"შვილი მეუბნებოდა, დედა, ნეტავ, მე მომსვლოდა ეგ ტრავმა და შენ არაო..."
font-large font-small
"შვილი მეუბნებოდა, დედა, ნეტავ, მე მომსვლოდა ეგ ტრავმა და შენ არაო..."
"მე შევძლებ!" - მშვილდოსანი ქალბატონის ემოციური ინტერვიუ
2014 წლის 11 მარტს შვილს ექსკურსიაზე ვარიანში გაჰყვა და მას შემდეგ ეტლს მიეჯაჭვა... ამ შემთხვევამდე 10 წელი სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. მერე უკვე საკუთარი თავის გადასარჩენად მოუწია ბრძოლამ და ასეა დღემდე... გაიცანით 44 წლის მშვილდოსანი თეა ბოლქვაძე.

- გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, მაგრამ თბილისში გავიზარდე. ამჟამად ფონიჭალაში ვცხოვრობ, ჩემი მშობლების სახლში, დედასთან, მეუღლესა და ერთადერთ შვილთან, ლუკასთან ერთად. ჩემი მეუღლეც გურულია - გია აროშიძე. ოჯახში ორი გურული ხომ წარმოგიდგენია, რა იქნება (იცინის)? ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგიყვები: პატარაობაში ლუკა ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა, გაუგებრად. ჰოდა, 5-6 წლის იყო, ამ ჰიპერაქტიულობის გამო მივიყვანე ნევროპათოლოგთან. დაელაპარაკა ლუკას და კიო, არის ქცევითი დარღვევაც და მეტყველების დარღვევაც, ამას მკურნალობა სჭირდება და დანიშნულებას დავუწერო. დაიწყო უამრავი დამამშვიდებელი წამლის გამოწერა და რომ შევხედე, აღარ ამთავრებდა, ვუთხარი: ექიმო, გაითვალისწინეთ, ეს ბავშვი 12 თაობის გურულია-მეთქი. შემომხედა, კალამი დადო და მთელი სერიოზულობით მითხრა: ქალბატონო, ჩვენ ამ დიაგნოზს ვერ ვმკურნალობთო.
- მომავალი მეუღლე სად გაიცანით?
GzaPress- ბიძაჩემის დასაფლავებაზე მითხრა ნათესავმა, რომელიც გიას მეზობელი იყო: ცა, აგერ, ნახე, რაფერი კაი პოლიციელი ბაღანა მყავს შენთვის. გურულია, ბოლოს და ბოლოს! არ გაბრაზდე, შენი ტელეფონის ნომერი უნდა მივცეო. ეს "ბაღანა" მაშინ 36 წლის იყო, მე კი - 30-ის. ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის, რადგან დედისერთა, თბილისში გაზრდილი გოგო მშობლების მარტო დატოვებას და გურიაში გათხოვებას არ ვაპირებდი. ერთხელაც დამირეკა ვიღაცამ: ოზურგეთელი გია ვარო და სოფელი რომ ახსენა, მაშინღა გამახსენდა ნათესავის სიტყვები. ერთხელ თბილისშიც ჩამოვიდა, შევხვდით და უიმედოდ დავშორდით. ვიფიქრე, ურთიერთობის გაგრძელების შანსი არ იყო და წარმოიდგინე, ზუსტად 6 თვეში გავყევი ცოლად. მასთან მყუდროდ ვგრძნობ თავს და ახლა უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე ადრე. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. ჩვენი ოჯახი მყარია და შეხმატკბილებული...
- როგორც ვიცი, გიაც შეესწრო ვარიანში მომხდარ ამბავს...
