16 წლის გოგონას აქტიური ცხოვრება - გზაპრესი

16 წლის გოგონას აქტიური ცხოვრება

16 წლის ლიკა ლეკიშვილი დასარტყამ ინსტრუმენტთა ანსამბლის - Aრტ & Lიფე მთავარი სოლისტი გახლავთ. ასევე, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა - მოსწავლეებს დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლის. შემოსავალს ინგლისური ენის შესწავლაში ხარჯავს. თანატოლების უმრავლესობის მსგავსად, ლიკა სკოლაშიც დადის და ჩAთ-ის გამოცდებისთვის ემზადება... აინტერესებს სპორტი, განსაკუთრებულად - კალათბურთი. მოკლედ, საკმაოდ აქტიური გოგონაა, რომელმაც სწავლის ფასი იცის და დროს უქმად არ კარგავს...

- რატომღაც, დასარტყამი ინსტრუმენტები სულ მაინტერესებდა. დაკვრის სწავლას თავად ვცდილობდი - სკამზე, ტაშტზე (იცინის)... 13 წლის ვიყავი, როცა სტუდიაში მივედი. პედაგოგმა გამსინჯა და მითხრა, რომ კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ ისეთი მორცხვი გახლდით, დაკვრისას რაც ვიცოდი, ისიც დამავიწყდა. მეცადინეობის პროცესს ნელ-ნელა შევეჩვიე. დღესდღეობით, ანსამბლის მთავარი სოლისტი და მთავარი პედაგოგის დამხმარე ვარ... თავდაპირველად, დაკვრა რთულად მომეჩვენა, მაგრამ ხელმძღვანელი - გიორგი ბექაური ისე მიხსნიდა, რომ დავინტერესდი. ახლა ბავშვებსაც ისე ვუხსნი, როგორც გიორგი მიხსნიდა - ძალიან მოსწონთ: 1 წლის მასალას 4-5 თვეში ითვისებენ...

GzaPress- თქვენი ანსამბლი რომელ ჟანრში მუშაობს?

- ბოლო დროს ვცდილობთ, ყველა ჟანრის მუსიკა დავუკრათ. ახლა ესპანური და ბრაზილიურიც "გავაკეთეთ", ვცდილობთ, აფრიკული ავითვისოთ. ამჟამად, ალბომის ჩასაწერად ვემზადებით.

- სკამის შემდეგ, დარბუკაზე დაკვრა ალბათ, განსხვავებული იყო...

- რა თქმა უნდა. თავდაპირველად, ბგერების ათვისება მიჭირდა, რადგან სახლში საკრავი არ მქონდა. მშობლები ყველანაირად ეცადნენ, რომ საკრავი რაც შეიძლება მალე მქონოდა. დაკვრა შედარებით იაფფასიანი საკრავით დავიწყე - დამწყებისთვის 100-ლარიანი დარბუკა ნორმალური იყო. შემდეგ, როდესაც მივხვდი, სხვა დონეზე ვიყავი, მასწავლებელმაც ახალი ინსტრუმენტი მომთხოვა. ჩემი დარბუკა გავყიდე და ახალი, 350-ლარიანი საკრავი შევიძინე, რომელიც უფრო მაღალი დონისაა და სოლისტებისთვისაა განკუთვნილი. ახლა ვცდილობ, სხვა საკრავი შევიძინო, რადგან "დარბუკის სკოლა" უკვე გავიარე.

- რომელი საკრავის შეძენა გინდა?

- კონდაკის, რომელიც ჯერჯერობით, საქართველოში არავის აქვს და მასზე დაკვრას არც არავინ ასწავლის. მინდა, საქართველოში შემოვიტანო, დაკვრა ვისწავლო და სხვასაც ვასწავლო.

- დარბუკის გარდა, თავად რომელ ინსტრუმენტზე უკრავ?

- როგორც ჩვენი ხელმძღვანელი ამბობს, უნივერსალური შემსრულებელი ვარ - ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავ (იცინის).

- დღის განმავლობაში, რეპეტიციებს რამდენ დროს უთმობ?

- როცა მოსწავლეები მყავს, დილის 11 საათიდან საღამოს 9-მდე სტუდიაში ვარ. საღამოს ანსამბლის რეპეტიცია გვაქვს, რომელიც საშუალოდ, 3 საათს გრძელდება.

- ანსამბლში რამდენი წევრი ხართ?

- ამჟამად - 13 და მათგან 2 გოგო ვართ.

- რეპეტიციას სახლშიც გადიხარ?

- კი. მხოლოდ სტუდიაში მეცადინეობა არ მყოფნის. სახლში რეპეტიციას ნაკლებ დროს ვუთმობ, რადგან ოჯახიც წუხდება: და ან ძმა რომ მეცადინეობს, ხელს ვუშლი, მეზობლის ბავშვს ვაღვიძებ... სხვათა შორის, ჩემს მეზობლად, ქვედა სართულზე 1 მოსწავლე მყავს. ის რომ დაუკრავს, მე ჩემი ბინიდან ბანს ვაძლევ (იცინის)... ჯერ ბონგოზე უკრავს. ნელ-ნელა ყველა საკრავს ეუფლება.

- კონცერტებიდან შემოსავალი გაქვს?

- არა, რადგან როცა ანსამბლი უკრავს, რთულია, 13 კაცს თანხა გადაუხადო. თან, ჯერ იმ ასაკის და ისეთი დონის შემსრულებელი არ ვარ, რომ ფული გადამიხადონ.

- პედაგოგიური საქმიანობიდან შემოსავალი გაქვს?

- არასტაბილური. შარშან საბავშვო ბაღში ვასწავლიდი და თვეში 50 ლარი მქონდა ხელფასი. ჩემი პირველი შემოსავალი ეს იყო (იღიმის). 5 წლის ბავშვებს ვასწავლიდი. თავდაპირველად გამიძნელდა, რადგან მართლა რთულია, 20 ბავშვი დაიმორჩილო, როცა ყველას დაკვრა უნდა და ყველა რაღაცას უტყაპუნებს. ნელ-ნელა შეეჩვივნენ. საერთოდ, სიმკაცრე არ მიყვარს. არც ნერვები მაქვს სუსტი. ასე რომ, შევძელი, ბავშვები ჩემკენ "გადმომებირებინა". 5 საუკეთესო მოსწავლე გვყავდა, 10 - მუსიკიდან ცოტათი "ვარდებოდა", მაგრამ დაკვრა შეეძლო. ერთ-ერთი ბავშვი სტუდიაში გამოგვყვა (რადგან წელს საბავშვო ბაღში სასწავლო წრე აღარ გვაქვს) და ჩვენს მეორე ანსამბლში, მცირეწლოვნების თაობაში უკრავს. პედაგოგიური საქმიანობა არ მეძნელება. ესეც გიორგის დამსახურება გახლავთ. თითქმის ყველა ასაკის ადამიანთან მაქვს შეხება. 45 წლის მოსწავლე ქალბატონიც (ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი) მყოლია, თუმცა სწავლას თავი მალე დაანება - სურდა, კორპორაციულ საღამოზე შვილთან ერთად დაეკრა. რაც სჭირდებოდა, შეისწავლა და წავიდა.

- ალბათ არიან მოსწავლეები, რომლებსაც დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა სურთ, მაგრამ საჭირო ნიჭი არ აქვთ. მათ როგორ უხსნი, რომ ეს მათი საქმე არაა და სხვა სფეროში სცადონ ბედი?

- საერთოდ, ჩვენი ხელმძღვანელი ყოველთვის მეუბნება, - არ არსებობს უნიჭო მოსწავლე, არსებობს უნიჭო მასწავლებელიო (იცინის). სხვათა შორის, მყოლია მოსწავლეები, რომლებსაც თავდაპირველად მუსიკის აღქმა არ შეეძლოთ, მაგრამ ვცდილობდი, სხვადასხვა გზით ამეხსნა; თუ ჩემს ახსნილს ვერ იგებდნენ, "იუთუბზე" ჩამირთავს მუსიკა ან გაკვეთილი, რომ რიტმი იქიდან "ამოეღოთ". თუნდაც, ტაშით და თვლითაც მიცდია ახსნა... ჯერ ისეთი მოსწავლე არ მყოლია, რომელმაც დაკვრა ვერ შეძლო.

- შენს შემოსავალს რაში იყენებ?

- ინგლისურ ენაში მომზადებისთვის.

- როგორ მიდის საქმე, ითვისებ ინგლისურ ენას?

- საქმე ძალიან კარგად მიდის. წინათ, სკოლაში ხმას არ ვიღებდი (თავადაც ვგრძნობდი, რომ ცოდნის დაბალი დონე მქონდა), ახლა კი - ცხოვრებაში პირველად, საკონტროლოს ჩემგან გადაწერა მთხოვეს (იცინის).

- პროფესია არჩეული გაქვს?

GzaPress- ფარმაცევტულზე ჩაბარებას ვაპირებდი, თუმცა ქიმიის გამო გადავიფიქრე - რეაქციებს ვერ ვიმახსოვრებ...

- ფარმაცევტობამ რატომ დაგაინტერესა?

- დღესდღეობით, პაციენტებს წამლებს ისე უაზროდ უნიშნავენ, რომ მაინტერესებს: რატომ უნდა იმკურნალო ძვირად ღირებული წამლით, როცა შეიძლება, იაფფასიანით უკეთესი შედეგი მიიღო?!. სიმართლე გითხრათ, რომელიმე პროფესიაზე ჯერ ბევრი არ მიფიქრია - სტუდიაზე ვარ "გადართული".

