"წუწუნი და თვითგვემა არ მჩვევია" - გზაპრესი

"წუწუნი და თვითგვემა არ მჩვევია"

"სრულყოფილი ბედნიერებისთვის აუცილებელია, ქალს გვერდით ჰყავდეს მამაკაცი და პირიქითაც ასეა - მამაკაცსაც სჭირდება ქალი ბედნიერებისთვის", - ამბობს მსახიობი თიკო მოსემღვდლიშვილი და იქვე დასძენს, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და ცხოვრების ბოლომდე მიგყვება.

- ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?

- დიახ, ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ. ქალსაც და მამაკაცსაც სურთ, რომ ურთიერთობა თავად მართონ და აქ ეჯახებიან ერთმანეთის ინტერესებს. ამიტომ ზოგიერთ მამაკაცს შედარებით სუსტ ქალებთან ურთიერთობა მოსწონს... თუმცა, განათლებულ, ძლიერ მამაკაცს სუსტი და სხვაზე დამოკიდებული ქალი არა მგონია, მოეწონოს.

- რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?

GzaPress- ვფიქრობ, შინაგანად, ბუნებით ძლიერი ადამიანი ვარ და ყველაზე ცუდ პერიოდში, საკუთარი სიძლიერის წყალობით წონასწორობას ყოველთვის ვინარჩუნებ, იმედს არასდროს ვკარგავ... "ყველაფერი კარგად იქნება", - ამ სიტყვებს არასდროს ვივიწყებ. სუსტი მხარეებიც მაქვს, თუმცა არასდროს ვავლენ, ჩემშია და ვერავინ ვერასდროს დაინახავს.

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?

- ჩემი სიძლიერე ჩემი ხასიათია, რომელიც არასდროს მაძლევს ცუდად ყოფნის საშუალებას და ყველანაირი სიტუაციიდან გამოსავალს იოლად მაპოვნინებს. წუწუნი და თვითგვემა არ მჩვევია.

- როგორ ფიქრობ, კაცი "ოჯახისთავი" უნდა იყოს?

- იცი რა, თავი იყოს კაცი და კისერი ქალებმა დავიტოვოთ, საითაც გვინდა, იქით მივატრიალოთ (იცინის) - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. არ ვეთანხმები "მთავრობულ" ოჯახებს, სადაც მამაკაცის მითითებით უნდა გადაწყდეს ვინ, სად, როდის უნდა წავიდეს, რა ჩაიცვას, რა ჭამოს და ა.შ. ოჯახში ყველაფერი შეთანხმებულად უნდა ხდებოდეს. უფროს-უმცროსობაზე კი არა, იმაზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ ასიამოვნონ ერთმანეთს და როგორ შეინარჩუნონ იდილია.

- გაიხსენე ცოდვა, რომელიც ჩაგიდენია და ნანობ...

- ცოდვებზე ასე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. ალბათ, ძალიან ბევრი ცოდვა მაქვს - ეს რაც მე ვიცი და გარდა ამისა, შეიძლება რაღაცებს ცოდვად ვერც აღვიქვამ...

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?

- ეგ უცხო თემაა ჩემთვის, მამაკაცმა აქეთ უნდა მომხიბლოს... ურთიერთობის დაწყების ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. ეს უბრალოდ, ჩემი ხასიათია ან არასოდეს დამჭირვებია მამაკაცის მოსახიბლად მეაქტიურა... ცუდსაც ვერაფერს ვხედავ ინიციატივის გამოჩენაში, მაგრამ პირადად მე, მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია.

- რთულია შენი გულის მოგება?

- ჩემი გულის მოგება რთული არ არის. ვინც არ მომწონს, არ მომწონს და არც ველოდები, რით და როგორ მომაწონებს თავს. რაც უნდა გააკეთოს, ადამიანზე აზრი არ შემეცვლება, უფრო მეტიც - თუ ძალიან მოიწადინებს ჩემს "დატყვევებას", შეიძლება მის მიმართ კიდევ უფრო ცუდი განწყობა დამეუფლოს.

- მამაკაცის გამო გიტირია?

- ტირილი ნაკლებად შემიძლია... მქონია მომენტები, როცა უნდა მეტირა, მაგრამ თავი შემიკავებია. თუმცა, ეს ხდებოდა არა მამაკაცის, არამედ საკუთარი შეცდომების გამო...

- ქალს ბედნიერებისთვის მამაკაცი უნდა ჰყავდეს გვერდით?

- ეს აუცილებელია.

- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?

- რა თქმა უნდა, მაშინ, როცა ურთიერთობაში სხვა, მესამე პირი ჩნდება.

- მესამის გამო საყვარელი ადამიანი დაგიკარგავს?

- ურთიერთობა მესამის გამო არასოდეს დამნგრევია, მამაკაცი ჩემგან არასოდეს წასულა და იმედია, ასეთ რაღაცას არც არასდროს გამოვცდი. უბრალოდ, მგონია, რომ თუ ადამიანთან კარგად ხარ და ყველაფერი არის ისე, როგორც გინდა, არ დაშორდები, თუ ვინმე უფრო საინტერესო არ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში. მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანის ამოცნობისას შეცდები და გარკვეული ურთიერთობის შემდეგ ხვდები, რომ ეს ის არ არის, ვინც გეგონა. აღმოაჩენ, რომ სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობთ, რაც გაუსაძლისია - ასეთი ურთიერთობაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.

