რას ნიშნავს სწორი პიარი და როგორ მივაღწიოთ წარმატებას
font-large font-small
რას ნიშნავს სწორი პიარი და როგორ მივაღწიოთ წარმატებას
"თუ სურვილი ქმედებაშიც აისახება, საბოლოო ჯამში, მიდიხარ მიზნამდე"

ხშირად ადამიანები იმ სპეციალობით სულაც არ მუშაობენ, რომლის შესწავლასაც უნივერსიტეტებში წლები დაუთმეს. სამაგიეროდ, ცხოვრების მანძილზე აღმოაჩინეს პროფესიები, რომელიც მოსწონთ, კარგად უძღვებიან და ის დარგი თუ საქმე მათ წარმატებულსაც ხდის.
ამასთან, XXI საუკუნემ ჩვენში უამრავი ისეთი ახალი პროფესიაც წარმოქმნა, რომლის საჭიროება თავისთავად გაჩნდა. მათ შორის არის სფერო - პიარი და აქვე, არიან პიარის სპეციალისტები. ახლა სწორედ ამ დარგის სპეციალისტზე, კახა მაღრაძეზე უნდა მოგითხროთ...

განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, - მისი არჩევანი ძმის მონაყოლმა განსაზღვრა: "ჩემი ძმა ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო და საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა. კიევში დიპლომატიის აკადემიის ქართველი სტუდენტები გაუცნია, ვისგანაც ამ პროფესიის შესახებ ბევრი რამ შეიტყო და იქიდან ჩამოსული, სულ იმაზე მიყვებოდა, თუ როგორი მაგრები არიან დიპლომატები, როგორი დახვეწილი ქცევის წესები აქვთ, რომ ბევრ ენაზე ლაპარაკობენ, სულ კოსტიუმები აცვიათ... მერვე-მეცხრეკლასელი ვიყავი, ეს პროფესია მომეწონა და დავიწყე ლაპარაკი, - დიპლომატიურზე უნდა ჩავაბარო-მეთქი. ერთხელაც, ჩემს უახლოეს მეგობართან, კლასელთან ნინო იაკობიძესთან ვიყავი, სადაც დედამისმა - რეგინა იაკობიძემ, რომელიც ლექტორი იყო (მინისტრ დავით იაკობიძის ოჯახზეა ლაპარაკი), მითხრა, - უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ვაყალიბებთო, რამაც ჩემზე ასევე იქონია გავლენა. უკვე სამი წლის გახსნილი იყო ფაკულტეტი, როცა ჩავაბარე და 5 წელი ვისწავლე", - გვიყვება კახა მაღრაძე. როგორც ამბობს, საერთაშორისო ურთიერთობებს, რომლის შესწავლასაც უნივერსიტეტში წლები დაუთმო, საერთო არაფერი ჰქონდა დიპლომატიასთან: "მაშინ ხომ ასე იგონებდნენ რაღაც ფაკულტეტებს, რომ გგონებოდა, მერე სადმე მუშაობას დაიწყებდი. თითქოს მხოლოდ ფაკულტეტის სახელი იყო საკმარისი - ეს 90-იანი წლების სერიოზული პრობლემა გახლდათ... მოკლედ, განათლებას ამ ფაკულტეტების სახელწოდებებით კარგად ყიდდნენ, თუმცა ჩემმა კურსელებმა, ჯგუფელებმა თვითრეალიზაცია მაინც შეძლეს... მე ცოტა ხანს სტაჟიორად, შემოსავლების სამსახურის საგანგებო ლეგიონში (დღეს ფინანსური პოლიცია) ვიყავი, მაგრამ დროულად მივხვდი, რომ ჩემით უნდა მეკეთებინა საქმე და რაღაცების მოსინჯვა დავიწყე - უამრავი საქმე და სამსახური გამოვიცვალე..."
