პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რისკი თუ იმედი პატარა გოგონებისთვის? - გზაპრესი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რისკი თუ იმედი პატარა გოგონებისთვის?

ეს პროცესი 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ვაქცინაციას 9-დან 14 წლამდე გოგონებს ჩაუტარებენ თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დღეს ძალიან ბევრ ოჯახში, სადაც ამ ასაკის გოგონები იზრდებიან, ვერ გადაუწყვეტიათ - ჩაუტარონ თუ არა ბავშვებს ვაქცინაცია. ცნობილია, რომ პაპილომა ვირუსი არაერთი დაავადების გამომწვევია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში პაპილომა ვირუსით გამოწვეული 630 000 კიბოს შემთხვევა ვლინდება, მათ შორის 84% საშვილოსნოს ყელის კიბოა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა აზრით, ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის ეფექტიანი საშუალებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენს საზოგადოებაში პაპილომა ვირუსის ვაქცინაზე განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება:

ნინო ბარამიძე, დიასახლისი:

- 11 წლის გოგონა მყავს და ვერ გადამიწყვეტია, წავიყვანო აცრებზე თუ არა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ბევრი ჭორ-მართალი გამიგია: ამბობენ, უშვილობას იწვევს და ბევრი უკუჩვენება აქვსო. 9-დან 14 წლამდე გოგონებისთვის აცრა უფასოა, მერე კი 300 ლარი ღირს. კარგად ვიცი, ეს საშიში ვირუსია, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს და შეიძლება, ბავშვს დედისგანაც გადაედოს. ყველა დედას სურს, მისი შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, მაგრამ ასეთ საეჭვო პროცედურებზე მაინც უარს ვამბობ - რა ვიცი, რამდენად უსაფრთხოა და რა შედეგი მოჰყვება?!

პაატა იმნაძე, პროფესორი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი:

GzaPress- საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ. მისი საწინააღმდეგო აცრა მთელ მსოფლიოში 10 წელიწადზე მეტია რაც ტარდება. ეს ყველაზე მდიდარი ქვეყნების პრივილეგიაა და კარგია, ჩვენთანაც რომ გაჩნდა საშუალება ბავშვებს ვაქცინაცია ჩავუტაროთ. მართალია, საქართველოში ვაქცინაციას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ ჩვენთვის - სპეციალისტებისთვის ჭორები და დეზინფორმაცია ნაკლებად საინტერესოა. უფრო ხშირად, ცრუ ინფორმაციას გაუთვითცნობიერებელი ადამიანები ავრცელებენ, რომლებიც არაპროფესიონალებს უჯერებენ. მესმის, რომ ზოგიერთი მშობელი ფიქრობს - იქნებ, სულაც არ გაუჩნდეს ჩემს შვილს ეს საშიში დაავადებაო... გასაგებია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ყველას არ უჩნდება, მაგრამ წინასწარ ვინ იცის, ვის გაუჩნდება და ვის - არა? ფაქტია, ბავშვებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, პაპილომა ვირუსით გამოწვეული ინფექცია აღარ ემუქრებათ. ჩემი მოსაზრების დასაცავად ერთ მაგალითს მოვიყვან: ედუარდ ჯენერმა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ გამოიგონა, ინგლისურ პრესაში დაიწერა, არ აცრათ თქვენი შვილები, თორემ რქები და ჩლიქები ამოუვათო. არ მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას აცრებზე იგივე რეაქცია ჰქონდეს, რაც ორი საუკუნის წინ ინგლისელებს ჰქონდათ.

ლადო კახაძე, გინეკოლოგი:

- ამ თემაზე კამათი ჩვენს საზოგადოებაში კარგა ხანია, მიმდინარეობს. პირდაპირ გეტყვით: მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც აცრების მომხრეა, ოღონდაც ბავშვი, რომელსაც ვაქცინაციას უკეთებენ, ჯერ საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ. ადამიანს თავის გადარჩენისთვის საუკეთესო იარაღი - იმუნური სისტემა აქვს და თუ ეს სისტემა გაძლიერდება, ამის წინააღმდეგი არც ერთი ექიმი არ იქნება. მთავარია, ვაქცინაციის პროცესი სწორად ჩატარდეს. ჩვენი მოსახლეობა ხშირად სვამს კითხვას - რატომ მომრავლდა ასე საშვილოსნოს სიმსივნური დაავადებები? - სხვა მიზეზებთან ერთად, ამას ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებაც იწვევს. 13-14 წლის გოგონას პაპილომა ვირუსი კი არა, ნებისმიერი ინფექცია ადვილად მოერევა, რადგან მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და მოუმწიფებელია. უკუჩვენება, თუნდაც მაღალი ტემპერატურა, ნებისმიერ აცრას შეიძლება ახლდეს, გამონაკლისი ვერც ეს პროცედურა იქნება, მაგრამ სარგებელი ზიანს უნდა აჭარბებდეს - ეს არის ნებისმიერი აცრის მიზანი. ისეთი, ინფორმაციაც გავრცელდა, რომ პაპილომა ვირუსის ვაქცინა უშვილობას იწვევს, მე მაინტერესებს - რის საფუძველზე ამბობენ ამას? უშვილობას იწვევს ქრონიკული ანთებები, თამბაქო, ნარკოტიკები და ნერვიულობაც კი... როდესაც რაიმეს ამტკიცებენ, მსჯელობა არგუმენტირებული ხომ უნდა იყოს?

