არის თუ არა უგემოვნოდ ჩაცმული ადამიანი უვიცი? - გზაპრესი

არის თუ არა უგემოვნოდ ჩაცმული ადამიანი უვიცი?

თუმცა, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს და "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" მეუღლის - საშასა და დანარჩენი ორი უკრაინელი ქორეოგრაფის წასვლაზეც ილაპარაკა.

- არ მიმაჩნია, რომ უგემოვნო ვარ, მაგრამ საკუთარ გემოვნებას ცოტა არ იყოს, არ ვენდობი: ზოგჯერ რაღაც მიყიდია, ჩემს ქმარს კი არ მოსწონებია და უთქვამს, - ეს რა არისო (იცინის)? რაღაცებს თავადაც ვარჩევ, მაგრამ ძირითადად - მეუღლესთან ერთად. მის გემოვნებას უფრო ვენდობი. თუკი ჩემი ჩაცმულობა მეუღლეს არ მოსწონს, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

- როცა ქორეოგრაფები ცეკვას გიდგამენ, კორექტივები თუ შეგაქვს?

GzaPress- სანამ უკრაინელი ქორეოგრაფები გვყავდნენ (მათ შორის - ჩემი მეუღლეც), ცეკვას ისინი გვიდგამდნენ და ჩვენს გემოვნებასაც ითვალისწინებდნენ. უკვე 2 ეთერია, რაც ჩემს დადგმულ ცეკვას ვასრულებ. გიორგი გაჩეჩილაძეც ძალიან გვეხმარება, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი...

- რადგან უკრაინელი ქორეოგრაფები ვახსენეთ, გვითხარი - სინამდვილეში რა მოხდა? პროექტი რატომ დატოვეს?

- რა მოხდა, ეგ ჩემი საქმე არ არის. მე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჩვეულებრივი მონაწილე ვარ: რაც ყველამ იცის, მეც ის ვიცი. ჰოდა, ზედმეტი რაღაცების თქმას თავს ვარიდებ, ამ საქმეში არ ვერევი. სამწუხაროა, რომ მეუღლე პროექტში ჩემ გვერდით აღარ არის. მისი წასვლის მერე პირველ რეპეტიციაზე მისულს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საშა უნდა დამენახა. ხშირად რეპეტიციაზე ღიმილით შევსულვარ და გული დამწყვეტია, რადგან ჩემ გვერდით აღარ იყო...

- ამის გამო ცეკვაში ხელი ხომ არ გეშლება?

- არა. ეს ჩემი სამსახურია და ყველაფერი უნდა გავაკეთო საიმისოდ, რომ საქმე არ გაფუჭდეს. უბრალოდ, ერთი კვირა დეპრესიის მსგავსი რაღაც დამემართა, ახლა კი ყველაფერი კარგად არის.

- ამჟამად საშა უკრაინაშია?

- არა, სამივე ქორეოგრაფი თბილისშია. მათ საქართველო უყვართ.

- პროფესიულ საქმიანობას ეწევიან?

- ჯერჯერობით - არა, მაგრამ კარგი შემოთავაზებები აქვთ. ძლიერი ქორეოგრაფები არიან და სხვადასხვა ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" მიწვევებიც ჰქონდათ. ვფიქრობ, უსაქმურად არ დარჩებიან.

- გოჩა ჩერტკოევთან ურთიერთობა ხომ არ დაგეძაბა?

- არა, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვაფასებ ამ ადამიანს. შოუს გახსნის ცეკვებს ხომ გოჩა გვიდგამს? ჰოდა, მას ახლა უკეთ გავეცანი. გოჩასთან ურთიერთობა მსიამოვნებს - ჯიგარია (იცინის)!

- როგორც ამბობენ, გოჩა უკრაინელი ქორეოგრაფების მუშაობით უკმაყოფილი იყო...

- მეც და პროექტის ყველა მონაწილეც კმაყოფილები ვიყავით მათი მუშაობით. უფრო მეტიც, ბევრის სურვილია უკრაინელი ქორეოგრაფები შოუში კვლავ დაბრუნდნენ. ამბობდნენ, თითქოს გოჩა უმაყოფილო იყო მათი, მაგრამ ეს ჭორია. ჟიური იმისთვის არის, რომ რაღაც თქვას. ეს ადამიანიც თავის აზრს აფიქსირებდა. ნათქვამია, - ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მისი ცოლიო.

