ჯვარისმაგვარ ფიცარზე გაკრული, ნაწამები ბავშვის ამბავი - გზაპრესი

ჯვარისმაგვარ ფიცარზე გაკრული, ნაწამები ბავშვის ამბავი

პერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჩვილი ნევროპათოლოგ ნანა გელაძეს უჩვენეს. თურმე, ექიმმა შეიცხადა: ეს რა დღეში ხართ, თქვე საცოდავებო, ცერებრალური დამბლაოო. ეს იყო განაჩენი ახალბედაშვილების ოჯახისთვის!

როცა შვილის პრობლემებზე, მის ტკივილზე ბავშვის დედა გიყვება, ემოციებით ივსები და სურვილი გიჩნდება, მას ყველანაირად მხარში ამოუდგე, შეძლებისდაგვარად დაეხმარო, მაგრამ სულ სხვა ყოფილა, როცა ამ ტკივილზე გესაუბრება მამა და თანაც, როცა ხედავ, შვილზე, მის სატკივარზე ლაპარაკისას როგორ უკანკალებს ხელები, გრძნობ, როგორ უშრება ყელი და გზადაგზა რაღაც აბებს იყრის პირში, ძალა რომ მოიკრიბოს, ძნელია, შვილის სატკივარით დაუძლურებული მამაკაცის მოსმენა... გია ახალბედაშვილი საკუთარ შვილზე მიყვებოდა, მე კი ვიცრემლებოდი და საკუთარი ემოციების დაფარვას ამაოდ ვცდილობდი.

გია ახალბედაშვილი:

- სტომატოლოგი ვარ და ასე თუ ისე, მედიცინაში ვერკვევი, მაგრამ ჩემს შვილს ასე ძალიან თუ უჭირდა, ვერ ვიფიქრებდი... დავიწყეთ ბავშვის მკურნალობა. დაგვყავდა ახტალაში, თბილისში - მასაჟებზე... 2000 წელს ალეკო ასლანიკაშვილმა, რომელიც გორში ჯერ "გაის" უფროსად მუშაობდა, მერე - საბაჟო დეპარტამენტში, ჩემი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა და ბადრი პატარკაციშვილთან დამაკავშირა.

ბიზნესმენმა ავადმყოფი პატარა ბიჭის სამკურნალოდ მოსკოვში კლინიკა შეარჩია და გამოკვლევის პირველადი გადასახადი და სხვა ხაჯებიც - დაახლოებით 8 ათასი დოლარი მან გადაიხადა.

GzaPress

- მოსკოვში მკურნალობის 4 კურსი ჩაუტარეს. სხვათა შორის, ძვირად ღირებული პროცედურები არ იყო და ამისთვის ბიზნესმენი აღარ შეგვიწუხებია. 5 კურსი, წასვლა-წამოსვლაც და მთელი ხარჯებიც რომ დაგვეთვალა, მთლიანობაში 4.000 დოლარი ჯდებოდა. ექიმები ჩვენ მიმართ ძალიან გულისხმიერები იყვნენ. რუსები საოცრად ადამიანურად გვექცეოდნენ, რამდენიმე ქართველმა კი დასაღუპავად გაწირა, ჯვარზე გააკრა ჩემი ნალოლიავები, მეოცნებე შვილი...

ლინინის სახელობის კლინიკაში პირველად რომ მივიდნენ, თურმე, ნოდიკოს თავის დაჭერაც არ შეეძლო. 4 კურსის გავლის შემდეგ, ბიჭი მოღონიერდა. ექიმებმა მის მშობლებს უთხრეს: მთელ ანუ 10 კურსს თუ გაივლის, რაღაც დონეზე დამოუკიდებლად გავლასაც შეძლებსო. მაგრამ მერე ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, ნოდარის მოსკოვში წაყვანა ვეღარ მოხერხდა და ოჯახი იძულებული გახდა, ამ კლინიკაში მკურნალობაზე უარი ეთქვა.