- მისთვის მძიმეა ის, რაც გადამხდა, რადგან ჩემს გადმოვარდნას შეესწრო. მამა 2 კვირის გარდაცვლილი მყავდა, ლუკას კლასმა ექსკურსიაზე წასვლა რომ გადაწყვიტა. არ მინდოდა ავტობუსში შავებით ავსულიყავი. თან ვგრძნობდი, იმ დღეს რაღაც უნდა მომხდარიყო და გიას ვთხოვე, ჩვენი მანქანით ცალკე წავიდეთ-მეთქი... მოკლედ, ჩავედით ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად. რამდენიმე მშობელი მოაჯირთან დავდექით სურათის გადასაღებად და მოაჯირი გადმოვარდა. ახალი გარემონტებული იყო და როგორც აღმოჩნდა, უხარისხოდ. დღემდე მაშინებს ტკაცუნის ხმის გაგონება ჩემს ზურგს უკან. გადავარდნისას ეკლესია და ანთებული სანთელი დავინახე. გავიფიქრე, უფალო, მიშველე-მეთქი. 4 მეტრის სიმაღლიდან ჩავვარდი. მქონდა პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმა, გულმკერდისა და ხერხემლის დახურული ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის მარცხენა ნახევარში მე-3, მე-7 და მე-9 ნეკნების მოტეხილობა და ა.შ. გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადამიყვანეს. იქ თითქმის ყველა ექიმი ჩემი ჯგუფელი იყო და რომ შემოდიოდნენ, ყველას ვცნობდი. რატომღაც, უმნიშვნელო დეტალებიც კი მახსოვს. მეორე დღეს სილამაზის სალონში ვიყავი ჩაწერილი და ტელეფონის ნომერს ვკარნახობდი, ამ ნომერზე დარეკეთ და ვიზიტი გამიუქმეთ-მეთქი. რეანიმაციაში ვაწამებდი ექიმებს. მონიტორებს ვუყურებდი და ყველა პაციენტს ვაკონტროლებდი, როგორც ექიმი: აი, ის ბებია ცუდადაა, წუხს, იმას წნევა აქვს და მიაქციეთ ყურადღება...
- მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი როგორ წარიმართა?
- 2 დღის შემდეგ ჩემი მდგომარეობა კრიტიკული გახდა და თბილისში გადმომიყვანეს. ექიმებმა ბევრი იბრძოლეს ჩემი სიცოცხლისთვის. ნეიროქირურგმა 2 კვირის შემდეგ მითხრა, რომ ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა არ ჩერდებოდა და როდესაც გადაწყდა ტრეპანაციის გაკეთება, მეორე დღეს სისხლი თავისით გაიწოვა - ეს იყო კიდევ ერთი სასწაული, რამაც მოგვცა საშუალება და დაიგეგმა ხერხემლის ოპერაცია. ექიმები ნებართვას ითხოვდნენ ჩემგან. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა მჭირდა. უარს ვამბობ ოპერაციაზე, გამიშვით, მამაჩემის ორმოცს გადავიხდი, მერე მოვალ და რაც გინდათ, ის გამიკეთეთ-მეთქი. გაგიჟდა ექიმი, მეორე დღეს ისევ შემოვიდა ჩემთან და კვლავ უარზე რომ დავდექი, მითხრა: რას ლაპარაკობ, ვერ აცნობიერებ, რა ხდება შენს თავსო?!. აი, მაშინ მივხვდი, რაღაც სერიოზული მჭირდა... ხერხემლის ოპერაცია გამიკეთდა და ხუთ მალაზე იმპლანტი ჩამიდგეს. მახსოვს, რეანიმაციაში ჯიუტად ვითხოვდი ციცოსა და ლუკას ნახვას. მკითხეს, ვინ არის ციცო, დედამთილიაო? რა დედამთილი, დედამთილი გურიაშია, ციცო ჩემს კატას ჰქვია-მეთქი. საავადმყოფოდან თვე-ნახევარში გამოვედი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საკუთარ ბუდეში ვბრუნდებოდი და მეგონა, უფრო მსუბუქად ვიქნებოდი, მაგრამ სრული კოშმარი მერე დაიწყო: გაუსაძლისი ტკივილები მქონდა. ივნისში ხომ გამომწერეს და ოქტომბერში უკვე რეაბილიტაცია დავიწყე. მძიმედ ვიყავი, საერთოდ ვერ ვინძრეოდი. ეტაპობრივად მიდიოდა ჩემი რეაბილიტაციის პროცესი და მაისში უკვე მსოფლიო რბენაზე გავედი. ეს იყო საქველმოქმედო აქცია ზურგის ტვინის დაზიანებულთა სამკურნალოდ. მინდოდა, მაგალითი ვყოფილიყავი სხვისთვის და ადრე თუ ექიმის ამპლუაში ვეხმარებოდი სხვებს, ახლაც, ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფს მინდოდა, სხვებისთვის მაგალითი ვყოფილიყავი. 6 კმ და 800 მ გამარბენინეს და გავხდი პირველი გამარჯვებული ქალი - ეტლით მოსარგებლე მორბენალი. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და აზარტული იყო.
- ლუკამ როგორ გადაიტანა დედის ავადმყოფობის ამბავი?
- პირველად რომ შემოიყვანეს პალატაში, ერთიანად დალურჯებული მქონდა სხეული. რომ შემომხედა, შეეშინდა და იტირა. მერე ვეღარ მოდიოდა, ეშინოდა. მაშინ 7 წლის იყო. სახლში ჩემი მოვლა დიდ სირთულეს წარმოადგენდა და ეს სიმძიმე ძირითადად, დედაჩემს დააწვა. ჩემი ყოველი გადატრიალება საწოლში მტკივნეული იყო. გია ვერ მივლიდა. დედამ მითხრა, რომ თურმე ჩუმად გადიოდა აბაზანაში და იქ ტიროდა, იქ გამოხატავდა ტკივილს, თუმცა არასდროს, არც დედას და არც გიას ჩემთან არ დაუწუწუნიათ. პირიქით, ორივე მამხნევებდა: ნუ გეშინია, შენ ადგები, კარგად იქნებიო!..
- ბრძოლის პროცესში ბევრი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილის გადატანა მოგიწევდა...
- დედა სულ მიმეორებდა: არ დანებდე, თეა, ბოლომდე იბრძოლე, არ დაგვთმო, იბრძოლე ჩემთვის, გიასა და ლუკასთვისო. დედას ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი - ერთი შვილი ჩვილობაშივე გარდაეცვალა, 20 წლის ბიჭი ავარიაში დაეღუპა, მერე ავადმყოფ მამაჩემს უვლიდა 6 თვე და ხელებში ჩააკვდა... ყველაზე ძნელი ცხოვრებაში დედის ხვედრია. ამიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ მე კი არ დავზარალდი, დაზარალდნენ დედაჩემი, ჩემი მეუღლე და რაც მთავარია, ჩემი შვილი, რომელიც ამ ტკივილში იზრდება. შეშფოთდება ხოლმე, თუ ვტირი. მეხმარება ყველაფერში, როდესაც ხედავს, რაღაც არ გამომდის. ერთხელ რა მითხრა, იცი? დედა, ნეტავ, მე მომსვლოდა ეგ ტრავმა და შენ არაო... ბევრჯერ უთქვამს, რატომ წავედით ექსკურსიაზეო. ამას განიცდის ლუკას მასწავლებელიც, მაგრამ ეს ხომ შემთხვევაა, ასეთ რამეს როგორ გათვლი?
- მშვილდოსნობით როდის დაინტერესდი და რა მიღწევები გაქვს?
- ჩემმა მწვრთნელმა, ია ტალახაძემ მაზიარა მშვილდოსნობას. აზარტული სპორტია. 2015 წლის ოქტომბერში სპორტული აქტივობა დავიწყე, მოვედი პარასპორტის განვითარების ცენტრში. ორ წელიწად-ნახევარი გავიდა, ვარ ორჯერ ზამთრის თბილისის ჩემპიონატის გამარჯვებული, ვერცხლის მედალოსანი. 2017 წლის ივნისში ჩეხეთში ვიყავით და შედეგი გავაუმჯობესეთ. ბევრი ვარჯიშია საჭირო, რომ ასპარეზობის დროს ემოციებმა არ გიმტყუნოს, არ დაგჯაბნოს და შეძლო ათიანში მოხვედრა.
- რაც შეეხება სასამართლო პროცესს, რომელიც უკვე რამდენი ხანია, გრძელდება, რა ეტაპზეა?
GzaPress- პროკურატურამ საქმე თვითდაზიანების 124-ე მუხლით წაიყვანა. ე.ი. მე ლუკა დავაყენე და ვაყურებინე ჩემი თვითმკვლელობის სცენა. კვალიფიკაცია სხვა უნდა მისცემოდა, მაგრამ მითხრეს, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებაო და იგივე მუხლი დარჩა, დაზარალებულის სტატუსი არ მომცეს. ის, რომ პირველი ჯგუფის ხეიბარი და ეტლით მოსარგებლე ვარ, ეს თურმე არაფერს ნიშნავს. მუზეუმის ადმინისტრაციამ, - არ ვართ ვალდებულები, მშობლებს მივაქციოთ ყურადღებაო. მაგრამ ბავშვები რომ დაზიანებულიყვნენ, მაშინ რა უნდა ექნათ? ქვევით ვინმეს რომ დავცემოდი, ჩემს სიცოცხლესაც ხომ აღარ ექნებოდა აზრი? სასამართლოზე მითხრეს, თქვენ არაკორექტულ სურათს იღებდითო. დღესაც ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს? მუზეუმის ხელმძღვანელობა მე მადანაშაულებს. რას მიდიოდი იმ მოაჯირთან, რა გინდოდაო? თუ არ შეიძლებოდა იქ დგომა, რატომ არ იყო ეს მინიშნებული? ამ შემთხვევის შემდეგ ხომ გამოაკრეს წარწერები: აქ არ შეიძლება