უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი - გზაპრესი

უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი

უსინათლოები ჭადრაკს რომ თამაშობენ, ეს თავად მაქვს ნანახი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე. ამ კატეგორიის ოსტატები, ერთნი დაფაზე ხელების ცეცებით პოულობენ ფიგურებს, სხვებს კი სუფლიორები კარნახობენ მეტოქის სვლებს. ერთი სიტყვით, ეს მოჭადრაკეები ზეპირად "ხედავენ" პოზიციას და ისე თამაშობენ. ეს გასაგებია, ზეპირად დღეს ბევრი დიდოსტატი თამაშობს და არა მარტო დიდოსტატი. ასეთ მოჭადრაკესთან თავად მითამაშია პარტია, მაგრამ უსინათლო ფეხბურთელმა როგორ უნდა გაარკვიოს, სად არის ბურთი, მეტოქე, პარტნიორი, მოწინააღმდეგის კარი, როგორი კუთხით დაარტყას კარში ბურთი ან გაუჭრას პასი თანაგუნდელს, ეს აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის. ამიტომაც, ამ და კიდევ სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ ჩვენი გუნდის ლიდერს, ბაჩო მარგველაშვილს დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე.

GzaPressბაჩოს ავტობუსის გაჩერებაზე დავხვდი, ხელკავი გავუყარე და ჩემი სამუშაო ოთახისკენ წავედით. გზაში ვკარნახობდი, სად რა წინააღმდეგობა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის კარგი განათებისას თავადაც ხედავს სილუეტებს და ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. 25 წლის ახალგაზრდაა. ჰყავს მშობლები, და-ძმა. გამხდარია, საშუალო სიმაღლის, დაახლოებით 180 სმ. მშობიარობის დროს მიღებული ტრავმის გამო, დაბადებიდან ვერ ხედავს. ამის მიუხედავად, ინსტიტუტიც დაამთავრა და მუშაობს კიდეც. ამით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ბაჩოს ცხოვრებაში ყველაფერი აწყობილი აქვს, მაგრამ ცდილობს, სხვებს არაფრით ჩამორჩეს და თავისი პატარ-პატარა თუ მნიშვნელოვანი პრობლემებით სხვები არ დაამძიმოს. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით, ახლა კი პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ თამაშობენ უსინათლოები ფეხბურთს და როგორია მათი თამაშის წესები.

- უსინათლოები ფეხბურთს ღია მოედანზეც ვთამაშობთ და დარბაზშიც, - მიხსნის ბაჩო მარგველაშვილი. მოედნის ზომებია 40-20 მ-ზე, სათამაშო ბურთი კი სპეციალურია, შიგნით რკინის ზარები ყრია და გორაობის დროს ისინი თავისებურ ხმას გამოსცემენ. ამით ვხვდებით, სად არის ბურთი კონკრეტულ მომენტში. გუნდში 4 მოედნის მოთამაშეა და ერთიც მეკარე. ამ ხუთეულიდან მხოლოდ მეკარეა თვალხილული, მაგრამ მას არა აქვს საჯარიმოდან გამოსვლის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინიშნება პენალტი. უსინათლოები სხვადასხვა კატეგორიის არიან. ჩვენ "ბ-1"-ს განვეკუთვნებით, ანუ ტოტალურად უსინათლოები და ისინი, ვინც ოდნავ ხედავენ. ამიტომ, ყველანი რომ თანაბარ პირობებში ვიყოთ, ე.წ. გუგლის სათვალეებს გვიკეთებენ, რომლებშიც დამატებით ბამბას უფენენ, საერთოდ რომ არაფერი არ ჩანდეს.

- აქამდე ჯერჯერობით ყველაფერი გასაგებია, თუმცა ვერ ვხვდები, კონკრეტულ სათამაშო სიტუაციაში რა იცი, სად არის შენი პარტნიორი, მეტოქე სად დგას, საით უნდა იმოძრაო, როდის და როგორი კუთხით ჯობია, რომ დაარტყა კარში?