გია ახალბედაშვილი:

- 2003 თუ 2004 წელს თბილისში პროფესორი კაოიანი ჩამოვიდა. ეს სომეხი ექიმია, რომელიც ამერიკაში მუშაობს და სახელგანთქმული პიროვნებაა. მან ჩამოიყვანა ამერიკელი ექიმებიც. მათთან შეხვედრა როგორღაც, მოვახერხეთ და ნოდიკოს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდა - მყესები დაუგრძელეს.

- ეს ოპერაცია რისთვის იყო საჭირო?

- მანამდე ქუსლს ვერ დგამდა, მყესების დაგრძელების შემდეგ კი ფეხი დაუშვა, კონტრაქტორები ცოტა მოეხსნა. ასეთ ბავშვებს რამდენიმე მსგავსი ოპერაცია სჭირდებათ, მე კი მხოლოდ ერთის გაკეთება შევძელი... მოკლედ, ბავშვის მდგომარეობა კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მიიწევდა, მერე სარეაბილიტაციო ცენტრშიც დამყავდა. სხვათა შორის, რამდენიმე წელი თბილისში, სიძის ბინაში, მიცკევიჩზე ვცხოვრობდით და ნოდიკო 161-ე სკოლაში, ცალი ხელის მოკიდებით დაგვყავდა. მას შეეძლო ცოტ-ცოტა, სხვების დახმარებით სიარული. მეოთხე სართულზეც ასე ადიოდა. ჩემი შვილი მთელ სკოლას უყვარდა და ისიც გიჟდებოდა ამ სკოლაზე, მასწავლებლებზე, ბავშვებზე. როგორც შეეძლო, სწავლობდა კიდეც. განსაკუთრებულად, ლექსები მოსწონდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად აგვეწყო. ისიც მოვახერხეთ, რომ სიძის ბინაში მოვაწყვეთ ოთახი მასაჟისთვის და სპეციალისტი ჩვენთან მანამდე მოდიოდა, ვიდრე ნოდიკოს სკოლაში წასვლის დრო მოვიდოდა. მეოთხე-მეხუთე კლასამდე იქ სწავლობდა. ასეთი ცხოვრებით ბედნიერი იყო, მაგრამ მერე დაგვღუპეს თეთრ ხალათს ამოფარებულმა ადამიანებმა. ყველა იმედი მოგვისპეს და მწარედაც დაგვცინეს...

ბატონმა გიამ საცხოვრებელ კორპუსში გაიცნო ადამიანი, რომელმაც უთხრა: და მყავს, ექიმია, ძალიან ძლიერი სპეციალისტი და შენი შვილისნაირ ბავშვებს რაღაც განსაკუთრებული მეთოდებით მკურნალობს; თუ ბავშვის მორჩენის იმედი არ ექნება, ხელს არ მოჰკიდებს, მასთან ჩემი სახელით მიდითო. დაახლოებით ორი წელი იჭოჭმანეს ნოდიკოს მშობლებმა და ბოლოს, ცდუნებას მაინც ვერ გაუძლეს, _ იქნებ სასწაული მოხდეს, იმ ქალმა მართლა მოახერხოს და ჩვენს შვილს ფეხი აადგმევინოსო.

