"ქსენოფობიური დამოკიდებულება საკუთარ თავზეც გამომიცდია... წარმოშობით სომეხი ვარ" - გზაპრესი

"ქსენოფობიური დამოკიდებულება საკუთარ თავზეც გამომიცდია... წარმოშობით სომეხი ვარ"

ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია შეკითხვა - ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია...

ამ საკითხზე პოპულარულ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

"ვფიქრობ, საქართველოში სხვა ერების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება აშკარაა და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია: წარმოშობით სომეხი ვარ. ჩემი გვარი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, უკვე მეხუთე თაობა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს თავს ქართული მენტალიტეტის მქონედ მივიჩნევ, ქართულად უკეთესად ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წარმოშობის გამო მაინც მქონია უსიამოვნო შემთხვევები, თუნდაც, სოციალურ ქსელში..."

ზაალ სულაკაური, მხატვარი:

"რასიზმისა და ქსენოფობიის გამოვლინებას ყველგან შეხვდებით, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია. ვფიქრობ, რასიზმი და სხვა ერების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება

ჩვენთანაც შეიმჩნევა, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია, ყველას თავისი შეხედულება აქვს. მოვიყვანდი თუ არა ცოლად შავკანიანს? - რატომაც, არა! ზოგიერთი შავკანიანი ისე მომწონებია, რომ ეს ჩემი მეუღლის გასაგონადაც მითქვამს..."

გივი სიხარულიძე, მწერალი, მსახიობი:

"საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვიცი, იქ უამრავი შავკანიანი ცხოვრობს. პარიზში რომ გაივლი და ერთ ნაღდ ფრანგს ვერ შეხვდები, ის ქვეყანა დაღუპულია. ჩვენც ამ გზას ვადგავართ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ დავკარგეთ - ღმერთს დავემშვიდობეთ და სატანას ჩამოვართვით ხელი. ჩვენი გენოფონდი დიდი ხანია შეცვლილია და სულ ტყუილად ვფხაკურობთ ქართველები..."

ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს ვრცლად ჟურნალ "გზის" 26 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე