ხალხს მიხედეთ, ხალხს!!! - გზაპრესი

ხალხს მიხედეთ, ხალხს!!!

ბავშვობაში სოფელში ჩასვლა იმიტომ მიხაროდა არდადეგებზე, რომ ვიცოდი, იქ ნინო დამხვდებოდა და ისე მიმასპინძლებდა, ზაფხულის ცხელ დღეებს ნამდვილ სასწაულად მიქცევდა; ისეთ რამეებს მაჩვენებდა, ორმაგად და სამმაგად რომ შემაყვარებდა მშობლიურ კუთხეს. დარწმუნებული ვიყავი, პროფესიად ექსკურსიამძღოლობას ან რაღაც მსგავსს აირჩევდა და ცხოვრებას საქართველოს წარმოჩენას, პოპულარიზაციას მიუძღვნიდა, მაგრამ ბედი სულ სხვა რამეს უმზადებდა თურმე...

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მოიტაცა ბიძაშვილის ქალაქელმა მეგობარმა, რომელსაც თითქმის არ იცნობდა, მაგრამ ოჯახისა და მშობლებისთვის ზედმეტი ნერვიულობა რომ აერიდებინა, დარჩა. ჩვენში ხომ დღემდე სამარცხვინო და მოუშორებელ დამღადაა ქცეული მონატაცებისა თუ განათხოვარის სტატუსი!..

ზედიზედ სამი შვილი გააჩინა და სწავლის გაგრძელებაზე აღარც უფიქრია. თან, ოჯახიც არ იყო ძლიერი და რას აღარ აკეთებდა ახალგაზრდა ქალი, რომ შვილებს არ მოშიებოდათ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ეყიდა ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი პატარებისთვის. ვიდრე შვილებს სასწავლებელში წაიყვანდა, სხვის სახლებს ალაგებდა და ხანაც - დასუფთავების სამსახურში ეძებდა საქმეს. ქუჩა-ქუჩაც ბევრი უწანწალია იაფი ხილ-ბოსტნეულის "გადაყიდვის" მცდელობისას. ქმარმა თურმე, სიღარიბეს ვერ გაუძლო და სმას მიეძალა. შედეგად, ღვიძლი დაიავადა და მძიმე ავადმყოფი წლების წინ მოკვდებოდა, ნინო რომ არ დადგომოდა გვერდით: ბინა ბანკში ჩადეს და იმ თანხით ყიდულობდნენ ძვირად ღირებულ წამლებს...

ქმარს სიცოცხლე კი გაუხანგრძლივა, მაგრამ ბინის გამოხსნა ვეღარ შეძლო და ბანკმა გაუყიდა. სამი წლის წინ იძულებული გახდა, ქმარ-შვილთან ერთად სოფელში დაბრუნებულიყო და დროებით ბიძაშვილის დაკეტილ სახლში დასახლებულიყო...

იქაც მას დააწვა ცხოვრების მთელი სიმძიმე - ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ნაჩუქარი ხბოს გაზრდა, ზამთრისთვის შეშის შეგროვება და რა ვიცი, კიდევ რა აღარ...

ქმარი ვერ ეხმარებოდა. ფაქტობრივად დაინვალიდებულს, არაფრის თავი არ ჰქონდა. სამი მოზარდი - 14, 13 და 12 წლის ბიჭებიც ვერ უმსუბუქებდნენ დედას მძიმე ყოფას და...

ახლობლის გარდაცვალება ვის არ ატკენს გულს, რომ მე ვყოფილიყავი გამონაკლისი? თვითმკვლელობას კი ორმაგად განვიცდიდი: მსგავსი ცოდვის გამო ვეღარც საიქიოში იპოვის ალბათ შვებას-მეთქი. მტანჯავდა სასოწარკვეთა მის სამძიმარზე მიმავალს და ვერ წარმოიდგენთ, როგორი შვება იყო იმისი გაგება, რომ ნინოს თავი წინასწარი განზრახვით კი არა, დარდით "მოუკლავს". მის შესახებ ოჯახის ახლობელმა მიამბო:

- ძალიან გაუჭირდათ სოფელშიც. ბიძაშვილმაც დროებით ათხოვა სახლი, რომელსაც გაყიდვას უპირებდა. არც მას ულხინს და გაჭირვებამ აფიქრებინა მამის დანატოვარის გაყიდვა. ნინომ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა: იქ უფრო ადვილია სამუშაოს პოვნა, ეს ჩემი ქმარიც ექიმებთან ახლოს იქნებაო! ბინის დაქირავება უნდოდა და სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. მეოთხე შვილის ფეხზე დაყენება სად შემიძლიაო და აბორტის გაკეთება მოისურვა, მაგრამ ეს ამბავი მისმა მოძღვარმა რომ გაიგო, ამის ნებართვა არ მისცა და ძალიან რომ შეეცოდა სასოწარკვეთილი, ურჩია, ბავშვი გაეჩინა და შვილს დანატრებული წყვილისთვის მიეცა. თავიდან უარზე დადგა, მაგრამ მერე მართლა რომ უსაშველო გაუჩნდა, დათანხმდა. ოღონდ ქმარსა და შვილებს სიმართლე არ გაუმხილა: ვიცი, არ მაპატიებენ და შეიძლება, შემიძულონ, მთელი ცხოვრება საყვედურებში იქნებიან და დამტანჯავენო...

მშობიარობამ რომ მოუწია, იმ ხალხმა უპატრონა, ვისთვისაც ბავშვი უნდა მიეცა. ისე გააფორმა, ვითომ აღსაზრდელად დროებით აძლევდა თუ რაღაც მსგავსი და ამიტომ ვერ დაუშალეს. მოკლედ, კანონიერად მოხდა ყველაფერი. სოფელში დაბრუნებულმა კი თქვა, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა. არ ვიცი, რამდენი გადაუხადეს, მაგრამ იმ ფულით ქალაქში ბინა დაიგირავეს და ცოტა სული მოითქვეს. ქმარს მაინც ვეღარ უშველა - თურმე, ძვირად ღირებული ოპერაცია სჭირდებოდა და ამის საშუალება სად იყო? ჰოდა, ექვსი თვის წინ მოკვდა. მერე იმ დაგირავებული ბინიდანაც მოუხდა წამოსვლა და შვილები ბავშვთა სახლში მიიყვანა, იძულებით. თავად სოფელში, ძმის ოჯახში დაბრუნდა და ნერვებმა უმტყუნა. დარდობდა ბავშვების "დაკარგვას"; უმცროსის გაშვილებას და უფროსების ბავშვთა სახლში მიბარებასაც. ტიროდა: მე რა დედა ვარ, შვილებს ვუღალატეო. საჭმელს აღარ ჭამდა, არ დამიმსახურებიაო. ბოლოს, თითქოს გონებაც აემღვრა. საცოდავი, დარდით მოკვდა...

სამი არასრულწლოვანი ბიჭი დედითაც დაობლდა. გავიგე, კარგ პირობებში იზრდებიან, მაგრამ ნინოს რაღა ეშველება? ჩემი მეგობარი სამადლოდ დაასაფლავა სოფელმა... ვინ იცის, მის მსგავსად და შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, რამდენს უჭირს? უფიქრია ამაზე ვინმეს?!

არ შემეძლო ნინოს შესახებ არ მომეყოლა თქვენთვის და კითხვა არ დამესვა ხელისუფლებისთვის: ჩინოვნიკებო, როდის მისცემს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს სამუშაოს, ღირსეულ ხელფასს და უშიშრად ცხოვრების საშუალებას, რომ ძვირად ღირებული წამლის შესაძენად ბინა არ დაკარგონ და შვილის "გაყიდვა" არ დასჭირდეთ დედებს იმისთვის, რომ ოჯახის წევრები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინონ?

გამოფხიზლდი და ხალხს მიხედე, მთავრობავ, ხალხს!..

ინგა ჯაყელი