- მოსამართლემ ბოლო პროცესზე მითხრა: ძალით ხომ არ მიგაყვანინეს ბავშვი ამ დაწესებულებაში, იქ ხომ შენი ფეხით მიხვედიო? ვუპასუხე: თქვე დალოცვილებო, ღმერთმა დაგიფაროთ და შვილი ისეთ მდგომარეობაში რომ გყავდეთ, როგორშიც ჩემია და ვიღაცამ გითხრათ, თქვენი შვილი გაივლის, თუ ამა და ამ ადგილას მიიყვანთ, რას იზამთ-მეთქი? დღე და ღამე ამაზე ვოცნებობდით და შანსი რომ გამიჩნდა, როგორ გვეთქვა უარი?.. თანაც, დიღომში, რობაქიძის ქუჩაზე, "ლილი რატიანის კლინიკაში" თქვენც რომ შესულიყავით, ვერც იფიქრებდით, თუ იქ ექიმები კი არა, ექიმბაშები მუშაობდნენ. კეთილმოწყობილი კლინიკაა, თეთრი ხალათები აცვიათ, ყველგან ლიცენზიაა გაკრული და წერია: "გემსახურებიან პროფესიონალი ექიმები". ექიმთან რომ შევედი, ასაკოვანი ქალი დამხვდა, რომელმაც ბავშვი გასინჯა, მერე ტომოგრაფია მოითხოვა და მისი წაკითხვაც შეძლო. ჰოდა, რა მეთქვა: ქალბატონო, ექიმს კი ჰგავხართ, მაგრამ თქვენი დიპლომი მიჩვენეთ, ნამდვილად ექიმი ხართ თუ არა-მეთქი? ასე რომელი პაციენტი იქცევა?

ლილი რატიანი ავადმყოფი ბავშვის მამას დაჰპირდა: ბავშვის ძვლებს თავიდან გამოვძერწავ. აქამდე სად იყავით, რატომ ტანჯავდით შვილს? ახლა დაგვიანებულია, მაგრამ მაინც დავაყენებ ფეხზე ჩემი მეთოდებითო. "ეჭვი კი შემეპარა მის ნათქვამში, მაგრამ ვიფიქრე: რადგან ასე დარწმუნებით ამბობს, თუ ვერ ირბენს, ცოტა უკეთესობა მაინც ექნება-მეთქი. 72 წლის ქალს ვენდე ბოლოს და ბოლოს", - ამბობს ბატონი გია და გული უჩუყდება... სხვათა შორის, კლინიკის დირექტორი, სადაც ნოდარი სამკურნალოდ მიიყვანეს, ლილი რატიანის ქალიშვილი - ირმა ნიჟარაძე გახლავთ.

გია ახალბედაშვილი:

- მითხრეს, დღეში 420 ლარი უნდა გადაიხადო; აქ 3 თვე დაწვება, მერე კი რამდენიმე თვე მასაჟებზე უნდა ატაროთ და გაივლისო. არ ვწუწუნებ, მაგრამ წლების განმავლობაში, ჩემი შვილის სამკურნალოდ თანხა არავისთვის მითხოვია და ამ საქმეს შეეწირა ყველა ის ქონება, რაც კი გამაჩნდა, გარდა სახლისა, რომელიც გორში მაქვს. ჰოდა, როცა ამ კლინიკაში დამაიმედეს: ნოდარი გაივლისო, ჩემი ერთადერთი საფიქრალი გახდა ის, თუ საიდან მეშოვა საჭირო თანხა. გადავწყვიტე, სახლი გამეყიდა. მაგრამ ქალიშვილებმა ამის უფლება არ მომცეს: რომც გამოჯანმრთელდეს, მერე ბავშვი სად უნდა აცხოვრო, ქუჩაშიო? სიძეებიც გადაირივნენ და ჯერ ერთმა მისესხა 10.000 ლარი, მერე - მეორემ. როცა ეს თანხა შემომეხარჯა, ბანკიდანაც ავიღე სესხი. წარმოიდგინეთ, დღეში 420 ლარს მახდევინებდნენ და სამკურნალოდ (როგორც თვითონ ამბობდნენ) საჭირო ქსოვილები, ბამბა, ბინტი, ზეთი მე მიმქონდა...

