უმამოთა მამა და უძმოთა ძმა! - გზაპრესი

უმამოთა მამა და უძმოთა ძმა!

აპრილის მზიან დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ ბინაში მორიგეობით, ფეხაკრეფით და მოკრძალებით შედიოდნენ მოსწავლეები. მოკრძალების საფუძველი თავად მასპინძლის ფაქტორი იყო. ბავშვები ხვდებოდნენ ნიკო კეცხოველის შვილსა და შვილიშვილს. საცხოვრისის თვალშისაცემ უბრალოებას მეტი დიდებულება ჰქონდა, ვიდრე ათას ბრჭყვიალა და ძვირად ღირებულ ნივთს ერთად. ასაკთან შედარებით მხნე, წარმოსადეგი და ბიბლიურად მშვიდი სახის ქალბატონი, ნიკო კეცხოველის შვილი მზიაა, ენერგიული და კეთილღიმილიანი კი მეცნიერის შვილიშვილი - მაია ბერიაშვილი. მზია სტუმრებს მორიგეობით მიესალმა, მერე საჩუქრად მირთმეული ვარდების თაიგული ვაზაში მოხერხებულად ჩადო. ამის შემდეგ დადგა ამაღელვებელი მომენტი: ქალბატონ მზიას მხატვარი ხათუნა ფერაძისაგან დიდი მამულიშვილის პორტრეტი გადაეცა.

რაც გაინტერესებთ, ყველაფერს მოგითხრობთ ნიკოზეო, - უთხრა ბავშვებს ქალბატონმა მზიამ.

GzaPress1897 წლის 26 დეკემბერს სოფელ ტყვიავში, ნიკოლოზ კეცხოველისა და მარიამ კორინთელის ოჯახში პირველი შვილი დაიბადა. ახალშობილს მამის სახელი უწოდეს. პატარა ნიკოს შემდეგ კიდევ რვა შვილი შეეძინა ცოლ-ქმარს. ნიკო-მამა ფრიად პროგრესული და ნოვატორი კაცი გახლდათ. მებაღეობით გატაცებულ ტყვიაველს არა მარტო სოფელში, სანაცნობოშიც ბევრი უყურებდა ეჭვის თვალით, რადგან ის ყიდულობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებს, რომელთა მიხედვით კულტურული ხილის ჯიშებს აშენებდა და უვლიდა. ეს უჩვეულო სიახლე იყო წერა-კითხვის უცოდინარი გლეხებისთვის. ნიკოლოზი თავის პროდუქციას ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე წარადგენდა ხოლმე და აღიარებაც დიდი იყო, თუმცა, ოქროს მედალი, ფინანსური ჯილდო და საპატიო სიგელი იმდენად არ ახარებდა მებაღეს, როგორც გლეხებისგან სიახლეთა ატაცება. შვილებიც მამას ჰბაძავდნენ შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობით და ბუნების სიყვარულით. ყველაზე მეტად მამას უფროსი ვაჟი დაემსგავსა მცენარეების და სოფლის მეურნეობის სიყვარულით. მამის სამაგალითო საქციელი შვილისთვის ცხოვრების წესად იქცა. თურმე, უფროს ნიკოს დაუწყია თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ეზოში ბაღის გაშენება, რომელიც მისმა ვაჟმა საბოლოოდ, უნივერსიტეტის ცნობილ ბაღად აქცია. 10 წლის ნიკო ზემოხსენებულ გიმნაზიას მიაბარეს თბილისში, რომელსაც მაშინ ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. იმდროინდელი წესის მიხედვით, საგიმნაზიო განათლების დასაწყებად გამოცდების ჩაბარება იყო საჭირო, ყმაწვილმა მხოლოდ ხალხური ლექსები, ზღაპრები და ანდაზები იცოდა. ცნობილმა პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ როგორც ჩანს, შეატყო მოსწავლეს გონიერება და იმავე სასწავლო წელს, გამოჩენილი სიბეჯითის გამო, ნიკომ გიმნაზიის ორი კლასის კურსი დახურა! ზაფხულობით, როცა სოფლად ბრუნდებოდა, მოსვენება არ ჰქონდა. ჰერბარიუმს ამზადებდა, ლიახვის ნაპირებზე მცენარეებს აკვირდებოდა, მამას ხელს უწყობდა მებაღეობაში და სოფლის "მეოთხე მწერლის" სახელიც მოიხვეჭა. თურმე, იმ დროს ტყვიავში მხოლოდ სამ ადამიანს სცოდნია წერა-კითხვა: სოფლის მწერალს, მღვდელსა და აზნაურის ცოლს. წერილის შედგენა არც ისე იაფი უჯდებოდა გლეხობას. 10 კვერცხი ან ერთი ქათამი ყოფილა მწერლის გასამრჯელო, ნიკო კი უფასოდ წერდა გლეხებისათვის და ზოგჯერ, დილიდან საღამომდე სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, რადგან ეზოში მწკრივად მდგარი ქალებისთვის ძნელი იყო უარი გეთქვა პირველ მსოფლიო ომში წასული შვილისთვის გასაგზავნი წერილის შედგენაზე... მერე მამა გარდაიცვალა და ნიკომ მარტოხელა დედისათვის ხელის წაშველება გადაწყვიტა: უკვე მესამე კლასის მოსწავლე ამზადებდა მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში, მხოლოდ მოთხრობებს წერდა "ნაკადულისათვის", რადგან ადრევე ნათლია ვაჟა-ფშაველამ ურჩია, ლექსების წერისთვის თავი დაენებებინა. თითო მოთხრობისათვის ჰონორარი 3-5 მანეთი იყო და ეს მაშინ ცოტა ფული არ გახლდათ! პირველი ნაწარმოები ნიკოს 14 წლის ასაკში გამოუქვეყნებია...

1918 წელს ნიკომ ქართული გიმნაზია დაასრულა და გიმნაზიის შენობაშივე გახსნილ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სამხედრო სამსახურის პარალელურად ახერხებდა სტუდენტობას, ჯარისკაცის ფორმით მიდიოდა ლექციებზე და არა მარტო საბუნებისმეტყველო, არამედ ყველა საინტერესო სალექციო კურსს ისმენდა დიდი მონდომებით. მეორე კურსის სტუდენტმა, ქართულ სინამდვილეში, ქართულ ენაზე წაიკითხა პირველი საბუნებისმეტყველო მოხსენება "თუშეთი და მისი ფლორა", რომლითაც შეიძლება დავიწყოთ ნიკოს ბიბლიოგრაფიის ათვლა. დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცრის წოდება მეცნიერს დამოკლეს მახვილივით თან სდევდა, თუმცა, ჩეკას წინაშე ერთხელაც არ გამოუთქვამს სინანული თავისი პოლიტიკური წარსულის გამო.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაში მონაწილეობისათვის ხშირად უწევდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან უსიამოვნო ურთიერთობა. ილიას იდეებითა და პროგრამით შექმნილ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას სათავეში ილიას დისშვილი კოტე აფხაზი, მიხეილ ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები ედგნენ. ასეთი ადამიანების გვერდით ქვეყნის მსახურება დიდი პატივიც იყო, თანაც, ნიკოს ამ პარტიის აგრარული პოლიტიკის განსაზღვრა ევალებოდა.

ნიკო არ ყოფილა რიგითი პარტიული მუშაკი. ის ნამდვილი მეომარი იყო და 1918 წლის დეკემბერში სომხებს ებრძოდა, შემდეგ - თურქ ასკერებს და რუსეთის მე-11 არმიას. რუსებთან ბრძოლისას უამრავი მეგობარი და თანამებრძოლი დაკარგა. 1921 წლის შემდეგ, ყოველ თებერვალს ნიკო ადიოდა კოჯორში. მძღოლს მანქანას გზის პირას აჩერებინებდა და ფეხით მარტო მიუყვებოდა ბილიკს. არავინ იცის, რა მოგონებები იყო ამის საფუძველი, ეგებ, იმ ადგილას მისი მეგობრები დახოცეს ბოლშევიკებმა!

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრობის გამო მას პერსონალურად ჰყოლია მიჩენილი აგენტი მეტსახელით კოლია. 1923 წლის 26 მაისს (მკითხველისთვის ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რატომ მაინცდამაინც 26 მაისს!) ნიკოს აპატიმრებენ და მასზე ჩეკას ჯურღმულებში "დახვეწილი" მეთოდებით ზემოქმედებდნენ. ნიკოს გაუტეხლობა საარაკო იყო, ერთხელაც ვერ მიიღეს ჩეკისტებმა აღიარებითი ჩვენება...

და როგორ გადაურჩა რეპრესიებს ნიკო? აქ ორი ფაქტორი უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი: სტალინური რეჟიმი დიდი ნიჭის ადამიანებს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ფრთხილად ატერორებდა და ნიკოს ბიძა ლადო კეცხოველი ჯუღაშვილის თანამებრძოლი იყო...

