"კომუნისტური რეჟიმის დროს რუსებმა რომელიღაც ქალაქში იუდას დაუდგეს ძეგლი" - გზაპრესი

"კომუნისტური რეჟიმის დროს რუსებმა რომელიღაც ქალაქში იუდას დაუდგეს ძეგლი"

ისტორიის მკვლევარი 42 წლის ლუარსაბ ტოგონიძე, როგორც თვითონ მითხრა, დროში მოგზაურობს და იკვლევს ყველაფერ ძველს - სიმღერა-გალობის წარმომავლობას, ძველ ფოტოებს, სამოსსა თუ სამკაულს... მოკლედ, ყველაფერი ძველი აინტერესებს, რადგან ხედავს უსამართლოდ დავიწყებულ სილამაზეს, რომელსაც უკვდავების ნიშანი აქვს და ამიტომაც ცდილობს მათ გაცოცხლებას.

GzaPress- სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა უფრო ჰუმანიტარული პროფესიები მომწონდა. ვსწავლობდი საზღვარგარეთ ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზეც. ამ პერიოდში წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნების კოლეჯში ფოტოგრაფიაც შევისწავლე. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რაში შეიძლებოდა გამომეყენებინა ეს ცოდნა. გავეცანი უზარმაზარ მასალას და ნამდვილად არ ველოდი, თუ ბევრი საინტერესო ფოტო სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული არ იქნებოდა. ვმუშაობ საეკლესიო გალობის ისტორიის, სასულიერო პირების რეპრესიებისა და კიდევ სხვა რამდენიმე თემის შესახებ. ჩემი მიზანი იყო საცავებსა და არქივებში, თუნდაც ოჯახებში შემონახული ფოტოების სამეცნიერო შესწავლა. ეს ფოტოები გადავიტანე ციფრულ მატარებელზე და მოვახდინე მათი იდენტიფიცირება. ათასობით ფოტო გამოვიკვლიე, რაც ძალიან შრომატევადი, თუმცა იმავდროულად, სასიამოვნო პროცესი იყო. სულ სხვა კუთხით დავინახე ჩემი ქვეყანა და ჩემთვის სრულიად უცნობი ოჯახები, თითქოს დროში ვიმოგზაურე. უცხო ადამიანები ჩემი ნაცნობები გახდნენ. ხშირად ყოფილა, რომ გამიცნია ადამიანი და მის წინაპარზე მე უფრო მეტი მცოდნია, ვიდრე მას... რამდენიმე წლის წინ ჩავერთე პროექტში, რომელიც არის ქართული ეროვნული სამოსის საერთაშორისო სტანდარტების პირველი კომპანია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიის ხალხთა ეროვნული სამოსის დამზადების ტრადიციის მეცნიერულ კვლევასა და აღდგენას, მის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზედმიწევნით შევისწავლეთ სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში, ასევე კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსი, შესაბამისი სამკაულები და სამშვენისები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოვიძიეთ სამოსლისა და სამკაულების დამზადების ოსტატები, ასევე ისტორიულ წყაროებში, არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ მხატვრული, ფოტო და წერილობითი მასალები. ამ მოძიებულ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა სახეობის ეროვნული სამოსის ნიმუშები აღვადგინეთ. ერთი სიტყვით, თანამედროვეობაში გადმოვიტანეთ ძველი ნიმუშები, რამაც მოწონება დაიმსახურა. გადავწყვიტე სამკაულების აღდგენაც და ინფორმაციის მოძიების შემდეგ სვანური სამკაულების პირველი კოლექცია შევქმენი, სახელწოდებით "კებზარი". კებზარი სვანური სიტყვაა, ყელსაბამს ნიშნავს. ჩვენამდე მოღწეული ნიმუშები ძირითადად, სევადით შემკობილი ვერცხლის გრავირებული ფირფიტებია, რომელიც ვერცხლისავე წნულზეა აკინძული. კებზარი სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობაა, რომელთაც გვირგვინის, ჯვრის, სამკუთხედის ან შროშანის ფორმა აქვს. იგი ხშირად ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებით არის შემკობილი.

სვანურ ტრადიციულ ოჯახში კებზარი დიდი განძი იყო. მისი შენახვა და პატრონობა ევალებოდა ოჯახის უფროს ქალს.