გაგიკვირდათ, არა? დიახ, მკურნალობისას იყენებდნენ ზეთს, ქსოვილებს და ა.შ. როგორც ამბობენ, ეს არატრადიციული მეთოდი გახლდათ: ზეთიან ქსოვილში გახვეული მოზარდი ჯვრისმაგვარ ფიცარზე გააკრეს. მთელი დღე და ღამე იყო გაკრული, მხოლოდ თავის მოძრაობა შეეძლო. თან, მძიმე გირებს კიდებდნენ ფეხებზე (დიახ, თურმე ასე იტანჯებოდა მთელი სამი თვე!). ვინაიდან გამუდმებით დედას ითხოვდა, ნოდიკოს მამას უთხრეს, _ თუ გინდა, შენი ცოლი ბავშვთან დარჩეს, დამატებით 5.000 ლარი უნდა გადაიხადოო.

ბატონი გია:

- გადავირიე: ჰაერში მართმევთ ამხელა თანხას თუ რა ხდება? ფული აღარ მაქვს და თუ ასეა, მაშინ ორივეს წავიყვან-მეთქი (ნეტავ, ასე მოვქცეულიყავი!). გამომეკიდნენ, ბოდიში მომიხადეს, სულ "კოლეგა", "კოლეგა" მეძახეს... გული კი ამიცრუვდა ამ კლინიკაზე და იქაურ ექიმებზეც, მაგრამ იმ იმედით, რომ შეიძლებოდა, ჩემი შვილი მენახა ბედნიერი, გავჩუმდი, წყენა გადავყლაპე... დროთა განმავლობაში ბავშვი საოცრად გახდა, ჩვარივით მოეშვა, ძალიან შეიცვალა, ჩამოდნა, სახე რაღაცნაირად გაუშავდა. ვეუბნებოდი: შვილო, თუ ვეღარ უძლებ, შინ წაგიყვან-მეთქი. - არა, გავუძლებ! ოღონდ ფეხზე დავდგე და ყველაფერს ავიტანო! ბევრი იწამა... ბოლოს, 3 დღის გადასახდელი დამაკლდა. ფული ვერსად ვიშოვე, ბანკიდანაც ვეღარ ავიღე სესხი. ვთხოვე, - ქალბატონო ლილი, თანხას ვეღარ ვშოულობ. ბავშვი უნდა გამოწეროთ, სხვა გზა არ არის-მეთქი. - რა? ამდენ ნაშრომს წყალში რატომ მიყრი? აქამდე დასარბილებელ ზეთში იყო, ახლა კუნთები უნდა გაუმაგრდეს, შენ კი 3 დღის ფულის გამო რას აკეთებო?.. გიჟივით დავრბოდი ქუჩაში, ფულის საშოვნელად. ერთი ბიძაშვილი მყავს, ჩემი მოსახელე, რომელმაც ჩემი გასაჭირი გაიგო თუ არა, სადღაც იშოვა თურმე ის თანხა, რომელიც მჭირდებოდა და ისე გადაიხადა, არც შემატყობინა. მერე მეუღლემ დამირეკა: უკვე გადახდილია, ნუ ნერვიულობო.

იმ დღეს, როცა ბავშვი სავადმყოფოდან უნდა გამოეწერათ, დიდი თოვლი მოვიდა. მეუღლემ დამირეკა, - 12 საათამდე მოდიო. - ამდენი ხანი მანდ ხარ და რა მოხდება, ცოტა რომ შემაგვიანდეს-მეთქი? პირველ საათამდე თუ არ მოხვალ, დამატებით, 60 ლარს გადაგვახდევინებენო ანუ კიდევ უნდოდათ ჩვენთვის ფულის წართმევა, იმდენად უსინდისოები არიან...

GzaPress

- მკურნალობას რა შედეგი მოჰყვა?

