"მე ვარ უნიკალური, არაპროგნოზირებადი ხასიათისა და საქციელის მქონე"
საფრანგეთის ქალაქ რენში 9 მაისის ღამის 12 საათზე Miss Drag Queen 2018 დაიწყო. ეს კონკურსი პრესტიჟულად ითვლება და ძალიან განსხვავებულიცაა (შესაძლოა, მკითხველისთვის სრულიად არაორდინარული და მოულოდნელი იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუში გაეცნობა). კონკურსის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მხოლოდ ნონ ბინარყ-ების მონაწილეობით ტარდება. Miss Drag Queen 2018 ეროვნებით ქართველი გახდა, რომელსაც ფსევდონიმით თრახყანა იცნობენ საფრანგეთში. მისი ნამდვილი სახელისა და გვარის გამხელისგან თავს შევიკავებთ, რადგან საქართველოში მცხოვრები მისი ნათესავებისგან მოსალოდნელია არასასურველი რეაქცია. კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის აქტივობაში ეჯიბრებოდნენ (შოუ, სახელოვნებო უნარები...). სამეტაპიანი კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი თრახყანა ჟურნალ "გზის" რესპონდენტია.
- მე ვარ უნიკალური, არაპროგნოზირებადი ხასიათისა და საქციელის მქონე ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც საფრანგეთის შოუბიზნესის წრეებში იცნობენ თრახყანა-ს სახელით...
- რას ნიშნავს Non binary?
- non binary ნიშნავს binary-ს საწინააღმდეგოს, ამ შემთხვევაში, იგი არ მიესადაგება კონკრეტულად რომელიმე სქესის დამახასიათებელ კატეგორიებს და არც ეწინააღმდეგება რომელიმეს. ვფიქრობ, სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის ცხოვრებას, ხასიათსა და საქციელს.
- ამბობ, რომ პროფესიით ხარ Drag Queen, მკითხველისთვის რომ გავხადოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა ნათელი, დაწვრილებით აგვიხსენი...
- "დრაგ ქუინი" არის ადამიანი, რომელიც ექსტრავაგანტულად გამოიყურება და შოუებს ატარებს. "დრაგ ქუინების" საქმიანობა ასევე მოიცავს პოლიტიკურ აქტივობებსაც, რომელიც მიმართულია ადამიანის სრული თავისუფლების წარმოსაჩენად, მიუხედავად სქესის, ჩაცმულობის, აქსესუარების თუ მაკიაჟისა. "დრაგ ქუინს" თავისუფლად შეიძლება, ხელოვანიც ეწოდოს.
- საფრანგეთში გენდერული საკითხები, ისევე, როგორც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, თითქმის მოგვარებულია. გიგრძნია ოდესმე აგრესია საკუთარი იდენტობის გამოხატვისას ქუჩაში ან ოჯახში?
- დიახ, მიგრძნია, თუმცა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისგან. ამ ქვეყანაში აგრესიას ვერ იჩენენ ღიად, რადგან ადამიანის უფლებები მკაცრად არის დაცული კანონმდებლობით!
- როგორ შეხვდნენ შენს განსხვავებულობას ოჯახის წევრები?
- ოჯახის წევრებს ეს გავუმხილე 5 წლის წინ, როცა 14 წლის ვიყავი. მშობლები კარგად არ შეხვდნენ ამ ამბავს, რადგან მათ აღელვებდათ ხალხის აზრი, დამოკიდებულება და შეხედულება.
- შენი აზრით, საქართველოში რომ ცხოვრობდე, როგორი იქნებოდა შენი და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება?!
- პირველ რიგში, საქართველოში რომ ვცხოვრობდე, ვერ გამოვხატავდი ჩემს თავს ისე, როგორც სინამდვილეში მექნებოდა ამის სურვილი. ჩემი აზრით, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც არ დავხრიდი თავს და არც რამეს შევცვლიდი ჩემში.
- სამშობლოში აპირებ თუ არა დაბრუნებას?
- არა, არ ვაპირებ... ჯერჯერობით მაინც...