სურათის გადაღებაო? დირექტორი ერთხელ მოვიდა საავადმყოფოში, რომ ენახა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. როდესაც სახელმწიფომ სამართლებრივად ყველაფერზე უარი მითხრა და პროკურატურა არაფერს იძიებდა, გადავწყვიტე სამოქალაქო მუხლით შემეტანა სარჩელი. ამაში "საიას" ადვოკატი დამეხმარა. მერე, როდესაც სერგი გვარჯალაძის საშუალებით ტელევიზიითაც გავაჟღერე ეს ამბავი, მოვიგე სამოქალაქოს პირველი ეტაპი. ეს პროცესი მართალია, მთელი წელი გაგრძელდა, მაგრამ ჩემს სასიკეთოდ დასრულდა - რასაც ვითხოვდი, იმის ნახევარი თანხა მომცეს. შემდეგ აპელაციაზე შეიტანეს თვითონ კულტურის სამინისტრომ და მუზეუმმა და მოითხოვეს სამხარაულის დასკვნა იმის შესახებ, რეალურად მჭირდება თუ არა რეაბილიტაცია. სამხარაულმა გააკეთა დასკვნა, რომ მჭირდება მუდმივი რეაბილიტაცია და ნამდვილად მაქვს დაზიანებული ხერხემალი და ზურგის ტვინი და რომ ჩემი დიაგნოზი ნამდვილად არის პარაპლეგია. სააპელაციომ გამოიტანა დასკვნა, რომ ნამდვილად მეკუთვნის სარეაბილიტაციო თანხა - 110. 000 ლარს ვითხოვ, რადგან 40. 000 ევრო მოითხოვა იმ კლინიკამ, სადაც კომპიუტერული თერაპია უნდა ჩავიტარო, რათა თავიდან დავიწყო სიარული. მათ შეუძლიათ კვლავ გაასაჩივრონ და ასე დაუსაბამოდ იწელება ეს ამბავი. როგორც ექიმი, ვხვდები, ქვედა კიდურები მოძრაობს. წესით, ვერ უნდა ვგრძნობდე ამას. მაქვს რეალური შანსი ფიზიოთერაპიით გავიუმჯობესო მდგომარეობა. დღესდღეობით კი გაუმჯობესების ნაცვლად, სტრესის ფონზე განვითარდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაც და მკურნალობისთვის 300-400 ლარი მჭირდება ყოველთვიურად.
- როგორ ახერხებ თანხების მობილიზებას?
- დედა 68 წლისაა და უწევს 2 სამსახურს შეეჭიდოს. ჩემი მეუღლე მორიგეობით მუშაობს, დაცვის პოლიციაში და მცირე ანაზღაურება აქვს, თან ჩემ გვერდით ხომ უნდა იყოს ვინმე? არაადაპტირებული გარემოა შინ თუ გარეთ და მარტოს მიჭირს ბევრი რამის კეთება.
- ყოფილა პერიოდი, როდესაც ბრძოლის სურვილი დაგიკარგავს?
- ხშირად, როდესაც ჩემები ტელევიზორს უყურებდნენ, მე კი საძინებელში ვიყავი, მიტირია ცხარე ცრემლით. გულახდილი ვიქნები და მიფიქრია თვითმკვლელობაზეც, მაგრამ ოჯახი და უკეთესობისთვის ბრძოლა ვამჯობინე. მინდა, ჩემი შვილი ღირსეულ ადამიანად აღვზარდო. ვაღიარებ, ბრძოლა საკუთარ თავთან რთული იყო, თუმცა შევძელი და გავიმარჯვე.
- რა გასწავლა ამ შემთხვევამ და რას ეტყოდით სხვებს?
- მინდა, დააფასოთ ჯანმრთელობა და ის, რაც გაქვთ. 2 ფეხზე მოსიარულე ადამიანი მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს მიზნის მისაღწევად! არ დათმოთ თქვენი პრინციპები! ის, რომ არ შეგიძლიათ რამის გაკეთება, უნდა წაშალოთ გონებიდან. მე შევძლებ! - აი, ეს არის მთავარი! როდესაც მიზანს დაისახავ, ყველაფერს მიაღწევ...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"10 კილომეტრი თუ არ გავიარე ველოსიპედით, დისკომფორტს ვგრძნობ"
"ბევრი შვილი დიდი ჯაფა და დარდია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა"
"ქალს მხოლოდ შვილებისთვის შეუძლია დიდი შეცდომების ბოლომდე პატიება"
ბავშვობაში გამოვლილი ჯოჯოხეთი და ნატვრა პატარა სახლზე
პოეტი მიხეილ ზანდუკელი წინაპრებსა და საკუთარ საინტერესო თავგადასავალზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი