"დედა თვალებით მეძებდა, მე კი უკვე ვხედავდი და ავტობუსიდან ვერ ჩავდიოდი" - გზაპრესი

"დედა თვალებით მეძებდა, მე კი უკვე ვხედავდი და ავტობუსიდან ვერ ჩავდიოდი"

ნათია 12 წლის იყო, როცა დედამისი ემიგრაციაში წავიდა. მონატრებული მშობელი წლების შემდეგ ნახა და თავადაც, 10 წელი უცხო მიწაზე გაატარა. მერე ვეღარ გაუძლო სამშობლოს მონატრებას და დაბრუნდა. მისმა ამ გადაწყვეტილებამ ნათიას მეგობრები გააკვირვა. ახლა მუშაობს ერთ-ერთ აფთიაქში. ამბობს, რომ მიზერული ხელფასი აქვს, მაგრამ ღმერთს მაინც მადლობას სწირავს, რადგან სამშობლოშია. სამწუხაროდ, ნათიას დედა ისევ ემიგრაციაშია და შვილს იმედი აქვს, რომ მშობელი მალე დაუბრუნდება. წუხს მის გამო...

"წერას ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ახლა მინდა, ამოვთქვა ის, რაც გულში მაქვს. ზოგჯერ მგონია, რომ დრო არ გადის, მაგრამ იმდენად სწრაფად მთავრდება წელი, აღარც მახსოვს, გუშინ რა იყო...

მინდა მოგითხროთ პატარა ამბავი, რომელიც ჩემს ემიგრანტობას ეხება. სულ რაღაც 5 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ძალიან რთული პერიოდი იყო: გაჭირვება, უშუქობა, უწყლობა... იმდენად კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა, რომ დღემდე მომყვება განვლილი ემოციები - ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მალე გავიზარდე. ისიც კარგად მახსოვს, რომ საწყალი პაპაჩემი დილის 5 საათზე ჩადიოდა ეზოში, რათა ადრე დაეწყო წყლის ამოტანა, ვიდრე ხალხი გაიღვიძებდა... კოჭლობ-კოჭლობით ამოჰქონდა მე-4 სართულზე წყალი, ღმერთმა აცხონოს მისი სული, ნათელში ამყოფოს... ბებიაჩემი, რომელიც ქარხანაში მუშაობდა და შეიძლება ითქვას, იქ დაბერდა, თავისი საჭმლის კუპონით გამოტანილ საკვებს სამსახურში არ ჭამდა, ყველაფერი ჩვენთან მოჰქონდა... არანაკლები წვალება მახსოვს დედაჩემისიც, რომელსაც წითელ ხიდზე აჰქონდა პური და ყიდდა, რომ როგორმე ფული ეშოვა და ჩვენთვის საჭმელი მოეტანა... ყველაფრის მოყოლა რომ ვცადო, ძალიან შორს წავალ. მოკლედ, გეტყვით, ასეთმა გაჭირვებამ გადახვეწა დედები სხვა ქვეყანაში და მათ შორის გახლდათ დედაჩემიც. ისინი ცდილობდნენ, შვილებისთვის შორიდან მიეხედათ, გზაზე დაეყენებინათ...

სულ რაღაც 12 წლის ვიყავი, როცა დამტოვა და წავიდა. თვალცრემლიანი გავყურებდი გზას - ეს იყო 1995 წელი; წელი, რომელიც ყველაზე მწარედ მახსოვს. ყოველი მისი გამოგზავნილი წერილი ცრემლს მგვრიდა. მინდოდა თუ არა, ვტიროდი მონატრებისგან... ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა, რათა შევგუებოდი მის არყოფნას ჩემ გვერდით. თითქოს შევეგუე, მაგრამ დედას სიყვარულს, ჩახუტებას ხომ ვერავინ და ვერაფერი შეგვიცვლის! მის მონატრებას ვუძლებდი, მაგრამ დედის სურნელს ვერ ვგრძნობდი, ეს სურნელი კი სასწაულია!..

რაც უფრო იზრდები ადამიანი, მით უფრო გენატრება დედა... გავიდა დრო და მეც ვეწვიე მას სტუმრად... ვიდრე ავტობუსი გაჩერდებოდა, დედა თვალებით მეძებდა, მე კი უკვე ვხედავდი და თვალებიდან ცრემლები მდიოდა. სანამ ყველა არ ჩავიდა ავტობუსიდან, ვერ ჩავედი... დედა იდგა და მელოდა, მე კი, ვიდექი გაუნძრევლად... სანამ არ დამიძახა, ვერ გავედი ავტობუსიდან, გული ისე მიცემდა, გეგონებოდა საგულედან ამოხტებაო... ღმერთო, სასწაული იყო მისი ჩახუტება, მისი სურნელის შეგრძნება, მისი მოფერება...

3 თვე დავყავი დედასთან, მაგრამ შეუძლებელია გეყოს დედის გვერდით ყოფნა... უსასრულოა მისი ალერსი და სიყვარული... "დედა", "დედიკო" - ეს სიტყვები ყველაფრის მთქმელია...