- საქართველოში ბევრი თანხა იხარჯება გენდერული ცნობიერების ამაღლებაზე. განსაკუთრებით, ამას ყურადღებას აქცევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, ამ ძალისხმევას არ აქვს დიდი შედეგი. რა არის ამის მიზეზი?
- ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ ხალხის უმეტესობას საქართველოში არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ზოგადად, განსხვავებული შეხედულების, ორიენტაციის, გარეგნობისა თუ გენდერის მქონე ადამიანებზე. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანების ხასიათი და ქცევები გადამდები და ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის, მაშინ, როდესაც მათი აგრესია უფრო გადამდებია.
- როგორც Non binary, სად, რა პოზიციაზე ხედავ შენს თავს მომავალში?
- ჩემს თავს მომავალში ვხედავ "ინტერნაციონალ დრაგ ქუინად", რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარებს შოუებს.
- როცა სოციალურ ქსელებში აქტიურობ, როგორც ვიცი, თვალს ბევრი გადევნებს. აგრესია ჭარბობს თუ ტოლერანტული დამოკიდებულება?
- რა თქმა უნდა, აგრესია ჭარბობს ტოლერანტობას. მაგრამ მყოფნის იმ ცოტა ადამიანების სიყვარული, რომლებიც აგრესიას არ ამჟღავნებენ.
- Non binary, როგორც პერსონა, საზოგადოებრივად როგორ შეიძლება რეალიზდეს?
- თვითრეალიზაცია არ არის დამოკიდებული გენდერსა და ორიენტაციაზე. ევროპაში სამსახურებრივ პოზიციაზე არ კითხულობენ ადამიანის გენდერს. სამსახურში მკაცრადაა დასმული პასუხისმგებლობის საკითხი და არა ორიენტაციის!
- ახლახან ჩატარდა კონკურსი, რომლის მონაწილეც იყავი, რა შედეგებით დასრულდა კონკურსი და საერთოდ, რას ემსახურება ამგვარი ტიპის კონკურსები?
- ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი დღე, უფრო სწორად, საღამო და შოუკონკურსი, რომელშიც გავიმარჯვე. ამ კონკურსში მონაწილეობდნენ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის "დრაგ ქუინები". ამგვარი კონკურსები ემსახურება ნიჭის გამოვლენას, გახალისებასა და იმის შთაგონებას, რომ ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში.
- ხარ განსხვავებული, ეს ფაქტია. ამ სხვაობის დადებით მხარეებად რას მიიჩნევ?
- პოზიტიურად ვთვლი იმ ფაქტს, რომ ვიპყრობ ხალხის ყურადღებას.
- რომ შეგეძლოს, შეცვლიდი შენს გენდერულ იდენტობას?
- ეგ იგივეა, ფერადკანიანს რომ ჰკითხოთ, თუ შეიცვლიდა ფერს, რის საჭიროებასაც მე ვერ ვხედავ.
- ვის უსაყვედურებდი ან მადლობას ვის ეტყოდი?
- მადლობა მათ, ვინც მიმიღო და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. საყვედურების სათქმელად დროს ვერ დავკარგავ...
- გაიხსენე შენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ტრაგიკული მომენტები...
- ყველაზე ლამაზი მომენტი ამ კონკურსში მონაწილეობა და პირველი საპრიზო ადგილის მოპოვებაა. ყველაზე ტრაგიკული იყო მომენტი, როდესაც იმ ადამიანმაც კი ვერ გამიგო, რომლისგანაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა მხარდაჭერა - ეს იყო დედაჩემი, რომელიც ახლაც გრძნობს უხერხულობას, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აღმიქვამს საზოგადოება...
- რას უსურვებდი საკუთარ თავს?
- რასაც ყველას ვუსურვებ: უწყვეტ განვითარებასა და წარმატებას! აგრეთვე, უკეთ გაცნობიერებას იმ ნამდვილი პრობლემების, რომელიც დედამიწაზე არსებობს.
როლანდ ხოჯანაშვილი