შვებულებაში გაშვებული მკვდრები და კორუფცია არც ისე შორეულ წარსულში... - გზაპრესი

შვებულებაში გაშვებული მკვდრები და კორუფცია არც ისე შორეულ წარსულში...

გული მწყდება, რომ ბრწყინვალე ქვეყანაში ვცხოვრობთ და ახლა დაქცეული და გავერანებულია აქაურობაო, - მითხრა გულისტკივილით მასპინძელმა და ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა. რატომ დაერქვა იქაურობას დედოფლისწყარო, როგორ ქორწინდებოდნენ ძველად ხევსურები, როგორ უშვებდნენ მიცვალებულებს შვებულებაში საბჭოთა პერიოდში და სხვა რა კორუფციული სქემები არსებობდა წლების წინ, ამ ყველაფერს ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ. მანამდე კი მწირი ინფორმაცია იქაურობის შესახებ.

დედოფლისწყარო, რომელსაც 1926-დან 1991 წლამდე წითელწყაროს უწოდებდნენ, შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ის კახეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს. მუნიციპალიტეტში 16 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ერთი ქალაქი და 16 სოფელი. მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით 21221-ს შეადგენს. მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს.

GzaPressხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია ქალაქ დედოფლისწყაროსთან მდებარე ადრინდელი შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, რომელიც წარმოადგენდა ისტორიული მხარის, კამბეჩოვანის ცენტრს. სოფელ ოზაანში დგას IX საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი - ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგურით არის აშენებული. აქვეა შუა საუკუნეების სამების ეკლესია. აღსანიშნავია საროველის სახელობის ტაძარიც. მუნიციპალიტეტში დაახლოებით 20-მდე სკოლაა, ასევე, სამხატვრო სკოლები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სახლ-მუზეუმი და სხვ.

შოთა ცისკარაული:

- ახალგაზრდობაში ჟურნალისტიკის დიდი ინტერესი მქონდა, მაგრამ სიღარიბემ და გაჭირვებამ არ მომცა არჩევანის უფლება. ოღონდ სადმე ჩამებარებინა, აღარაფერს ვჩიოდი. სკოლა რომ დავამთავრე და გამოცდებისთვის ჩამოვედი თბილისში, აი, პირველად მაშინ დავდგი ფეხი ქალაქში. იქამდე თვალითაც არ მენახა. ეს იყო 1954 წელი, 17 წლის ვიქნებოდი მაშინ. ყაზბეგის ავტობუსის მძღოლმა 11-სართულიანი კორპუსების წინ ჩამომსვა და მითხრა: აქ ტაქსები დგას და სადაც ეტყვი, იქ წაგიყვანენო. მაშინ "პაბედები" იყო და თუ მგზავრი არ ჰყავდა, მახსოვს, მარჯვენა მხარეს ინთებოდა ცისფერი ნათურა. გავარკვიე, რომელ სასწავლებელს ჰქონდა საერთო საცხოვრებელი, სად უფრო მეტი სტიპენდია იყო, თავი რომ შემენახა და ამის მიხედვით ავირჩიე პროფესია. ასე მოვხვდი სასოფლოში, დღევანდელ აგრარულ უნივერსიტეტში მექანიზაციის სპეციალობაზე და გამოვედი ინჟინერ-ტექნიკოსი. 27 წელი ვიმუშავე პროფესიით, მაქვს რამდენიმე გამოგონებაც. შრომაში მიღწეული წარმატებებისთვის დამაჯილდოეს შრომის წითელი დროშის ორდენით. ამის შემდეგ უკვე უმაღლესი ჯილდო - სოციალისტური შრომის გმირის წოდება იყო.

- ახმეტაში დაბადებული მთაში როგორ აღმოჩნდით?

