მეგზურად გამოყოლილი პირიმზე - გზაპრესი

მეგზურად გამოყოლილი პირიმზე

ფასანაურში ხელმარჯვნივ თუ გადაუხვევ და შავი არაგვის ხეობას შეუყვები, გრუნტის გზით ერთ საათზე ნაკლებ დროში პირიმზეს მოედანზე მოხვდები. აქ მარიამობამდე სიმშვიდეა. არაგვის დაუზოგავი დინება თავქვემოთში, პირუტყვის ფარ-ნახირის ტაატი, რამდენიმე სახლიდან ამოფუტებული კვამლი და ორიოდე ადამიანი სიმშვიდეს ვერ არღვევს. ჩოხში ზოგიერთ შაბათ-კვირას მიკროავტობუსებით ამოდიან ექსკურსიაზე, სალოცავის ახლოს გააჩერებენ ტრანსპორტს და ოციოდე ბავშვი რამდენიმე უფროსის თანხლებით, სოფიო ბებოს სანახავად მიეშურება ისეთი კრძალვით, თითქოს მთელი კავკასიის მატრიარქს უნდა შეხვდნენ.

გიორგობის წინადღეს ავედი ჩოხში. პირიმზეს მოედანზე რომელიღაც უფროსი ბავშვების გუნდს ინტერნეტიდან ამობეჭდილ ინფორმაციას უკითხავს:

"მარიამობას ხალხი ადგილობრივ ხატებშიც მიდიოდა და იქ აღნიშნავდა დღესასწაულს, მაგრამ ამ დღეს საერთო საგუდამაყრო სალოცავის, პირიმზეს დღეობაა და ამიტომ ხალხი უმთავრესად, იქით მიეშურებოდა. ხალხის გადმოცემით პირიმზე და ფუძის ანგელოზი და-ძმა არიან. პირიმზე სოფელ ჩოხშია, ფუძის ანგელოზი კი ხევსურეთში. თუ პირიმზეს დღეობა შუა კვირაში ექნებოდა, ანუ მარიამობა შუა კვირას დაემთხვეოდა, მლოცველი გუდამაყრიდან ხევსურეთში მომდევნო კვირის პარასკევს მიდიოდა. ახოობაზე, ანუ ფუძის ანგელოზობაზე, საკლავი შაბათს უნდა დაიკლას. ხალხი პირიმზეს ცის ნაპირამდე მოარულს, უყმო ყმის მშველელს ეძახის. ვინც უნდა სთხოვოს, ყველას მშველია".

GzaPressბავშვების უმეტესობას ზრდილობის გამო უსმენს უფროსს, თორემ ერთი გადახარხარება ან ველზე განავარდება ურჩევნიათ მოსაწყენი ნარატივის მოსმენას... არც ის აინტერესებთ, პირიმზის დეკანოზი როგორ ასრულებდა ხატში მიბარების წესს, ვერც იმას ხვდებიან, რატომ სცხებდნენ საკლავის სისხლს ვაჟებს ჯვრულად შუბლზე, ხოლო გოგონებს - მარჯვენა ხელისგულზე. რადგან არც მტევანდასხმული ალვის ხე ჩანს სადმე და არც ის საფერხისო სიმღერა ეკარება "ციფრული თაობის" ბავშვების გულს, რომელიც იმღერებოდა საუკუნეების განმავლობაში ჩოხის ჭალაში: "ჩვენი პირიმზის კარზედა, ხე ალვა ამოსულაო. იმას დაუსხამს ყურძენი, საჭმელად შამოსულაო. იმის უჭმელი ქალ-ვაჟი, უდროოდ ჩამოშლილაო". თანაც, სალოცავთან ალვა კი არა, სხვა ხეა. უზარმაზარი ნეკერჩხალი მძლავრი ტოტებით გადაჰფარებია თავზე ტაძარს. აფუებულ კორდზე უამრავი ნეკერჩხლუკა ამოწვერილა, ხუთიოდე სანტიმეტრის სიმაღლის. დედა-ნეკერჩხლის წვრილშვილობაა ეს ჩითილები, რომელთაგან გაზრდა არც ერთს არ უწერია. სალოცავის ეზოს ბევრი ადამიანის ნაფეხური გადათელავს და ნეკერჩხლის მორჩებს კიდეც რომ მოუფრთხილდნენ, იქაურობა ტყედ იქცევა, გატყევება კი როგორ იქნება საპირიმზეოსი?

პირიმზეს კარი დახშულია ბოქლომით. ქალებს მასთან მიახლოება ეკრძალებათ. სალოცავის კართან ხარ-ირმის რქები, ზანზალაკები და ზარებია. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ახლოს არსადაა ტექნიკური მიღწევა და ფეოდალურ ხანაში ხარ: სიპებით ნაგები სახლები, ნივრის ლილისფერი კვლები, ჭინჭროვანი და პირუტყვის ფეხით გაზეკილი ფერდობები. აი, ამ დროს გოგა წიკლაურის მაგნიტოფირზე ჩაწერილი მონათხრობი უნდა მოისმინო (ეგებ შიშმაც დაგრიოს ხელი უზარმაზარი ნეკერჩხლის ქვეშ შეხიზნულს): "პირიმზე არის ახალციხიდან მობრძანებული ძველ დროში. როდესაც თათართანა ბრძოლა ჰქონდა ქართველებსა, ამ დროს ალბათ დაამარცხეს ჩვენმა წინაპრებმა, იქიდან ტყვეები წამოუყვანია და ხატიც წამოუღია. ხატის რა ნიშანი იქნებოდა, როგორი იქნებოდა, ჯვარი იქნებოდა, ოქროსი... ესე გაგონილი კი მაქ, რო იქიდან რო წამოუბრძანებიათ, როგორც ცოცხალი, როგორც ოქრო, ეგეთი იყოო, მათრახს იქნევდაო. წამოუყვანიათ და იქ დაუბრძანებიათ, ჩოხს იქით არის, ჭალაზე. მემრე მანდ როცა საქართველოში რუსი შემოვიდა, ამ გუდამაყარში შემოსვლა გასჭირვებია. კიდაც ნათქვამია: "ვერ შემოვედითო, შავი წყალი ჩამოდისო და შავიო ხალხი გამოდისო", შავგვრემანი ქართველი ხალხი. ყაზბეგზე გამოსულან, გოგორის ხიდს ვეძახით, ბახნის ქვემოთ რო გახვალ, კლდეები რომ არი, დიდი კლდეები (ჩაწერილია ზურაბ კიკნაძის მიერ, 1982 წელს)..."

ტურისტების უმეტესობა გუდამაყარში სოფიო ბებოს გამო ადის. დრო-ჟამს მისი სახლი პატრონივით დაუბეჩავებია. რამდენიმესაფეხურიანი კიბის ავლის მერე, ჩოხელი ბერ-დედის დერეფანში ხვდები. ერთსულოვნებაა მისულთა შორის: ყველა მოწიწებით უყურებს სამი შვილის გამზრდელ უდრეკ ქალს, 105 წლის ადამიანს, რომელიც "ცხოგან" ვერ ძლებს.

მოხუცისთვის კითხვების დასმა არ ეზარებათ. გაუბეზრებია მოხუცი ერთი და იმავეზე საუბარს. ათასჯერ მონათხრობს ისევ ჰყვება:

"ერთი ვაჟ და ორ ქალ მყავ, ქალები თავქვე გათხოვდნენ, მისაქციელს. წელს თოვლ არ მოსულა, მშრალ იყო. ადრე ზოვებ მოდიოდა და აყრუებდა აქაობასა. საქონელი აღარ მყავს, სახლ უკან მიწა დავბარე თავადა, ნიორ და ხახვ დავთესე, ქინძი ჯერ არ ამოსულა, არც კარტოფილი. რამდენი წლისა ვარ, არ მახსოვნდება. ჩემი გვარი აფციაურია, დუმაცხუდან ვარ. 19 წლისა გავთხოვდი, განა აესე დაჯღანულ ვიყავ მაშინ, ისეთი კაბა მეცვა, ბრიალა! 20 მაყარი მომყვა, ფეხით მოვედი, ცხენზე არ ვმჯდარვარ, კაბაც არ დამსვრია... მეუღლე 28 წლისა იყო, კარგი კაცი, მეცხორე. ეცოცხლნა, ჩემზე ბედნიერა ვინ იქნებოდა? კოლექტივის ცხორს ჩაიბარებდა-ყე და მთაში მიჰყავდა. იქა წველავდა, გუდის ყველს და ერბოს ვაკეთებდით, ცხორს ვკრეჭდით. ადრე აქა კანტორაცა იყო, კლუბიც, სკოლაცა თავქვე, ზინა ექიმიცა გვყვანდა, კარგი ექიმი. მისი გორი არ მახსოვს, მერე მოკვდა... შუქი გვაქ, ტელევიზორი მოშლილია, არ გაკეთდებაო. რო მქონდეს, ვუყურებდი... აქ უნდა ვიყო სიკვდილამდე, შეშასაც ვყიდულობ, დასაჭრელ მაქ ახლა. ისე ძლიერ უპატრონობაა აქა, მეზობელიც აღარაა ახლოსა!"

ახალგაზრდა ქალებმა, - სოფო ბებო, ეგებ დასარეცხი გაქვს რამე, დასალაგებელი, წუთებში ვიქმთო. - განა ხელები რისთვის მაქვს, მე თავადო? - იყურება მაჯებზე მოხუცი. - ტელევიზორი რომ ამოგიტანოს ვინმემ, უყურებო? - განა ვალ აქვნ ჩემი, რად უნდა მომიტანონო... - შემდეგ ამოსვლაზე რა ამოგიტანოთო? ისევ დაეკითხნენ და, - თქვენ ამოდით, მნახეთ, გენაცვალეთ, ეგეც საკმარ არის ჩემთვისო...

ჩამოლაგდნენ სტუმრები კიბეზე, სახეგაბრწყინებულები და სიხარულიანები. დერეფნის პატარა მაგიდა სავსე დატოვეს ადრეული ხილით, პურეულით, ტკბილეულით. სიჭაბუკეში ფეხშედგმულ ერთ ბიჭს არ ეთმობოდა იქაურობა: ბებო, ერთად სურათი გადავიღოთ. მეც მყავდა ბებო, შენნაირი ლამაზი და ყოჩაღიო, - ცრემლებს ძლივს მალავდა. - აბაიმე, მე რა სასურათე ვარ, არსაით ნახოს ვინმემ, დამცინებენო, - სოფიო ბებომ...

ბოლოს ყველა გავიდა ეზოში. სოფო პატარა აივანზე იდგა და თვალებით ამბობდა, კიდევ მოდით, კიდევო... თვალებში კი ყველა ის სევდა ედგა, გოდერძი ჩოხელს რომ აქვს აღწერილი ლამაზად და განუმეორებლად...

მოწყენით იდგა არაგვის პირას ახალი შენობის კედლები. აქ გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი უნდა აშენდესო, არადა, იქიდან კარგა ძალი აღმართია იმ სახლამდე ასასვლელი, სადაც გოდერძი გაიზარდა. რატომ აშენებენ დაბლა, არ ვიცი... ნუთუ, ამხელა მწერლის მუზეუმის სანახავად აღმართის ავლას დაუშინდებიან ტურისტები?

არაგვის პირს თუ გაივლი, მერე დაცერებულ აღმართს შეუდგები მხნედ და ჩოხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ოდნავ ქვემოთ, სიპით ნაგებ სახლს დაინახავ: მოწყენილს, პროზაულს და ეზოში ბებერძაღლიანს. ბუხუნებს ძაღლი, აჩენს მოცვეთილ ხრონჩოებს და ხვდები, რომ ამ კბილებით ვეღარც ნადირს დაგლეჯს, ვერც საავკაცოდ მოსულს დაფლეთს, მაგრამ ძაღლია და უნდა იძაღლოს. გოდერძის დედინაცვალი, ნუნუ ძალო თოკით დასდევს დასაბმელად, რომ ტურისტებმა უშიშრად შეაბიჯონ ფეხი მობალახებულ ეზოში. გოდერძის სახლს ზემოთ საფლავებია, გადაბალახებული, ზოგიც რკინეულით შემოჯარული, ზოგიც დათლილი ლოდებით მონიშნული. ორიოდე ნაბიჯის იქით ჩაქცეული სახლია. თხილის ჟვერის ტყრუშულებით გაოთახებული და მერე ალიზით შელესილი, რომელიც თითის შეხებით იფხვნება. იქვეა მტვრით დაფარული საბან-ლეიბი, ბალიშ-მუთაქა, უხეშტარიანი ბარი, მოკლე სახარე უღელი ექვსი სატაბიკეთი...

ორმოციოდე ხარ-ძროხა თავდაღმა მოედინება ფერდობიდან. ქოლგას შეფარებული დედაკაცი თვალს ადევნებს პირუტყვს, თან არ იმალება მისი ქალური ბუნება: ხელში ველის პატარა იისფერა ყვავილი კეკლუცად უჭირავს...

GzaPressარაგველმა სიგარეტი ითხოვა. არავის ჰქონდა და ყასიდად ყველამ იწუხა, რომ არ ეწეოდნენ. რომელიღაც ეკითხება ვინაობას. არაგველიც პასუხობს, რომ გიორგი წიკლაურია და 33 წლისაა. დედ-მამასთან ერთად, ბარიდან ამოსულა და ნოემბრამდე გუდამაყარს დარჩება. 20 მეწველი ძროხა, ამდენივე მშრალი მწყემსობას არ საჭიროებს, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო, აქ კლდე-ქარაფზე არსად გადაიყარონ. მწყემსური ცხოვრება ძნელია, ზოგჯერ პურის ჭამის თავიც აღარ მაქვსო.