სხვადასხვა საზოგადო შეკრებაზე, რელიგიურ დღესასწაულებსა და თავყრილობებზე სვანი ქალი კებზარით იკაზმებოდა, რაც მის პიროვნულ მშვენიერებასთან ერთად, მისი ოჯახის სოციალურ სტატუსსაც წარმოაჩენდა. "ჩაფრასტები" და "კებზარები" მზითვის დამამშვენებელი ნივთები იყო. ოჯახში დედა გადაულოცავდა ხოლმე თავის ქალიშვილს ამ სამკაულებს, მზითევში გაატანდა. თუ ქალიშვილი არ ჰყავდა, რძალს აჩუქებდა. აჩუქებდნენ ნათლულებსაც ნათლობის დროს. "ჩაფრასტები" და "კებზარები" და საერთოდ ვერცხლის ნივთები შეძლებული ოჯახის წევრებს ჰქონდათ. სწორედ რამდენიმე კვირის წინ გვქონდა ამ კოლექციის წარდგენა და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა... დრომ ბევრი ხელობა მივიწყებას მისცა და ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები ურიგო არ იქნება. აღვადგინეთ ძველი ტრადიციები, ეს იქნებოდა გრავირების, სევადისა თუ მინანქრის. ჩვენი თვითმიზანი არ არის ზუსტი ასლის შექმნა, თუმცა თითოეულ მოდელს თავისი წინაპარი ჰყავს.

- უამრავი სხვადასხვა დეტალი და უძველესი ნივთი ვნახე თქვენთან. როგორ მოაგროვეთ?

- ჩემმა ერთმა კოლეგამ და მეგობარმა მითხრა, ბევრი რამ, რასაც ფუნქცია აღარ აქვს, ხალხი გაჭირვების გამო "კაპიკებად" აბარებს, როგორც ჯართს და ნადგურდებაო. გავიგე რამდენიმე ადგილი, სადაც ვერცხლს შეისყიდდნენ და ულამაზეს დეტალებს ადნობდნენ, ზოგიც ლომბარდიდან ვიყიდე. მართალია, ამან ჩემი ბიუჯეტი შეიწირა (იცინის), მაგრამ არაერთი ძველი, ულამაზესი ნივთი გადავარჩინე და ამით კმაყოფილი ვარ. თითოეული ნივთი უნიკალური აღმოჩნდა.

GzaPress- მაგიდაზე სამკაულების დეტალები გაქვთ გაშლილი და მუშაობის პროცესში ხართ. თვითონაც იცით სამკაულების დამზადება?

- მერიდება თავი მოვიწონო, უბრალოდ, მოყვარული ვარ. სულ ვცდილობ, რაღაც ახალი შევქმნა, რადგან თვითონ პროცესი სასიამოვნო და საინტერესოა ჩემთვის. როგორც გითხარით, ძველი ნივთებისთვის ხელმეორედ სიცოცხლის მინიჭება მომწონს და ვოცნებობ, ოქრომჭედლობა შევისწავლო.

- რა ემოციები გაქვთ, თითოეული ნივთის უკან ხომ ვიღაცის ამბავი და ისტორია იკითხება...

- ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ამას წინათ რომ დავთვალე, 400 კომპლექტის მასრა მქონია. მასრებს თუ დააკვირდებით, ზედ ბევრს აწერია სახელი და გვარი და ზოგს დენთის სუნი აქვს ისევ. სასწაული ამბავი გადამხდა. სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ჩვენი ოჯახის კუთვნილებას - ხანჯალს, რომელიც თურმე ადრეულ პერიოდში, ომის დროს გაყიდეს, ოჯახს სარჩო რომ ჰქონოდა. ერთხელ ქალაქში ფეხით გავიარე. შევამჩნიე, ქუჩაში მოხუცი კაცი ყიდდა ხანჯლებს. ერთ-ერთი ნაკეთობა ავიღე ხელში და ჩემი დიდი ბაბუის სახელი ეწერა ზედ. ჯერ ვერ დავიჯერე, მაგრამ ფაქტი უტყუარი იყო. ბაბუაჩემის მამის, სერგო ტოგონიძის ნაქონი ხანჯალი აღმოჩნდა და ის ახლა ჩემს სახლშია. 1942 წელს გაყიდული ხანჯალი უკან დამიბრუნდა. აი, ასეთი სასწაულიც ხდება...

