამოწვევაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. გარეთ გამოსვლა და ერთად დგომა უნდა შეძლოს. ნებისმიერი საპროტესტო რეაქცია არყევს სისტემას, ერთად დგომას ვსწავლობთ და ერთხელაც, სათავესთან მივალთ. არ უნდა ვიყოთ ბრმები და ყრუები, თორემ საერთოდ აღარ ვიქნებით! ამან დამაწერინა თავის დროზე ეს ლექსი ილიასეულ მოტივებზე: "ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?/ ყველაფერზე აზრის მქონე, ყველაფერში ნიჭიერი,/ სხვა უწესოს გამკიცხავი, თვითონ ყოვლად წესიერი,/ სხვისი ცოდვის დამთვლელი და თვითონ მამაზეციერი./ სადმე არის სხვა ასეთი ამიერი, იმიერი?/ იქნებ მითხრათ, არავინ ხართ ახლო-მახლო ღვთისნიერი?"

- გამოსავალს, როგორც მითხარით, საარჩევნო კანონის შეცვლაში ხედავთ, არა?

- საზოგადოებამ ხშირად უნდა გააკონტროლოს ხელისუფლების ქმედებები. თუ მავანსა და მავანს ექნება შიში, რომ ამომრჩეველი ნებისმიერ დროს გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებულ მოვალეობას და დანაპირებს სათანადოდ არ შეასრულებს, დეპუტატს უკან გამოიწვევს, თავის საქმეს ყველა გააკეთებს. უნდა ამუშავდეს დეპუტატის უკან გამოწვევის მექანიზმი (მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს ვგულისხმობ), ეს ძალიან წაადგება ხალხსაც და ქვეყანასაც.

- გადაბრუნებული ურმებისა და მარცხის თვლა ერთგვარ სპორტად გადაგვექცაო, ამბობთ...

- რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი გეპარებათ? რა მივიღეთ, ვთქვათ, ბოლო 25 წლის განმავლობაში? მილიონ-ნახევარი ემიგრანტი, მილიონზე ოდნავ მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი, ხელი რომ სამათხოვროდ აქვს გაშვერილი, უმუშევრობა, უპერსპექტივობა... ვდგავართ და ამ ყველა მარცხს უბრალოდ ვითვლით, ჭკუას კი არ ვსწავლობთ. სპორტია, აბა, რა არის?

- მიგაჩნიათ, რომ ცვლილებების არც სურვილია და არც ძალაა საამისოდ?

- დიახ, ასეა და ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ყველა გავიდეთ ქუჩაში, ვიღაცას პასუხი მოვთხოვოთ, რაღაც გავაკეთოთ. მე თვითონ არ მაქვს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მაგრამ შარშან დავაარსე "თბილისის ჯგუფი", რომელიც შედგება აქტიური მოქალაქეებისგან და საარჩევნო კანონზე მუშაობს.

- არასდროს ყოფილხართ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში?

- "ქართულ ოცნებაში" ვიყავი 2012 წელს. ერთ წელში დავტოვე, რადგან ბევრი დაპირება არ შესრულდა და მალევე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით პირველი აქცია გავმართე. როდესაც ხელისუფლება ვერ წყვეტს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ის აუცილებლად მივა ძალადობამდე...

- კრასნოდარში მომხდარი ერთი კარგი ამბავიც მიამბეთ, ქართველობამ და ერთმანეთის მხარში დგომამ სიამაყე რომ მოგგვარათ მაშინ....

- კარგია, ასეთები რომ ვართ, მაგრამ რატომღაც საზღვრებს მიღმა გვაქვს ეს მომეტებული სიყვარული და ერთმანეთის გატანის სურვილი, აქ კი ერთმანეთს ვჭამთ. დაახლოებით 20 წლის წინ კრასნოდართან გამიფუჭდა მანქანა. ვერაფერი გავუგე, ახლაც არა ვარ პროფესორი ამ საქმეში და მაშინ მით უმეტეს, მაგარი "ჩაინიკი" ვიყავი. არადა, ღამდება უკვე. ტრასაზეც არავინ ჩანს, აქეთ-იქითაც სტეპია ჩაშავებული. რაღა რობიზონ კრუზო და რაღა მე. ყვირილითა და სიგნალის მიცემით კი არა, მანქანისთვისაც რომ წამეკიდებინა ცეცხლი, ამით მარტო მფრინავი თეფშის ყურადღებას თუ მივიქცევდი და უცხოპლანეტელების ვიზიტისთვის მართლა არ ვიყავი იმჯერად მზად. გავწექი მანქანის უკანა სალონში, ყოველ შემთხვევაში პალოჩკა-ვირუჩალოჩკას როლს რომ ასრულებს, "პოლიტრა" საწოვარასავით ჩავიდე და ვწრუპავ ნელ-ნელა. ისიც რომ გამომელია, როგორ ჩამეძინა წინა ორი ღამის ნათევს, ვერც გავიგე. მანქანის ხმამ გამომაღვიძა. გავახილე თვალი - ვმოძრაობ, ანუ მანქანა აშკარად მიდის. ვიღაც ზის ამ ჩემი "შესტიორკას" საჭესთან და "გაზავს". თან მღერის, ქართულად მღერის... "ჩაკრულო" კი გავუშვით კოსმოსში, მაგრამ ასე სუფთა ქართული რომ დაემხეცებინათ იქ, გამოვრიცხე უმალ, მაგრამ რა იცი, რა ხდება-მეთქი, გავიფიქრე და ვინ ხარ კაცო, საიდან მოხვედი-მეთქი? - შევაპარე ჩურჩულით. ქართველი ვარ, შენ გენაცვალეო, - მომაძახა გოდერძი მახარაშვილივით და მომიბრუნდა, სიმღერაში შენც ამყევიო... ეს რომ მითხრა, ვიფიქრე, ნაღდად ისევ მძინავს-მეთქი და ის იყო, გავყუჩდი, რომ მეუბნება: არ დაიძინო, თუ ძმა ხარ, გამოვყრუვდი კაცი. სანამ შენ გადაგაწყდებოდი, ნახევარი საათი ფეხით ვიარე ტრასაზე. მეც მანქანა გამიფუჭდა, "მერსედესს" ვერ გავუგე ვერაფერი, თორემ "ჟიგულის" მამა ვარ. წამოდი ახლა, ავტოგასამართ სადგურამდე მივიდეთ, ბენზინი ავიღოთ და უკან მივბრუნდეთ, სანამ ვინმე მანქანას გამიძარცვავდესო. მაშინვე გამოვფხიზლდი. ღმერთს ამდენად თუ ვუყვარდი, მართლა ვერ წარმომედგინა. ისე, ყოველი შემთხვევისთვის ცას მაინც ავხედე, იქნებ რამაც ეს კაცი აქ ჩამოსვა, იმ აფრენილ "ტარელკას" მაინც მოვკრა-მეთქი თვალი. ნოდარ დუმბაძეს აქვს ნათქვამი: რაცა ვართ, ხომ ვიცით, მაგრამ ქართველობის შეგრძნება ხანდახან უადგილო ადგილზე მყოფსაც წაგიჭერს ხელს ყელში და აგიწვავსო თვალებს! ასე დამემართა მეც მაშინ...