მეც წიკლაური ვარო, - ტურისტთაგან ერთმა გოგონამ გაუბედავად თქვა და გიორგი გამალხაზდა, - ლამაზთვალებავ, ჩემი გორისა რო ხარ, მიხარიაო. გიორგის ბომბორა თეთრი ნაგაზი ვიღაცას უზარმაზარი ხაჭაპურით დაეპურებინა და თვინიერად უცქერდა მოსულებს. ეს რა "ბულკივით" ძაღლი გყოლიაო, - შეეხუმრნენ გუდამაყრელს. ეგ მოგიქრთამავთ, თან გარეთ არ ერჩის არავის, ეზოში არ ნახოთ მაგისი ავობა, გიჯობთო, - თქვა გიორგიმ და ხელჯოხი მოუქნია ნუნუ ძალოს ეზოდან გამოსულ ბუხუნა, წენგოსფერბეწვიან ძაღლს. გუდამაყრელმა დასძინა, რაც თავი მახსოვს, სულ ასეთი მიხრონწილია ეს ქოფაკიო.

უკვე დიდი ხანია, ზაფხულის დარი ამინდებია, უწვიმობით ღალა გაუშრა ბალახს და ახლა წვიმები მოუხდება, ცხორიც ბარიდან მალე ამოგვაკითხავს, ახლა ჟინვალს იქნებიან მოღწეულნი და მერე ყაზბეგისკენ ავლალავთ გუდამაყრის მთებზეო, - ნალექის მოსვლა უხარია გიორგის. თან ადამიანს დანატრებული თვალით აკვირდება ყველას; გუდამაყარს ადამიანის ნაკლებობაა და ყველაზე მეტად, ადამიანის შიმშილია ამ კურთხეულ მხარეში!

ნუთუ არსად არის აქ ნაძვიო, იკითხა ერთმა ბიჭმა. ჩანდა, რომ ახალი წაკითხული ჰქონდა ჩოხელის "წერილი ნაძვებს". არყიან-ვერხვიანებს წიფელი, ნეკერჩხალი და ფიჭვი ენაცვლება, ნაძვი კი არსად ჩანდა. ვიღაცამ ისიც თქვა, ნეტამც, ფიჭვი და ნაძვი რამ გაყოო? სიფრიფანა გოგო გაჯავრდა, - ნუ ხარ ბნელი, ისწავლე ბიოლოგია და გაიგებ, რომ ფიჭვი ფიჭვია და არა ნაძვიო. - ეგებ ის ვერხვზე შეყვარებული კაც-ნაძვი სადმე დავინახოთ, დევგარეულიც ამ მხარეს ცხოვრობდა ალბათ, ბიბღას სახლი გაღმით იქნებოდა, დევგარეულის ჩრდილდაცემულიო, - ეს ისევ იმ ბიჭმა თქვა, ჩოხელის მოთხრობები რომ ჰქონდა წაკითხული...

აქ ჟურნალისტები ამოდიან ხოლმე, ილაპარაკებენ, ილაპარაკებენ, ენად გაიკრიფებიან, საქმე კი არ კეთდება, - ამბობს გიორგი ჯოხზე იღლიაშეყუდებული. გუდამაყრელს ღიმილით ვუტყდები, რომ მეც იმ ენაგაკრეფილთაგანი ვარ. შეწუხება შევატყვე, სიტყვაძვირს არ ეამა საკუთარი წინდაუხედაობა. ხელს ვართმევ ძლიერად და ვეუბნები, რომ სწორი თქვა და საწყენიც არაფერია. ვგრძნობ, როგორ გადმოდის დადებითი ენერგია მისი ვაჟკაცური ხელის მტევნიდან ჩემში... თან ვფიქრობ, ამ ახალგაზრდას რომ ეცხოვრა კრწანისის ომის დროს, ისიც ჩაბღუჯავდა ფრანგულს ან გორდას, თავქვეს წავიდოდა ბარის დასაცავად და საკუთარი სისხლის დაღვრასაც არ დაინანებდა!

P.S. ენად კი გავიკრიფე, როგორც გიორგი წიკლაური ამბობს, მაგრამ ერთი შედეგი უკვე აქვს ჩემგან სოფიო ბებოს მონახულებას: მეგობარი დამპირდა, ავალ ჩოხში და ტელევიზორს ავუტან საჩუქრადო. ვიცი, რომ ავა და დანაპირებს შეასრულებს; ისიც მჯერა, რომ მეგზურად გაჰყვება პირიმზე...

მეგზურად გამოყოლილი პირიმზე

როლანდ ხოჯანაშვილი