- კლინიკაში ცალი ხელის მოკიდებით შევიდა, იქიდან რომ უნდა გამოგვეყვანა, ორმა კაცმა ავიყვანეთ და ისე ჩავაწვინეთ მანქანაში. შინ მიყვანიდან მესამე დღეს სისხლი მოშარდა. ლამის გული გამისკდა, - დავღუპე ბავშვი, შვილს ვკარგავ-მეთქი. დავრეკე კლინიკაში. რაც მართალია, მართალია, ძალიან შეწუხდნენ, თანაც შეშინდნენ. სასწრაფოდ, თბილისში ჩამოვიყვანე (ოღონდ, ცხადია, არა "ლილი რატიანის კლინიკაში"). ეტყობა, შარდის ბუშტი დაუზიანა გირებმა. კომპეტენტურმა ექიმებმა უმკურნალეს და მადლობა ღმერთს, ეს პრობლემა მოგვარდა. მერე ნოდარი ლილი რატიანთან, მასაჟებზეც დამყავდა. მამშვიდებდა, შედეგის მიღებას დრო უნდაო. არადა, ბავშვის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, ახლა ცალი ხელის მოკიდებითაც ვეღარ დაგვყავს. ჩამოდნა, ფსიქოლოგიურადაც მოიშალა; ფეხზე დადგომის იმედი რომ დაკარგა, სულ ტირის. ღამით ეღვიძება და მოთქვამს. მართლა თვითმკვლელობის ზღვრამდე ვარ მისული და მინდა, მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რომ ექიმბაშებმა დამღუპეს.

როცა მასაჟებსაც მორჩნენ და იმის ნაცვლად, რომ ნოდარს ფეხზე გაევლო, მდგომარეობა გაუუარესდა, გია ახალბედაშვილი "ლილი რატიანის კლინიკას" მიადგა თხოვნით, პროცედურებში გადახდილი თანხის ნაწილი მაინც დაებრუნებინათ: "სასამართლო სად არის, ისიც არ ვიცი. თანხის ნაწილი მაინც მომეცით, რომ შვილს ვუმკურნალო, ისევ იმ მდგომარეობამდე მაინც მივიყვანო, ვიდრე აქ მოსვლამდე იყო; ხომ იცით, რა დღეშიც ჩამაგდეთ-მეთქი? იცით, რა მივიღე პასუხად? - გზის ფულიც ხომ არ გინდა, რაც გორიდან აქამდე სიარულში დაგეხარჯაო? - დამცინეს. რაღას ვიზამდი, ვიჩივლე სასამართლოში..."

ბატონი გია:

- სასამართლო პროცესზე ლილი რატიანმა აღიარა: ამ ბავშვის მშობლებმა მთხოვეს, - იქნებ იმდენი მოახერხო, რომ ტუალეტში მაინც შევიდეს თავის ფეხითო და მე დავპირდი, რომ ამას მოვახერხებდიო. მაგრამ მოსამართლე რატომღაც, ასეთ აღიარებებს ყურადღებას არ აქცევს... მეუბნება, ბავშვი რატომ მიიყვანეო და ექიმს არავინ ეკითხება: თუ ვერ მოარჩენდით, რატომ მიიღეთო? ეს არის სამართალი?

- ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა "ექიმბაში"...

- საქმე სასამართლომდე რომ მივიდა, ჯანმრთელობის მინისტრს მივწერე ჩემი სატკივარის შესახებ. სამინისტრომ გამოყო კომისია და შეამოწმეს ეს დაწესებულება, მე კი ცოტა ხანში მომივიდა ასეთი პასუხი: ჩვენ შევამოწმეთ "ლილი რატიანის კლინიკა". აღმოჩნდა, რომ მათ სტაციონარული მკურნალობის უფლება არ აქვთ, ამიტომაც დაუკეტეს პალატები და სასამართლოს გზით დააჯარიმეს 4.000 ლარით... მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომლებმაც იმსჯელეს და ვერ დაადგინეს, რა მეთოდით მკურნალობდა ლილი რატიანი ამ ბავშვს. ეს არის არატრადიციული მეთოდი, ისინი არიან ექიმბაშები, არ აქვთ სამედიცინო განათლება, ამით მათ ვერ შევეხებითო. იუხედავად ყველაფრისა, სასამართლო პროცესზე მაინც წავაგე. ვფიქრობ, რომ მათ ე.წ. "კრიშა" აქვთ. პირველ სასამართლო პროცესზე გორელი კაცი მყავდა ადვოკატად, რომლისთვისაც თეთრიც არ გადამიხდია. ცდილობდა ჩემი ინტერესების დაცვას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მერე სააპელაციოში გადავინაცვლეთ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ანიკას" ადვოკატები მეხმარებოდნენ, ახლა კი "42-ე მულხის" ადვოკატები მუშაობენ ამ საქმეზე. იმედია, ოდესმე მაინც იზეიმებს სამართალი.