- ახმეტაში დავიბადე, მაგრამ 1946 წელს იმ მიზეზით, რომ ბარში ცხოვრება ჭირდა, მთას მივაშურეთ, თუმცა იქ უარესი გაჭირვება დაგვხვდა. არხოტშია ჩვენი, ცისკარაულების სამშობლო, სადაც პაპაჩემის სახლი დღესაც დგას. რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოვუსახლებივართ ახმეტაში. მერე, 1944 წელს, როდესაც ჩეჩენ-ინგუშები მშიერ-ტიტვლები გამოყარეს, საქონლის გადასარეკ ვაგონებში ჩასხეს და შუა აზიაში გადაასახლეს, ის ადგილები ყაზბეგის რაიონს გადაეცა. ამ გადასახლების დროს სულ განადგურდნენ, შიმშილითა და სიცივით იხოცებოდნენ თურმე. ზამთრის პერიოდი იყო და გზას ბევრმა ვერ გაუძლო. ჰყვებოდნენ, ფანჯრებიდან ვყრიდით გვამებსო... ეს იყო ჩრდილოეთ კავკასიის გარდამავალი ადგილები - ბარიც იყო და მთაც. შესთავაზეს ხალხს, რომ სურვილის შემთხვევაში დასახლებულიყვნენ. ასე მოვხვდით ყაზბეგში, თუმცა 1957 წელს ხრუშჩოვმა რეაბილიტაცია გამოაცხადა და უკან დააბრუნა ჩეჩენ-ინგუშები. სტუდენტი ვიყავი მაშინ და კარგად მახსოვს ეს ამბავი. ჩვენ შორის შუღლი რომ არ ჩამოვარდნილიყო, გამოვეცალეთ და ისევ უკან, ბარში ჩამოვსახლდით. მუშაობაც აქ დავიწყე პირველად. 50 სტუდენტი ყაზახეთში ყამირ მიწებზე სამუშაოდ გაგვგზავნეს და იქ მომივიდა ჩემი დის წერილი, წითელწყაროში გადმოგვასახლესო. რომ ჩამოვედი, კითხვა-კითხვით ძლივს მოვაგენი სახლს.

- გასაგებია, რომ კომუნისტებმა უწოდეს წითელწყარო, მაგრამ დედოფლისწყარო რატომ დაურქმევიათ თავის დროზე, ამაზე თუ იცით რამე?

- ვაჟა-ფშაველას ინიციატივით, 1907 წელს ფშავლები ჩამოასახლეს აქ. მერე კომუნისტებმა ნელ-ნელა დაიწყეს ამ ტერიტორიების ათვისება და ჩამოასახლეს ქიზიყელებიც, თორემ იქამდე ძირითადად, რუსები ცხოვრობდნენ. მეფის რუსეთი დამნაშავეებს რომ სჯიდა, ზოგს აქ ასახლებდა. ლერმონტოვიც დედოფლისწყაროში გადმოუსახლებიათ. თამარის ციხის დაბლა, ალაზნის ველზე სოფელია, ყარღაჯს ეძახიან, სადაც მეფის რუსეთის დრაგუნთა პოლკი იდგა და იქ გაუმწესებიათ ლერმონტოვი. ყარღაჯიდან კარგად ჩანს ხორნაბუჯის ციხე და რვეულში ფანქრით დაუხატავს. მერე ეს რვეული არქივში მოხვდა და სწორედ ამ სურათით აღადგინეს ხორნაბუჯის ციხის იერი. ნეჩვერედოვების სახლის ეზოში გამოდის წყარო. ამბობენ, ვითომ თამარ მეფეს გამოუვლია, მოსწონებია ეს წყარო და ამიტომაც დაურქმევიათ ამ ადგილისთვის დედოფლისწყარო, 1926 წელს კი კომუნისტებმა გადაარქვეს და წითელწყარო უწოდეს.

- საბჭოთა პერიოდში რა თანამდებობებზე გიმუშავიათ?