- ისეთ ადამიანთან მეგობრობა თუ შეგიძლია, რომელსაც მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები აქვს?

GzaPress- მეგობრობა შემიძლია, ოღონდ - ასეთ შემთხვევაში ვცდილობ, მას ისეთ თემაზე არ ველაპარაკო, წინააღმდეგობა რომ გამიწიოს. მეგობრებს ბევრჯერ გვიკამათია, რადგან ყველას საკუთარი აზრი გვაქვს. მაგალითად, უკრაინელ დარია ჩენცოვასთან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა ათეულშია დასახელებული, ცეკვის ტექნიკაზე ხშირად მიკამათია, მაგრამ ჩვენი კამათი სიცილითა და ჩახუტებით დამთავრებულა (იღიმის)...

- როგორ ფიქრობ, ადამიანის ჩაცმულობაზე მისი განათლების დონე აისახება?

- არა, ასე არ არის. ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კარგად ჩაცმის შესაძლებლობა არ აქვთ? მეც მყავს რამდენიმე ასეთი მეგობარი, მაგრამ ისინი უზომოდ ნიჭიერი ადამიანები არიან. მგონი, ზოგ მათგანს შინ უკვე 5 დიპლომი უდევს (იცინის). არ მგონია, რომ თუკი ადამიანი სათანადოდ ვერ იცვამს, ის უვიცია. "მინუსები" ყველას გვაქვს. ხალხს ჩაცმულობის მიხედვით არ ვაფასებ... ჩემს სკოლაში გოგონა სწავლობდა. კარგად არ იცვამდა, უფრო ზუსტად - ყველაფერი ეცვა, რისი ჩაცმაც კი შეიძლებოდა, მაგრამ საუკეთესო მოსწავლე იყო.

- მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ან ღონისძიებისთვის სამოსის შერჩევისას ვინმეს მოსაზრებას ითვალისწინებ?

- ასეთ დროს ძალიან ვნერვიულობ: სხვადასხვა სამოსს უამრავჯერ ვიცვლი. მერე ოთახიდან გამოვდივარ და ბებიაჩემიდან დაწყებული, ჩემი შვილით დამთავრებული, ყველას მოსაზრებას ვისმენ. თუკი ვინმეს რაიმე არ მოეწონა, ვცდილობ, სხვა ტანსაცმლით ჩავანაცვლო.

- შენი ბიჭუნა შენიშვნებს გაძლევს?

- არა, მას ყოველთვის ყველაფერი მოსწონს. ამას წინათ მითხრა, - დედიკო, ტომარაც რომ ჩაიცვა, მაინც ლამაზი იქნებიო (იცინის). აი, ასეთ ქათინაურებს მეუბნება შვილი.

- მისი გემოვნების ჩამოყალიბებაზე თუ ზრუნავ?

- რა თქმა უნდა! ვცდილობ, ყოველთვის თანამედროვედ ეცვას. იყო პერიოდი, როცა შარვალს წელს ზემოთ "ამოიქაჩავდა" ხოლმე (იცინის). მომწონს, როცა ბიჭებს დაბალწელიანი ჯინსის შარვალი აცვიათ. ახლა ჩემი შვილი სამოსს თავადაც არჩევს. მეუბნება ხოლმე, - დედიკო, ეს არ მინდა, ძალიან მოტკეცილიაო... მეორე კლასის მოსწავლეა. უკვე რაღაც ენციკლოპედიებს კითხულობს. სკოლაშიKკარგად სწავლობს, რაც ძალიან მიხარია. სხვადასხვა უცხო ენის შესწავლაც დაიწყო.

- თავად რამდენ უცხო ენას ფლობ?

- უკრაინულს, რუსულს, გერმანულს და ცოტაც - ბელორუსიული ვიცი. ინგლისური დაახლოებით ისე ვიცი, რომ ამბობენ: გაქცეულს მოაბრუნებსო. საერთოდ, უცხო ენის შესწავლა მიყვარს. უკრაინაში რომ გავთხოვდი, ვცდილობდი, უკრაინული სიტყვები, ფრაზები დამემახსოვრებინა. ახლა ეს ენა კარგად მესმის და ვლაპარაკობ კიდეც.

- წიგნების კითხვა გიყვარს?

- ძალიან, მაგრამ საამისოდ არ მცალია. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი... მრცხვენია: დიდი ხანია, წიგნი არ წამიკითხავს (იცინის).

