"ზედმეტ ბარგად გვთვლიან" - გზაპრესი

"ზედმეტ ბარგად გვთვლიან"

"ომიც და გაჭირვებაც გამოვიარე, ჩვენი ქვეყნის ბევრი კუთხე შემოვიარე. 92 წელი ისე ვიცხოვრე, არც მწვადი დამიწვია და არც შამფური", - მეუბნება ომის ვეტერანი, ბატონი მიხეილ ღლიღვაშვილი და თვალები უცნაურად უბრწყინავს. ჯერაც ერჩის ძალა და მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, დედაქალაქში უზრუნველად იცხოვროს, მაინც სოფლისკენ მიუწევს გული, სადაც მიწას ეჭიდება. უყვარს თავისი სოფელი, თანასოფლელები და... ქალაქიც უყვარს თავისებურად, მაგრამ გული სწყდება ბევრ რამეზე, პირველ რიგში კი იმას განიცდის, რომ ბოლო დროს აბრებზე წარწერილი სიტყვები არაფერს ეუბნება, რადგან არ ესმის ინგლისური, მის ასაკში კი უცხო ენის ათვისება არც ისე იოლია...

- როგორ ახერხებდით ისე გეცხოვრათ, რომ არც მწვადი დაგეწვათ და არც შამფური?

GzaPress- ადვილი არ იყო, მაგრამ მოვახერხე (იღიმის). როგორც გითხარით, ომის მონაწილე ვარ. ბევრი გაჭირვება გამოვიარე. იმ ზომამდეც კი მივსულვარ, რომ თვითმკვლელობაც განმიზრახავს ფრონტზე. არ იფიქროთ, რომ ტყვიის მეშინოდა. არა! მეშინოდა შიმშილისა და სიცივის - ეს ორი რამ აუტანელია! ომში როცა ხარ, შენზე არაფერია დამოკიდებული, საითაც გიბრძანებენ, იქით უნდა წახვიდე და შენი მოვალეობა შეასრულო. მამა ფრონტიდან დაჭრილი დაბრუნდა, სიარულიც არ შეეძლო. შემდეგ მე წავედი, მამა კი დავტოვე სახლში. სად არ ვიარე, რა არ ვნახე. საშინელებაა, როცა შენი თავი არ გეკუთვნის, მტერი გიტევს, თავიც უნდა დაიცვა და თან მტრის განდევნაზე იფიქრო, რომ აჯობო და ცოცხალი დარჩე. მეთაურის ბრძანებას ყველა ვემორჩილებოდით. იმ პერიოდში დავკარგე სმენა. ჰოსპიტალში თითქოს, მიმკურნალეს, აღმიდგინეს, მაგრამ მერე მაინც იჩინა თავი ამ პრობლემამ და ახლა ყურთასმენა მაკლია.

- როცა ომში წახვედით, იარაღთან ურთიერთობის გამოცდილება გქონდათ?

- არა, არანაირი გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ადვილად ავუღე ალღო. ერთხელ მოგვხსნეს ფრონტის წინა ხაზიდან და გზას გავუყევით. სად მივდიოდით და რისთვის, მეთაურის გარდა, წინასწარ არავინ იცოდა. რთულ გზაზე შიმშილიც ძალიან გვაწუხებდა. იმ პერიოდში უკრაინაში ვიყავით და უკრაინელი მოსახლეობა ცდილობდა, ჩვენთვის ტვირთი შეემსუბუქებინა: სახლიდან ზოგს მოხარშული კარტოფილი გამოჰქონდა და გვაწვდიდა, ვიღაც ჭარხალს მოარბენინებდა და ამით სულის მოთქმის საშუალება გვქონდა. მახსოვს, ერთ-ერთ სადგურთან დავინახეთ უზარმაზარი გორა დგას ჭარხლის, რომელიც გაყინული იყო. სანგრის სათხრელი ნიჩბებით შევესიეთ დამშეულები და ვამტვრევდით, "ვეშმეშოკში" ვიყრიდით თითქმის ყინულად ქცეულებს და მერე, როცა გალღვა, მადიანად ვჭამეთ.

ომი რომ დასრულდა, ჩვენ მოგვატყუეს, ანუ ნაწილში მისულებს გამოგვიცხადეს, ვისაც "შოფრობა" გინდათ, ჩაეწერეთ და სპეციალურ სასწავლებელში გაგიშვებთო. ძალიან მინდოდა კარგი მძღოლი ვყოფილიყავი და სხვებთან ერთად, ამ სიაში მეც ჩავეწერე. თურმე, სპეცსამსახურში გვიშვებენ, სადაც 6 თვე ვიყავი. მერე გაგვანაწილეს და მომცეს ხელის ტყვიამფრქვევი - ეს იარაღი ძალიან შემიყვარდა. ავტომატურად ისროდა და მასში 34 ტყვია ჩადიოდა... ეს ტყვიამფრქვევი მომცეს და დამინიშნეს მოადგილე, რუსის ბიჭი, ჩემსავით უწვერულვაშო. ომი ხომ 1945 წელს დასრულდა, მე კი სამშობლოდან შორს 1950 წლამდე დამტოვეს - ზაპოროჟიეში ვიყავით.

- რისთვის დაგტოვეს?

- ჩვენ ვინ გვეტყოდა რისთვის? ახალი "შევსება" რომ მოდიოდა, იმათ ვასწავლიდით, პრაქტიკაზე გაგვყავდა ბიჭები. ჩემდა უნებურად, ჯარისკაცი ვიყავი წლების მანძილზე... მახსოვს, ახალმისული ვიყავი, როცა ველზე გაგვიყვანეს ფეხით. მივდიოდით დღე და ღამე, მაგრამ სად, არავინ იცოდა. მერე უცებ ბრძანება მივიღეთ, გაჩერდითო. "ძველებმა" ეგრევე სანგრის გათხრა დაიწყეს, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ და შიგ ჩაწვნენ. ახლებს გაგვიკვირდა, რისთვის წვალობდნენ და პირდაპირ მინდორზე დავწექით. შემოდგომა იყო, მაგრამ მაინც ციოდა. ჩვენ გავიყინეთ, იმათმა ე.წ. შინელი გადაიხურეს და მშვენივრად გაათენეს ის ღამე. მერე მეთაურმა რომ გამოიარა, გაბრაზდა: რატომ არ გათხარეთ სანგარიო? თურმე, მიწაში შედარებით სითბოა...

- როცა საქართველოში დაბრუნდით, ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

GzaPress- სწავლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ 8 კლასის ატესტატი არ მომცეს, დაიკარგაო. მაშინ განათლების მინისტრი იყო მარიამ ბურჭულაძე, მოვახერხე და მასთან შევედი, მოვუყევი ჩემ შესახებ. ვუთხარი, სწავლის გაგრძელება მინდა და ატესტატი არ მაქვს-მეთქი. სად გინდა ჩაბარებაო? - ინდუსტრიულ ტექნიკუმში-მეთქი. ეს სასწავლებელი ავირჩიე იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი სწავლაში ხელს ვერ შემიწყობდა, ამ ტექნიკუმში სწავლა, ჭამა და ტანსაცმელი სახელმწიფო ხარჯზე იყო, საერთო საცხოვრებელიც უფასო გახლდათ. ტექნიკუმი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, პარალელურად ჩავაბარე თბილისის სარკინიგზო სასწავლებელში, რომელიც მერე შეუერთდა "გეპეის", როცა მე მესამე კურსზე ვიყავი. ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, კავშირგაბმულობის სამინისტროში, საიდუმლო განყოფილებაში ვმუშაობდი. ერთხელ დირექტორმა გამომიძახა. შევედი, ვიღაც პოლკოვნიკი ზის, წითელი "პაგონებით". გამომკითხა რაღაცები და მერე მითხრა, უნდა წაგიყვანო, მილიციაში უნდა იმუშაოო. დავფიქრდები-მეთქი. არ გინდა ფიქრი, ხვალ მოდი სამმართველოშიო. მართლა მივედი და გამიშვა ავტოინსპექციაში, რადიოტექნიკაზე. კავშირგაბმულობაშიც ამ მიმართულებით ვმუშაობდი. მას მერე გავხდი მილიციის თანამშრომელი.

