"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..." - გზაპრესი

"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..."

ერთი წლის წინ მომხდარმა ავარიამ რადიკალურად შეცვალა 24 წლის გვანცა ზადიშვილის ცხოვრება. ბავშვობიდან ფათერაკიანი ყოფილა, რისკს ახლაც არ უფრთხის. უყვარს სიძნელეების გადალახვა. ძლიერი ვარ და მსიამოვნებს სხვებისგან ამის აღიარებაო, - მითხრა. არ მოსწონს დაჟინებითა და სიბრალულით რომ შესცქერიან და პროტესტის ნიშნად, უფრო მეტად იწყებს კოჭლობას... გვანცა ალბათ, ერთადერთი მოფარიკავე გეოლოგია, ყოველ შემთხვევაში, გოგონებს შორის. მას პარასპორტის განვითარების ცენტრში შევხვდი სასაუბროდ.

- ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკურზე ვაბარებდი, მაგრამ ქულები არ მეყო და გეოლოგიურ ფაკულტეტზე მოვხვდი. თავიდან ძალიან განვიცადე ეს ამბავი და ბევრიც ვიტირე, მაგრამ სწავლის დაწყების პირველსავე დღეს ისე დავინტერესდი, რომ გადავწყვიტე, საბუთები აღარსად გადამეტანა. სწავლით კარგად ვსწავლობდი, სტიპენდიანტი ვიყავი და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ვაპირებდი სამსახურის დაწყებას. ასეც მოხდებოდა, რომ არა ერთი წლის წინ მომხდარი ავარია. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ჩემი პროფესიით მუშაობას მაინც ვიწყებ. სწორედ ამ დღეებში უნივერსიტეტიდან შემოთავზება მივიღე, რომ ლაბორანტად ვიმუშაო. ამით ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენ...

- რთულია გახსენება, მაგრამ რა მოხდა იმ დღეს?

GzaPress- მამა 2 წლის წინ გარდამეცვალა, მყავს დედა და ძმა. დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული. მე და ჩემს ძმას მამიდა გვპატრონობდა. მამიდას იმ დღეს ექიმთან უნდოდა მისვლა და რაიონიდან ჩამოვიდა. ჯერ ჩვენს სანახავად მოვიდა, წასვლისას მეც გავყევი გასაცილებლად. ავტობუსის გაჩერებაზე დავდექით, ვლაპარაკობდით. სამარშრუტო ტაქსი მოულოდნელად შეეჯახა საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს, ეს მანქანა ამოყირავდა, პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა და ერთიანად მოგვსხიპა ადგილიდან. საქმის მასალებს რომ გავეცანი და ჩანაწერები ვნახე, ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ გადავრჩი. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერაფერი მოვასწარით. მახსოვს, მამიდას ველაპარაკებოდი და მერე, თვალები რომ გავახილე, უკვე ძირს ვეგდე და ვიღაც ბიჭს ეჭირა ჩემი თავი. დაიყვირა, თვალები გაახილაო. ვერ გავიაზრე, რა მოხდა. მამიდა ადგილზევე გარდაიცვალა, მე კი 17 დაზიანებით გადამიყვანეს მიხაილის სახელობის საავადმყოფოში. 2 კვირა რეანიმაციაში ვიწექი, დაახლოებით ერთი კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიყავი შეერთებული. 3 დღე ვერ ამბობდნენ დაზუსტებით, გადავრჩებოდი თუ არა. როდესაც ის ექიმი ვნახე, რომელმაც "სასწრაფოთი" გადამიყვანა, მითხრა, შენი ნაჩქმეტი ახლაც მტკივა და დალურჯებული მაქვსო. თურმე, სიმწრისგან გამეტებით ვჩქმეტდი... ძალიან მტკიოდა მენჯი და ვითხოვდი, ფეხი გამისწორეთ-მეთქი. ექიმებს ვერ გაეგოთ, საიდან დაეწყოთ ჩემი "აწყობა" და ბოლოს, როდესაც ნიღაბი დამაფარეს ნარკოზისთვის, თავი მშვიდად ვიგრძენი - ვიფიქრე, მორჩა, თავი ქუდში გაქვს, აღარაფერი გემუქრება-მეთქი. და ეს მაშინ, როცა ბეწვზე ეკიდა ჩემი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, დედა მაშინვე ჩამოვიდა იტალიიდან. მივიღე მენჯ-ბარძაყის სერიოზული დაზიანება, მენჯის ძვალი საერთოდ დამსხვრეული იყო, კოჭებში ვიყავი გადამტვრეული, თავზე სკალპი გადამძვრა... სახლში რომ გამწერეს, 4 თვე ვიწექი. ნელ-ნელა დავიწყე სიარული, თავიდან ყავარჯნებით, მერე ხელჯოხით და აი, უკვე ერთი თვეა, რაც ჯოხიც გადავაგდე. დავდივარ, მაგრამ კოჭლობით, რადგან მარჯვენა ფეხი მარცხენასთან შედარებით, დამოკლებულია. შეიძლება ოპერაციის გაკეთება, უბრალოდ, თანხებთან არის დაკავშირებული და თანაც, უკვე იმდენი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, რომ ჯერჯერობით, მოცდა მომიწევს.