- 1968 წელს რაიონის დეპუტატად ამირჩიეს, მერე პარტიული კომიტეტის მდივნად, 1976 წელს კი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ გადამიყვანეს და 6 წელი ვიმუშავე ამ თანამდებობაზე. მეუბნებოდნენ, რაზე დაიღუპე თავი, აქ გაფუჭდებიო, რადგან კორუფცია იყო გამეფებული. საერთოდ, კორუფციამ დაშალა საბჭოთა კავშირი და დღესაც, რასაც ვუყურებ, სწორედ იმ კორუფციული სქემებით მუშაობს ყველაფერი. გინდა ფრაქციების შექმნა აიღეთ, რა პრივილეგიებიც მაგათ აქვთ და როგორი დაფინანსებაც, არ არის ეს კორუფცია, თანაც - ნებადართული?.. საბჭოთა პერიოდშიც, ზოგს ბინა უნდოდა, ზოგს ნაკვეთი. კომუნალურ ბინებზე დიდი მოთხოვნა იყო. მაშინ ფული თითქმის ყველას ჰქონდა. ქალაქის საბჭოში რომ მივედი, 160 კაცი თხოულობდა მიწის ნაკვეთს სახლის ასაშენებლად. ყველას კი არ აკმაყოფილებდნენ, ვინც ფულს მიუტანდა, იმას აძლევდნენ, ფული კი ყველას არ ჰქონდა. ერთი კვირა ჩავიკეტე კაბინეტში, ყველაფერს გავეცანი და გამიკვირდა, ბევრი მიწა იყო ასათვისებელი - მთელი შირაქის ტერიტორია და ესენი უარს ეუბნებოდნენ ხალხს. ერთხელ კაბინეტში შემოვიდა ქალი, მაგიდაზე დამიდო რაღაც მოზრდილი შეკვრა და მითხრა, რომ ეს იყო 8.000 მანეთი და მადლობელი დარჩებოდა, თუ ბინის მიღებაში დავეხმარებოდი. იცით, რაში იყო საქმე? თუ გქონდა ძლიერი ზურგი - ნათესავი, რომელიც გპატრონობდა ზედა ეშელონებში, აიღებდი ამ ფულს და ვერავინ ვერაფერს გიზამდა, მაგრამ როცა არავისი იმედი გქონდა, ამდენს ვერ გაბედავდი. სანამ მილიციაში დავრეკავ და ბორკილებს დაგადებენ, გადი აქედან და ფული წაიღე-მეთქი. მაინც არ აიღო, კარში გავარდნას აპირებდა და მაშინ, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვესროლე ის შეკვრა. ფუთა და ის ერთად გავარდნენ კარში.

- არასდროს გქონიათ ცდუნება?