- თქვენ რატომ შეგარჩიეს?

- სპეციალისტი სჭირდებოდა, ჩემი თავი კი კავშირგაბმულობაში უქეს. 1962 წელს წამიყვანა პოლკოვნიკმა შსს-ში და აქეთ კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსმა ატეხა ერთი ამბავი, რატომ ვუშვებთ, მე მჭირდებაო. ვუთხარი, რომ გარკვეული თვალსაზრისით, მეც მერჩივნა წასვლა. მაშინ მითხრა, იქნებ პარალელურად აქაც იმუშაოო და 11 წელი ვიმუშავე ორ ადგილას, ჩემს საქმეს ყველგან პირნათლად ვასრულებდი.

- კაი დრო ყოფილა თქვენთვის...

- კი, ნამდვილად, ამან გადამარჩინა, ოჯახს ვინახავდი... დღეს ექვსი შვილთაშვილი მყავს, კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. ორი შვილთაშვილი მორაგბეა და მალე მათ საქართველოს ნაკრებში ვიხილავ, ძალიან ყოჩაღები არიან.

- ანუ კმაყოფილი ხართ საკუთარი ცხოვრების?

- პირიქით, უკმაყოფილო ვარ ბევრი რამის გამო. რატომ? ჯერ ერთი, ახალგაზრდების უმცირესობა, მაგრამ მაინც, გადაგვარებულია. გაირყვნენ, გადაგვარებული ცხოვრება უნდათ და ვისაც ეს არ მოსწონს, იმათ გაჩუმებასაც ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით. ნაწყენი ვარ მთავრობაზეც, დეპუტატებსა და მინისტრებზე. გული მწყდება ზოგიერთ ქართველზე, რომლებიც ჩვენს კეთილდღეობაზე კი არ ფიქრობენ, არამედ ისე ჩანს, რომ ქართველი ერის მტრები არიან... ხშირად დავდივარ ავტობუსით, ვათვალიერებ ქუჩებს და ყველგან უმეტესწილად, უცხოენოვანი წარწერებია. დავიჯერო, ქართული ენა ისე გაღარიბდა, აღარა გვაქვს იმის საშუალება რომ ქართულად დავწეროთ?

- ადრე რუსული წარწერები იყო, ამას თუ აპროტესტებდით?

- რომ მკითხონ, რუსეთთან გირჩევნია თუ ამერიკასთანო? რუსეთს ავირჩევ. ამერიკელებს უნდათ ჩვენთან ბაზები გახსნან, მერე ატყდება ომი და რუსეთი რას იზამს, თქვენი აზრით? შეეცდება, ეს ბაზა გაანადგუროს და ვინ დაზარალდება ამით, ამერიკა თუ საქართველო? აგერ, რუსებმა ისეთი იარაღი შექმნეს, რომ ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას, ამოგვატრიალებს და ეს ხომ უნდა გავითვალისწინოთ? რუსეთი ჩვენი მფარველი იყო ისტორიულად...

- მაგრამ ახლა ხომ მტერია?

- ის ბატონი იყო და ამიტომაც გახლდათ ყველგან რუსული წარწერები, მაგრამ ახლა ხომ დამოუკიდებლები ვართ და რატომ ვაბატონებთ უცხო ენას?.. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს შორის, საქართველო ყველაზე უკეთესად იყო. ქართველებს ჩაჰქონდათ კონიაკი, არაყი და რუსეთიდან "კაპიკებში" მოჰქონდათ სამშენებლო მასალა, სურსათი, ტექნიკა სოფლის მეურნეობისთვის და ა.შ. ახლა ყველაფერი გვაქვს, მაგრამ "ცეცხლის ფასად"... ჯარში რომ წავედი, რუსულად ვიცოდი მხოლოდ ერთი სიტყვა "ხლებ" და მერე ვისწავლე ეს ენა. ახლა ინგლისური ყველა ბავშვმა იცის და მეუბნებიან, შენც დაეუფლეო. ჩემს ასაკში უკვე ვერ შევძლებ ამას. ძალიან მინდა, დამოუკიდებლებმა მაინც შევინარჩუნოთ ჩვენი ენა. ჩვენ კი არ ვილაპარაკოთ ინგლისურად ან რუსულად, დაე, მსოფლიომ ილაპარკოს ჩვენს ენაზე.

- მილიციელების ყოველთვის ყველას ეშინოდა. ფაქტია, მაშინ ქრთამი ძალიან ჭრიდა...

- სტალინის სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ცხოვრება ნამდვილად გადაგვარდა. დაიწყო პარტიის ბილეთების გაყიდვა. ფულს გადაიხდიდი, პარტიის წევრი გახდებოდი და თანამდებობას მოგცემდნენ. ეს ცუდი იყო! მილიცია სავსე იყო ასეთი თანამშრომლებით. რაიკომი გამოგზავნიდა თავის კაცს და ის უნდა ყოფილიყო შენი უფროსი, არადა, არ ეკუთვნოდა, საქმე არ იცოდა. ასეთები რომ გაირყვნენ და ფულზე დაიწყეს ლაპარაკი, რა გასაკვირია? იღებდნენ ქრთამს, ფულს შოულობდნენ, ხალხს ღლეტდნენ. შეელახა ყველას სახელი, რადგან ძალადობდნენ და რა თქმა უნდა, ეს არ იყო კარგი, მაგრამ მილიციაში ნათელი მხარე და ვაჟკაცობის უპრეცედენტო ბევრი მაგალითიც იყო - დაინტერესების შემთხვევაში, ასეთი ფაქტების მოძიება თქვენც შეგიძლიათ...

- როგორი იყო თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი თბილისი?

- ისეთი ნამდვილად არ იყო, როგორიც ახლა არის. ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა - რა თქმა უნდა, კარგი საქმეებიც არ უნდა დავივიწყოთ. აყვავდა ყველაფერი. ახლა ლანძღავენ პოლიტიკოსებს, რომლებსაც დანაშაულიც ბევრი აქვთ, მაგრამ სიკეთეც აკეთეს. კორპუსებში, გზებზე დამყარდა წესრიგი, სისუფთავე, ტრანსპორტიც კარგი გვაქვს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ცუდ საქმეებს, რაც აკეთეს? ამის გადაფარვა სხვა სიკეთეებით ძალიან ძნელია... იცით, რა არ მომწონს? მაგალითად, საგანელიძეს რომ ხელფასი 21 ათასი აქვს, დანამატისა და პრემიის გარდა და პენსიონერს 180 ლარს აძლევენ, სად არის ნამუსი? სინდისი როგორ გაძლევს უფლებას, შენ, თანამდებობის პირს, რომ ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში მცხოვრებმა ფული "მეშოკით" წაიღო შინ? ახლა დეპუტატები, მინისტრები თანამდებობაზე მიდიან იმისთვის, რომ ფული იშოვონ და საქმე ნაკლებად აკეთონ. მილიონერი გახდა ყველა. კარგი, კაცო, ცოტა სინდისი იქონიე. ამაყობენ, ხალხმა დამიჭირა მხარიო. თუ ასეა, შენს თავს რატომ უწერ პრემია-დანამატებს, ხალხზე რატომ არ ფიქრობ?..