- ამას წინათ ძველი ფოტოებიც გამოფინეთ. მათზე აღბეჭდილი იყვნენ წყვილები, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ გრძნობებს ერთმანეთის მიმართ, რაც მაშინ უჩვეულო იყო...

- ადრე ფოტოგრაფირების მომენტი დიდხანს გრძელდებოდა და რთული იყო მიმიკის შენარჩუნება, გაშეშებულები იდგნენ და ფოტოებზეც სერიოზულები ჩანდნენ, თუმცა იყო გამონაკლისიც. იშვიათი იყო გრძნობების გამოხატვა საჯაროდ, მით უფრო, მთის ხალხში. ამიტომაც, ჩემთვის ყველაზე უცხო იყო თუში წყვილის სიახლოვე - ისინი ხელიხელჩაკიდებული იყვნენ. ასევე, ძალიან მომწონს აკაკისა და თამარ პაპავების წყვილი. მათ მძიმე დროში მოუწიათ ცხოვრებამ. სრულიად ახალგაზრდებმა დატოვეს საქართველო, ჯერ გერმანიაში ცხოვრობდნენ, მერე კი, ომი რომ დაიწყო, არგენტინაში მოუწიათ გადასვლამ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიკვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. თბილისის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლმკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა, ქართველმა ემიგრანტებმა შეიძინეს და სწორედ პაპავების ოჯახში ინახებოდა. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გამოფენაზე წარმოდგენილი პაპავების ფოტო 1930-იან წლებშია გადაღებული, გერმანიაში. აკაკის ლექსიც მიუძღვნია მეუღლისთვის: "რა მიყვარს შენში? - მარადი გზნება,/ რომ ამდენ წლებში იგი არ დნება./ გდევს სიყრმის აღქმით კვლავ გაგიჟება,/ მამულის ცეცხლით აგიზგიზება./ და თუმც შორია თქვენში მანძილი,/ გბურავდა ძველთა დედათ მანდილი./ დაგქონდა ყველგან ვარდ-მაისობა,/ ქართველი ქალის დარბაისლობა./ რამდენი რამე გადაგვეღობა,/ გავლიეთ ღამე.... აღარ გვეყოფა?/ მაინც წინ მივალთ ძველ სიყვარულით,/ არც დღეს ვიღლებით ძნელ სიარულით"... მათმა შთამომავლებმა ბევრი უნიკალური მასალა გადმოსცეს ბიბლიოთეკას, რომელიც შეეხება ემიგრაციის ისტორიას... ბავშვობაში სულ ვოცნებობდი დროში მოგზაურობაზე და აი, ეს საშუალება მომცა ფოტოგრაფიამ. ჩემს კიდევ ერთ დიდ ნატვრასაც გაგიმხელთ. მუზეუმებში არის ეთნოგრაფიული განყოფილებები, მაგრამ კავკასიაში არ არსებობს მაგალითად, კოსტიუმის მუზეუმი. სურვილი მაქვს, იყოს ისეთი ადგილი, სადაც არა მხოლოდ ძველი ნიმუშები გამოიფინება, რომელიც მეც მრავლად მაქვს, არამედ შესაძლებელი იქნება რეკონსტრუირება ხელნაწერებით, ფრესკებით, მინიატიურებით დაწყებული. აქცენტი, რა თქმა უნდა, იქნება ქართულზე და ზოგადად, კავკასიურზე. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს და თუ სახელმწიფოს ან ბიზნესმენების ხელშეწყობით საქართველოშიც გაკეთდება მსგავსი რამ, ურიგო არ იქნება. იაპონელები ამ მხრივ ჩემთვის სამაგალითოები არიან, მუდმივად ეძებენ სიახლეს, თავიანთ ტრადიციებს უფრთხილდებიან. მე-19 საუკუნის ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ მაშინდელი გარდერობში ევროპული ტანსაცმელიც მოიპოვება და ნაციონალურიც. შევნატრი იმ დროს. დღეს ჩოხა თუ გაცვია, მაშინ აუცილებლად დროშა უნდა გეჭიროს და რაღაცას აპროტესტებდე.

- თქვენს მრავალშვილიან ოჯახზეც მითხარით ორიოდე სიტყვით.