წლები გადიოდა მონატრებაში, ხან მე ჩავდიოდი მასთან, იშვიათად კი ის ჩამოდიოდა საქართველოში... მერე გადავწყვიტე, წავსულიყავი და მის გვერდით დავრჩენილიყავი... ვიმუშავე რამდენიმე წელი, მაგრამ მერე ვეღარ გავძელი სხვა ქვეყანაში! უსაზღვროდ მინდოდა დედის გვერდით ყოფნა, მაგრამ ჩემი ქვეყანაც მენატრებოდა, ჩემი ჰაერი, ჩემი მიწა და წყალი, აქაური სუსხიც და სიცხეც...

ჰოდა, 8 თვეა, საქართველოში ჩამოვედი, მაგრამ ასე მგონია, ჯერ კიდევ აგონიაში ვარ... გაჭირვებამ ძალიან ბევრი დედა გადახვეწა და მოწყვიტა შვილებს... მეც ვიყავი ძიძა, დამლაგებელიც, მაგრამ ამით არა მგონია, ადამიანი იცვლებოდეს... მე ის მიკვირს, რატომ ეთაკილებათ ქართველებს აქ იმავეს გაკეთება, რასაც სხვა ქვეყანაში აკეთებენ?.. ბევრი ახალგაზრდა გვის ქუჩას და მათ ირონიით უყურებენ - რატომ? ხშირად გამიგონია, - "რა კაი ბიჭია, მაგრამ დამლაგებელია". ეს მაგრამ რას ნიშნავს? რატომ უყურებენ დამცინავად ასეთ ახალგაზრდებს?.. საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს სირცხვილი არ არის, იქ თუ არ მუშაობ, ეს უფრო სამარცხვინოა, რადგან გამოდის, რომ უმაქნისი ხარ. აქ კი ბევრს ურჩევნია სიგარეტის ფული დედას ან მამას მოსთხოვოს, ვიდრე თავად მოიპოვოს... რთულია საქართველოში მუშაობაც და სამსახურის შოვნაც, მაგრამ ვინც ეძებს, ყოველთვის პოულობს, ცოტა უფრო მეტად თუ მოინდომებს... მე მირჩევნია გროშებზე ვიმუშაო და ვიყო ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით, ვიდრე გადავიხვეწო უცხო ქვეყანაში, სადაც თან სჭირდებით, თან სულ გამადლიან რაღაცას, ლუკმას გითვლიან, ზედაც გაფურთხებენ და გამცირებენ, რადგან უცხო ხარ...

მიჭირს დედას გარეშე, მაგრამ აღარ მინდა სხვაგან ცხოვრება... მოვდივარ წვიმაში და ვიძახი: ღმერთო, რა ჰაერია! შეგიძლია სუნთქვა და ამ ყველაფერს რა შეედრება... შევყურებ ჩემს ქვეყანას და მიხარია, რომ ქართველი ვარ, ამ მიწის შვილი... აქ დავიბადე, აქ ავიდგი ფეხი... ნუთუ, რომელიმე ქვეყანა შეედრება ჩვენს სამშობლოს? არა, დამიჯერეთ, სხვაგან ვერ ნახავთ ამ სითბოს, ასეთ სიყვარულს, ასეთ გარემოს. მე ევროპამ ვერ შემიცვალა აქაურობა... რომ ჩამოვედი, დამცინეს კიდეც მეგობრებმა, - რა გიჟი ხარ, აქ რამ ჩამოგიყვანა? ხალხი აქედან გარბის და შენ როგორ დაბრუნდიო?.. ნუთუ შეიძლება აქედან გაქცევა?..

ხალხი გაჭირვებამ წაიყვანა - ეს მესმის. მეც გაჭირვებაში გავიზარდე და ვიცი, რაც არის, მაგრამ გაქცევით ვერ გამდიდრდები, იქ ფოდნოსით არ მომართმევენ ფულებს და ეს არც მინდა... მირჩევნია აქ მქონდეს გროში და ერთი პური, ვიდრე იქ სხვისი "შნირი" ვიყო, ავიტანო დამცირება.

ბევრი იმას იტყვის, მე რომ აქ არ ვყოფილიყავი, ჩემს შვილებს ვინ აჭმევდა, ვინ ჩააცმევდა, ვინ ასწავლიდა?.. კი, ეს ყველაფერი კარგია, გეთანხმებით. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს: ისე იზრდებიან შვილები, ვერც სკოლაში მიგყავთ, ვერც ბანკეტს ესწრებით, ვერც უნივერსიტეტში ჩაბარებისას უდგახართ მხარში და ზოგჯერ ვერც მათ ქორწილს ესწრებით - ამას ცხოვრება ჰქვია? არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ, მე იმის თქმა მინდა, რომ ასე ყველაფერი მტკივნეულია... გერჩივნოთ უშუქობა, უწყლობა, უგაზობა და შიმშილიც თქვენს შვილებთან ერთად, ვიდრე ყველაფერი გააკეთოთ, რომ გქონდეთ ეს ყველაფერი და სამაგიეროდ, შვილებმა ვერ გიცნოთ, ვერ შეიგრძნოთ ნამდვილი დედაშვილობა...

ნუ დატოვებთ ერთმანეთს, ნურც მშობლები შვილებს და ნურც შვილები დედებს. მე მეამაყება ქართველობა და ჩვენი ერი... ჩემი სამშობლო მესამყაროება და ვამაყობ, რომ ვარ ქართველი... გიყვარდეთ ერთმანეთი ქართველებო და ისწავლეთ ერთმანეთის ფასი... ისწავლეთ ერთმანეთის გატანაც და ატანაც, რათა ქართველმა ერმა იარსებოს..."

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com