- ყოფილა ისეც, რომ უბრალოდ, სხვა გზა არ მქონია. რაიონში ექიმი კაცი იყო, გვარად ფილიშვილი, მეუღლე გინეკოლოგი ჰყავდა. თბილისში ვიყავი სემინარებზე და აღმასკომის მდივანმა დამირეკა, - ერთი ბინა გამოთავისუფლდა, ხალხი ერთმანეთს ხოცავს და იქნებ ჩამოხვიდე ამ საქმის გადასაწყვეტადო. ჩამოვედი ღამე, მდივანს ვუთხარი, დაურეკე ფილიშვილს, სახლში მომაკითხოს. ორდერსაც მივცემ და ხელსაც ბარემ იქ მოვაწერინებ-მეთქი. მაშინ იმ კაცმა მაგიდაზე დადო ფული და მითხრა: აქ 800 მანეთია და გთხოვ, ამ სიკეთის სანაცვლოდ აიღე ჩემგანო. არ ვარ მაგის კაცი, არ მჭირდება-მეთქი, ვიუარე, მაგრამ ჭიდაობაც ვერ დავიწყე. იყო შემთხვევები, ზოგჯერ რაიკომის მდივანს უთქვამს ჩემთვის: ნუ გააჭირე საქმე, აიღე რაც ასაღებია და საქმე გააკეთეო. ასეთი დრო იყო ან უნდა მორგებოდი სიტუაციას, ან უარი გეთქვა სამსახურზე. ღვინის ქარხანა რომ აშენდა დედოფლისწყაროში, რაიკომის მდივანმა დაიბარა დირექტორი და უთხრა, რომ შემოდგომით, რთველი რომ დამთავრდებოდა, ყოველ ჩაბარებულ ტონა ყურძენზე უნდა მიეტანა 50 კაპიკი. მაშინ 50-60.000 ტონა ყურძენს იბარებდნენ და ხომ წარმოგიდგენიათ, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. მეორე მდივანი რომ მოვიდა, იმან მანეთი დაუწესა. ქარხნის დირექტორი ჩემი მეგობარი იყო და მითხრა: 65.000 ტონა ყურძენი ჩავიბარე წელს, 65.000 მანეთი ჩავდე ჩემოდანში და რაიკომის მდივანს მივუტანეო. ასე "აწერდნენ" ფულს რძის გადამმუშავებელ ქარხანასაც, ხორცკომბინატსაც. ბოლოს თავი დავანებე სამსახურს, 2 ბიჭი მყავდა და მინდოდა სახლები ამეშენებინა მათთვის. ამიტომაც გადავედი სამშენებლო ორგანიზაციაში, იქაც ჩემი მეგობარი იყო დირექტორი. 200 კაცი ჰყავდა მკვდარი სული გაფორმებული და ისინი ყველაზე დიდ ხელფასს იღებდნენ. მთავარ მექანიკოსად ვმუშაობდი. მითხრეს, უბანში 30-40 გარდაცვლილზე ხელფასები გაწერეო. დაახლოებით 40 კაცი მკვდარი სული მყავდა გაფორმებული, 50 კი რეალურად მუშაობდა. ასე კეთდებოდა საქმე. შემოდგომაზე ამ დირექტორმა დამიძახა და მითხრა, ახლა ყველას სახელზე (გარდაცვლილებს გულისხმობდა) შვებულება გააფორმეო. ახლა რომ კორუფციაზე ლაპარაკობენ, მეცინება. მაშინ ჩუმად ხდებოდა ყველაფერი და დღეს კორუფცია დაკანონებულია. აბა, რა არის ის პრემიები და დანამატები, რომლებიც არ ეკუთვნით? პრემია რომ აიღო, რაღაცაში წარმატებას უნდა მიაღწიო და წინ უნდა წასწიო ქვეყანა და ხალხი. არაფერში რომ იღებ ათასობით და ათიათასობით პრემიას, ეს კორუფცია არ არის?

GzaPress- როგორც ვიცი, ცოლი გარიგებით შეირთეთ...

- 24 წლის ვიყავი, ბიძაშვილებმა მითხრეს, უკვე ოჯახის შექმნის დროაო და ამა და ამ ოჯახს მოველაპარაკებითო. საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, რადგან ეთერი უკვე ნანახი მყავდა, დედულეთი მქონდა ჯუთაში და კვირაობით ხშირად ვრჩებოდი იქ. მაშინ არავინ მიყვარდა და დავთანხმდი. უწინ ქალის მხარე კითხულობდა, სასიძოს რა ჯიში და ჯილაგი ჰქონდა და თუ, მაგალითად, გვარიშვილობაში ერთი ავადმყოფიც კი ერია, იწუნებდნენ. ძირითადად, ხევსურული წესით ქორწინდებოდნენ - მოეწონებოდათ მშობლებს ერთმანეთი, ერთს ვაჟი ჰყავდა, მეორეს - ქალი და იტყოდნენ, მოდი, დავნათესავდეთო. ჩემი და - მელანო ასე გაათხოვეს მშობლებმა. მამებს მოსწონდათ ერთმანეთი, მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ. ახლა ვიღა გაივლის უფროსების ჭკუაზე, დრო შეიცვალა...