- ჩვენთვის მოედანი პირობითად სამ ზონად არის დაყოფილი. საკუთარი კარიდან ბურთის წამოღების დროს, პირველი 15 მეტრის ზონაში მეკარე გვკარნახობს საით ვიმოძრაოთ და რომელი მიმართულებით გადავაწოდოთ ბურთი პარტნიორს. მოედნის ცენტრში უკვე მწვრთნელი დგას და ახლა ის იღებს სუფლიორის ესტაფეტას. ბოლო მონაკვეთში, თავდასხმაში, მეორე მწვრთნელის მითითებებით ვთამაშობთ. ის მეტოქის კარის უკან, ზუსტად შუაში დგას და მისი კარნახით ვურტყამთ კარში. ასე რომ, საკმაოდ რთულია ჩვენი ფეხბურთი და საკმაოდ საინტერესოც. აქ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მეტოქეთა შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, დაცვაში მყოფი გუნდის წევრები ვალდებულები არიან, გამუდმებით იძახონ გამაფრთხილებელი სიტყვა "ვოი". ეს საერთაშორისო ტერმინია. ფეხბურთი საერთოდ და მათ შორის, უსინათლოთა ფეხბურთიც ერთობ კონტაქტური და ამასთან, ტრავმატული სპორტის სახეობაა. ამის გამო ბევრი ბიჭი ჩამოშორდა გუნდს. თავიდან 15-მდე მოთამაშე ვიყავით და შვიდნი შემოვრჩით.

- ცოტა ხნით თავი დავანებოთ თამაშის წესებს და მითხარი, იმ წლების განმავლობაში, რაც თამაშობ, რაიმე თუ შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- უკვე სამი წელია, ვთამაშობ და ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ცვლილებები არის დადებითი ემოციებისკენ. ფეხბურთი ბავშვობიდან მიტაცებდა, გულშემატკივარიც ვარ, მაგრამ თავად რომ ვთამაშობ, ეს გაცილებით მეტ და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე ჩემი გუნდის გამარჯვებისათვის, შედეგისათვის ვთამაშობ. ეს გაცილებით საინტერესო და საპასუხისმგებლოა. ახლა ფეხბურთი ჩემთვის უბრალოდ თამაში და დროის ტარება, გართობა არ არის, ეს უკვე ჩემი საქმეა. როგორც სამსახურში დავდივარ ყოველდღიურად, აქაც ასეა. ფეხბურთი სიცოცხლის ხალისი გახდა ჩემთვის, მეგობრებთან ერთად ვარ, რაც ჩემთვის მთავარია. საყვარელ საქმეს ერთად რომ ვაკეთებთ, ეს მსიამოვნებს.

- საინტერესოა რა დონის ტურნირები ეწყობა უსინათლო ფეხბურთელებისათვის?

- ჩვენთვის სხვადასხვა ტურნირს, მათ შორის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსაც ატარებენ. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ ამ შეჯიბრებებში. 2016 წელს საბერძნეთში ევროპის განვითარების ტურნირი ჩატარდა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. შარშან გაზაფხულზე, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა. იქაც კარგად გამოვედით, მეორე ადგილი დავიკავეთ და ფინალურ ტურნირში თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ. ეს ასპარეზობა გასული წლის აგვისტოში, ბერლინში მოეწყო. სამწუხაროდ, იქ ექიმებმა ჩვენი ორი ფეხბურთელი არ დაუშვეს და მოედნის ხუთი მოთამაშით მოგვიწია ასპარეზობამ. შეცვლაზე სულ ერთი ფეხბურთელი გვყავდა, მეტოქეების გუნდში კი 12 იყვნენ. ასეთ პირობებში გამარჯვება ძალიან ძნელია. ბელგიასთან, მაგალითად, მე-5 პერსონალური ჯარიმის გამო გამომაგდეს მოედნიდან. ერთი თანაგუნდელი დაიმტვრა, კიდევ ერთი გამოეთიშა თამაშს და საბოლოოდ, ბოლო წუთები ორი ფეხბურთელით ვითამაშეთ. ბუნებრივია, წავაგეთ.

- საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებული გუნდის პატივსაცემად ქვეყნის ჰიმნს აჟღერებენ და ეროვნულ დროშასაც აღმართავენ...

