სპექტაკლი ბავშვების უშუალო ჩართულობით - გზაპრესი

სპექტაკლი ბავშვების უშუალო ჩართულობით

ახლახან მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე თბილისის მერიის მხარდაჭერით რადიარდ კიპლინგის მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის - "ავაზას ლაქების" პრემიერა გაიმართა.

წარმოდგენა პატარებს იმ უხსოვარი დროის შესახებ მოუთხრობს, ყველა ცხოველი ერთფერი რომ იყო. დარბაზში შესვლამდე ფერად-ფერადი ბახილებით შემოსილი პატარები მწვანე ხალიჩის გავლით დიდ, თეთრ სივრცეში აღმოჩნდებიან, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას თანდათან ფერადდება. ბავშვები წარმოდგენის მონაწილეები ხდებიან, ეხმარებიან მსახიობებს და სიუჟეტის განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სპექტაკლში გამოყენებულია ვიდეოპროექცია, ასევე, მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც მსახიობები უკრავენ. წარმოდგენას შემეცნებითი დატვირთვაც აქვს - ბავშვები მათთვის გასაგები ფორმით იგებენ მიგრაციის, მიმიკრიის, ფლორისა და ფაუნის შესახებ.

კოტე მირიანაშვილი, რეჟისორი, ინსცენირების ავტორი:

GzaPress- გამომდინარე იქიდან, რომ პაპა ვარ, ხშირად მიწევს შვილიშვილებისთვის ზღაპრის წაკითხვა. გადავწყვიტე, ეს როლი პროფესიულადაც შემესრულებინა. რადიარდ კიპლინგი გამორჩეული ავტორია. მის ნაწარმოებებში ინტერაქციულ კავშირს ვხვდებით მკითხველთან. თავის ზღაპრებს შვილს მოუთხრობდა. ინტერაქციული სპექტაკლი საინტერესო სარეჟისორო ხერხია. გარდა ამისა, თეატრში არც ისე ბევრია სპექტაკლები ძალიან პატარებისთვის. ბავშვები ხშირად ამბობენ სიტყვას - "ვითომ". ხელოვნებისა და თეატრის ძირითადი ხერხიც ხომ ესაა?! ასეთი სპექტაკლის დადგმა მსახიობებისა და მთელი დამდგმელი ჯგუფის უშუალო თანამონაწილეობითაა შესაძლებელი. მინდოდა ინიციატივა მსახიობების მხრიდანაც წამოსულიყო, რომ ეს ხერხი უკეთ გაეთავისებინათ. იმპროვიზაციული თამაშის ხერხი ადვილი ნამდვილად არ არის. იმპროვიზება, სიტუაციის ისე წარმართვა, რომ სიუჟეტი სწორად განვითარდეს, ძალზე მნიშვნელოვანია. ბავშვები არა მარტო უშუალო მონაწილეები, სცენოგრაფიის თანაავტორებიც არიან. ჩემი შვილიშვილის კლასელებმა და სკოლელებმა დახატეს ჯადოსნური ტყე, რომელსაც სპექტაკლში ვიყენებთ. მოგეხსენებათ, კოსტიუმებიც და გარემოც სრულიად თეთრია და ნელ-ნელა ფერადდება. ერთ-ერთმა ბავშვმა სპექტაკლის შემდეგ თქვა, ძალიან ფერადი სპექტაკლი იყოო. მასზე ფერადი სამყაროს შთაბეჭდილება მოახდინა, რომლის გაფერადებაშიც თავადვე მონაწილეობდა. ჩემი, როგორც რეჟისორის, ამოცანა სწორედ ეს იყო - პროცესი შემოქმედებითი ყოფილიყო და მასში პატარები ყოფილიყვნენ ჩართული. ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული დამდგმელი ჯგუფიც. მათ შორისაა პროფესიონალი მხატვარი ნუცა ჭყონია და მუსიკალური გამფორმებელი სანდრო კურჭუხიძე, რომლის დებიუტიც ამ სპექტაკლში შედგა.

ეკა შარიქაძე, მსახიობი:

- რეპეტიციებისას სირთულე ის იყო, რომ ბავშვები და მათი რეაქციები წარმოგვედგინა, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ გამოგვივიდოდა. საბედნიეროდ, ისე გამოვიდა, როგორც ვვარაუდობდით. ვფიქრობ, ამის მიზეზი რეჟისორის მიერ სწორად შემოთავაზებული აქცენტები იყო.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვი არ დაგმორჩილებიათ?

- იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ერთი და იგივე მაყურებელი არ არის, შეიძლება, ბავშვმა იტიროს, არ დაინტერესდეს ან არ დაგემორჩილოს. სპექტაკლის მსვლელობისას გარკვეულ ტერმინებსა და მათ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ. მათ შორისაა, მიგრაცია და თვალსაჩინოებისთვის ბავშვები ერთი ადგილიდან მეორისკენ გადაგვყავს. ერთ-ერთი მათგანი არ დაგვემორჩილა. ამ დროს მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, ისე უნდა დააინტერესო, არც მუშაობისას შეგეშალოს ხელი და არც მან იგრძნოს თავი გარიყულად. ბეწვის ხიდზე სიარულია - არც ენის მოჩლექით უნდა ესაუბრო და არც იმდენად სერიოზულად, რომ ვერ გაიგოს. კიპლინგი "ბავშვების ენაზე" საუბარს კარგად ახერხებს... ბავშვს საკუთარ სივრცეს უქმნის, რომლის აღქმითაც ის რეალურ სამყაროს ეცნობა.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს როლი თქვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული გახდა?

- რა თქმა უნდა. თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვებთან უშუალო შეხება მანამდე არ მქონია. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენი ქმედება ანიმატორის ფუნქციას არ დაემსგავსოს. არ ვივიწყებთ, რომ მსახიობები ვართ და ბავშვებს სპექტაკლს ვაჩვენებთ.

ანა ზამბახიძე, მსახიობი:

- რადგან წარმოდგენა ბავშვებთან ინტერაქციით მიმდინარეობს, არც ერთი სპექტაკლი ერთმანეთს არ ჰგავს. მიხარია, რომ ნანახითა და განცდილით ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესი შრომატევადია, მუდამ სიურპრიზის მოლოდინში ვართ და ეს მეტად საინტერესოს ხდის მას. როცა ბავშვების მხრიდან მოულოდნელი რეაქციაა, ერთმანეთს თვალებით ვეკონტაქტებით და წამებში "ვთანხმდებით", როგორ მოვიქცეთ.

GzaPressლაშა გრძელიძე, მსახიობი:

- ჩვენი თეატრის მსახიობებისთვის ბავშვებთან კონტაქტი არახალია, თუმცა, ამ სპექტაკლში, მაყურებელსა და მსახიობს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, წაშლილია, რაც ყველასთვის სიახლე იყო.

- ამ სიახლეს, გარკვეულწილად, რისკებიც ახლავს, რადგან სპექტაკლის განვითარება ბავშვებზე, მათ რეაქციებზეცაა დამოკიდებული...

- დიახ, ისინი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ემოციას. მეტისმეტად აქტიურები არიან, იმდენად ერთვებიან შემოქმედებით პროცესში, რომ კონტაქტისას იმპროვიზაციაა საჭირო. ახალი გამოცდილება, ახალი შეგრძნებები ჩნდება. ჩვენი პროფესია, გარკვეულწილად, ბავშვობას, ბავშვურ განწყობებს უკავშირდება. რაც მეტად გჯერა და ბავშვივით გულწრფელი ხარ, მით უფრო სუფთა და დამაჯერებელია ნამუშევარი...

- სპექტაკლის მსვლელობისას რაიმე კურიოზული შემთხვევა ხომ არ ყოფილა?

- ერთი ბავშვი იმდენად აქტიურად ჩაერთო როლში, მსახიობებს ცოტა ხნით გაჩერება და მისი მოსმენა მოგვიხდა. სცენიდან ბებოს მიმართავდა, რაღაცებს უყვებოდა, უხსნიდა.

- როგორ ფიქრობთ, გარდა იმისა, რომ ბავშვები ამ ჩართულობით დადებითი ემოციებით იტვირთებიან, კიდევ რას აძლევს მათ სპექტაკლი?

- სპექტაკლის ლოზუნგი, ალბათ, არის "არა აგრესიას!" ავაზა, რომელიც ჟირაფსა და ზებრაზე ნადირობს, ბოლოს სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდება.

გიორგი ოქრუაშვილი, მსახიობი:

- მაყურებელი მეტად დააინტერესა ინოვაციურმა ხერხმა, რომლის მიხედვითაც, ყველა მსახიობის სრულიად თეთრი კოსტიუმი პროექციით ნათდება. ბავშვების გარეშე სპექტაკლი ვერ შედგება. ამას ითვალისწინებენ, აქტიურად ერთვებიან, ხალისობენ და ჩვენც დადებით ემოციებს გვგვრიან. რადიარდ კიპლინგის ზღაპრებში უხვადაა მისი შვილის მიერ ბავშვობაში დამახინჯებული სიტყვები. მაგალითად, ვამბობთ "განსაკუთრად" და არა "განსაკუთრებულად". ალბათ, ეს მინიშნებაა, რომ კონკრეტულ ასაკამდე ბავშვი არ უნდა შევზღუდოთ, პირიქით, დავეხმაროთ, რომ ფანტაზია მეტად განუვითარდეს, უფრო მრავალფეროვანი აზროვნება ჩამოუყალიბდეს...

შორენა ლაბაძე