ის 4 თვე საკუთარ თავს არ ვგავდი. ჯერ მარტო გარეგნულად. უამრავი ნაკერი მქონდა, ნაწოლებმა ხომ საერთოდ გამაწამა. იტალიიდან, იმ ოჯახმა, სადაც დედა მუშაობდა, გამოგვიგზავნა სპეციალური ლეიბი და ამან მიშველა. მოკლედ, დიდხანს ვმკურნალობდი. საერთოდ, აქტიური ბავშვი ვიყავი, ერთი წუთითაც ვერ მაჩერებდნენ და წარმოიდგინე, როგორი გასაძლები იქნებოდა 4 თვე გაუნძრევლად წოლა. ფეხზე 8-კილოგრამიანი გირი მეკიდა. დედას დავაჭერინებდი ხოლმე ჩემს ტელეფონს, ჩავრთავდი ვიდეოს და ვთხოვდი, გადაეღო, გარეთ რა ხდებოდა. ერთი სული მქონდა, როდის გავივლიდი. ვამბობდი, როცა გამოვკეთდები, საწოლში საერთოდ აღარ დავწვები, კედელს მივეყრდნობი და ისე დავიძინებ-მეთქი. თუმცა, თუ არ წამოვწექი და ცოტა ხანს თუ არ დავისვენე, დიდხანს ვერ ვძლებ, მალე ვიღლები. შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე ვვარჯიშობ, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს.

- ახლა ის მითხარი, რატომ აირჩიე მაინცდამაინც ფარიკაობა?

- როდესაც ექიმ თეა ადამიასთან მივედი კონსულტაციაზე, თუ სად გამევლო რეაბილიტაცია, მითხრა, მოფარიკავე გოგონები აქ არიან და არ გინდა, ნახო, როგორ ფარიკაობენო? ჯერ მარტო სანახაობრივად იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. მწვრთნელმა ჩაფხუტი მოიხადა და მკითხა, რა ტრავმა გაქვსო? მე რატომღაც, ასეთი პასუხი გავეცი: ინვალიდი არ ვარ-მეთქი... ასე მოხდა ჩემი ფარიკაობასთან დაკავშირება. ცენტრმა და აქ არსებულმა გარემომ, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად გამაჯანსაღა და სიცოცხლის ძალა მომცა. იქამდე სულ სახლში ვიჯექი, გიჟს ვგავდი, ხშირად ვტიროდი, ბევრს ვნერვიულობდი... პირველად, ძალიან ცუდად გავიარე - მარჯვენა ფეხით საერთოდ ვერ მივწვდი იატაკს, რამაც თავზარი დამცა. წელში მოხრილი ვიყავი, ვერ ვიშლებოდი და მეგონა, ასეთად დავრჩებოდი. დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ, თუმცა ნერვები მღალატობდა და ადვილად ვღიზიანდებოდი. დედა მაწყნარებდა და მაიმედებდა, რომ ყველაფერს ეშველებოდა, მაგრამ არაფრის მოსმენა არ მინდოდა. მეგონა, ვერ შევძლებდი ნორმალურად სიარულს. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც მქონდა პაწაწინა იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა. აქ რომ მოვედი, ყველა ნეგატივი და შიში გამეფანტა. უკვე ორ ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და ჯერჯერობით, ორ მოწინააღმდეგეს ვამარცხებ - ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის. რაპირითა და ხმლით ვფარიკაობ, მაგრამ ხმალი უფრო მომწონს.