- მაგრამ როცა ექიმებს უჩივლეთ, თქვენი მიზანი მარტო თანხის დაბრუნება ხომ არ იყო?

- შურისძიებაზე ნამდვილად არ მიფიქრია. სხვათა შორის, თავიდანვე მითხრეს, პროკურატურას მიმართე, ბავშვის წამება სისხლის სამართლის დანაშაულიაო, მაგრამ ამისგან თავი შევიკავე. ახლა კი ვფიქრობ, რომ შევცდი. სხვათა შორის, ამერიკის ელჩმა ჩემი შვილი გაიცნო, გულთან ახლოს მიიტანა მისი ამბავი. მერე მივწერე ჩვენ შესახებ და მან პროკურატურას წერილი გაუგზავნა. პროკურატურაში დამიბარეს: მიუხედავად ყველაფრისა, ვერ განვიხილავთ ამ საქმესო... თუ სამართალს საქართველოში ვერ ვიპოვი, ევროპის ყველა ორგნიზაციას შევაწუხებ, სადაც კი ხელი მიმიწვდება, თუ არა და, უკვე გითხარით, როგორც დავასრულებ სიცოცხლეს. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავადმყოფი ბავშვების მდგომარეობით სარგებლობენ და მათ ოჯახებს ფულს ართმევენ; ბავშვს, რომელსაც სკოლაში განათლება უნდა მიეღო, წყალში ჩაუყარეს ყველა იმედი და ოცნება. თანხის ნაწილი მაინც რომ დაებრუნებინათ, ხმაურს ალბათ ვერ ავტეხდი. ეს ვალი მძიმედ დამაწვა მხრებზე და შვილსაც კი ვეღარ ვაქცევ ყურადღებას. როგორია, ავადმყოფ ბავშვს ელემენტარულ სურვილს რომ ვეღარ უსრულებ, რადგან ჯიბეში ლარიანიც აღარ გიდევს. ეს რა ცხოვრებაა, ხალხო? აქამდე ისე მოვედი, არავისთვის არაფერი მითხოვია და უნამუსო ადამიანებმა საშინელ დღეში ჩამაგდეს; შვილი, ოჯახი გამიუბედურეს, თვითონ კი ჩვენი და ჩვენნაირი გულუბრყვილოების ხარჯზე ცხოვრებას იწყობენ. სასამართლოც მათი ყოფილა და ეს ცხოვრებაც... თუმცა, რას უნდა ელოდო ადამიანისგან, რომელიც საკუთარ დასა და შვილს გაწირავს; შეეცდება, მას ჩირქი მოსცხოს და საქმე წაართვას. ვგულისხმობ ინგა ნიჟარაძეს - ირმა ნიჟარაძის დასა და ლილი რატიანის შვილს. მათი დავის ამბავი პრესითაც არაერთხელ გავრცელებულა და ალბათ თქვენთვისაც ცნობილია... ისე, მე თუ მკითხავთ, ლილი უფრო პატიოსანია. სასამართლოზე აღიარა: მე დავპირდი მშობლებს, რომ ბავშვს მოვარჩენდიო. ჰოდა, სწორედ ამის მერე, ის სასამართლო დარბაზში აღარ მინახავს. მისი ქალიშვილი ამბობს, რომ ძალიან ცუდადაა, არადა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ტვირთავენ ქეიფის ამსახველ ფოტოებს, სადაც ლილი მშვენივრად გამოიყურება.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: Ge40lb0711120774307000