მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილე - გზაპრესი

მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილე

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა 18 აპრილს 90 წლის იუბილე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით თეატრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საიუბილეო კვირეული მოეწყო. 14-18 აპრილს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი 10 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. კვირეული გრანდიოზული გამოფენით გაიხსნა, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა პირველად ეხილა უნიკალური ესკიზები და აფიშები. საიუბილეო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად თეატრს სტუმრები არა მხოლოდ სხვადასხვა რეგიონიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან (გერმანია, ისრაელი, ინდოეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ბელორუსია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი) ეწვივნენ. გამოიცა საიუბილეო ალბომი - "მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 90". დასკვნით საღამოზე სტუმრებმა თეატრის ადმინისტრაციის, დასისა და ტექნიკური პერსონალის არაერთ წარმომადგენელს სხვადასხვა კატეგორიის ჯილდო გადასცეს.

GzaPressდიმიტრი ხვთისიაშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- მოგეხსენებათ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღესდღეობით სამ თეატრს: ქართულ მოზარდ მაყურებელთა, რუსულ მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრს აერთიანებს. ჯამში თეატრი 210 სეზონს ითვლის, რადგან 70-70 წელი რუსული და ქართული დასი დამოუკიდებლად მუშაობდა, შემდეგ 50 წელი არსებობდა თოჯინების თეატრი და აგერ უკვე 20 წელია, რაც ერთად ვართ. 210 სეზონი, ბუნებრივია, მრავლისმომცველია. თეატრის ისტორია არაერთმა უდიდესმა მოღვაწემ შექმნა. უპირველესად, დავასახელებ ნიკოლოზ მარშაკსა და ალექსანდრე თაყაიშვილს. ასევე, ბორის გამრეკელს, სერგო ჭელიძეს, გრიგოლ ლაღიძეს. რუსულ თეატრში მუშაობდა სახელგანთქმული მსახიობი ევგენი ლებედევი, მუსიკოსი ბულატ ოკუჯავა. რაც შეეხება დასს, ორივე დასი მნიშვნელოვანი სამსახიობო ძალებით იყო დატვირთული. რთულია ამ რეჟიმში ყველა გვარი დაასახელო, სწორედ ამიტომ, ამ თარიღთან დაკავშირებით შევქმენით საიუბილეო ალბომი, რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია ყველა გამორჩეული მსახიობისა და რეჟისორის შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ. დიდმა ქართველმა რეჟისორმა, შალვა გაწერელიამ ამ თეატრში 40 წელი იმსახურა და 36 სპექტაკლი დადგა. აღსანიშნავია ნიკა ჯანდიერის მოღვაწეობა. ის გახლდათ ჭეშმარიტად უიშვიათესი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იმსახუროს სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრში. მისი მუშაობის პერიოდში რუსული მოზარდი ახალგაზრდა შემოქმედთა ლაბორატორიად იქცა. ჯანდიერის პერიოდში ქართულ სცენაზე პირველი სპექტაკლები დადგეს: გია კიტიამ, გიორგი მარგველაშვილმა, ლევან წულაძემ, დავით საყვარელიძემ, გურამ ვაშაკიძემ. პირველად გააფორმა სპექტაკლი მხატვარმა შოთა გლურჯიძემ. სწორედ ამ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა, როგორც სპექტაკლების მუსიკალურმა გამფორმებელმა და კომპოზიტორმა, ვახტანგ კახიძემ. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რაც თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა თვისებრივად შეიცვალა - მოვიდა ახალი დასი და დაემატა ახალგაზრდა მსახიობები - დაიდგა 80-მდე სპექტაკლი და თეატრმა მონაწილეობა მიიღო 18 საერთაშორისო ფესტივალში. დასი ყოველწლიურად 100-ზე მეტ სპექტაკლს თამაშობს საქართველოს რეგიონებში. წლის განმავლობაში 700-800 სპექტაკლის თამაში გვიხდება. მაგალითისთვის, ჩვენი თეატრის მსახიობმა, რატი ნავაძემ, ერთი წლის მანძილზე 397 სპექტაკლის თამაშისთვის პირველი ადგილი მოიპოვა, ანუ პრაქტიკულად, ყოველდღე თამაშობდა. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ვცდილობთ, რაოდენობის ხარჯზე შემოქმედებითი მუხტი არ დაიკარგოს, არ გაფუჭდეს ხარისხი. თუ არა საქმის დიდი სიყვარული და დასისა თუ ტექნიკური პერსონალის თავდადება, ამ ფაქტის შესახებ საუბარი შეუძლებელი იქნებოდა...

მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი:

GzaPress- ვულოცავ იუბილეს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და საინტერესო თეატრს ძალიან დიდი, მდიდარი ისტორიითა და ტრადიციით. მოზარდ მაყურებელთა თეატრი მნიშვნელოვანი მისიის მატარებელია - ჩვენს შვილებს, მოზარდებს ემსახურება და სერიოზულ როლს ასრულებს მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. მიხარია, რომ ამ უნიკალურ ინსტიტუციას, რომელიც სამ დამოუკიდებელ თეატრს აერთიანებს, მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული დასი ჰყავს. მინდა თითოეულ თანამშრომელს მადლობა მოვახსენო საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების, თავდადებისა და ძალისხმევისთვის, რომლის გაღებაც ყოველდღიურად გიწევთ. თითოეული ინსტიტუციის წარმატების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან. კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ორი გამორჩეული ადამიანი დავაჯილდოეთ. ესენი გახლავან ადამიანები, რომლებიც ათწლეულებია ქართულ თეატრს ემსახურებიან - გამორჩეული მხატვარი აივენგო ჭელიძე და სახალხო არტისტი ბერტა ხაფავა.

გიორგი გეგეჭკორი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე:

- თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ასეთი თეატრი არ არსებობს - თეატრი, რომელსაც დასვენების დღე საერთოდ არ აქვს. ეს სცენა ტონობით დადებით ენერგეტიკას, სიყვარულსა და თავდადებას იტევს. მინდა დიმას და თეატრის დირექტორს, ქალბატონ თამარ ლორთქიფანიძეს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი დაუღალავი შრომისთვის. ეს ორი ადამიანი სამომავლოდ კიდევ ბევრ დიდ საქმეს შეეჭიდება.

რეზო მიშველაძე, მწერალი:

GzaPress- ყველა კარგად ვხედავთ, როგორი ცოცხალი, შემოქმედებითი ენერგიით სავსე თეატრი გვაქვს. თეატრი, რომელსაც უზარმაზარი მისია აკისრია ერის წინაშე - აღზარდოს ჩვენი ახალგაზრდობა ქართველებად, მოაქციოს ისინი ჭეშმარიტ ეროვნულ მოქალაქეებად - არასოდეს გაქრება. მინდა მადლიერება და სიხარული გამოვხატო იმისთვისაც, რომ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავთ ქართველი მწერლების შემოქმედების მიმართ და რომ ყოველი ხუთი პრემიერიდან ოთხი ქართველი მწერლის პიესაა. კიდევ ერთ ფაქტს აღვნიშნავ - თეატრი ჩვენი დედაქალაქის იმ ნაწილში დგას, სადაც ეროვნულ ფენომენს, რა დასამალია და, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ამ ბოლო წლებში... სპექტაკლის მსვლელობისას უნდა ჩავრთოთ ხმის გამაძლიერებლები, რომ ჩვენი ლამაზი ქართულით გადაიფაროს ბაიათების ხმა, რაც ასე ძალუმად ისმის ამ ტერიტორიაზე... საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დიმა ხვთისიაშვილს რუსთაველის პრემიის შემდეგ ყველაზე დიდი ჯილდო საქართველოში - ილია ჭავჭავაძის პრემია მიენიჭა.

შორენა ლაბაძე