მამაკაცი, რომელიც მეუღლის სიყვარულის გამო ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს - გზაპრესი

მამაკაცი, რომელიც მეუღლის სიყვარულის გამო ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს

მარტის დასაწყისში მარჯანიშვილის თეატრში წარმატებული ემიგრანტი 14 ქალბატონი მიიწვიეს დასაჯილდოებლად. სცენაზე მორიგეობით გამოდიოდნენ ამერიკაში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და ესპანეთში მცხოვრები ქალბატონები. ემიგრანტთაგან ერთი შაბიამნისფერ საღამოს კაბაში გამოწყობილი "ესპანელი" ეკატერინე სიხარულიძე იყო. ძალიან გაუჭირდა სათქმელის გადმოცემა. ცრემლნარევი ხმით მოახერხა მადლობის გადახდა საზოგადოების, კატალონიელი მეუღლის - ჩავი პრატის და დედის მიმართ...

2011 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, ეკატერინე სიხარულიძემ შრომითი მიგრანტობა გადაწყვიტა. ბარსელონაში ჩასულს ორ კვირაში გამოუჩნდა დროებითი სამუშაო. მიგრანტისთვის სასიხარულო იყო ეს ფაქტი: გამოცდილებაც მიიღო და ნელ-ნელა ეცნობოდა სამხრეთევროპულ ცხოვრებას. მერე ჩავიც გამოჩნდა...

GzaPressეკატერინეს ლაღი ბავშვობის გარანტია მისი მშობლები იყვნენ. ძალიან უყვარდა ხატვა და ამიტომაც, სკოლის კედლის გაზეთების გაფორმებას მუდამ მას ავალებდნენ. ვისაც კომუნისტური ეპოქის სკოლებში უსწავლია, აუცილებლად ემახსოვრება კედლის გაზეთები ტრაფარეტული სტატიებით. კედლის გაზეთი ყველა კლასს ჰქონდა, რომელსაც აუცილებლად ჰყავდა თავისი მოსწავლე-რედაქტორი, დიზაინერ-მხატვრის და ჟურნალისტის ფუნქციით...

ზოგჯერ ეკატერინეს ჰგონია, რომ ზღაპრის გმირია, რომელსაც თავისმა პრინცმა მიაგნო. საქართველოდან წასვლისას ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ესპანეთში ოჯახს შექმნიდა.

"ემიგრაციული ცხოვრება მოსაწყენია. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, ინტერნეტთამაშებით ვიქცევდი თავს. ონლაინმოთამაშეები მყავდა დამეგობრებული და ერთხელაც მივიღე წერილი "მოთამაშე" ახალგაზრდა მამაკაცისგან. ვუპასუხე. მაშინ ესპანური ცუდად ვიცოდი და ამიტომ, ინტერნეტის საშუალებით ვთარგმნიდი მიღებულ და გასაგზავნ ტექსტებს. ჩემგან გაგზავნილი წერილების უმეტესობა ცუდად იყო ნათარგმნი, ზოგჯერ სასაცილოც კი, მაგრამ ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. არასდროს დამავიწყდება 2012 წლის 30 იანვარი, როცა პირველად შევხვდით მე და ჩავი ერთმანეთს. სულ ხუთი წუთი დავყავით ერთად მაშინ, მაგრამ ინტერნეტით კვლავ გავაგრძელეთ ურთიერთობა. 3 თებერვალს დაბადების დღე მაქვს და გეპატიჟებიო, - მომწერა. ჩემს "ბედად", მაშინ გარდაიცვალა ის მოხუცი, ვისაც ვუვლიდი. ასე რომ, დრო მქონდა და მიწვევაზე დავეთანხმე. მახსოვს, მაგიდასთან რომ ვისხედით და ვსაუბრობდით, მეგონა, ყველა ჩვენ გვიყურებდა, ისე სასაცილოდ ვესაუბრებოდით ერთმანეთს ენობრივი ბარიერის გამო... ჩავი ყველანაირად ცდილობდა, კარგად აეხსნა სათქმელი და მგონი, ყველა საგანს ხმარობდა ამისთვის, რაც კი ირგვლივ არსებობდა. ამის მერე გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა... იცოდა, რომ ჩემი დაც ესპანეთში იყო და მისი გაცნობის სურვილი გამოთქვა. უნდოდა, წარედგინა მისთვის თავი. ერთ დღესაც შევახვედრე და გავაცანი. ჩემმა დამ დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი და "დაკითხვის" მერე დასკვნაც გამოიტანა: ჭკვიანი, განათლებული და ზრდილობიანიაო... დადგა 23 აპრილი. სანტ ჯორდი ელ დია დე როსას დღე, ანუ წმინდა გიორგისა და ვარდის დღე. ამ დღეს მამაკაცი ქალს ვარდს ჩუქნის და ქალი - წიგნს. ულამაზესია ბარსელონა ამ დღეს განსაკუთრებით, ვარდებითაა ყველაფერი მორთული და უნებლიეთ, პოზიტიური განწყობა გეუფლება. ჩავი ამ დღეს ჩემს სახლთან უნდა მოსულიყო, მომართვა ულამაზესი ვარდი, რომელსაც დღემდე ვინახავ. ტრადიციის მიხედვით, წიგნი ვაჩუქე. გავისეირნოთო. დავთანხმდი და ზღვისკენ წავედით. რა ვიცოდი, კიდევ უფრო მეტზე თუ მომიწევდა იმ საღამოს დათანხმება! უკვე ბინდდებოდა, ზღვის პირას გამიყვანა და მკითხა, ცოლად თუ გავყვებოდი. მოულოდნელობისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. სიცილიანი ტირილი ამიტყდა. ჩავის შეშინებული სახე ჰქონდა. გავბედე და "კი" ვთქვი!"

და მაინც ვინაა ახლა ეკატერინე სიხარულიძე? ბარსელონაში მცხოვრები ქართველები და არა მარტო ისინი, მას იცნობენ, როგორც ბედნიერ ქალს, ხატმწერს, ფერმწერს, რამდენიმე სახელოვნებო დიპლომისა და სიგელის მფლობელს, ორმოცზე მეტი გამოფენის მონაწილეს, ორჯერ პრემირებულ ხელოვანს, ხატვის პედაგოგს. საამაყოა, რომ მისი სახელი შესულია წიგნში (Bიენალ გუია დე არტე), როგორც მაღალი დონის მხატვარის. მისი ნახატები გამოფენილი იყო ესპანურ ქალაქებსა და ნიუ-იორკის ცნობილ "ლა ნაციონალში".

ეკატერინე ბარსელონის ქართული სამრევლოს აქტიური წევრია. სამრევლო 11 წლისაა და მას ქართველი ემიგრანტებისთვის გაცილებით მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი გაგებით ეკლესიას.

"როდესაც სამშობლოში იმყოფები, შესაძლოა, ვერც კი აფასებდე ეკლესიას და სულიერი მამის როლს შენს ცხოვრებაში, უცხო მიწაზე სამშობლოს გარეშე დარჩენილი ემიგრანტები კი განსაკუთრებით მგრძნობიარენი ვხდებით. სწორედ ამ დროს ეძებს მარტოსული და მიუსაფარი ადამიანი მშობლიურ გარემოს, რომელიც საზრდოსავით სჭირდება, რათა ცოტა ხნით მაინც შეუმსუბუქდეს სამშობლოს მონატრება და დაითმინოს ის ტკივილი, რომლის გადალახვაც გვიხდება ემიგრანტულ ცხოვრებაში. შეინარჩუნო ქართველობა, გულისხმობს ტრადიციულ ღირებულებათა ერთგულებას, ისტორიულ წარსულთან წვდომას და მომავალზე ფიქრს. ქრისტიანული ცხოვრების გარდა, სწორედ ქართველობის შენარჩუნებაში გვეხმარება ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. სამრევლოსთან არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაცია, ქართული სათვისტომო კატალონიაში და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი. სწორედ ეს ცენტრი უწევს ხელმძღვანელობას სულიერ, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას კატალონიაში. ჩვენი ქართული საკვირაო სკოლა, რომელიც წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებს, ქართულ ემიგრაციულ სივრცეში ბავშვების სიმრავლით გამოირჩევა. ამჟამად სკოლაში 105 მოსწავლეა. სკოლაში ისწავლება რელიგია, ქართული ენა და ლიტერატურა, ძველი ქართული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მეტყველების კულტურა, ინგლისური ენა და მუსიკა. სამრევლოსთან აგრეთვე ფუნქციონირებს მუსიკალური და ქართული ხალხური ცეკვის სტუდიები, ქართული მრავალხმიანი გალობის, ხალხური და საესტრადო სიმღერების, მეტყველების და სასცენო ხელოვნების, ფორტეპიანოს, ქართული ხალხური საკრავებისა და ხატვის შემსწავლელი წრეები... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც სათვისტომოს და არც ქართულ ტაძარს არანაირი ფინანსური დახმარება არ აქვს, გარდა ემიგრანტების გაღებული თანხებისა. სამწუხაროა, რომ დიდი თანხა ისევ შენობის შესანარჩუნებელ ქირასა და სხვადასხვა "არაქართულ" ხარჯს ხმარდება. არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ყველაფერი შექმნა ჩვენმა ქართულმა ეკლესიამ, არაფრისგან - ყველაფერი. უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვები ეცნობიან სამშობლოს, ქრისტიანობას, ისტორიას, კულტურას, მის ღირებულებებს და ადათ-წესებს სწორედ ჩვენი დედა ეკლესიის მეშვეობით. ვფიქრობ, ემიგრანტთა შვილები, ჩვენი სამრევლოს ძალისხმევით შეინარჩუნებენ იდენტობას და ქართველებად აღზრდილნი დაბრუნდებიან საქართველოში".

არავისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არაა აღიარება, როგორც ხელოვანისთვის. ეკატერინე თითქოს ყველა აღიარების დროს თავიდან იბადება ახალი ვალდებულებებით და მისწრაფებებით.

"გალერეა "ნაუარტში" პრეზენტაცია გავაკეთე ჩემს ერთ-ერთ ნამუშევარზე ("ვარდები ჩემი ბაღიდან" ჰქვია ნაშრომს). ამ გამოფენაში ვმონაწილეობდით ოცდაათზე მეტი მხატვარი. გამოფენა 14 დღეს გაგრძელდა და ბოლო დღეს უნდა გამოცხადებულიყო ორი პრემირებული და ხუთი საუკეთესო მხატვარი. მოვიდა ეს დღეც. ჩემი მეუღლითა და გულშემატკივარი მეგობრებით გარშემორტყმული ველოდებოდი მოვლენებს. გამოიძახეს ხუთი მხატვარი, რომლებსაც გადასცეს დიპლომები "საუკეთესო მხატვრის წოდებით". იმედი მქონდა, რომ მხატვართა საუკეთესო ხუთეულში მოვხვდებოდი და გული იმდენად დამწყდა, დარბაზში გაჩერება აღარ მინდოდა, მაგრამ გასვლაც ვერ მოვახერხე, იმდენად ვინერვიულე ჩემი "დაუფასებლობა". თურმე მთავარი წინ იყო, "პრემირებულ ნომერ პირველ მხატვრად" გამომაცხადეს... მერე იყო დიდი ემოცია, სიხარული და მომავალი პასუხისმგებლობები. მიხაროდა ისიც, რომ ამდენ გულშემატკივარსა და მეუღლეს იმედი გავუმართლე!"