GzaPress- მატრიარქატია ქვეყანაშიო, ამბობთ...

- ასეა და ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს ჩვენი, კაცების ბრალია. გამართლება არ არის, რომ ვიღაც ეძებს და ვერ ნახულობს სამსახურს. გაჭირვების დროს ელიავაზეც დავმდგარვარ, სანტექნიკაც გამიკეთებია, ჭაც ამომითხრია, ვაგონიც დამიცლია... როდესაც შენს ცოლ-შვილს შია, თუ კაცი ხარ, რა გაჩერებს სახლში?.. ქალები მბრძანებლობენ, რადგან ისინი არიან ძირითადი შემომტანები. დილიდან საღამომდე ტახტზე რომ კოტრიალობ, როგორ უნდა აღგიქვას ქალმა კაცად ან შვილმა მამად?

- თქვენ მიერ ორგანიზებულ კაფიების საღამოზეც გვიამბეთ რამე.

- კაფიაობაც შემთხვევით დავიწყე. რთულია, უცებ უნდა თქვა, რითმაში ჩასვა, თან დასცინო და თან ხუმრობით მოახერხო ეს ყველაფერი... მერე საღამოს გაკეთების იდეაც გაჩნდა და პირველად 2016 წელს ჩავატარეთ. ახლა ვხვდები, რამხელა შრომას სწევდა ვახუშტი კოტეტიშვილი, როდესაც მაღალმთიან სოფლებში დადიოდა, იწერდა კაფიებს, ეძებდა მეშაირეებს, თბილისში ჩამოჰყავდა და ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა. ამ გაზაფხულზეც ვაპირებთ საღამოს ჩატარებას და იმედია, მოვახერხებთ. ვახუშტი კოტეტიშვილთან ჩემი შეხვედრის ამბავსაც გიამბობთ: ერთხელ ქუთაისში იყო სტუმრად. სხვასთან ჩამოვიდა და ჩემმა ნათესავმა, როგორ მოახერხა არ ვიცი, მაგრამ იმ ოჯახს ზედ სახლის კართან "აახია" ვახუშტი ბატონი, ჯერ ცოტა ხნით ჩემთან წამობრძანდითო. ყველაზე უმცროსი მე ვიყავი იმ მომენტში და მასპინძელმა დამავალა: ე, ბიჯო, სტუმრის წინ "გრაფინკას" თვალი არ მოაცილო და ცოტაც თუ შეაშრა ცვარი (ანუ თუ შეთბაო), სასწრაფოდ გამოცვალეო. მერიქიფეობაც პატივი იყო, მაგრამ ახლა არ გინდოდა ღვინოზე გასვლა მაშინ, როცა კოტეტიშვილი ლაპარაკობდა? ხომ გავსკდებოდი გულზე, მარანში მყოფს სუფრიდან სიცილი რომ გამეგო?

მოკლედ, ბევრი არ მიფიქრია, "ვინაგლე" და როგორც კი ავუვსე პირველი ჭიქა სტუმარს, ვუთხარი: "ღმერთმა უმრავლოს ამ ოჯახს,/ გზას აცდენილი სტუმარი,/ თამადობასაც მოგართმევთ,/ ჩვენა ვიქნებით მდუმარი,/ შენთან ჩვენ მაინც წაგვერთმის,/ ლაპარაკისა უნარი,/ შენ გვითამადე, ბატონო,/ არ გაგვაგონო უარი". ერთი ამხედა, თვალები მოჭუტა და ეგრევე მომაყოლა: "ბალღო, გეტყობა კოჭებში,/ კიდეც სვამ, კიდეც ტლიკინებ,/ თავპატიჟი არ გაიდო,/ კი ვხვდები, რასაც გვიპირებ,/ დროზე დაიწყე, მშიერ ხალხს,/ პურმარილს ნუ დაგვიძვირებ,/ მე თუ დავიწყე, იცოდე,/ დილამდე ვერ მომიცილებ!" მოკლედ, თამადობას არა, მაგრამ მის გვერდით სკამს კი გამოვკარი ხელი.

ნინო ჯავახიშვილი