არც ის იქნება სიახლე მკითხველისთვის, თუ ვიტყვით, რომ მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე იმედი გაუჩნდათ ქართველ ემიგრანტებს და სამეცნიერო ინტელიგენციას, რომ ჰიტლერი დაამარცხებდა ბოლშევიკურ იმპერიალიზმს, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას. წარმოიდგინეთ, რამხელა გაბედულება იყო 1924 და 1937 წლების "სისხლიანი წმენდის" მერე ქართველი მეცნიერების მიერ პატრიოტული ორგანიზაცია "სამანის" შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: გიორგი წერეთელი, ნიკო კეცხოველი, ნიკო მუსხელიშვილი, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, მიხეილ ზანდუკელი და პავლე ინგოროყვა! თანაც, პირველი პატიმრობის მერე ნიკო კეცხოველი და "აკადემიური მწერლობის კავშირის" სხვა წევრები 1929 წელს სასტიკად გააფრთხილეს, რომ მათი აკადემიური შემოქმედება კი არა, სოციალისტური რეალიზმის "შედევრები" იყო საჭირო. მაშინდელი "სახელოვნებო" გაფრთხილება და აკრძალვა სიკვდილისთვის თვალის გასწორების ტოლფასი იყო! თანაც, ჩეკამ კარგად იცოდა, 1924 წლის აჯანყებას რამდენად თანაუგრძნობდა ნიკო! კონსპირაციულ თემატიკას მეცნიერი ოჯახის წევრებსაც უმალავდა მათივე უსაფრთხოების მიზნით...

უშიშროების სამსახურის მიერ ფსიქოლოგიური ტერორი არასდროს შეწყვეტილა დიდი მეცნიერისადმი. ნიკოს მუდამ მზად ჰქონდა ჩემოდანი, რადგან არ იცოდა, "წითელი მანქანა" როდის გადაუწყვეტდა რეპრესიას! ერთ ღამეს, როცა თბილისს მოჩვენებითი სიმშვიდით ეძინა, კარზე ავის მომასწავებელი კაკუნი გაისმა. ჩეკისტებმა ნიკოს სამუშაო კაბინეტში შესვლა მოსთხოვეს. ერთ საათში დასრულდა შეხვედრა. თურმე, უშიშროების სამსახური სტალინის დავალებას ასრულებდა და შეხვედრის მიზანი მხოლოდ ღვინის სახეობის ბელადისთვის შერჩევა ყოფილა! ეს ერთსაათიანი კონსილიუმი ნიკოს მეუღლეს თმის გათეთრებად დაუჯდა...

შეგახსენებთ, 1941 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის შემადგენლობაში 16 ნამდვილი წევრი შედიოდა და მათ შორის, ნიკოს ღირსეული ადგილი ეკავა. 1945 წელს უკვე დედა უნივერსიტეტი ჩააბარეს სახელოვან მამულიშვილს და ამ დროიდან იწყება საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი. ქართველი სტუდენტები მეცნიერების პარალელურად, ხელოვნებასა და სპორტში აღწევენ დიდ წარმატებებს, რადგან ამ მიმართულებებს ნიკო მუდმივად ყურადღებით ეპყრობოდა. არავინ იცის, რამდენი სტუდენტი დაუყენებია სწორ გზაზე, რამდენისთვის უსიტყვოდ უპატიებია გადაცდომა. რეზო ინანიშვილი მას უმამოთა მამას და უძმოთა ძმას უწოდებდა! ნიკოს რექტორობისას გადადგეს პირველი ნაბიჯები: ანა კალანდაძემ, მუხრან მაჭავარიანმა, ოტია იოსელიანმა, არჩილ სულაკაურმა, ნოდარ დუმბაძემ და ასეულობით გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ... მას რექტორობის ხელფასი სახლში არც მიჰქონდა, ნაომარ ქვეყანაში ბევრ სტუდენტს უჭირდა და უმამოთა მამა აბა, როგორ იქნებოდა ან უძმოთა ძმა, თუ არავის გაუმართავდა ხელს?.. აქვე დავძენ ერთ, თითქოსდა უმნიშვნელო ამბავსაც: ჭიათურაში ბევრ ადამიანს ახსოვს მეტყევე-ინჟინერი, სულით ხორცამდე ბუნების ქომაგი ბუდუ ხვედელიძე, რომელიც ნიკოს უსაყვარლესი სტუდენტთაგანი გახლდათ. შეუთავაზებია ბუდუსთვის ნიკოს, დარჩი უნივერსიტეტში, სამეცნიერო საქმიანობა გააგრძელეო, მაგრამ ბუდუს, ისევე, როგორც უამრავ მაშინდელ ახალგაზრდას, ხელფასი და სამსახური სჭირდებოდა, ამიტომ სამეცნიერო კარიერაზე უარი თქვა. ჭიათურის შემოგარენში მწვანედ აღაღანებული ფიჭვნარებია და იცოდეთ, ისინი ბუდუ ხვედელიძემ გააშენა...