- ბოლოს რა წაიკითხე, გახსოვს?

- "ანა კარენინა". ეს წიგნი ძალიან მიყვარს! საერთოდ, რომანებს უფრო ხშირად ვკითხულობდი... პროექტი რომ დასრულდება, რომელიმე წიგნი უნდა წავიკითხო, კითხვა საოცრად მამშვიდებს.

- რა ჟანრის ფილმები მოგწონს?

- "უჟასები" მიყვარს! ორსულობის პერიოდშიც ვუყურებდი ხოლმე ასეთ ფილმებს და საშინელებათა ჟანრი ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს.

- შენი საყვარელი ფილმი დაგვისახელე...

- "ბოროტების სავანე", "ხერხი". დედაჩემი მეუბნება, - სადისტი ხარო! არადა, საშინელებათა ჟანრი თავადაც მოსწონს და ყველა ფილმი ნანახი აქვს (იცინის).

- ასეთი ფილმების ნახვისას მხოლოდ სიამოვნებას გრძნობ?

- მიყვარს, როცა მეშინია; მომწონს, ფილმში მოულოდნელი რაღაცები რომ ხდება...

- კერძების მომზადება იცი?

GzaPress- კერძების მომზადება ძალიან მიყვარს! ადრე ვბრაზობდი, რადგან დედა სამზარეულოში არ მიშვებდა. 4-5 წელია, რაც კერძების მომზადება დავიწყე. ახლა დედა მეხვეწება ხოლმე, - რამე გააკეთე, ძალიან გემრიელი საჭმელი გამოგდისო. ჩემი მომზადებული კერძი ყველას მოსწონს, რაც ძალიან მსიამოვნებს. რაჭველი დიდედა მყავდა და "გემრიელი ხელი" გენში მაქვს. დედა გიჟდება: ზუსტად იმავე ინგრედიენტებს ვიყენებ, რასაც - შენ, ზუსტად ისევე ვამზადებ, როგორც - შენ, მაგრამ ასეთი გემრიელი მაინც არ გამომდისო.

- ალბათ საფირმო კერძიც გაქვს...

- არა, ასეთი ჯერ არაფერი მომიმზადებია. ისე, პიცას ვაცხობ ხოლმე, ანანასითა და სხვადასხვა ინგრედიენტით. ძალიან გემრიელია!

- წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდი. თავდაპირველად, იქაური ცხოვრების სტილის მორგება არ გაგიჭირდა?

- ბელორუსიაში 6 წელი ვიცხოვრე და თავდაპირველად მართლაც, ძალიან გამიჭირდა იქაურობასთან შეგუება. საქართველოში ხალხს არ ეხვეწები, რომ თუნდაც, კალამი მოგაწოდონ, იქ კი აუცილებლად ასე უნდა თქვა: გეხვეწები, კალამი მომაწოდეო. "გეხვეწების" გარეშე ვინმეს რაიმეს თუ სთხოვ, გეტყიან, - შენი მოსამსახურე ვარო?! ახლა "გეხვეწების" გარეშე საქართველოშიც არაფერს ვითხოვ (იცინის)...

- ლევან ჩიჩუამ ავტომობილი გაჩუქა, მაგრამ მის საჭესთან არ მინახავხარ.

- მართვის მოწმობა არ მაქვს. ვერ მოვიცალე, რომ გამოცდა ჩავაბარო. გული სულ მეუბნება, - საჭეს მიუჯექი, "უპრავოდ" წადიო, მაგრამ ვერ ვბედავ (იცინის). ეს მანქანა ძალიან მიყვარს. თუმცა, მისი გაყიდვა და სხვა ავტომობილის ყიდვაც ვიფიქრე, რადგან ამას საჭე მარჯვნივ აქვს და მართვა ცოტათი მიჭირს...

- ნაჩუქარი რომ არის, გასაყიდად ამიტომ გენანება?

- ნაჩუქარია, თან - ლამაზი და ამიტომ მენანება (იცინის)! ვფიქრობ, სიცოცხლის ბოლომდე დავიტოვო, რადგან ჩემთვის ასეთი საჩუქარი სხვას არავის მოუძღვნია. ლევანს დიდ პატივს ვცემ, ოჯახის წევრად მივიჩნევ და იმისიც მეშინია, ავტომობილის გაყიდვით უნებურად, არ ვაწყენინო-მეთქი.

ეთო ყორღანაშვილი