გერმანიაში წარმატებული, მრავალშვილიანი მხატვარი ქალი - გზაპრესი

გერმანიაში წარმატებული, მრავალშვილიანი მხატვარი ქალი

ქართველი მხატვარი - ეკა ფერაძე, რომელიც თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და საყვარელი საქმითაა დაკავებული, ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და მისი ორიგინალური, ულამაზესი ნამუშევრების დათვალიერება ყველა იმ ადამიანმა შეძლო, ვინც ეკას შემოქმედების გულშემატკივარია და მის სახელოსნოს ესტუმრა.

საყვარელ მხატვარსა და მეგობარს მეც სახელოსნოში ვესტუმრე და ახლა უკვე რეალურ სივრცეში ვისიამოვნე იმ სრულიად ახალი ნამუშევრებით, რომელიც მხატვრის გალერეას სამშობლოში წინა ვიზიტის შემდეგ შეემატა. ოჯახის ახალი წევრებიც გავიცანი: ოთხი წლის უსაყვარლესი ამადეუს სალვადორი და ერთი წლის მატილდა. "ხუთნი წავედით და შვიდნი დავბრუნდითო", - ღიმილით აღნიშნა ეკას მეუღლემ.

მათი უფროსი შვილი - ჯაბა პროგრამისტია, გიორგი გერმანიაში უკვე ცნობილი სკეიტბორდისტი გახლავთ, დავითი კი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. შესანიშნავი ოჯახისა და უმშვენიერესი ნამუშევრების გარემოცვაში გატარებული რამდენიმე საათი, მართლაც ძალზე სასიამოვნო იყო. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო მრავალშვილიანი დედა და ამავდროულად, წარმატებული საქმიანი ქალი, ცხადია, ყველაფერი ერთმანეთის ხელშეწყობით, განსაკუთრებით კი - გამგები მეუღლის დამსახურებით.

როცა ეკას ვკითხე, საქართველოდან რა მიგაქვს-მეთქი? მიპასუხა: სითბო, სიყვარული და ცრემლებიო. მას მომავალ ჩამოსვლამდე დავემშვიდობე, თუმცა, მისი ნამუშევრების ერთგულ თაყვანისმცემლებს, ინტერნეტსივრცეში მისი წარმატებების თვალყურის დევნების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კვლავაც გვექნება. ეკა ფერაძე ოჯახის, მხატვრობის, გერმანული ცხოვრებისა და იმ "ქართული სიყვარულის" შესახებ გვესაუბრა, რომელიც განუმეორებელია და სხვაგან არსად შეგხვდება.

უამრავი დამთვალიერებელი და სიხარულის ცრემლები

GzaPress- თბილისური გამოფენა და ჩემი საქართველოში ვიზიტი ნამდვილად ძალიან დატვირთული იყო ემოციებით, სიხარულისა და მონატრების ცრემლებით. იმდენმა ადამიანმა გამოთქვა ჩემი პირადად გაცნობისა და სახელოსნოში მოსვლის, ნამუშევრების წყნარ გარემოში დათვალიერების სურვილი, რომ გადავწყვიტეთ, ერთდღიანი გამოფენა რომელიმე დიდ დარბაზში აღარ მოგვეწყო და ყველა აქ მოგვეწვია. ბევრი უცხო და ახლობელი ადამიანი მესტუმრა, რამაც უზომოდ გამახარა.

სკოლიდან ბავშვებიც კი მოვიდნენ ხატვის პედაგოგთან ერთად, ერთ-ერთმა მშობელმა მის მიერ გაკეთებული მინანქრის საყურე მისაჩუქრა და სიხარულის ცრემლები წამომივიდა, რადგან ასეთ რაღაცებს გერმანიაში მოკლებული ვარ, ევროპა მაინც უფრო ცივია... ჩემი არაერთი ნამუშევარი შეიძინეს ხელოვანებმა, კოლექციონერებმა, ჩემთვის უცნობმა, მაგრამ სასიამოვნოდ მოსაუბრე, საინტერესო ადამიანებმა. მიხარია, რომ ეს მათთვისაც განტვირთვა, სხვა ატმოსფეროში მოხვედრაა.