როგორც კახა ამბობს, მუშაობდა ოპერატორად, მულტფილმის ("ჩვენი ეზო") სცენარისტად ტელევიზიაში (ეს მისმა "კავეენურმა" გამოცდილებამ განაპირობა), მშენებლობაზე, დისტრიბუტორად სხვადასხვა ფირმაში, მასწავლებლად კერძო სკოლებში, სოროსის ფონდის დებატების ტრენერად მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ბოლოს "სამართლიან არჩევნებში" აღმოჩნდა: "მაგრამ "სამართლიანმა არჩევნებმაც" თავი ამოწურა და ყველანი აქეთ-იქით გადავნაწილდით. 2004 წელს კი პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიაში აღმოვჩნდი, ოღონდ, მაშინ არც ვიცოდი, რა იყო პიარი, მხოლოდ გაგებული მქონდა. იმ წუთისთვის მქონდა ბევრ სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ვიცოდი ენა და კომპიუტერი.
GzaPressმოკლედ, ვკითხულობდი წიგნებს, სოსო გალუმაშვილთან ვმუშაობდი და გამოცდილებას ვიღებდი. მერე კლიენტებთან რაღაც ტრენინგების საჭიროება გაჩნდა, ჩავუტარეთ და ჩემი სატრენინგო გამოცდილებიდან გამომდინარე, ტრენინგ-მოდულები შევქმენით. დავინახეთ, რომ კადრების მხრივ ბაზარზე ცუდი მდგომარეობა იყო, არადა, გვინდოდა გავფართოებულიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ, პიარსკოლა გაგვეხსნა. როცა ვასწავლი, ამ დროს გაცილებით ბევრი მოდული, სტრუქტურა, სქემა ჩნდება. რამდენიმე ადგილას ვასწავლი, ხშირად ვატარებ ტრენინგს და საჯარო გამოსვლებს, ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ და პროფესიაზე თეორიული კუთხით სულ უფრო მეტად ვფიქრობ.
- და მაინც, რა არის XXI საუკუნის მიერ წარმოქმნილი სფერო - პიარი?
- საკუთარი თავი გააცნო ხალხს, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია, თან კარგი სახელი გქონდეს. ჩვენს საქმეში ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტების სიმცირეა. სირთულეა იმ კუთხითაც, რომ მუდმივად ბევრი მდგენელი და კვლევაა საჭირო. პიარზე კარგად რომ იმუშაო, სიღრმისეულ ფიქრს გაცილებით დიდი დრო მიაქვს, ვიდრე შესრულებას. ბევრი რაღაცის გააზრებაა საჭირო, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც ის არის, რომ ამ სფეროშიც ზედაპირულობაა.
- 2004 წლიდან დღემდე განვლილი გზით კმაყოფილი ხართ?
- რა გზაც გავიარე, კმაყოფილი ვარ, "ჯეპრაში" კარგად დალაგდა ყველაფერი. თუმცა საქართველოში საკონსულტაციო სფერო არ არის დაფასებული, არ უყვართ გარეკონსულტანტის დაქირავება და მასში ფულის გადახდა, მაგრამ ამის მიუხედავად, დღემდე შევინარჩუნეთ თავი და ცოტა გავიზარდეთ, განვვითარდით კიდეც. ალბათ, ჩემი გამოცდილების ადამიანი, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, მილიონერი იქნებოდა, რადგანაც უამრავ კლიენტთან და ბევრ პროექტზე მიმუშავია. მაგრამ აქ ბაზარი პატარაა და ზოგადად, საკონსულტაციო მომსახურებაში ნაკლები თანხა იხარჯება.
- პიარსპეციალისტს რა თვისებები სჭირდება?
- მიჩნეულია, რომ კომუნიკაბელური უნდა იყოს და ყველასთან საერთო ენის გამოძებნა შეეძლოს. მე კი ვფიქრობ, ანალიტიკური აზროვნება, დაკვირვების უნარი მეტად სჭირდება, რადგან ვიღაცის ან რაღაცის კარგ სახელსა და რეპუტაციაზე უნდა ზრუნავდეს და სულ უნდა ზომოს ეს ყველაფერი, მიმდინარე პროცესებს უნდა დააკვირდეს, ასევე - საზოგადოებრივ განწყობას. ოპერატიულობაც სჭირდება (გარემო სწრაფად იცვლება და ოპერატიულად უნდა მოახდინო რეაგირება), საჭიროა პასუხისმგებლობის გრძნობაც.
- სტუდენტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საგანს ასწავლით. რამდენად აინტერესებთ ეს ყველაფერი?
- ბოლო დროს "ილიაუნიში" ვარ და ამ სასწავლებელთან უფრო ვაკავშირებ ჩემს მომავალს. სერიოზული გეგმები მაქვს.
სტუდენტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საგანს ვასწავლი, რა არის მისი არსი, მნიშვნელობა და ძირითადი ინსტრუმენტები. ვინაიდან პიარი დაპიარებულია და ყველას აინტერესებს - ეს დამოკიდებულებაა! შეიძლება ზედმეტი მომდის და არ ვარ მართალი, მაგრამ ვცდილობ, მიწაზე ჩამოვიყვანო სტუდენტები და ველაპარაკო ამ პროფესიისა და სპეციალობის რუტინაზე. რამდენი რამ უნდა გააკეთო, რომ შედეგს მიაღწიოს.
რადგანაც გარეკონსულტანტი ვარ და არ გახლავართ რომელიმე კერძო კომპანიის, სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, აქედან გამომდინარე, ბევრ სფეროში მიმუშავია, ვიცი მაგალითად, ლუდის წარმოების, მინერალური წყლების, სამშენებლო ბიზნესის ანაბანა; ვთანამშრომლობდი გარემოსდამცველ ორგანიზაციებთან. სფერო, რომლის პროექტებზეც მიმუშავია, სიღრმისეულად შესწავლილი უნდა მქონოდა, რომ დასკვნა გამომეტანა, მთავარი და საინტერესო გამომეკვეთა...
- წარმატებული ხართ, თუმცა ადამიანი საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილოა.
GzaPress- თუ რამით უნდა ვიყო უკმაყოფილო, ისევ ჩემი თავით, რადგან ცხადია, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ადამიანები ცოტას ვზარმაცობთ ხოლმე. ჩვენთან არ არის ცხოვრების სწრაფი რიტმი. მოკლედ, კიდევ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ახლაც არ არის გვიან. რადგან აკადემიური მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აქტიურად ვაპირებ, პიარის სახელმძღვანელოზე უნდა ვიფიქროთ. დაგვიგროვდა გამოცდილება და ეს ყველაფერი უნდა დავწეროთ.
- როგორც წარმატებული ადამიანი, რას ურჩევთ ჟურნალ "გზის" მკითხველს?
- ალბათ მთავარია, იცოდე, შენთვის რა არის წარმატება. მატერიალურის რა გითხრათ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, წარმატება ის არის, თუ გაფასებენ როგორც მცოდნეს და სპეციალისტს. მაღალი თანამდებობის პირებთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა, კონსულტაციას ვუწევ მათ, მაგრამ თუ საჭიროა, ვაკრიტიკებ კიდეც. არ მიყვარს მენტორული ტონი, აი, ისეთი, ზოგიერთ წარმატებულ ადამიანს რომ აქვს, ყველა 100 დოლარით რომ იწყებდა ბიზნესს და ყველას რომ ერთი დოლარი ჰქონდა, როცა ამერიკაში ჩავიდა... ახალგაზრდებს მივმართავ, უნდა იცოდეთ, რომ ყველას აქვს შანსი, იყოს თავისებურად წარმატებული. ოღონდ, ძალიან უნდა გინდოდეს ეს. ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, რაც მინდოდა, ის გამომივიდა. თუ სურვილი ქმედებაშიც აისახება, საბოლოო ჯამში, მიდიხარ მიზნამდე. დანარჩენზე ფილოსოფოსებმა იმსჯელონ და სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა. რაც შეეხება ფორმულას, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია.
ლალი ფაცია
ბეჭდვა