როგორი მუსიკა უნდა ჩართოთ ყურძნის დაწურვისას - გზაპრესი

როგორი მუსიკა უნდა ჩართოთ ყურძნის დაწურვისას

განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ანიჭებს ის, რომ ღვინოს სწორედ ღვინის სამშობლოდ მიჩნეულ ქვეყანაში აყენებს. ეს დიდი ბედნიერებააო, - მითხრა საუბრისას 29 წლის ქეთევან ბერიშვილმა, რომელიც თავს ხუმრობით უდიპლომო მეღვინეს უწოდებს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ფრანგულ სკოლაში დავდიოდი და სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიით თარჯიმანი ვარ. ბოლო კურსზე რომ ვიყავი, საფრანგეთში, ქალაქ ნანდში წავედი სასწავლებლად, მაგრამ 4 თვის შემდეგ უკან დავბრუნდი. მაგისტრატურაში სწავლა აღარ გავაგრძელე. რა ვქნა, ძალიან მიყვარს აქაურობა და იქ ვერ გავძელი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის ფაკულტეტიც დავამთავრე. ღიმილს მგვრის, როდესაც ჩემზე ამბობენ, წარმატებული პიარ-მენეჯერის კარიერა მეღვინეობაზე გაცვალაო. წარმატებული პიარ-მენეჯერი არ ვყოფილვარ, რადგან ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია. სწავლის დამთავრებისთანავე ერთ-ერთ ბანკში, დირექტორის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. პირველი 2 წელი რაღაც ინტერესი მაინც მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, ეს ჩემი საქმე არ იყო.

- და ასე სპონტანურად გაჩნდა სამსახურის დატოვებისა და ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის იდეა?

GzaPress- დიდხანს და სერიოზულად ვფიქრობდი, რა იყო ის, რაც მიყვარდა და რისი კეთებაც მინდოდა. წამოვსულიყავი სამსახურიდან თუ არა? დამეწყო თუ არა ეს საქმე? ხომ არსებობენ ადამიანები, ვინც პატარაობიდანვე დაზუსტებით იციან, რა უნდათ და რა პროფესიის სურთ, რომ იყვნენ. მე კი სულ მიჭირდა საკუთარი სურვილებისა და ინტერესის სფეროს პოვნა. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღე და მეღვინეობით დავინტერესდი, ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- საინტერესოა, როგორ მიიღეს შენი გადაწყვეტილება მშობლებმა, ახლობლებმა?

- ჩემს მეუღლეს - ლევან გოშაძეს ნამდვილად არ გამოუხატავს უკმაყოფილება. პირიქით, ყველანაირად ხელს მიწყობს და მეხმარება. რაც შეეხება მამას, გაგიჟდა სიხარულით, ისე მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება და ახლა ცდილობს, ვენახს რაც ეხება, ყველაფერი შემასწავლოს - სხვადასხვა ოპერაციას ვგულისხმობ. ჯერჯერობით სწავლის პროცესში ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე რაღაცები გამეგება. თუ არ იცი ვაზის მოვლა, არც უნდა შეეჭიდო, რადგან უნებლიეთ შეიძლება ვაზი დააზიანო კიდეც.

- მითხარი, რომ წარმოშობით რაჭიდან ხართ, თუმცა ვაზთან და ვენახთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ოჯახიდან მოგდევთ.

- კი, ჩემი დიდი ბაბუა რაჭაში მევენახე-მეღვინე ყოფილა და თურმე, ახალი ჯიშებიც გამოჰყავდა. ბაბუაჩემი კი მართალია, მოძღვარი იყო, მაგრამ ეს საქმე ძალიან აინტერესებდა და ნუცუბიძეზე პატარა ნაკვეთში ჩაყრილი ჰქონია ვაზი. მამა 17 წლის წინ, კახეთში გადავიდა საცხოვრებლად. თელავში, სოფელ ართანაში ჩვენი სახლი სოფლის განაპირას, მდინარის პირასაა, ულამაზეს ადგილას - ტყე, მდინარე, ჩიტების ჭიკჭიკი... სამყაროსგან მოწყვეტილია თითქოს, იქვე გვაქვს ვენახიც. ბავშვობიდანვე მიყვარდა იქაურობაც და ღვინოც. ჩემს ოჯახში თითქმის ყველა მუსიკოსია: ბებია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ვაჟთა ანსამბლ "მირანგულას" ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, 80 წლისაა და კვლავ მუშაობს. მეორე ბებიაც მუსიკის მასწავლებელია, დედა კონცერტმაისტერია, მამა კი მევიოლინეა, მაგრამ ამ პროფესიას აღარ გაჰყვა. მე და ჩემი დაც არ გავყევით მუსიკას, თუმცა მონაცემები გვაქვს და ოჯახურ წრეში ვახერხებთ სიმღერას. მამა უფრო მევენახეს ეძახის თავის თავს, ვიდრე მეღვინეს. თვითონვე უვლის ვენახს და ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს ასხამს. წლების განმავლობაში სხვა წამალს ვხმარობდით, მაგრამ ახლა უკვე ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით ვუვლით ვენახს, ბორდოს ხსნარს ვგულისხმობ. მთვარის კალენდრის მიხედვით, გაზაფხულზე, როდესაც უმჯობესია ქვევრის გახსნა, მაშინ ვხსნით და ბოთლებში ვასხამთ, შემდეგ კი ვიწყებთ რეალიზაციას.