"მეუღლე ჩემი კარგი მენეჯერია"

- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. გერმანიაში და საერთოდ, ევროპაში, მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ხელოვნების ფართო აუდიტორიის წინაშე გატანა საკმაოდ რთულია, რადგან უამრავი ხელოვანია და ასპარეზზე გამოჩენა ყველას უნდა. მე და ჩემი მეუღლე ამ საქმეს აქტიურად ჩავუჯექით და თითქმის ყველა გალერეას ვურეკავდით. მხატვარს "პატრონი", გალერისტი უნდა ჰყავდეს, რომელიც მესეზე თავის მხატვრებს წარადგენს. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მენეჯერია, ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს ყველა კუთხეში განათავსა, მოწონება დაიმსახურა და ნელ-ნელა წამოვიდა წერილები, შემოთავაზებები. ბადენ-ბადენში ერთ-ერთი გალერეის მეპატრონე დაინტერესდა, განსაკუთრებით 3D-ში შესრულებული ნამუშევრები მოეწონა, ახლები შევქმენი და გამოფენაზე გავიტანეთ. დიდი მოწონება დაიმსახურა და ამას მოჰყვა აფრიკული ნამუშევრების სერია. კარგი ადამიანი აღმოჩნდა, შემდეგ შტუტგარტის მესეზე გამომიყვანა და დროთა განმავლობაში, სხვებიც დაინტერესდნენ. ნამუშევრები იყიდებოდა, სერტიფიკატებს, ჯილდოებს ვიღებდი, ერთგან პირველი ადგილიც ავიღე და იმ ქალაქის მერმა ფულადი ჯილდოც გადმომცა, რომელიც იქვე ერთ-ერთ კლინიკას გადავურიცხე...

სალვადორ დალის შვილობილი - რამირესი

- გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე ერთი პატარა, მყუდრო ქალაქია, სადაც გამოფენა ციხესიმაგრეში გაიმართა. იქ გახლდათ 80 წლის ბატონი რამირესიც. სალვადორ დალი მისი არა მხოლოდ გამზრდელი, ნათლიაც იყო და იგი, როგორც შვილი, მოწაფე, ისე გაზარდა. როცა რამირესი შემოვიდა, ნაციონალური ესპანური სამოსი ეცვა და ბერეტი ეხურა, მანერებით საოცრად ჰგავდა სალვადორ დალის. ველოდებით, შოუ უნდა დაედგა. მოლბერტი, დიდი ტილო განათავსეს, რამირესი შორს დადგა, ექვსი კვერცხი ამოიღო, რომელშიც სხვადასხვა ფერის საღებავები ჰქონდა ჩასხმული და ტილოს სათითაოდ ესროლა. ლამაზი პასტელის ფერები ზედ ჩამოიღვენთა. მუშკეტერების "შპაგაზე" ფუნჯი ჰქონდა დამაგრებული და ცხენის და გოგონას ულამაზესი პორტრეტი წამებში შექმნა. ტიპური ესპანელი, საინტერესო ადამიანია. თარჯიმნის დახმარებით ერთმანეთს გავესაუბრეთ და როცა ვუთხარით, ჩვენს მეოთხე ვაჟს სალვადორ დალის პატივსაცემად ამადეუს სალვადორი დავარქვით-მეთქი, სურვილი გამოთქვა, მე მოვნათლავო! ეს კათოლიკურ ტაძარში უნდა მომხდარიყო, მაგრამ არც ბავშვის პასპორტი მქონდა თან, არც დაბადების მოწმობა, საბუთების შევსება კი აუცილებელი იყო, მოკლედ ბიუროკრატიულმა მიდგომებმა შეგვიშალა ხელი. თანაც, ყველა შვილი მართლმადიდებლურად მყავს მონათლული და ვიფიქრე, რომ ამადეუსის კათოლიკედ გადანათვლა სწორი არ იქნებოდა. თუმცა, კათოლიკური ეკლესიისა და ამ ადამიანის საწინააღმდეგო, ცხადია, არაფერი მქონდა.

სუნამო და სამოსი ეკას ნამუშევრებით

- ამ ხუთი წლის განმავლობაში სიახლეა ისიც, რომ ჩემი სუნამო გამოვუშვით. სპეციალური კომპანიის ლაბორატორიაში წავედით, სინჯების მიხედვით სურნელი ავარჩიე, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და საბოლოოდ, ისეთი არომატი მივიღე, როგორიც მინდოდა - გრილი. ის უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვისაც, რადგან ვისაც ნახატის შეძენის საშუალება არ ექნებოდა, ის სუნამოს შეიძენდა, რომლის შუშის ბოთლზე ჩემი შემოქმედება - ქალის სილუეტია - აღბეჭდილი. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. მინდა, სუნამო მამაკაცებისთვისაც გამოვუშვა, რომელზეც ჩემი დახატული ცხენები იქნება გამოსახული. ეს ჩემი ბავშვობის სურვილი იყო. როდესაც კოლექციონერი ბევრ ნახატს ყიდულობს, სუნამოს ვჩუქნი. ჩემი ნამუშევრები აშშ-ში ტანსაცმელსა და შარფებზეც იბეჭდება, იქაურმა კომპანიამ შემომთავაზა და უშვებენ, ოღონდ დიზაინს მე არ ვქმნი, მათთან შეხება არ მაქვს. მე ჩანთების დიზაინი შევქმენი და გერმანიაში მკერავები მყავს, რომლებიც ტანსაცმელს ჩემი დიზაინით კერავენ.