83 წლის ელისო ბებოსაც ვესტუმრე. გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა და შემომჩივლა, ცუდი რამ ყოფილა სიბერე, მაგრამ მაინც არ ვუშინდები წლებსო.

- ზოგჯერ ვიტყვი, რა მამდის, კაცო, რატო ეგრე ვცანცარებაო, ხან ტან წამეძვრება და რაღაცას ვეჯახები ხოლმე (ხევსურულ დიალექტზე საუბრობს მოხუცი. - ავტ.)... რას ვიზამ, ასეთი ყოფილა სიბერე. ახლა მახსენდება, ჩემს ბავშვობაში მოხუცები რომ გამოვიდოდნენ და ეზოში დასხდებოდნენ უსაქმურად, მიკვირდა. თურმე ვერაფერს აკეთებდნენ. მე კი მინდა, ისევ გარეთ ვიფუსფუსო, ბოსტანში ვიმუშაო, შეშა დავჭრა. შინ უსაქმურად ყოფნა მწყინდება. ჩემი სამყოფი ყველაფერი მომყავს. რაც თავი მახსოვს, სულ შრომაში ვიყავი. ახმეტის რაიონში დავიბადე, 4 შვილი ვყავდით მშობლებს. არ გვიჭირდა, რადგან ბევრი საქონელი გვყავდა, მაგრამ ბევრსაც ვშრომობდით. დედა მეუბნებოდა, ისეთ პატარას გგზავნიდი ცხვარში, რომ გამოგხედავდი, ცხვრებში ვერ გარჩევდიო.

- გენატრებათ ის დრო?

- მენატრება იმიტომ, რომ უდარდელი დრო იყო. და-ძმები ერთად ვიზრდებოდით, ვხუმრობდით, ერთიმეორეს პატივს ვცემდით, ერთად ვთამაშობდით - აი, ეგ დრო მენატრება. რამეზე თუ წავკინკლავდებოდით, მამა გამოგვძახებდა, რა გაჩხუბებთო. ამბობენ, ყველაზე ბედნიერი მაშინაა კაცი, როდესაც სტუდენტია და როდესაც შეყვარებულიაო და ეგენი არაფერი შამხვდა მე. როგორ ვისწავლიდი, 6 წლის რომ ვიყავი, ომი დაიწყო და ვიღას ეცალა სკოლისთვის?

- უსიყვარულობას რატომღა ემდურით? გათხოვილი არ ყოფილხართ?

- გიგაურებში ვიყავი გათხოვილი, მაგრამ ადრე სად იყო შეყვარება და სიყვარულით გათხოვება. დანიშნულს რომ დაინახავდი სადმე, უნდა დამალულიყავი. საქმრო დანახული კი მყავდა, მაგრამ 23 წლის გოგოს ვინ რას მკითხავდა? შეყვარებული რომ ხარ, გენატრება და მისი ნახვა გინდა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა.

- მეუღლე გარდაცვლილი გყავთ?

- რომ გავშორდით, მერე გარდაიცვალა. მე მარტო ვცხოვრობ, შვილები არ მყავს.

- ოჯახის დანგრევა იმ დროს იშვიათი იყო. არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

- დაქორწინებიდან ერთ წელში გავშორდით. ამისთვის სერიოზული მიზეზი გვქონდა...

- ელისო ბებო, ადრე რა ითვლებოდა სამარცხვინო საქციელად?

- სამარცხვინოდ ითვლებოდა სახელგატეხილობა. ასეთებს მოიკვეთდნენ ოჯახიდანაც და სოფლიდანაც. ძველი დრო ბევრი რამით იყო კარგი, მისვლა-მოსვლა ხშირი იყო, სიყვარული იყო ნათესავებს შორის და ახლა ერთმანეთი არც კი ახსოვთ, დაქსაქსულები არიან აქა-იქ. ყველაზე მთავარი ადამიანისთვის ახლობლების ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა, ერთმანეთის სიყვარულია ყველაზე მთავარი!

ნინო ჯავახიშვილი