- შენი პროფესიული არჩევანი მუსიკას რომ დაუკავშირო?

- ამ შემთხვევაში, კონსერვატორიაში უნდა ჩავაბარო, მე კი საჭირო განათლება არ მაქვს - მხოლოდ დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვუკრავ.

- დასარტყამი ინსტრუმენტების ანსამბლი სად უკრავთ, საჯაროდ სად გამოდიხართ?

- საქართველოს გარდა, შარშან ბაქოშიც ვიყავით. იქ მუსიკალურ ფესტივალზე პირველი ადგილი დავიკავეთ. აზერბაიჯანში ძალიან სტუმართმოყვარე, სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს... კონცერტებს ძირითადად, რუსთავში, სხვადასხვა დღესასწაულზე ვმართავთ.

- როცა მოგზაურობ, მშობლები არ ნერვიულობენ?

- ადრე ყოველთვის ყველგან მშობლები დამყვებოდნენ. პირველად ბათუმში გამიშვეს. ისე დაემთხვა, რომ საშინელი რამ მოხდა - ხანძრის შედეგად, 3 ბავშვი დაიწვა (გახმაურებული ფაქტია). მაშინაც ფესტივალზე გახლდით. პირველი ადგილი დავიკავეთ. ხელმძღვანელი ჩვენგან ასეთ კარგ შედეგს არც ელოდა - ანსამბლის ნომრით ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გავედით. ისე კარგად შევასრულეთ, რომ პედაგოგმა რესტორანი "დაახურინა" და ვქეიფობდით. დაახლოებით სამ საათზე დავიშალეთ, ჩვენს ოთახებში წავედით და დავიძინეთ. დილის 9-ზე ავდექით. გვერდით მდებარე სასტუმროში ხანძარი დილის 4 საათზე დაწყებულა. ზღვაზე უნდა გავსულიყავით, როცა ეს საშინელი ამბავი შევიტყვეთ. შოკში ვიყავით. პირველი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ დედას დავურეკე: ვიცოდი, რა შედეგი მოჰყვებოდა იმას, რომ ხანძრის ამბავი მშობლებს ტელევიზორიდან შეეტყოთ და არა - ჩემგან. დედას რომ დავურეკე, ეგონა, მეც რაღაც მჭირდა და ვუმალავდი. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა რუსთავში ჩამოვედი და დამინახა... შემდეგ, მშობლებს ბაქოში ჩემი გაშვება გაუჭირდათ... ახლა საქართველოში თითქმის ყველგან მარტო მიშვებენ. თან, ასაკიც მემატება და უფრო დამოუკიდებელი უნდა გავხდე.

- როგორც პირად საუბარში მითხარი, ცეკვავდი კიდეც. ცეკვას თავი რატომ დაანებე?

- ცეკვა 6 წლიდან დავიწყე. მეორე კლასიდან უკვე ანსამბლ "არიშის" წევრი ვიყავი. გოგოს სოლოებსაც ვცეკვავდი და ბიჭისასაც. კონცერტებით ნახევარი საქართველო მოვიარე. ჩვენი ხელმძღვანელი გია ვარდიაშვილი გახლდათ, რომელმაც ქორეოგრაფია შემაყვარა. შემდეგ ანსამბლი დაიშალა...

- ოჯახის წევრები რას საქმიანობენ?

- მშობლები აზოტის ქარხანაში მუშაობენ. და სტუდენტია - საავიაციო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, ძმა სკოლის მოსწავლე (მეშვიდე კლასელი) გახლავთ... ვცდილობთ, ერთმანეთი გავაბედნიეროთ.

- რუსთავში ახალგაზრდები რით ერთობით?

- სამწუხაროდ - არაფრით. უბანში კალათბურთის სტადიონიც კი არ გვაქვს, რომ ჩავიდე და ვითამაშო. პარკი გვაქვს, მაგრამ იქ ისეთი "უბედური" სიტუაციაა, რომ გავლისაც მრცხვენია: სადაც გაიხედავ, ერთმანეთზე "გადაბმული" შეყვარებული წყვილები გხვდებიან. საჯაროდ ასეთი სიტუაციის დანახვა არ გვსიამოვნებს დაქალებს, როცა პარკში სასეირნოდ მივდივართ...

- შენი მიზანი რა არის?

- მინდა, ბევრ სფეროში გარკვეული განათლება მქონდეს, თუნდაც - სპორტში. ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი მიზანია, რომ ჩემი ოცნების ინსტრუმენტები - დრამი და ტომბაკი ვიყიდო.

ეთო ყორღანაშვილი