GzaPress- არ ფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა, ერთი წამით რომ დამეგვიანა და იმ ადგილას არ აღმოვჩენილიყავიო?

- ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო; ალბათ, ეს ყველაფერი უნდა გადამეტანა... ვფიქრობდი, რომ ეს ამბავი უმიზეზოდ არ დამემართა, ე.ი. ამას რაღაც საინტერესო გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება-მეთქი და ასეც მოხდა. ჩემი თავი ვიპოვე. ამ ყველაფრიდან "გამოვძვერი" და ახლა ვამბობ, რომ არა ეს ავარია, ვერ ვიფარიკავებდი და ბევრ რამეს ვერ გავაანალიზებდი.

- რას გულისხმობ? სხვა თვალით შეხედე რაღაც-რაღაცებს?

- სულ ვამბობ, რომ ნამდვილად არ შევმცდარვარ მეგობრების არჩევაში. ერთხელ, მხოლოდ წამოჯდომა რომ შემეძლო, კბილი ამტკივდა და აუცილებელი გახდა ექიმთან წასვლა. კიბეზე მეგობარმა ბიჭმა ხელში ამიყვანა და ისე შემიყვანა კაბინეტში. ექიმმა მკითხა, თქვენი მეუღლეაო? მეგობრები მარტო არ მტოვებდნენ, ხშირად მოდიოდნენ, მოჰქონდათ ტკბილეული, მელაპარაკებოდნენ. მოკლედ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ცუდ რაღაცებზე არ მეფიქრა. ძალიან დიდ ძალას მაძლევდა დედა. რაკი ცოცხალი გადარჩი, ჩემთვის აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ვიცი, რომ ყველაფერს შეძლებო...

- მძღოლები დამნაშავედ ცნეს?

- დიახ, ორივე დამნაშავედ ცნეს, ერთი სიჩქარის გადაჭარბების გამო, სამარშრუტოს მძღოლი კი არასწორი მანევრის შესრულებისთვის. მოსმენები დაიწყო, სასამართლო კი სავარაუდოდ, ერთ თვეში გაიმართება. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ყურადღებას მაქცევდა და მის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს. ის, ვინც მეტად დამნაშავე იყო, არც კი მოსულა ჩემს სანახავად...

- შეყვარებული გყავს?

- ვიდრე ეს შემთხვევა მოხდებოდა, მიყვარდა და ამ ამბის შემდეგაც ვაგრძელებდით ურთიერთობას, მაგრამ დავშორდით მიზეზების გამო. ასე მოხდა, გადავიყვარე... ავარია რომ არ მომხდარიყო, ალბათ, მაინც არ ვიქნებოდით ბოლომდე ერთად. ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა, სიცოცხლე შემაყვარა, ბრძოლა მასწავლა, ბევრი რამის ფასი გავიგე და მივხვდი, რომ დიდი სისულელეა წვრილმანებზე ნერვიულობა და დარდი...

ნინო ჯავახიშვილი