- გაქვს კომპლექსი, რომელიც ვერა და ვერ დასძლიე?

- საერთოდ, თავისუფალი ადამიანი ვარ და კომპლექსები არ მაქვს, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, კომპლექსიანი ადამიანი ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს.

- ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავი დაგიკარგავს?

- საერთოდ, თავს კარგად ვაკონტროლებ, მაგრამ ერთი-ორჯერ ისე დავლიე, რომ საერთოდ "დავეცი", ფიზიკურად კი თავს ვერ დავკარგავდი (იცინის)...

GzaPress- ძლიერი ქალები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებენ... სიყვარული მათ აფერხებთ წარმატების მიღწევაში - შენც ასე ფიქრობ?

- არა, სიყვარული წარმატების მიღწევაში ხელს არ გვიშლის. არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ქალებს კარიერულ წინსვლაშიც ეხმარებიან. ისეთი კაცის ყოლას, რომელიც კარიერაზეც უარს გათქმევინებს, ბარში მეგობრებთან ერთად სიარულზეც პრეტენზია ექნება, ჯობია, საერთოდ არ გყავდეს. ეგოისტობა ყველაზე დიდი ნაკლია.

- ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის?

- დიახ, ერთხელ მოდის. არა მგონია, რომ ვისაც ერთხელ მაინც გამოცდილი აქვს ნამდვილი სიყვარული, მან ეს მეორედაც განიცადოს... სხვისი არ ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

- ამბობენ, სიყვარულზე დამოკიდებულება იგივეა, რაც ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე... შენ როგორ ფიქრობ?

- რაც უფრო დიდხანს გაქვს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც გიყვარს, მით მეტი საერთო მოგონება გექნებათ. თუ მასთან ყოფნა საინტერესოა, ცხადია, ვერ მოშორდები და აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სიყვარული ნარკოტიკივითაა.

მოგონებები გითრევს და როგორც უნდა გინდოდეს წასვლა, შეიძლება ეს ვერ მოახერხო. ზოგადად, დაშორება, ბევრ რაღაცას სხვა თვალით დაგანახვებს. ასეთ დროს ხვდები, კონკრეტული ადამიანი მართლა გიყვარს, გენატრება თუ აღარც ფიქრობ მასზე.

- ძლიერი ქალები ეცემიან, მაგრამ ყოველ ჯერზე დგებიან... ბევრჯერ წაქცეულხარ და წამომდგარხარ?

- არ ვიცი, წაქცევა რას ჰქვია... თუმცა გეტყვი, რომ რთული მომენტები მარტივად გადამილახავს. ყველაფერი ცუდი იმიტომ ხდება, რომ უკეთესად წარიმართოს შენი ცხოვრება - მე ამის მჯერა.

- სხვისი რჩევით გიცხოვრია?

- კი, ადრე უფრო ბევრი ადამიანის აზრს ვითვალისწინებდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ ვინ რას იტყოდა ჩემზე. ახლა ზუსტად ვიცი, რაც მე მინდა, ის უნდა გავაკეთო. არაფრის რომ აღარ მეშინია. ვიცი, რაც უნდა მოხდეს, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვი.

- ეს თავდაჯერებულობა შენს ცხოვრებაში რამ მოიტანა?

- ხშირად მქონია სიტუაცია, როცა პრობლემები გარკვეული პერიოდის მერე, ჩემს სასიკეთოდ შემოტრიალებულა ისე, რომ ზედმეტი ნერვიულობა არც მჭირდებოდა. თავდაჯერებულობა გამოცდილებამ მომიტანა, შეგრძნებები და დამოკიდებულებები დროთა განმავლობაში ცვდება... რაღაცებზე ადრე თუ ძალიან ვნერვიულობდი, ახლა უკვე აღარ "მენერვიულება". პირველი ყველაფერი მძაფრია და მერე უკვე ეჩვევი სიტუაციებს.

- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?

- საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი არასდროს ვარ, სულ უფრო მეტის და მეტის კეთების სურვილი მაქვს. ბავშვობიდან მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი და ეს ოცნება ავიხდინე, თუმცა უფრო წარმატებული მინდა ვიყო. იმედია, ამასაც აუცილებლად მივაღწევ.

- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?

- არ მიყვარს სიტყვა "შეცოდება"... საკუთარი თავიც არასდროს შემცოდებია. არასდროს ვყოფილვარ საცოდავი. ვფიქრობ, ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო.

- შენს პოპულარობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?

- არა, პოპულარობას პრობლემები არასდროს შეუქმნია. თუ ყველაფერს სწორად გათვლი, პრობლემებიც ნაკლები იქნება და საზოგადოებაც ნაკლებად იჭორავებს შენზე.

- რას საქმიანობ, რით ხარ ახლა დაკავებული?

- ამ ეტაპზე ყველაზე წყნარი ცხოვრება მაქვს. ახლა რომ უსაქმური ვარ, ასეთი არასდროს ვყოფილვარ, სულ თეატრში ვიყავი და კიდევ ხან სად, ხან - სად... მუსკომედიიდანაც წამოვედი, მაგრამ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს ვაგვარებ. ერთ-ერთ კომპოზიტორთან ახალ სიმღერაზე ვმუშაობ და იმედია, კარგი გამოვა...

სოფო ჭონიშვილი