"საქართველოში ჩემი ნამუშევრები ეძვირებათ"

- მიყვარს, როდესაც ჩემი ნამუშევრები საქართველოში რჩება, ბევრ ცნობილ ქართველსაც აქვს, მაგრამ მათი სურვილისამებრ, ვინაობას ვერ დავასახელებ. აფრიკული მოტივები ძალიან მოსწონდათ და შემდგომ უკვე, პორტრეტებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სხვათა შორის, აფრიკულ სერიას ევროპაში ზოგი რასისტული შეხედულებების გამო არ ყიდულობს, აშშ-ში კი პირიქით, მათზე დიდი მოთხოვნაა. ევროპელებს უფრო ცხენები, ქალაქები და 3D-ეში შესრულებული მოსწონთ. სხვათა შორის, საქართველოში ჩემი ნამუშევრები ეძვირებათ, ევროპაში კი არავისთვის დამიკლია თანხა და არც ვინმეს ხელფასისთვის მომირგია...

"ყოველთვის ვცდილობდი, ბავშვები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ"

- დილით ადრე ვდგები, ყველა საქმე რომ მოვასწრო. ოჯახში ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, მათ შორის, პატარების მოვლაში. ყოველთვის ვცდილობდი, ბავშვები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, თავიდან საუზმეს ვუმზადებდი, მაგრამ მერე - ვასწავლიდი, თვითონ როგორ მოემზადებინათ. როცა გერმანიაში ჩავედით, სხვადასხვა სამსახურში მომიწია მუშაობამ. მაგალითად, თავიდან სასტუმროშიც ვმუშაობდი და სასადილოშიც. როცა მივხვდით, რომ საკუთარი თავის წარმოჩენა იქ ჩემი პროფესიით და საყვარელი საქმით შემეძლო, მერე დავიწყეთ რეალიზაცია.

"ჩვენ ერთნი ვართ"

GzaPress- ყველაფერი, რაც დღეს გამაჩნია, ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებითაა და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. რომ არა ის, ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ის ჩემი მუზაა. თვითნასწავლი მხატვარია, უნიჭიერესი, მაგრამ ძალიან თავმდაბალი, გამოჩენა არ უყვარს. ხშირად ყოფილა, ერთ ტილოზე ერთად გვიმუშავია და ასეთებს აქაც ნახავთ. ჩვენ ერთნი ვართ. ის მხოლოდ მეუღლე არ არის, ჩემი ნაწილია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, აღმზრდელი, მამა, დედა, ყველაფერია! ერთმანეთის ფიქრებს ვგრძნობთ, რადგან წლების განმავლობაში ლხინსაც და გასაჭირსაც ერთად ვიზიარებდით. შესანიშნავი მეუღლე და მამაა, შვილების აღზრდაში ძალიან მეხმარება, გიჟდება მათზე.

შვილები - ყველაზე დიდი განძი

- საოცარი შეგრძნებაა, როცა ამდენი შვილი გყავს. უფროსი შვილი - ჯაბა ბალხამიშვილი 27 წლისაა, პროგრამისტია, გიორგი - 23-ისაა, სკეიტბორდისტია და მას უკვე წლებია იკე ასპონსორებს თანხითაც და ტანსაცმლითაც, დავითი - 17 წლისაა, გიმნაზიაში მე-12 კლასის მოსწავლეა, ამადეუს სალვადორი - 4-ის, პატარა მატილდა კი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ერთი წლის.

"მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ!"

- უღრმესი მადლობა ჩემს ქართველ ერს, რომ ჩემი ხელოვნება ასე უყვართ. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული. ის სითბო და სიყვარული, რაც ჩვენმა ხალხმა იცის, დამიჯერეთ, არსადაა! სხვაგან თუ არ წახვედი, ამას ვერ მიხვდები. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ და მშვიდობიან ცას, ჯანმრთელობას, სიყვარულს გისურვებთ!

თამთა დადეშელი