ავთო ბ.-ძე, ექიმი:

- ექიმების წრეშიც არის ხალხი, რომელიც უფასო ვაქცინაციას ეჭვის თვალით უყურებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც აცრას ანაფილაქსიური შოკიც კი გამოუწვევია. რადგან უფასოა, ე.ი. ექსპერიმენტის ხასიათს ატარებს: ცდის ობიექტზე დაკვირვება მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ წყდება, დანერგონ თუ არა ვაქცინა პრაქტიკაში. ყველა ვირუსი საშიში და გადამდებია, იგივე უნდა ვთქვათ პაპილომა ვირუსზე, მაგრამ რადგან უფასოა, თავისთავად ჩნდება ეჭვი - ეს ყველაფერი კომერციულ ინტერესებთან ხომ არ არის დაკავშირებული? როგორც წესი, ასეთ პროცედურებს ან განვითარებად ქვეყნების მოსახლეობას უტარებენ, ან - მოწინავე ქვეყნებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ფენებს. ჩვენ, როგორც ყოველთვის, პავლოვის ძაღლებივით ვართ - ყველა დაკვირვებას ჩვენზე ატარებენ: ან გაამართლებს აცრა, ან - არა და როდესაც რაღაც გამოცდილება დაგროვდება, პრაქტიკაში დანერგავენ. იგივე უნდა ვთქვა ჰეპატიტის აცრაზე, რომელმაც გაამართლა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, დადებითი შედეგი არ მოჰყოლოდა? პაპილომა ვირუსის შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობაა - ჩემი აზრით, ეს ვაქცინა ან გაამართლებს, ან - არა.

მირიან წიკლაური, ექიმი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი:

- საერთოდ, პროფილაქტიკური მედიცინის დონე განსაზღვრავს ჯანდაცვის სისტემის დონეს ნებისმიერ ქვეყანაში. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა რაიმე საშიშროებას რომ შეიცავდეს, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში არ დაინერგებოდა. მისი ჩატარება ზოგან აუცილებელიც კია, რადგან ქალს ისეთი ვერაგი დაავადებისგან იცავს, როგორიც საშვილოსნოს ყელის კიბოა. კარგია, თუ ვაქცინაცია ჩვენთანაც ჩატარდება, რადგან მომავალში ეს გოგონები მეტ-ნაკლებად დაზღვეული იქნებიან საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ცხადია, ორგანიზმში ჩარევას რაღაც გვერდითი მოვლენები და გართულებები ყოველთვის მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაღაც სერიოზულ გართულებებთან არ უნდა გვქონდეს საქმე. ეს - პროფილაქტიკური მედიცინაა. უამრავი აცრა არსებობს, რომლის წყალობით ექიმებმა ყველაზე საშიში დაავადებები დაამარცხეს. ნებისმიერ აცრას მოსდევდა სკეპტიკოსთა უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ ბოლოს მაინც სიმართლე იმარჯვებს. თუ ჩვენ შევძლებთ შვილები ამ საშინელი სენისგან ვიხსნათ, ნებისმიერი გზა გამართლებულია. რა თქმა უნდა, ექიმმა წინასწარ უნდა შეისწავლოს პაციენტის მდგომარეობა, შესაბამისი გამოკვლევის შემდეგ სპეციალისტების მიერ ჩატარებული ვაქცინაცია სახიფათო რატომ უნდა იყოს? თუ ასეთ შიშებს ავყვებით, კბილის ექიმთანაც ვერ უნდა მივიდეთ, რადგან გვერდითი მოვლენები კბილების მკურნალობასაც ახლავს. საქართველოში ჰეპატიტის მკურნალობა რომ დაიწყეს, განგაში ატყდა: სკეპტიკოსები მაშინაც ამტკიცებდნენ, ქართველებზე ექსპერიმენტი ტარდება და საცდელი კურდღლები ვართო, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორი შედეგი მივიღეთ? ამ შემთხვევაშიც, მთავარია, როგორმე გადავარჩინოთ მომავალი თაობა ამ საშინელი დაავადებისაგან. ექიმებმა ვაქცინაციის დახმარებით ტუბერკულოზი, ყვავილი, ცოფი და ბევრი საშიში დაავადება დაამარცხეს. კარგია, თუ ეს ჩამონათვალი პაპილომა ვირუსითაც შეივსება.

- ბატონო მირიან, რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას იწვევს?

- რატომ უნდა იწვევდეს ვაქცინა უშვილობას, ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია და თუ ვინმე ამიხსნის, მოხარული ვიქნები. აცრის შედეგად ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს დაავადებისაგან იცავს და იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. სერიოზული არგუმენტები ამ აცრის საწინააღმდეგოდ ვერსად ვნახე, ამიტომ, სკეპტიკოსთა შეფასებებს ნაკლებად ვენდობი.

ცნობისათვის: საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის მსოფლიოში სიხშირით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მეხუთე ადგილზე - ევროპის ქვეყნებში. საქართველოში, ბოლო წლების მონაცემებით, ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. პრობლემის სერიოზულობიდან გამომდინარე, 2006 წლიდან დღემდე, ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს 71 ქვეყნის აცრების კალენდარში დაინერგა. ეს ქვეყნებია: აშშ-ი, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, ინგლისი, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა...

ხათუნა ჩიგოგიძე