GzaPressნიკოს მხოლოდ ბუნება კი არ უყვარდა, საქართველოს წარსულს ელოლიავებოდა და თვალისჩინზე მეტად უფრთხილდებოდა. ეს, სავარაუდოდ, ექვთიმე თაყაიშვილისგან უნდა ესწავლა! დასადასტურებლად ერთ ნაკლებად გახმაურებულ ფაქტს შემოგთავაზებთ: შევარდნაძის დროს, როცა ჟინვალის წყალსაცავს აგებდნენ, პირვანდელი პროექტის მიხედვით წყალსაცავის კაშხალი 10 მეტრით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, რაც ანანურის კომპლექსის წყალქვეშ მოქცევას გულისხმობდა. გაბრაზებული მეცნიერი პრინციპულად ითხოვდა დღევანდელ ნიშნულამდე კაშხლის სიმაღლის დადაბლებას. შევარდნაძის კაბინეტში რომელიღაც რაიკომის მდივანს უთქვამს, ბატონო ნიკო, რა მოხდება, ერთით ნაკლები ეკლესია თუ გვექნებაო?! მხცოვან მეცნიერს ხელჯოხი ჩაუკაკუნებია მისთვის თავში, - ახლა რომ ჩაგარტყამ, ერთი რაიკომის მდივნით ნაკლები იქნება ამქვეყნად, მეტი არაფერი მოხდებაო! როგორც ამბობენ, ამის გამო ნიკო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრობიდან გაუთავისუფლებიათ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ კაშხალი 10 მეტრით ნაკლები სიმაღლისა აიგო და ანანური გადარჩა!

ანანური კი არა, მთელი საქართველო მისი ზრუნვის საგანი იყო. 1941 წლიდან მისი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ გაშენდა ან განახლდა ბევრი პარკი, რამდენიმე ადგილმა მიიღო ნაკრძალის სტატუსი, თუმცა ეს ამბავი ახლა არც პოლიტიკოსების უმეტესობისთვისაა ცნობილი და არც გარემოს დამცველებისთვის. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ის ახალ თაობას ასე გააცნო: "უნივერსიტეტის დიქტატორი რექტორი!" არადა, თურმე, ნიკო მისაღებ გამოცდაზე ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც გამონაკლისის სახით ტოვებდა უნივერსიტეტში, მთავარი იყო, ნიჭი და მონდომება შეეტყო ახალგაზრდისთვის. ერთხელ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე 18 სტუდენტის ნაცვლად, 36 ჩაურიცხავს და არც არავის გასჩენია ეჭვი, რომ ეს იყო უმართებულო გადაწყვეტილება! ნიკო კეცხოველი იყო კაცი, რომელმაც ფეხით მოიარა მთელი სამშობლო! მისი ინიციატივით აიკრძალა შინაური პირუტყვის შეშვება დაცულ ტერიტორიებზე, არ დაუტოვებია უნახავი გოჯი მიწისა, რომელიც მადლიან სამშობლოში უნიკალურობას ინახავდა.

ქალბატონ მაიას დავეკითხე, სადმე ბატონი ნიკოს ძეგლი ან ბიუსტი თუ დგას-მეთქი. არა, ის ხომ მოკრძალებული კაცი იყოო, - გაიღიმა. თურმე, ე.წ. ბოტანიკის ინსტიტუტსაც გადაარქვეს ნიკოს სახელი. გლდანში კი ყოფილა ნიკოს სახელობის ქუჩა და კიდევ - ფშავში, მეცნიერის საყვარელ გადმოსახედზე, აწუნთას უღელტეხილზე ყოფილა პატარა მემორიალი ხალხური ლექსით: "კარგ ყმასა სწუნობს სოფელი, იტყვიან, კარგი რად არის?! როცა კი გაუჭირდებათ, ყველა კითხულობს, სად არი?.." როცა ამას იგებ, გახსენდება ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვები, დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო, მაგრამ ნიკო კეცხოველი არ დაკარგულა, მის ხსოვნას ინახავს დავით გარეჯის ხრიოკში სიცოცხლისთვის თავგანწირვით მებრძოლი იბერიული ზამბახი თუ ივრის ჭალის თელა, უნივერსიტეტის ბაღში მისივე ხელით ჩარგული ხეები და ნახნავიდან აფრენილი ტოროლა...

P.S. 1982 წელს ნიკოს ჩვეულება დაურღვევია და ნოემბერშიც ასულა კოჯორში. ფეხით გაჰყოლია მეცნიერი იმ ბილიკს, რომელიც ახსენებდა საქართველოს სისხლიან თებერვალს. უკვირდა მძღოლს ტრადიციის დარღვევა... თურმე, ეს უკანასკნელი ასვლა იყო კოჯორში, ნიკო იმ თვეში გარდაიცვალა!

როლანდ ხოჯანაშვილი