GzaPressუცხოელის თვალი ბევრად უფრო მახვილია და კრიტიკული შეფასებისას. აი, რას ფიქრობს კატალონიელი სიძე ჩვენზე:

"როცა საქართველოში ჩამოვდივარ, მოსახლეობის სოციალურად დაუცველობა თვალში მხვდება. გასაოცარია, როგორ აძლევენ გარევაჭრობის ნებას ხალხს ან ადამიანები როგორ ყიდულობენ ქუჩაში საკვებს? ალბათ, ქუჩის მოვაჭრეები გადასახადებს არ იხდიან და ამიტომ დგანან იქ... სახელმწიფო კონსტრუქციაც მოსაწყობი და დასახვეწია. საქართველოს ბუნება ძალიან ლამაზია. თბილისში მომწონს მთაწმინდა, შარდენი, ძველი უბნები. ძალიან მშვიდი ხალხია ქართველები. არაბულ სამყაროსა და ინდოეთში მოსახლეობა ხმაურიანია და დამღლელია იქაურობა. კატალონიელებს მოგვწონს ქართველი ქალები, რადგან შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ნიჭიერი, აქტიური, ლამაზი და ერთგულები არიან; ნამდვილი ოჯახის ქალები. ჩვენ გაუდი გვყავდა, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორი, ამიტომ ქართული არქიტექტურით გაოცებული არ ვრჩები, მაგრამ საქართველოში ბევრია ძველი შენობა, რომლებიც მართლა მოსაწონი და დასაფასებელია. ვნახე რაბათის ციხე, აღფრთოვანებული დავრჩი მისი ისტორიით. ტექნიკის გარეშე ბევრი აქვთ ნაკეთები ქართველებს. გემრიელია ქართული ხილი, ხინკალი, მწვადი, ლუდი, ტოლმა და სხვა საჭმელებიც. აჯიკა მირჩევნია ტყემალს, რადგან პირველი უფრო ბევრ საკვებს უხდება და მეტი სუნელია მის მოსამზადებლად გამოყენებული. თქვენებური წითელი ღვინო მძიმე აღმოჩნდა მოსანელებლად, არ ჰგავს ჩვენს მსუბუქ ღვინოებს. იმდენად მიყვარს ქართული სამზარეულო, რომ ვისწავლე ბევრი კერძის მომზადება: ხაჭაპური იოლად კეთდება, ხინკალი რთულად, მაგრამ გემრიელია. საქართველოში ვერასდროს ვიცხოვრებ ხანგრძლივად, რადგან ქართული რთული ენაა. თან ბარსელონა ძალიან მიყვარს".

კატალონიელს სულაც არ უჭირს იმის აღიარება, რომ მეუღლის სიყვარულის გამო ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს, პატარა ბოსტანიც ქართული წესით აქვს მოწყობილი და პრასსაც ამწნილებს ქილებში ისეთივე მოძველებული წესით, როგორც ამას საქართველოს სოფლებში აკეთებენ. თუ ადრე ჩავი ჭარხლის მხოლოდ ძირხვენას იყენებდა, ეკატერინეს გავლენით, ფოთლის ფხალსაც ამზადებს ბოლო პერიოდში. ვინც იცნობს კატალონიურ სამზარეულოს, რომელიც მრავალფეროვანიცაა და გემრიელიც, ძალიან გაუკვირდება, რატომ დაიწყო ბარსელონელმა ბიზნესმენმა ქართული კერძების მომზადება? ცოლის პატივისცემის გარდა, ქართულ სამზარეულოში ბატონი პრატი განტვირთვასაც ხედავს. რთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ რელაქსაციაა მისთვის ვახშმის მომზადება. თანაც, ჩავიმ იცის, რომ ეკატერინეს ძალიან უყვარს ყურადღება, რომელიც გასტრონომიასთან კი არა, მის სამშობლოსთან ასოცირდება...

როლანდ ხოჯანაშვილი