- ქართულ ბაზარზე დამკვიდრება რთული აღმოჩნდა?

- მე იმდენად ბევრს არ ვაწარმოებ, რომ რეალიზება გამიჭირდეს. თუ პრეტენზია გაქვს ნატურალურ ღვინოზე, მის შემადგენლობაში გოგირდის გარდა, სხვა არაფერი უნდა იყოს. ისიც იმიტომ უნდა წაახმარო, რომ ღვინო არ დაავადდეს. 11 მაისს დაგეგმილია ნატურალური ღვინის ფესტივალი. ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით იმატა მარნების რიცხვმა და ნატურალური ღვინის წარმოება გამოცოცხლდა ასეთი აქტივობებით.

- ქეთევან, ღვინის დაყენებისას მთავარი რა არის?

GzaPress- პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჰიგიენა და ჩვენს შემთხვევაში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ყურძნის ხარისხს, რადგან ის ქარხანაში არ გადამუშავდება. ხარისხს კი განსაზღვრავს ის, თუ როგორ ჩაატარებ მწვანე ოპერაციებს, ეს იქნება გასხვლა, გაფურჩქნა, შეწამვლა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული ამინდზეც. წვიმამ შეიძლება დაუგდოს შაქრიანობა და ამიტომ სულ ვცდილობთ, დროულად მოვკრიფოთ, მოსავალი რომ არ გაფუჭდეს. სამწუხაროდ, წინასწარ არასდროს ვიცით, როდის იქნება სეტყვა თუ წვიმა და ამიტომ, მოკრეფამდე ამინდის პროგნოზს აქტიურად ვადევნებთ თვალს. კიდევ იცი, რას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა? - ღვინო უნდა გიყვარდეს! მარტო ბიზნესგათვლებით ხარისხს ვერ მიიღებ. შეიძლება, სწორად დააყენო ღვინო, მაგრამ ჩემი აზრით, სიღრმე არ ექნება, რაც ყოველთვის იგრძნობა სასმელში. იგრძნობა, როგორი დამოკიდებულებით, რა განწყობით აყენებ ღვინოს. ჩვენს ოჯახში რთველი არის მხიარულება, მოდიან მეგობრები, უცხოელებიც - მათ შორის. ყველას ძალიან უხარია ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა. დაწურვის დროს მუსიკას ვრთავთ, ოღონდ ყველანაირი ჟანრის არ უხდება. ყურძნის შემადგენლობაში წამყვანი წყალია და არაერთი ექსპერიმენტია ჩატარებული, რომ წყალს უხდება კლასიკური, მშვიდი მუსიკა. ასეა რთველზეც, მერე ქვევრის გახსნაზეც. ქვევრის ყოველ გახსნაზე ვნერვიულობთ, რადგან არ ვიცით, როგორი გემოსი იქნება. ზოგი ერთი ყლუპით იმასაც კი ხვდება, რამდენად მზიანი ამინდი იყო ამ წელს, მზეს გრძნობენ ჭიქაში... უცნაურია, მაგრამ ასეა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მართლაც ჯადოსნური სასმელია ეს სითხე. მახსოვს, ერთხელ ჩემი მეგობრის ღვინო სრულიად უცნობმა ადამიანმა დააგემოვნა და თქვა: ეს ღვინო ძალიან მორიდებული ადამიანის დაყენებულიაო და ამაში აბსოლუტურად მართალი იყო, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს.

- მამა-შვილი ღვინოს სხვადასხვა სახელწოდებით ასხამთ? როგორია სამომავლო გეგმები?

- დიახ, მამა სხვა სახელწოდებით ასხამს, მე - სხვა, ასე გადავწყვიტე. ძირითადად, წითელი ყურძენი გვაქვს, თეთრი ცოტაა. წელს ვაპირებ საფერავისა და რქაწითელის ერთად დაწურვას და ვნახოთ, როგორი ღვინო დადგება. თებერვალში საფრანგეთში ვიყავი გამოფენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ნატურალური ღვინის გამოფენა ქალაქ სომურში. ძირითადად, ფრანგი მეღვინეები არიან წარმოდგენილი და კიდევ, იტალიიდან. საქართველოდან ხუთნი ვიყავით. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩემი ღვინო ყოველთვის იმსახურებს მოწონებას და არც ამ ფესტივალზე დარჩენილა ყურადღების მიღმა. ვფიქრობ, ამ სფეროში არაფერი გამოგივა, თუ შრომა და ეს ჯადოსნური სასმელი არ გიყვარს!

ნინო ჯავახიშვილი