- მეუღლე ეკონომისტია, ამჟამად მენეჯერია და ჩვენს ახალ წამოწყებაშიც აქტიურადაა ჩართული. გვყავს 5 შვილი. მე თვითონაც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ - 4 დედმამიშვილი ვართ და ბევრი შვილის ყოლის სურვილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა. 4 გოგო და ერთი ბიჭი გვყავსო, რომ ვამბობთ ხოლმე, ყველას ჰგონია, რომ ბიჭია ნაბოლარა, მაგრამ არა ბატონო! ბიჭი მესამეა. 15 წლისაა უფროსი ქალიშვილი, პატარა კი - ექვსის. რა შეედრება ბევრ შვილს? დიდი ხელშეწყობა გვქონდა მშობლებისგან და არ გაგვჭირვებია მათი გაზრდა.

- ცოტა ხნის წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ვიზეიმეთ. როგორც საქართველოს ისტორიის მკვლევარი, რას იტყვით, როგორ აღნიშნავდნენ საბჭოთა პერიოდში ამ დღესასწაულს?

GzaPress- როდესაც კომუნისტურმა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ერთ-ერთი პირველი კანონი იყო ეკლესიის იზოლაცია, ჩამოშორება სკოლისგან, ეკლესიისთვის ქონების ჩამორთმევა და ხალხისთვის გადაცემა. განსაკუთრებით გაცოფებულები იყვნენ აღდგომის დღესასწაულზე. როგორც ვიცი, თვითონ რუსებმა რომელიღაც ქალაქში იუდას დაუდგეს ძეგლი, როგორც ერთ-ერთ პირველ ღვთის მებრძოლს. ჩვენთან კი იმდენად იყო ტრადიციები გამჯდარი, იქნებოდა ეს კვერცხების შეღებვა, საფლავების კურთხევა, ეკლესიაში მისვლა, რომ გაუჭირდათ ამასთან ბრძოლა. პირველი ქრისტიანები სწორედ სასაფლაოებზე, კატაკომბებში იკრიბებოდნენ. ეს იყო კავშირი მარადისობასთან, წმინდანებთან, წასულ ადამიანებთან... ამიტომაც იყო სასაფლაოს ეზოებში ეკლესიაც რომ იდგა. ეს ძალიან ადარდებდათ კომუნისტებს. წარმოიდგინეთ, ასეთი ორგანოც კი შექმნეს: "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი". არსებობდა მეთოდიკა, როგორ უნდა შეეზღუდათ და აღეკვეთათ რწმენა, კომკავშირელები არბევდნენ ეკლესიებს, საჯაროდ შეურაცხყოფდნენ ხატებსა და სიწმინდეებს, კომკავშირელები შობისა და აღდგომის კარიკატურებს აქვეყნებდნენ. ასეთი იყო აგიტაცია, რამაც გარკვეულწილად იმუშავა და შემდგომი თაობა უკვე უღმერთოდ გაიზარდა, დაინგრა ბევრი ეკლესია, ღვთისმსახურება აღარ ტარდებოდა. 1920-1930-იან წლებში, მაგალითად, გურიაში ყველა ეკლესია დაკეტილი იყო. ზოგან მაინც ტარდებოდა ღვთისმსახურება, ოღონდ ფარულად. სააღდგომოდ განსაკუთრებით ძლიერდებოდა რეპრესიები და ზეწოლა. ცდილობდნენ სასულიერო პირების დაკავებას და აღდგომის მერე უშვებდნენ. თუ ვინმეზე გაიგებდნენ, რომ საფლავზე გავიდა, სჯიდნენ. მაგალითად, ბებიას, რომელსაც 12 წლის შვილი ჰყავდა გარდაცვლილი, შრომის დღეები ჩამოაკლეს და ამით დასაჯეს, რადგან გაბედა და აღდგომას შვილის საფლავზე იყო. რა თქმა უნდა, დასჯის უფრო მკაცრი წესებიც ჰქონდათ. იმ პერიოდში გამოდიოდა ჟურნალი სახელწოდებით "საქართველოს უღმერთოები", რომელიც გამოირჩეოდა აგრესიული, ცინიკური და აგდებული დამოკიდებულებით სიწმინდეებისა და საეკლესიო პირების მიმართ. კარგი იქნება, მაშინდელი მასალების გამოქვეყნება, რათა სხვამ გაითვალისწინოს წინა შეცდომები.

ნინო ჯავახიშვილი