GzaPressფულზე ლექსიც კი დამაწერინა ამ ყველაფერზე ფიქრმა და რამდენიმე სტროფს წაგიკითხავთ: "შენ შინაური არ იცი,/ არც გარეულის ხათრი გაქვს,/ ვისაც რომ უფრო ბევრი აქვს,/ ისევ იმისკენ გარბიხარ./ ღარიბმა რა დაგიშავა,/ რატომ ხარ მასზე გამწყრალი,/ მდიდრისთვის დაგროვილი ხარ/ და ღარიბისთვის გამქრალი.../ მთელ მსოფლიოში დარბიხარ,/ არაფრისა გაქვს შიში,/ მეძავ ქალივით იქცევი,/ ხან ჩემი ხარ და ხან სხვისი./ შენ რომ არ იყო ამქვეყნად,/ უნდა მივიღოთ ზომები,/ რომ აღარ იყოს ამქვეყნად,/ სიცოცხლის მტერი ომები".

ადრე ვერ ვაფასებდით, თორემ ჩვენ თურმე, სამოთხეში ვცხოვრობდით. ომის ვეტერანებს ჰოსპიტალი გვქონდა, რაც აღარ გვაქვს. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი.

- როგორც ვიცი, სახელმწიფო ვეტერანებს ეხმარება...

- კი, გვაძლევენ მაკარონს, ვერმიშელს და სხვა პროდუქტებს. არ მინდა ბატონო ეს ყველაფერი! მოგვცენ ფული, რომ წამალი ვიყიდოთ, ანუ ის, რაც უფრო მეტად გვჭირდება. ადრე რომ 5 ლარს ვაძლევდი, ახლა ის პრეპარატი 25 ლარი ღირს და როგორ ვიყიდო? მინდა, ვეტერანების თხოვნა თქვენს ჟურნალში გამოვაქვეყნო და იმედია, ამაზე უარს არ მეტყვით.

- გამოგიქვეყნებთ, მაგრამ მანამდე თქვენს პირად ცხოვრებაზეც მიამბეთ რამე...

- სიღნაღიდან ვარ. 25 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი... სანამ ჯარში წავიდოდი, შეყვარებული მყავდა. მეფიცებოდა, უშენოდ ვერ გავძლებ, როდის დაბრუნდებიო? წერილებს ვწერდით ერთმანეთს, მერე წამოვიდა სასწავლებლად ქალაქში და ეტყობა, ჩემზე უკეთეს ადამიანს შეხვდა, გათხოვდა, პირობა არ შეასრულა...

- როცა ომიდან დაბრუნდით, არ ნახეთ?

- ერთხელ ვნახე და ვუსაყვედურე. პასუხი არ გამცა ან რა უნდა ეთქვა?.. მერე სხვა გოგო მომეწონა. მართალია, ვერ ვიტყვი რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ შევირთე და დროთა განმავლობაში ისე შემიყვარდა, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ახლა ზამთარს თბილისში ვატარებ, გაზაფხულზე კი სოფელში გავრბივარ. იქ ვენახი მაქვს, ბოსტანი. ფანატიკურად მიყვარს ჩემი სოფელი და იქაური ხალხიც. იქ არ არის ქურდობა, ხულიგნობა. მინდორში შეიძლება ხილი მოგპარონ, დანარჩენი არაფერი დაგეკარგება. ერთხელ საისტორიო ამბავი მოხდა: კაცმა ქალაქელი ამხანაგი შეიფარა სახლში. ჩამოდიოდა ეს კაცი სტუმრად და პატივისცემაში იყო. ეს "დაგულაობს", მასპინძელი მუშაობს. ერთ მშვენიერ დღეს, როცა შინ მივიდა, ცოლ-შვილი დახოცილი დახვდა. ჩაიკეტა მკვლელი შენობაში და იმუქრებოდა, - გესვრით, არ მომიახლოვდეთო. მილიციამ როგორღაც, მაინც აიყვანა. სოფელმა რა ქნა, იცით? მკვლელი მილიციას არ გაატანა, სოფლის ცენტრში ცოცხლად დაწვეს ის კაცი. სხვა ცუდი ფაქტი არ მახსოვს, ჩემს ნუკრიანში მომხდარიყო. მესტუმრეთ და თავადაც დარწმუნდებით, რომ საუკეთესო ადგილია.

ლიკა ქაჯაია