- ჩვენ ჯერჯერობით ამ დონის შეჯიბრება არ მოგვიგია, მაგრამ მერწმუნეთ, საქართველოს სახელით ასპარეზობა ძალზე საამაყო და საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. ამ რანგის ტურნირებში, ყველა ცდილობს თავისი ქვეყანა ასახელოს, საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს და არა მარტო სპორტში. აქ შენი ქვეყნის ტრადიციები, ზრდილობა, რაობა, კულტურა უნდა დაანახვო სხვებს. მოკლედ, ჩვენც ვცდილობთ საქართველო ყველას ისეთივე ლამაზ ქვეყნად დავანახვოთ, როგორიც სინამდვილეში არის.

- საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის სატრანსპორტო ხარჯები, ეკიპირება, სავარჯიშო ბურთები და კიდევ ბევრი რამ არის საჭირო. საინტერესოა, სახელმწიფო სტრუქტურები, საზოგადოებრიობა, ვთქვათ კერძო ბიზნესმენები თუ გეხმარებიან?

- ჩვენით არავინ დაინტერესებულა, რატომღაც გაგვირბიან. ერთადერთი, თბილისის პარაოლიმპიური კომიტეტი გვეხმარება და კიდევ ჩვენივე მეგობრები გვიდგანან მხარში, შეძლებისდაგვარად.

- შენი და შენი მეგობრების ყოფით პრობლემებზე ვისაუბროთ, სწავლა, სამსახურში მოწყობა, ავტობუსით მგზავრობა, შუქნიშანზე გადასვლა და ა.შ.

GzaPress- ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩვენთვის მხოლოდ სკოლა-ინტერნატი არსებობს. პირადად მე, თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, ხალხური სიმღერისა და გალობის ფაკულტეტი. ამჟამად უსინათლოთა კავშირთან არსებულ ანსამბლ "კრწანისში" ვმღერი. მე ალბათ ყველაზე მეტად გამიმართლა. ჩემნაირ ადამიანებს სამსახურში მოწყობა ძალიან უჭირთ. გვიჭირს ქალაქში მოძრაობა. ვთქვათ, ავტობუსის გაჩერებაზე ველოდები ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს, ვერ ვხედავ რა ნომერი მოდის, ამიტომ უცხო ადამიანის დახმარება მჭირდება. იგივეა ტრანსპორტიდან ჩამოსვლის დროს ან შუქნიშანზე გადასვლისას - არ ვიცი, როდის აინთება მწვანე შუქი. უცხოეთში ეს პრობლემები მოგვარებულია. როგორც მეტროპოლიტენში, ავტობუსის გაჩერებაზეც აცხადებენ, რომელი სადგურია, შუქნიშანთან კი სპეციალური ხმოვანი სიგნალი მიგანიშნებს, რომ მწვანე აინთო. ძნელი არ არის, მაგრამ ჩვენთან როდის დამკვიდრდება ასეთი რაღაცები, ვინ იცის?

- შენთან საუბარი საინტერესოა ჩემთვის და ალბათ, ჟურნალ "გზის" მკითხველისთვისაც, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და მეც იძულებული ვარ, ბოლო კითხვა დაგისვა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) UEFA-დან და FIFA-დან აქვს სხვადასხვა პროგრამის მიზნობრივი დაფინანსება. წესით, მათ თქვენნაირი ფეხბურთელებისთვისაც უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი თანხები. ხომ არ გიცდიათ სფფ-თან დაკავშირება?

- ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ.

P.S. შარშან, ოქტომბერში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადაიღო უნარშეზღუდული ბავშვების ვარჯიში. ეს ბიჭები საერთაშორისო ტურნირზე მოსკოვში მიფრინავდნენ, თუმცა თბილი ქურქებიც კი არ ჰქონდათ, ოქტომბერში კი მოსკოვში ხშირად თოვლია. გადაცემის ბოლოს ტელეჟურნალისტებმა ბავშვების დასახმარებლად საზოგადოებას მიმართეს. გადაცემა ხეირიანად დამთავრებულიც არ იყო, როცა რედაქციაში სპორტის მაშინდელმა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დარეკა და ბავშვებს დახმარება აღუთქვა. სიტყვა მეორე დღესვე შეასრულა. მე ტარიელ ხეჩიკაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ მისი მინისტრობა მისივე საქციელით გამოჩნდა. არც ახლანდელ მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ვიცნობ, თუმცა მინისტრის შესაფერისი საქციელის შანსი მასაც აქვს.

გოგი ფრანგიშვილი